25 მაისი, შაბათი, 2024

1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება

spot_img

13 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე სიახლე დააანონსა, მათ შორის, სამინისტროს სახელწოდების ცვლილება – მომავალი წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და  შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება.

დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს და ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას მოიცავს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად, კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და, შემდეგი წლიდან, ჩამოყალიბდება ახალი სამინისტროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მიმდინარე სესიის ფარგლებში იგეგმება, რადგან ახალგაზრდობის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში პირველი იანვრიდან უნდა გადმოვიდეს.

განახლებულ სამოქმედო გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგეთ საზოგადოებასა და ჩვენს ახალგაზრდებს. განათლების პოლიტიკასთან ერთად, შევთავაზებთ საკმაოდ აკადემიურად, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივად განახლებულ პროგრამას, აქტივობებს და, დარწმუნებული ვარ, ყველა სიამოვნებით ჩაერთვება ამ აქტივობებში. ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო მთავრობამ.

მინისტრის განცხადებით, ეს არ მოხდება საგაზაფხულო სესიაზე, არამედ ახლავე გადაიგზავნება და თუ მოხერხდება, „მას დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი, ვინაიდან გვინდა, რომ პირველი იანვრიდან ამ სააგენტოს უფლებამოსილება გადმოვიდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რაც შეეხება სიახლეებს, ხაზგასმით ვიტყვი, რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებთან ურთიერთობის დროს, ასევე, სკოლის მოსწავლეებთან, მაღალკლასელებთან ურთიერთობისას, ჩვენ ყველა პროგრამაში, საფეხურების მიხედვით, ვითვალისწინებთ ახალგაზრდობის კომპონენტის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სააგენტოს სერვისები, რომელიც მას აქვს, ბუნებრივია, ექნება უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული და გაძლიერებული, ვიდრე აქამდე იყო და პირდაპირ თანხვედრაში მოვა იმ საგანმანათლებლო პოლიტიკასა და პროგრამებთან, რომელსაც განათლების სამინისტრო ისედაც ახორციელებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიიჩნიეს მისაღებად, რომ განათლებასთან ახლოს ყოფილიყო ახალგაზრდობის სააგენტო. სხვა შემთხვევაში, ძალიან წარმატებით ფუნქციონირებდა იმ სამინისტროში წლების განმავლობაში, სადაც ის ახლა არის“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ასწავლებლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებულ განახლებულ ხედვებსა და რეფორმების პრეზენტაცია, სამინისტრო,  სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გამართავს. როგორც მან, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამინისტროს არ სურს, რომ ხელფასების ცვლილების გადაწყვეტილება მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს.

ძალიან მალე, ვფიქრობ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როგორც მოხერხდება თარიღის მიხედვით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, ზოგადი განათლების მიმართულებით, რომლებიც სამინისტროში მუშავდება. ახლა უშუალოდ მასწავლებლებთან პირად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში ვარ ჩართული. წინა კვირას, თბილისში, დაახლოებით, 700 მასწავლებელს შევხვდი, სამსაათიანი დისკუსია გვქონდა სწორედ ამ საკითხზე. ას ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში, რეგიონებში მაქვს გასვლა. არ გვინდა, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ, გვინდა, ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი უახლოესი ორისამი კვირა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში მასწავლებლებთან კომუნიკაციას დაეთმობა. საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, უპირველესად, მასწავლებელთა ინტერესებში შედის და რომელმაც ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა უნდა მოიტანოს. შესაბამისად, ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც სამინისტროში ახლა ვმსჯელობთ, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დღის მნიშვნელოვან თემად იქცა საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებული განცხადებაც. გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში. მისივე თქმით, წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება, რომ სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.

ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელიინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, ზოგადად სკოლის შენობაში .. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და იცით, რამხელა პროექტებიც გვაქვს. როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, შემდეგ, ეტაპობრივად, მოგვეცემა ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. პირველი პრობლემა, რაც არისფინანსური და სოციალური პრობლემაა. ჩვენ სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით. აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო და ეს რომ გავაკეთოთ ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, აქ მთავარია გვქონდეს ინფრასტრუქტურა.

ხოლო იქ, სადაც ახლა უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, მინისტრის შეფასებით, ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. „არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს გვაქვს, ამიტომ, უახლოეს მომავალში, ყველა უწყების, მათ შორის, მშობელთა ასოციაციის ჩართულობით, ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში. ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ  ბუფეტებში არსებული სიტუაციები გამოსწორდეს და შემდეგ გადავიდეთ მეორე ეტაპზე,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები