ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, 4 ოქტომბერს, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში, ანუ საკლასო ოთახებში განახლდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 32 სკოლაა. ამათგან ერთი კერძოა, დანარჩენი — საჯარო.
ბუნებრივია, ადგილობრივი რესურსცენტრიც იმავე პრობლემებით, იმავე გამოწვევებით შეხვდა ახალ სასწავლო სეზონს, როგორც — სხვები, ამათგან უმთავრესი კი ისევ პანდემიაა, თორემ სხვა მხრივ სკოლები მომზადებულები არიან. თუმცა, მუნიციპალიტეტში ერთი სასიამოვნო სიახლეცაა, რადგან 2 თანამედროვე მოდელის ახალი სკოლა აშენდა — ერკეთსა და გუთურში. ამათგან განსაკუთრებული საჩუქარი ერკეთის საჯარო სკოლაა, სადაც 30 წელზე მეტია, სკოლა სხვა შენობაში, ყოვლად შეუფერებელ პირობებში იყო შეფარებული, რის გამოც სოფელში საგრძნობია მიგრაცია, გუთურში კი, მართალია, ფრიად შელახული, მაგრამ სკოლის შენობა მაინც იდგა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ მდგომაროებაზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე გვესაუბრება საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე.
⇒ სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში განახლდა თუ ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე დარჩა?
⇒ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა სკოლამ, მათ შორის, კერძომაც სწავლა საკლასო ოთახში დაიწყო. 186 პირველკლასელი პირველად შევიდა საკლასო ოთახში. 4 ოქტომბერი ჩვენთვის განსაკუთრებული დღე იყო იმდენად, რამდენადაც მუნიციპალიტეტის 2 სოფელში — ერკეთსა და გუთურში ევროსტანდარტებით აშენებულ შენობებში განახლდა სასწავლო პროცესი. ორივე მრავალრიცხოვანი სკოლაა, მაგალითად, გუთურში 84 ბავშვი სწავლობს.
სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ და ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ვიცავთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და იმედია, ჩვენი ეს დიდი სურვილი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს, წარმატებით განხორციელდება, ყველა სკოლის მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.
⇒ დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის მსურველები თუ გყავთ?
⇒ რამდენიმე ერთეული შემთხვევა გვაქვს იმ სოფლებში, სადაც შედარებით მძიმე ეპიდვითარებაა. მაგალითად, სოფელ კოხნარში, ამ მხრივ, საკმაოდ რთული სიტუაციაა და რამდენიმე მოსწავლემ და მშობელმა გამოთქვა სურვილი, ონლაინ სწავლებაში ჩართულიყო. თუმცა, ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, სრული უმრავლესობით კი საკლასო ოთახებში ვართ. იმავე კოხნარში პირველი კლასი, ჩვეულებრივ, დასწრებულ სწავლებაზეა, ონლაინ სწავლების ფორმა კი მხოლოდ იმ რამდენიმე ბავშვმა აირჩია, რომლებიც იზოლაციაში იყვნენ. დისტანციურ სწავლაზეც, სადაც კი ამის საჭიროებაა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თანაც, ეს დროებითია და შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმიდან კვლავ საკლასო ოთახებში გადმოვიდნენ, მშობელს კი ყოველ ხუთშაბათს შეუძლია, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე სკოლაში ვიყავით, ადგილზე ვნახეთ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ყველგან სრული დასწრება იყო, იმდენად მოენატრათ ბავშვებს სკოლა, ერთმანეთი, მასწავლებლები. იმედია, ეს პროცესი ასეც გაგრძელდება.
⇒ მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის მთავარ გამოწვევად პანდემია რჩება თუ არის სხვა მწვავე პრობლემებიც?
⇒ მთავარი გამოწვევა მართლაც პანდემიაა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი კონტროლდება. ახლა ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს, გადაამზადოს კადრები, რომლებიც, ყოველ 5 დღეში, სკოლის ყველა თანამშრომელს ტესტირებას ჩაუტარებენ, რაც დაავადების დროულად აღმოჩენასა და პრევენციის დროულად გატარებაში შეგვიწყობს ხელს. ამასთან, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, იმედია, ისინი გაამართლებს და სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში შევინარჩუნებთ. მზაობა და განწყობა ისეთია, რომ გვქონდეს დასწრებული სწავლება. ამ სურვილის მიღწევაში ბევრი დაწესებულება და სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული. ვიმედოვნებთ, შევძლებთ პანდემიასთან გამკლავებას.
⇒ რამდენად წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა ვაქცინაცია?
⇒ დღეის მდგომარეობით, უკვე აცრილია მასწავლებელთა 76%, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის. თუმცა, არის სკოლები, სადაც მთელი პერსონალის 100%-ია ვაქცინირებული, ზოგან ეს მაჩვენებელი 95%-ია, ზოგან — 90. აქ მოიაზრება არა მარტო მასწავლებელი, არამედ — დარაჯი, დამლაგებელი, სასკოლო ტრანსპორტის მძღოლი… მძღოლები ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები არიან და ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, მშობელთა ვაქცინაციას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ნებაყოფლობითია, მაგრამ გვსურს, ამ კუთხით, უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს, რაც ხელს შეგვიწყობს პანდემიის დამარცხებაში და დღეს არსებული ვითარების შენარჩუნებაში. ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, თორემ ცალ-ცალკე არ გამოდის. ამ მიმართულებით მთელი საზოგადოება ერთობლივად თუ ვიმუშავებთ, ცხადია, უკეთესი შედეგიც გვექნება და ჩვენს მოსწავლეებსაც შეეძლებათ, უსაფრთხოდ გააგრძელონ საკლასო ოთახებში სწავლა.
⇒ რამდენად არიან მზად სკოლები პანდემიის პრევენციისთვის? ვგულისხმობ საჭირო ინვენტარ-საშუალებებს, აღჭურვილია სკოლები აუცილებელი საჭიროებებით?
⇒ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ პანდემიასთან საბრძოლველად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო სკოლები სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებით, თერმომეტრებით თუ სხვა აუცილებელი საჭიროებებით; გვაქვს სხვადასხვა რეგულაციები, რომლებსაც მკაცრად ვიცავთ; გამოყოფილია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები და ინტენსიურ რეჟიმში ვცდილობთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. მთავარია და სასურველიც, რომ, ჩვენთან ერთად, მშობლებიც უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ამ კუთხით.
⇒ შეიცვალა თუ არა პანდემიის პრევენციისთვის საჭირო შარშანდელი რეკომენდაციები?
⇒ რეკომენდაციები თითქმის იგივე დარჩა, ცვლილება მხოლოდ ისაა, რომ შარშან დისტანციური რეჟიმის არჩევის საშუალება მხოლოდ დიდი ქალაქების მოსწავლეებს ჰქონდათ, სადაც უფრო რთული ეპიდემიური ვითარება იყო, წელს კი, საქართველოს მასშტაბით, ყველას შეუძლია არჩევანის გაკეთება. როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან მოსწავლეებისა და მშობლების ძალიან დიდმა ნაწილმა დასწრებული სწავლა აირჩია, იმდენად მონატრებული ჰქონდათ სკოლა და მასწავლებლები.
⇒ დისტანციური სწავლების გამოცდილება უკვე გქონდათ და ამას შარშანვე კარგად გაართვით თავი. და მაინც, წელს რამდენად შეუფერხებლად ჩაიარა პროცესმა, დაიძლია თუ არა შარშანდელი პრობლემები?
⇒ ამ კუთხით ბევრი სამუშაო ჩატარდა და ამიტომ უკეთეს სიტუაციაში ვართ. ამასთან, თვითონ ბავშვები და მშობლებიც ბევრად მობილიზებულები შეხვდნენ, ბევრმა მიიღო შესაბამისი ზომები და გაცილებით გაგვიუმჯობესდა ვითარება. თუმცა, გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც, ვთქვათ, ვაიფაი არ იჭერს — ეს, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებს ეხება. მაგალითად, ზოტში ეს პროცესი ბევრად უფრო იოლად მოგვარდა — იქ კერძო კომპანიებიც შევიდნენ. როგორც ვიცი, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მალე დაიწყება სრული ინტერნეტიზაცია, რაც ამ კუთხით არსებულ პრობლემებს მოგვიხსნის.
⇒ პანდემიის გარდა, სხვა მხრივ, რამდენად მომზადებული შეხვდა რესურსცენტრი ახალ სასწავლო წელს?
⇒ არანაირი შეფერხება არ ყოფილა, რადგან მთელი ზაფხული ინტენსიურად ვმუშაობდით და ვემზადებოდით ამ დღისთვის. ჩვენც გვქონდა განწყობა, რომ შევიდოდით საკლასო ოთახებში და ეს იყო განათლების სამინისტროს სურვილიც, რისთვისაც ზაფხულშივე დავიჭირეთ თადარიგი. ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით, დარიგებულია კომპიუტერები და ყველა ის ინვენტარი, რაც საჭიროა სკოლაში — პანდემიის პირობებშიც და ისეც.
⇒ პედაგოგთა კადრები საკმარისია?
⇒ შეფერხება არც ამ კუთხითაა. იმის მიუხედავად, რომ გვაქვს ონლაინ სწავლების უფლებაც, მაინც კლასებში ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
⇒ ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი გყავთ და მათი შემცვლელების მოძიება იოლი არ იქნება
⇒ ასეთი 53 მასწავლებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს მისცა უფლება, პირველ სემესტრში ისევ იმუშაონ. ამიტომ სკოლებს ვაკანსია არ გამოუცხადებიათ, გამოცხადდა მხოლოდ იქ, სადაც უსტატუსოდ მუშაობდნენ. შედეგად, რამდენიმე სკოლაში სულ ახალგაზრდა კადრები მივიდნენ, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება და კვალიფიკაცია ჰქონდათ. ჩემდა გასაკვირად, ახალი კადრების მოძიება არ გაგვჭირვებია, თუმცა, რამდენიმე სკოლაში შეგვექმნა პრობლემა და იქ, სამინისტროსთან შეთანხმებით, ონლაინ მიმდინარეობს რამდენიმე საგნის სწავლება. მაგალითად, სკოლებმა ვერ მოიძიეს რუსულის მასწავლებლები და დისტანციურად გვერთვებიან წამყვანი სპეციალისტები. ახლა ბიოლოგიის მასწავლებელი გვჭირდება ნაბეღლავის სკოლაში და ჯერ ვერ მოვახერხეთ მისი შერჩევა. ალბათ, ეს საგანიც ონლაინ სწავლებაზე გადავა. თუმცა, ასეთი ერთეული შემთხვევებია და მათ სასწავლო პროცესი არ შეუფერხებიათ — ვაკანსიები, ძირითადად, ახალგაზრდებით შეივსო.
⇒ ზემოხსენებული 2 ახალაშენებული სკოლის გარდა, სხვა სიახლეც ხომ არ არის სკოლების რეაბილიტაციის კუთხით?
⇒ რაც რესურსცენტრის უფროსად დავინიშნე, საკმაოდ დიდი წინსვლაა ამ მხრივ — 6 ახალი საჯარო სკოლა აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში. პატარა მუნიციპალიტეტისთვის ეს მცირე ციფრი არაა. ესენია: შუა ამაღლების, ზოტის, წიფნარის საჯარო სკოლები, რასაც ახლა ერკეთი და გუთურიც დაემატა. მიმდინარეობს მაღალმთიანი ჩხაკოურას საშუალო საფეხურის სკოლის მშენებლობა.
3 ავარიული სკოლა გვქონდა, რომელთაც სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა — ბუკისციხის, ვან ზომლეთის და სამების სკოლები. სამივე სკოლა ურთულეს მდგომარეობაში იყო და, ცხადია, უჭირდათ მოსწავლეებსაც და სოფელსაც. წლები კი არა, ზოგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ელოდნენ მათ აშენებას თუ რეაბილიტაციას. ასეთ მცირე პერიოდში ამხელა პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
⇒ ახალ შენობებში გათვალისწინებულია ახალი სტანდარტის მოთხოვნები — სპორტდარბაზები, სივრცეები კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, თუ ისეთივე დერეფნული ტიპის ვიწრო ფართებია, როგორიც ჩვენი დროის საბჭოურ სკოლებში იყო?
⇒ ყველა ახალაშენებული თუ რეაბილიტირებული სკოლა თანამედროვე ტიპის, სრულად ადაპტირებული შენობებია, მორგებულია ინკლუზიურ განათლებაზე. აშენებულია თანამედროვე ენერგოეფექტური მასალებით, ასევე, აღჭურვილია სპორტული დარბაზებით და საგაკვეთილო თუ სხვა აქტივობებისთვის საჭირო სივრცეებით. სპორტული დარბაზები უმეტესად შენობებშია, თუმცა ღია მოედნები უკლებლივ ყველგანაა. შუა ამაღლების სკოლაში ცალკე შენობა აშენდა სპორტდარბაზისთვის და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის, რადგან დახურულ სივრცეში ყოველთვის ვერ ვატარებთ სპორტულ ღონისძიებებს. სხვა სკოლებს რაც შეეხება, წიფნარშიც შენობაშია დარბაზი, სხვებში კი ღია მოედნებია.
ჩემ მიერ ჩამოთვლილი სამუშაოები 2.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა. სამომავლოდ, ამ სკოლებს საჭამიასერის საჯარო სკოლა დაემატება, სადაც გამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამით მუნიციპალიტეტში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულად შეიძლება ჩაითვალოს.
⇒ რამდენად მომზადებულია სკოლები ზამთრის სეზონისთვის, მით უმეტეს, რომ წელს ნაადრევად აცივდა.
⇒ იმედია, ზამთარშიც საკლასო ოთახებში ვიქნებით. სადაც ახალი სკოლა აშენდა, ყველგან ცენტრალური გათბობაა და სოფელშიც გაზია შეყვანილი. თუმცა, არის სოფლები, სადაც გაზი არაა, ის სკოლები შეშით გათბობაზე რჩებიან, მაგალითად, ზოტში. ყველა ასეთი სკოლა მომარაგებულია შეშით.
⇒ შეიძლება ითქვას, რომ თქვენი რესურსცენტრი მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს?
⇒ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან ერთად, ყველა პრიორიტეტული პრობლემა მოვაგვარეთ. საკლასო ოთახში სწავლა გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული — სასმელი წყალი, საპირფარეშოები… ამ კუთხით დიდი დახმარება გაგვიწია ადგილობრივმა ხელისუფლებამ — თითქმის არ დაგვრჩა არც ერთი საჯარო სკოლა, სადაც ეს პრობლემა არ მოწესრიგდა.
ასევე ყველა სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. უბრალოდ, რამდენიმე მიმართულებით გზების სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა, რის გამოც ზოგან შემოვლითი გზებით დადიან მიკროავტობუსები, მაგრამ ეს არ აფერხებს მოსწავლეთა დასწრებას. ჯერჯერობით მშვიდობიანად ვართ და თავს ვართმევთ ყველა გამოწვევას.
ამ დღეებში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ყველა მასწავლებელს წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ პროფესიაში, უპირველესად კი, ჯანმრთელობას და მედგრად ყოფნას, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.