ამბავი ლიტერატურის მასწავლებელზე
ჯონ უილიამსის ქართულ ენაზე ახლახან თარგმნილი „სტოუნერი“ საინტერესო რომანია. ტექსტში უნივერსიტეტის მასწავლებლის ცხოვრებაა აღწერილი. ნაწარმოები ავტობიოგრაფიული რომ არ არის, ამის ახსნას ავტორი წინასიტყვაობაში ცდილობს. ის თავის კოლეგებს, მისურის უნივერსიტეტის ლიტერატურის კათედრაზე მოღვაწე პროფესორებს, მიმართავს: „ეს ნაშრომი მხატვრული ლიტერატურაა და არც ერთი პერსონაჟი არ განასახიერებს რომელიმე კონკრეტულ ცოცხალ ან გარდაცვლილ ადამიანს და არც ერთი მოვლენა არ ასახავს მისურის უნივერსიტეტის რეალობას“. რატომ დასჭირდა ავტორს ამგვარი განმარტება, რთული სათქმელია, რადგან ეს გახლავთ რომანი ადამიანთა დიდ სევდაზე, ტკივილსა და ბედნიერების მოუხელთებლობაზე, სიცარიელეზე, რომელიც დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდე, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, თან დაგდევს, როგორც ცხოვრების გარდაუვალი კანონზომიერება.
სტოუნერი, რომანის მთავარი გმირი, მწირი მიწის მოიმედე ფერმერის ოჯახში იზრდება და ერთ დღეს, როგორც მსოფლიო ლიტერატურის სხვა უამრავი პერსონაჟი, ბედის საცდელად, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და ფინანსური დახმარებით, მიემგზავრება. მან უნივერსიტეტში მეურნეობის მართვა უნდა შეისწავლოს, მაგრამ პირველი კურსის გავლის შემდეგ ხვდება, რომ ინგლისური ლიტერატურა აინტერესებს.
აი, ასე იწყება რომანის მთავარი გმირის, ერთი შეხედვით, მოსაწყენი ცხოვრების ახალი ეტაპი.
მისი პირადი ცხოვრება მძიმედ ვითარდება. ბიჭი, რომელიც მამის ფერმაში უნაყოფო მიწას ამუშავებდა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ირიცხება და იმის გამო, რომ სტუდენტური თავშესაფარი ჰქონდეს, დედის ნათესავების მამულში დაუღალავად შრომობს. ამ მუხლჩაუხრელი ფიზიკური შრომის შემდეგ ღამეებს მეცადინეობაში ათენებს და ერთი წლის განმავლობაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეურნეობის მართვის სპეციალობას ეუფლება, თუმცა მის სულში ყოველდღიურად მწიფდება ემოცია, რომ მამის საშინელ ბედს არასოდეს გაიზიარებს, არასოდეს დაბრუნდება ფერმაში და, პირველ ყოვლისა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად სპეციალობას იცვლის – კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის მიმართულებაზე აგრძელებს სწავლას.
წლების შემდეგ კოლეჯში ლიტერატურის მასწავლებლად გვევლინება და ასე იწყება მისი ოჯახისგან დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ლამაზ, მაგრამ უცნაურ გოგონასთან, რომელიც საკმაოდ მდიდარი ოჯახის მემკვიდრეა, ქორწინებით გრძელდება. ამ ქორწინებამ სტოუნერის ცხოვრებაში მოიტანა არა მხოლოდ უამრავი თავსატეხი, არამედ სევდის მძიმე ტვირთი: უდროო დროს სახლის შესაძენად ცოლის მიერ მშობლებისგან აღებული სესხის გადახდის ვალდებულება და პარალელურად, ახალშობილი შვილის მოვლა-პარტრონობა, რადგან დედას მასთან ურთიერთობისა და შვილზე ზრუნვის არავითარი სურვილი არ აქვს.
კონტექსტი
რომანში აღწერილი ამბავი პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ნაჩვენებია ამერიკელი ახალგაზრდების ნაწილის რომანტიკული განწყობა ომის მიმართ, რომელშიც ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ ერთვება,რომ ევროპა ნახოს, თუმცა ყველაფერი ზუსტად ისე მთავრდება, როგორც ერიხ მარია რემარკის გენიალურ რომანში „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. დიდი მოლოდინებით სავსე ყმაწვილების სრულიად უსახელო სიკვდილი სამშობლოდან შორს, სიკვდილი, რომელიც სავალდებულო არ იყო, რადგან მათ არჩევანი ჰქონდათ.
სტოუნერის კარიერა
„გენიოსი თავისუფალი უნდა იყოს“
რომანში ერთი საინტერესო ეპიზოდია. სტოუნერი დისერტანტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. სადისერტაციო ნაშრომების პირველი მოსმენისას მის ყურადღებას ახალგაზრდა სტუდენტი უოკერი იქცევს. ის უსმენს ამ უცნაური ახალგაზრდის დემაგოგიურ და გამომგონებლურ თავხედობას და, ამავდროულად, თანდათან იძირება უსაზღვრო ნიჭიერების (საშიში ნიჭიერების) მიმართ აღფრთოვანებაში, მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება, როცა სტოუნერი ხედავს, უოკერი როგორ ესხმის თავს მის დრისკოლის (ერთ-ერთი დისერტანტის) სადისერტაციო ნაშრომს და ცდილობს გააცამტვეროს მისი მოსაზრებები. სტოუნერის გადაწყვეტილებით, სიზარმაცისა და უსინდისობის გამო, უოკერი დისერტანტთა პროგრამის მიღმა დარჩა. პროფესორის ამ გადაწყვეტილებას უოკერის მუქარა მოჰყვა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება, რაც შემდგომ დიდ ფარსში გადაიზარდა, თუმცა ამ თემას აქ აღარ შევეხებით.
რომანში აღწერილ უნივერსიტეტის ამბავთაგან, ყურადღება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ სტოუნერისა და მისი მეგობრის დიალოგზე, როცა ამ უკანასკნელის კანდიდატურას საბჭო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე განიხილავს. ფინჩი სტოუნერს თავის ძველ თანამდებობას, დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს, სთავაზობს, მაგრამ სტოუნერის პირველივე უარით სარგებლობს და ეუბნება, რომ ზუსტად იცოდა, სტოუნერს ამგვარი საქმეები რომ არ აინტერესებს.
„გენიოსი თავისუფალი უნდა იყოს“, ეპიზოდის კითხვისას სევდიანად ჩაგესმის ავტორის ხმა და რწმუნდები, რომ კარიერული წარმატება ყველასთვის არ არის და რომ ადამიანის ბედს მისი ბედისწერა განსაზღვრავს. საკუთარი წარსული სამუდამო ტვირთად ექცევა კაცს, რომელიც მას სინამდვილეში გაურბის.
გამარჯვება, რომელიც მოწყენილობასა და გულგრილობას მოაქვს
სტოუნერის კარიერული წარუმატებლობანი, ძირითადად, ლომაქსის (მისი ძველი მეგობრისა და იმავდროულად მოშურნე მტრის) მისდამი სრულიად გაუგებარ, აუხსნელ ქიშპობას მოჰყვა. ლომაქსი ერეოდა ყველაფერში, რაც შესაძლებლობას მისცემდა, სტოუნერის სამსახურეობრივი წარმატებისთვის ხელი შეეშალა. ლომაქსი ჩაერია სტოუნერის პირად, სასიყვარულო თავგადასავალში და ამ უკანასკნელი ამბით მისი ავტორიტეტის ლაფში ამოსვრა სცადა.
სტოუნერისა და დრისკოლის სასიყვარულო თავგადასავალი, საბოლოოდ, მის დრისკოლის რეპუტაციისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პერსპექტივის გადარჩენის მიზნით დასრულდა.
ყოველივე ამის შემდეგ სტოუნერი უძლებს მძიმე სულიერ ტკივილს, გადააქვს ავადმყოფობა, იტანს ცოლის (რთული ბუნების ქალის) დამამცირებელ და დაუსრულებელ ყვედრებას, ბოლოს კი მას ეძლევა შანსი, ყველას საკადრისი პასუხი გასცეს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ლომაქსი ან მისი ცოლი აკეთებდნენ, არამედ ისე, როგორც ამას ინტელექტუალური ადამიანისგან მოითხოვს მოვლენათა ლოგიკური შეფასების უნარი.
ერთ დღეს, სასწავლო სემესტრის დასაწყისში, როცა დეპარტამენტიდან სამუშაო სილაბუსი მიიღო, სტოუნერმა გეგმა ნაგვის ყუთში ჩააგდო და პირველკურსელებისთვის ისეთი სასწავლო გეგმა შეადგინა, რომელიც, წესით, უფროსკურსელთათვისაა გათვალისწინებული. საქმე ის გახლავთ, რომ ლომაქსს უნდოდა, ამ ფაქტის გამო, სტოუნერი ისევ დაემცირებინა, მაგრამ უნივერსიტეტის შინაგანაწესის მიხედვით ჩარევის უფლება არ ჰქონდა, რამაც, საბოლოოდ, სტოუნერის სასარგებლოდ შემოატრიალა პროცესი, მას უფროსკურსელებთან და დისერტანტებთან მუშაობის ჩამორთმეული უფლება დაუბრუნეს.
რეზიუმე
ჯონ უილიამსის „სტოუნერი“ ადამიანთა ცხოვრების ანალიზია. ერთმანეთის მიყოლებით ეცნობი პერსონაჟთა რეალისტურ თავგადასავლებს და ფიქრობ, რომ შენ გინახავს სტოუნერივით უცნაურად, უმიზეზიდ გაუბედურებული კაცი; შენ გვერდით არიან ქალები, მის დრისკოლის მსგავსნი, რომლებმაც დაიმსახურეს, რომ ყვარებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიყვარული შეენარჩუნებინათ, რადგან მათ წინააღმდეგ იყო სრულიად ამორალური საზოგადოებრივი აზრი; იცნობ ბავშვებს, რომლებიც, სტოუნერის ქალიშვილის მსგავსად, უსიყვარულო ოჯახებში გაიზარდნენ და გულები გაუქვავდათ; იცნობ ცოლებს, რომლებმაც ვერ შექმნეს ოჯახები, რადგან ოჯახს სიყვარული სჭირდება; იცნობ ბოღმით ერთმანეთზე დაგეშილ კოლეგებს, რომლებმაც დაუნდობელი ომები გააჩაღეს და ამ ომებში ყველაფერი დასაშვებად სცნეს.
„სტოუნერი“ არის რომანი, რომელიც უნდა წაიკითხო!