შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცესში გასათვალისწინებელ ხუთ ძირითად რჩევას სთავაზობს⇓⇓⇓
აბიტურიენტებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძირითადი ეტაპი 2 აპრილის 18:00 საათზე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თუ არ დარეგისტრირდით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მიიღებთ მონაწილეობას.
- რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge, აირჩიოთ „ერთიანი ეროვნული გამოცდები“. დეტალურად გაეცნოთ ძირითად პირობებსა და კონკრეტულ ვადებს – გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური, შეიყვანოთ პირადი მონაცემები, აირჩიოთ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.
10 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ საგანი ან გამოცდის ენა. ამ დრომდე გექნებათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდით 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანთ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, სარეგისტრაციო პროგრამა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულოთ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეგიძლიათ შეცვალოთ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი – არჩევის, დამატების, წაშლისა და რიგითობის გადანაცვლების საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით გექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
- რეგისტრაცია დასრულებულია, თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი. არ გაანდოთ სხვას ეს კოდი. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე.
- თუ აბარებთ პროგრამაზე, რომელიც ითხოვს შიდა ტურს, სხვა საგნებთან ერთად, რეგისტრაციის დროს უნდა აირჩიოთ „შემოქმედებითი ტური“. შემოქმედებით ტურთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საფასურის შესახებ) მოძიება შესაძლებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვებგვერდზე.
- თუ გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციისას უნდა მონიშნოთ შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად, უნდა წარადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე.
- გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ბარდება თქვენ მიერ არჩეულ პროგრამებზე. ასევე, ჩარიცხვა და გრანტის განაწილება ხდება მხოლოდ იმ საგნების შედეგების მიხედვით, რომლებსაც ითხოვს ის პროგრამა სადაც გეგმავთ სწავლის გაგრძელებას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!