23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჯადოსნური ლამპარი

spot_img

მე გახლავართ აზერბაიჯანული სკოლის წამყვანი მასწავლებელი. ჩავატარე თემისა და სკოლის საჭიროებების კვლევა, რომლის მიზანი იყო კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემის გონივრული შესწავლა და პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ახალი ცოდნის გენერირება კოლეგებთან, მშობლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით. გვინდოდა ზოგადი სურათის უკეთესობისკენ შეცვლა, რადგან როგორც კარლსენი ამბობდა, „მკვლევარები, მხოლოდ კვლევის პროცესზე არ არიან პასუხისმგებელნი ისინი პასუხს აგებენ ცვლილებებზეც“, –  ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის 1 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი

შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ სასკოლო საზოგადოება მთავარ პრობლემად  სახელმწიფო ენის ფლობის დაბალ დონეს მიიჩნევს.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს სახელმწიფო ენის ცოდნის  მნიშვნელობა მათი მომავლისთვის, აქედან გამომდინარე, უნდათ ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა,  მაგრამ არ გამოუდით.

პრობლემის  და მისი შესაძლო მიზეზების შესწავლა მოხდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

რადგან მასწავლებლების და მოსწავლეების მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფო ენის ფლობის კომპეტენცია მოსწავლეებში არ არის დამაკმაყოფილებელი, სახელმწიფო ენის ცოდნა არის ჯადოსნური ლამპარი, რომელმაც მათი მომავალი უნდა გაანათოს, მის ცოდნაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ ბავშვები მომავალში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ჩაბმას, აუცილებლად ჩავთვალეთ ცვლილებების განხორციელება.

მითუმეტეს, რომ არსებობს თემის მაღალი ინტერესი. თემში სახელმწიფო ენის მცოდნე ბევრი არ არის და ღირსეული დასაქმება კი არა, თემის მცხოვრებთა უმრავლესობას  საავადმყოფოში ან იუსტიციის სახლში რომ მიდის, „თარჯიმანი“ მიჰყავს თან, რათა შესაბამისი მომსახურების მიღება შეძლოს. ცხადია, არ სურთ მომავალში  მათ შვილებსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდეთ. გამოიკვეთა სახელმწიფო ენის სწავლებაში სკოლაში გამოყენებული მეთოდების გადახედვის საჭიროება.

წინასწარი მოსაზრება:

სტანდარტული აქტივობები, რომელთაც ვთავაზობთ, მოსწავლეებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და საინტერესოა. ასეთი ფიქრის საფუძველს იძლევა მათი მაღალი ჩართულობა იუსაიდის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში, სადაც ვიყენებთ არაფორმალური აქტივობებს.

ცვლილებების განხორციელება საჭიროდ ჩავთვალეთ ორი მიმართულებით:

  1. სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით ეფექტური სასწავლო სტრატეგიების და ელექტრონულ რესურსებს გამოყენება  საგაკვეთილო პროცესში;
  2. არაფორმალური განათლების რესურსების გამოყენება სახელმწიფო ენის კომპეტენციის ამაღლების მიზნით;

იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომ  ჩართულობა და თავდაჯერებულობა გაიზარდოს და ქართულის შესწავლა  მიმზიდველი და სახალისო გახდეს  მათთვის, მოვახდინეთ  ლიტერატურის მიმოხილვა.

ევროკომისიის და ევროსაბჭოს განმარტების თანახმად, განათლების სისტემა შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან. ესენია: არაფორმალური სწავლება, არაფორმალური განათლება  და კეთებით სწავლება.

გადავწყვიტეთ, მოსწავლეების ჩართულობის და თავდაჯერებულობის გაზრდის მიზნით სამივე კომპონენტის გააქტიურება.

ფორმალური განათლება გულისხმობს სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო სისტემას, საგაკვეთილო პროცესებს, რომელიც მოიცავს ყველა სკოლას დაწყებითიდან უნივერსიტეტის ჩათვლით.

ჩვენი პირველი მიზანი  ფორმალური განათლების უფრო ეფექტურად მიწოდება იყო. მოვძებნეთ  სხვადასხვა რესურსები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესს უფრო მიმზიდველს, სახალისოს და საინტერესოს გახდიდა მოსწავლეებისთვის. ყველა ვთანხმდებოდით, რომ სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების  მიზნით  უფრო ეფექტური სასწავლო სტრატეგიები და ელექტრონულ რესურსები უნდა გამოგვეყენებინა მასწავლებლებს სახელმწიფო ენის  გაკვეთილებზე; მოვიძიეთ   ქართულის, როგორც მეორე  ენის, სწავლებისთვის განკუთვნილი დამხმარე მედია-რესურსები, რომლებიც შექმნილია ევროპაში აპრობირებული ენის შესწავლის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ცვლილებების დაგეგმვა  სახელმწიფო ენის კომპეტენციის ამაღლების მიზნით საჭირო იყო არაფორმალური  განათლების გამოყენების კუთხითაც;

იუნესკოს განმარტებით„არაფორმალური განათლების დამახასიათებელი თვისებაა, რომ მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის. ამ განმარტებიდან გამომდინარე, არაფორმალური განათლება ეხმარება ფორმალურს და დადებითად აისახება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე, ხელს უწყობს აკადემიური  შედეგების გაუმჯობესებას,  ავითარებს  ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისათვის მნიშვნელოვანია. საკომუნიკაციო უნარები, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მსგავსი უნარი რომელსაც არაფორმალური განათლება ავითარებს, წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრირებისისთვის. არაფორმალური განათლება შეიძლება განვიხილოთ როგორც ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული, ცხოვრებისეული და სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას. ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და ხდება მეტად თავდაჯერებული.

არაფორმალური განათლების მახასიათებლები სქემატურად  შეიძლება ასე გამოიხატოს:

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლებას აქვს გარკვეული უპირატესობები ფორმალურ განათლებასთან შედარებით:

  1. არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უნარებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მისი შესაძლებლობების რეალიზაციას.
  2. არაფორმალური განათლების ამოცანაა ინდივიდისათვის იმ ცოდნის მიწოდება,  რაც ფორმალური მეთოდებით ვერ ხერხდება, ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც ინდივიდს ჭირდება.
  3. არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში. ის მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს, იკვლიოს საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს და განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა.
  4. მოსწავლე არ არის დაძაბული, არც დროში შეზღუდული;
  5. ის არ გულისხმობს მხოლოდ მასწავლებლისგან მიწოდებულ ცოდნას, შესაძლებელია თანატოლისგან სწავლაც;
  6. მოსწავლე არ არის მოწყენილი, რადგან საკვლევი საკითხი, აქტივობები, მისი ინტერესითაა შერჩეული;
  7. სწავლა შეიძლება განხორციელდეს მოსწავლისთვის სასურველი ტემპით;

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეფექტიანი არაფორმალუ­რი განათლებისთვის აუცილებელია საამისოდ სპეციალური  სივრცის არსებობა სკოლაში. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას სივრცე, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფო ენის უკეთ შესწავლას შეუწყობენ ხელს.

კვლევის შედეგებისა და ლიტერატურის  ანალიზის საფუძველზე დავგეგმეთ ინტერვენცია, რომელიც შესაბამისობაში იყო  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და მიმართული იყო მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის კომპეტენციის გაზრდისკენ.

მოსწავლეთა ჩართულობის წახალისების და თავდაჯერებულობის გაზრდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას და მის გამოყენებას სწავლების პროცესში. აქცენტი ავიღეთ ყველაზე ზოგად და ბუნებრივ მოთხოვნილებაზე. დიმიტრი უზნაძის თქმით, თამაში ყველა ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიად, რომელიც მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ყველა საფეხურზე შეიძლებოდა წარმატებით გამოგვეყენებინა, ჩავთვალეთ თამაში. თამაში ეხება ბავშვის შინაგან სამყაროს დადებითი, სასიამოვნო ემოციების საშუალებით, ეხმარება მათ უფრო მარტივად, დამო­უკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება და განივითარონ სასარგებლო უნარები.

რაკი საქმე ენის სწავლებას ეხებოდა, უპირატესობა მივანიჭეთ როლურ თამაშს, რაც არაფორმალური განათლების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  მიმართულებაა. ამ დროს სხეულთან ერთად ჩართულია ბავშვის აზრები, გრძნობები და ემოციები. ამავდროულად, ხდება წინა გამოცდილებას და ცოდნის, შევსება და სხვა პრაქტიკასთან დაკავშირება.

საბაზისო კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობას აკლია თავდაჯერებულობა, მიაჩნიათ, რომ ქართული ენა ძნელია და ვერ შეძლებენ მის შესწავლას. შევეცადეთ შეგვეთავაზებინა სახალისო და საინტერესო პროექტი. სკოლა ჩართულია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომელიც სამოქალაქო განათლების კლუბთან და მოსწავლეთა თვითმმართველობებთან მუშაობს. რადგან სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ვერ მოახერხა პროგრამაში ჩართვა ენის ბარიერის გამო, გადავწყვიტე, მე ჩავრთულიყავი, რადგან მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბების საქმეში. ამ მომენტისთვის უკვა ერთი წლის მუშაობის გამოცდილება მქონდა. ამჯერად საბაზო და საშუალო საფეხურის თვითმმართველობას  შევთავაზე პროექტი, რომელიც გააუმჯობესებდა სახელმწიფო ენის ცოდნის დონეს. ბავშვები ხალისით დამთანხმდნენ, რადგან სახელმწიფო ენის საფუძვლიანად შესწავლა მათ ინტერესშიც შედიოდა. მათ შეარჩიეს ოცი მოხალისე მოსწავლეებიდან, რომლებიც თვლიდნენ  რომ ქართული ძალიან ძნელი ენაა. მათგან  ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი. მათვე უშუალო ჩართულობით შევადგინეთ ჯგუფის სამოქმედო გეგმა. პირველ ეტაპზე სამი პიესა წავიკითხეთ, და გადავთარგმნეთ აზერბაიჯანულ ენაზე. მათგან ხმათა უმრავლესობით დასადგმელად შეირჩა პაატა ტეტუნაშვილის „ახალი საბავშვო პიესა“. მოსწავლეებმა შეამოკლეს პიესა, „ძნელი“ სიტყვები ჩემი დახმარებით შეცვალეს უფრო ადვილით, შინაარსის შესაბამისად შეურჩიეს სათაური „სიკეთე იმარჯვებს“, ხოლო მოგვიანებით დაარქვეს „ბოროტსა სძლია კეთილმან“, – ჩემი რჩევით. შედეგი რომ უფრო კარგი ყოფილიყო, ვურჩიე დაკავშირებოდნენ რომელიმე ქართული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას და პროექტი მათთან ერთად განეხორციელებინათ. მართლაც, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ხალისით ჩაერთო პროცესში.  თავდაპირველად  მეტი ინტენსივობით ვიყავი ჩართული საქმეში. ვეხმარებოდი ბავშვებს ქართული ენისთვის სპეციფიკური ასო-ბგერების გამოთქმის გაუმჯობესებასა და გამოთქმების დახვეწაში. შემდეგ საქმე უკეთ დაიძრა. მოსწავლეებმა ქართველ მეწყვილეებთან ერთად დაიზეპირეს როლები და გაიარეს სამაგიდო რეპეტიციები.  როლები მთლიანად აზერბაიჯანელ ბავშვებზე გადანაწილდა, ხოლო სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ქართველმა ბავშვებმა აიღეს თავის თავზე. სპექტაკლისთვის სასცენო დეკორაციების მოწყობასა და კოსტუმების შერჩევაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. სპექტაკლის  პრემიერაზე დავპატიჟეთ მშობლები, თემის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. პატარა მსახიობებიც და მაყურებლებიც დიდად კმაყოფილნი დარჩნენ.

პირველი ბმული;   მეორე ბმული.

მშობლების თანხმობით სპექტაკლის ბმული სოციალურ სივრცეშიც განვათავსეთ.  სწორედ ამ პერიოდში განათლების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“. სპექტაკლით „ბოროტსა სძლია კეთილმან“ მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში. სპექტაკლი ჟიურის სიმპათია გახდა და სიგელთან ერთად  საჩუქრად გადმოგვეცა 500 ლარიანი წიგნების ვაუჩერი. ბავშვებმა თვითონვე გააკეთეს მათთვის საინტერესო წიგნების სია და შევიძინეთ საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. მოსწავლეებისთვის ეს წარმატება მოტივაციის ამაღლების კიდევ ერთი სტიმულატორი გახდა.

საბაზისო დაკვირვება გაგრძელდა 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, განმეორებითი ინტერვენცია კი დაიგეგმა 2024 წლის იანვრიდან.

ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ახალი არაფორმალური აქტივობები სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით.

ამჯერადაც გამოვიყენეთ ჩართული დაკვირვება. მასწავლებლები უშუალოდ ვიყავით ჩართულნი და პარალელურად ვაკვირდებოდით პროცესს.

მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად  USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დავწერეთ და განხორციელდა ორი პროექტი, რომელთა  დაფინანსება შეადგენდა ჯამში  900$ – ს. პროექტის: „ძმაო ძმითა ხარ ძლიერი“. ფარგლებში გამოიცა „ლიტერატურული ალმანახი“, რომელშიც დაიბეჭდა მოსწავლეების მოთხრობები. მოთხრობებისთვის ილუსტრაციაბიც მოსწავლეებმა თვითონ დახატეს. ორივე პროექტში ჩვენთან ერთად ჩართულნი იყვნენ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათთან ერთად მოვამზადეთ და ჩავატარეთ   პოეზიის საღამო, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი, დავდგით სპექტაკლი „შიშველი მეფე“.

პოეზიის საღამო, ეძღვნებოდა სამშობლოს სიყვარულის თემას და  მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას წარვუდგინეთ როგორც კაბლის №1  ისე სოფელ თელის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები საქართველოს კუთხეების შესახებ და წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს.

პროექტი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ ითვალისწინებდა ასევე ნოვატორული იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის სივრცის შექმნას. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა არაფორმალური განათლების კაბინეტი. ახლა არსებობს სივრცე და უკეთესი პირობები. ეს საშუალებას მისცემს პედაგოგებსაც და ბავშვებსაც მეტი ენთუზიაზმით გააგრძელონ შემოქმედებითი საქმიანობა რომელიც მოსწავლეებში ქართული ენის კომპეტენციის გაუმჯობესებას მოემსახურება.

პროექტის განხორციელებისთვის სკოლაში შეიქმნა მოხალისეთა ორი ჯგუფი. პირობითად ვუწოდეთ „მსახიობების “ და „მწერლების“ ჯგუფები. ორივე ჯგუფში ერთად გაერთიანებული იყო 40 აზერბაიჯანელი და 20 ქართველი მოსწავლე.

„მსახიობების “ ჯგუფთან ერთად გავაკეთეთ სცენარის ადაპტირება. განაწილდა როლები, ჩატარდა სამაგიდო რეპეტიციები.

რამდენიმე რეპეტიციაზე მოწვეული გვყავდა ლაგოდეხის დრამატული თეატრის რეჟისორი რაჟდენ კერვალიშვილი. მისგან ბავშვებმა მიიღეს პროფესიონალური რჩევები.  სპექტაკლის პრემიერა დედაენის დღეს იგეგმებოდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები ნონა მაისურაძე, და ელზა მუსალიევა, ასევე ხელოვნების მასწავლებელი მალაჰათ ალიევა. საქმე განაწილებული გვქონდა: სპექტაკლის დადგმა და პოეზიის საღამოს მომზადება მე მევალებოდა, მონტაჟებისა და სიტყვების მომზადებადედაენის დღის ზეიმისთვის – ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელს – ნონა მაისურაძეს, ქართული ცეკვებისა – ელზა მუსალიევას, ხოლო ქართული სიმღერების – მალაჰათ ალიევას.

აქტიურად მუშაობდა „მწერლების “  ჯგუფიც. რამდენიმე მოსწავლე პერმანენტულად წერდა, და 20 მოსწავლისა და ორი მასწავლებლისგან შედგენილი „სარედაქციო ჯგუფის“  წინაშე კითხულობდა მოთხრობის ახალ  ფრაგმენტებს. ერთად ასწორებდნენ შეცდომებს, ხდებოდა იდეების გენერალიზება მოთხრობის შინაარსთან დაკავშირებით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ავტორები წერდნენ საბოლოო ვარიანტს.   საინტერესო ჟურნალი გამოგვივიდა. პროექტის აღმოჩენაა მეათეკლასელი სევინჯ იბრაგიმოვა, რომელსაც წერის ძალიან კარგი ნიჭი აღმოაჩნდა და მოთხრობებიც საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმა. ლიტერატურული ალმანახი განვათავსეთ სკოლის ბლოგზე.

პირველი ბმული;   მეორე ბმული;   მესამე ბმული;   მეოხე ბმული;

შედეგად გაუმჯობესდა პროექტში ჩართული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებაც ქართული როგორც მეორე ენაში. შედეგები სქემატურად ასე გამოიყურებოდა:

მასწავლებლების ჩართული დკვირვების  შედეგების ანალიზმა მოგვცა დასკვნა, რომ ბავშვები ხალისით ერთვებიან პროექტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში. როლების დასწავლა უფრო მეტად უადვილდებათ და სპექტაკლიც წინასთან შედარებით უკეთესი ხარისხის გამოვიდა.

ვთვლით, რომ  არაფორმალურმა განათლებამ შეასრულა თავისი ფუნქცია, კერძოდ,  შეავსო ფორმალური განათლების ხარვეზები რომლებიც ხელს უშლიდა მოსწავლეებს  ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგი   შედეგების მიღწევაში შემდეგი მიმართულებით:

ლაპარაკი

ქ.მ.II.8. მოსწავლეს  შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების სწორად წარმოთქმა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

♦ სწორად წარმოთქვამს ქართული ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;

ქ.მ. III.13. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ

ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

♦ მონაწილეობს მინისპექტაკლებში;

♦ ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;

♦ ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).

მოსმენა

ქ.მ.V.2. მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ამბავი, ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა) მოსმენა და  გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

♦ ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.

წერა

ქ.მ.V.19. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

♦ სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);

♦ წერს შავ ვარიანტს;

♦ შავ ვარიანტს აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;

საბოლოო დასკვნა ასეთია:

  1. ქართული როგორც მეორე ენის სწავლის პროცესში მოსწავლეების ჩართულობა მკვეთრად იზრდება არაფორმალური განათლების სტრატეგიების შეთავაზებით, განსაკუთრებით კი როდესაც სწავლებას ვახორციელებთ თამაშის ტიპის აქტივობებით.

არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების გამოყენებით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები, თავისუფლები და შემოქმედებითნი ხდებიან რადგან საშუალება ეძლევათ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმონ და განახორციელონ საინტერესო აქტივობები არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში. ეს ზრდის მათ თავდაჯერებულობას და რწმენას, რომ სახელმწიფო ენის კარგად სწავლა შეუძლიათ. მოსწავლეები მუშაობენ მეგობრებთან ერთად, რაც მათთვის  სწავლის დამატებითი მოტივატორია.

არაფორმალური სწავლების დროს მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მათი ოჯახის სხვა წევრებიც აქტიურად ერთვებიან პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებში. უმჯობესდება თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის, რაც მოსწავლეების აკადემიურ შედეგებზე დადებითად აისახება.

  1. მოსწავლისთვის მათი ინტერესების შესაბამისი დავალებების შერჩევა მკვეთრად ზრდის მათ თავდაჯერებულობას და შესაბამისად, – მოტივაციასაც, აუმჯობესებს მათ მიერ სწავლაში მიღებულ შედეგებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მონიკა ნოვოსადოვას და ლუსი პრჟოვსკას პუბლიკაცია Introduction to Non-Formal Education ;
  2. Syllabary of Non-Formal Education;
  3. პუბლიკაცია KOMPAS: A Manual for Educating Youth on Human Rights of ავტორთა კოლექტივი, რომელსაც ხელმძღვანელობს Partitia Brander, 2006;
  4. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები მანანა ბოჭორიშვილი;
  5. უზნაძე, დიმიტრი. სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი , 2005 წელი;

6. თამაში, სწავლა და განვითარება თეო ჭყოიძე

ფოტოკოლაჟი 

  „ბოროტსა სძლია კეთილმან“

პოეზიის საღამო

       

დედაენის ზეიმი

   

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები