ბიჭიკო ოჩიგავა
ინგლისური ენისა და სპორტის წამყვანი მასწავლებელი,
თბილისის კერძო სკოლა „აკადემუსი“ და №32 საჯარო სკოლა
ჩვენ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქის თანამედროვე მასწავლებლები ვართ. ფანჯრებს მიღმა 21-ე საუკუნეა. ახალი მოთხოვნილებები, ახალი საჭიროებები და ახალი შესაძლებლობები. ვიაზრებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ახალ სტანდარტებს მორგებული საზომებით იზომება. უკვე წლებია დავრწმუნდით, რომ წიგნი ცოდნის მიღების უალტერნატივო რესურსი არ არის. იმასაც კარგად ვხვდებით, რომ მერხზე ხელების შემოწყობა, ჯდომის სტატიკური პოზიცია და გაშეშებული მზერა მოსწავლის ყურადღების კონცენტრირებისა და ჩართულობის გაზომვის რეალურ სურათს არ იძლევა.
ინტერნეტ სამყარო ცოდნის მიღების ყველაზე მასშტაბურ შესაძლებლობად მოგვევლინა – რესურსების მრავალფეროვნება, სოციალური ურთიერთობების ახალი პლატფორმები, ინტერაქციის მრავალფეროვანი ფორმები და ცოდნის მიღებისა და გამოყენების საშუალებები. განათლების თანამედროვე მოთხოვნებს ტექნოლოგიური უნარების არსებობის აუცილებლობით ვპასუხობთ.
თუმცა არსებობს „მაგრამ“, რომლის გაგრძელებაც ყოველთვის ინდივიდუალურია. მაგრამ ტექნოლოგიები ყველაფერი არ არის. გაკვეთილი ცოცხალი პროცესია. რეალური სოციალური ურთიერთობების, ქმედითი ქცევების, უშუალო კონტაქტებისა და ინტერაქციის შესაძლებლობა. თამაში, როგორც სასწავლო მეთოდი, პირადად ჩემთვის, ერთგვარი ხელოვნებაა, რაც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ყველაფერი ხომ შედარებითია და ნებისმიერ სასწავლო მეთოდს თავისი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, ჩემთვის, აქტივობა თუ მეთოდი, რომელიც მოსწავლესთან უშუალო შემხებლობის შესაძლებლობას მაძლევს, გაცილებით საინტერესო და ორგანულია.
სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, ის თამაშები გაგიზიაროთ, რომლებსაც უკვე წლებია აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში და საკმაოდ კარგ შედეგებამდეც მივყავარ.
სწავლას კეთებითა და თამაშით, გარდა იმისა, რომ აღძრავს მოტივაციას და ქმედით ქცევას ავითარებს, მოსწავლის გონება ფორმალური განათლების საზღვრებიდან გაჰყავს და სპონტანურად, მისთვის სასიამოვნო გარემოში, სრულიად უნებურად ხდება სასწავლო/შემოქმედებითი პროცესის მონაწილე. შინაგანი ძალების, სურვილებისა და შესაძლებლობების აქტივაცია კი თავისთავად სასწავლო პროცესის ეფექტურობის გარანტიას იძლევა. თამაში ბავშვისთვის თვითგამოხატვისა და სოციალური უნარების განვითარების საშუალებაა, ამიტომაც აუცილებელია, მასწავლებელმა ის ისე დაგეგმოს, რომ მიმართული იყოს როგორც ახალი, კონკრეტული საკითხის ორგანულად და ბუნებრივად გააზრებისკენ, ისე პიროვნული განვითარებისკენაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მასწავლებლის მიერ, კონკრეტული სასწავლო მიზნით დაგეგმილი თამაში არ უნდა დაემსგავსოს სპორტულ სანახაობას, რომლის ბოლოც ან კეთილია, ან კიდევ მარცხით გამოწვეული სტრესული მდგომარეობა.
სასწავლო მიზნით დაგეგმილმა თითოეულმა თამაშმა, გარდა კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევისა, მოსწავლეში ისეთი თვისებები უნდა განავითაროს, როგორებიცაა:
◊ თავდაჯერებულობა ◊ ინიციატივა
◊ თვითკონტროლი ◊ თვითგამოხატვა
◊ ორგანიზებულობა ◊ დამოუკიდებლობა
◊ ცნობისმოყვარეობა ◊ კრიტიკული აზროვნება
◊ შემოქმედებითი აზროვნება ◊ თვითშეფასება
♦ ჭეშმარიტია თუ მცდარია?
საგანი: ნებისმიერი საგანი
ფაზა: B
მიზანი: ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება; მიღებული ინფორმაციის გააზრება; მასწავლებელი ადგენს, შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა წაკითხულის გააზრება.
თამაშის აღწერა: მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ტექსტს, თუ ამა თუ იმ საკითხს, მასწავლებელი სთხოვს მათ, ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთ ხაზზე მოეწყონ, ხოლო მათ მარჯვნივ და მარცხნივ, აგრეთვე ვერტიკალურ მდგომარეობაში, გავლებულია თითო ვერტიკალური გრძელი ხაზი (ნებისმიერი მასალის გამოყენებით). ერთი ბოლოვდება ასოთი „ჭ“, ანუ ჭეშმარიტი, ხოლო მერე ხაზი – ასოთი „მ“, მცდარი. მასწავლებელი იწყებს საკვანძო საკითხების გახმოვანებას მასალიდან, მოსწავლეებმა კი უნდა შეძლონ დაადგინონ, რამდენად შეესაბამება მოსმენილი ფრაზა ტექსტში მოცემულ ინფორმაციას. თუკი ფრაზა შეესაბამება სინამდვილეს, მოსწავლეები ერთი ნაბიჯის გვერდზე გადადგმით უახლოვდებიან ჭეშმარიტების ხაზსა და პირუკუ. თამაში სახალისოა იმდენად, რამდენადაც ჭეშმარიტების დადგენის პროცესში მოსწავლეები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან ხოლმე, რასაც მასწავლებელი აფიქსირებს და ინიშნავს უკუკავშირის მიზნით.
♦ სიტყვების რბოლა
საგანი: ნებისმიერი
ფაზა: A (გონებრივი იერიში), B (ცოდნის კონსტრუირება), C (შეჯამება)
მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება; ცოდნის განმტკიცება; მიღებული ცოდნის დონის შეფასება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინასწარ ირჩევს თემატიკას: ზმნები, ზედსართავები/არსებითი სახელები, ქვეყნები, მცენარეები და ა.შ. თამაში რაღაცით ჰგავს „ქალაქობანას“, მაგრამ განსხვავდება კიდეც მისგან. თემატიკის შერჩევის შემდეგ, კლასს ჰყოფს ჯგუფებად (გააჩნია კონტინგენტს), უწესებს დროის ლიმიტს და სთავაზობს შერჩეულ თემატიკას, რომლის ირგვლივაც მოსწავლეებმა, მოგების მიზნით, რაც შეიძლება მეტი ასოსგან შემდგარი სიტყვა უნდა მოიფიქრონ. შემდეგ კი, მასწავლებელი დაფას ჰყოფს ჯგუფების მიხედვით (იხ. დაფა), სადაც აგრეთვე მოცემულია შეფასების რუბრიკა. თითო ჯგუფიდან გამოდის თითო წარმომადგენელი და თამაში იწყება. მოგებულია ის გუნდი, რომელიც, შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით, ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
♦ წითელი და მწვანე
საგანი: უცხოური ენები; ქართული ენა
მეთოდი: გონებრივი იერიში, ცოდნის კონსტრუირება
მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება; თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დგას სახით დაფისკენ, კლასს კი ჰყოფს ორ ვერტიკალურ მწკრივად. მისგან მარჯვნივ, დაფაზე, გამოკრულია წითელი ნიშნული, მარცხნივ კი – მწვანე. იგი ხსნის თამაშის ინსტრუქციას.
შემდეგ მასწავლებელი იძლევა სწრაფი სიარულის დაწყების ნიშანს და ითვლის ერთიდან-ხუთამდე.
თვლის პარალელურად, თითო მწკრივიდან თითო მოსწავლე სწრაფად იწყებს სვლას მასწავლებლისკენ, გასწრების პრინციპით.
მასწავლებელი, სანამ თვლას მორჩება, რომელიმე რიცხვთან წყვეტს დათვლას და ამბობს – „შეჩერდი“. სწრაფად შემობრუნდება მოსწავლეებისკენ და იმ მოსწავლეს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად გაჩერებული, „აჯარიმებს“ და სთხოვს, სამი ზედსართავი სახელის გამოყენებით შეადგინოს სამი წინადადება და დადგეს წითელ შუქნიშანთან.
გამარჯვებული მოსწავლე კი, მხოლოდ ერთი წინადადების შედგენით შემოიფარგლება და დგება მწვანე შუქნიშანთან.
♦ დეზინფორმატორი
საგანი: ნებისმიერი
ფაზა: B და C ფაზები
მიზანი: ახალი ინფორმაციის გააზრება; ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა: მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ინფორმაციას (ტექსტი, ლექცია, აუდიო, ვიდეო და ა.შ.), მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად (გააჩნია კონტინგენტს), შემდეგ კი სთხოვს მათ, აირჩიონ ერთი დეზინფორმატორი, რომელიც კლასის წინაშე გამოვა, ჟურნალისტის როლს მოირგებს და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „პირდაპირ ჩართვას“ გააკეთებს. აქტივობის მიზანია, დეზინფორმატორმა, საუბრისას, გააყალბოს რაიმე ინფორმაცია და ისე მიაწოდოს მაყურებლებს. ამასობაში კი, სხვა ჯგუფების წევრები ყურადღებით უსმენენ მას და გამოიჭერენ თუ არა ტყუილში, თავიანთი ჯგუფიდან ირჩევენ ერთ ან ორ კორესპონდენტს, მუშაობენ დამაზუსტებელ, „ჩამჭრელ“ შეკითხვებზე და მორიგეობით უსვამენ დეზინფორმატორს. მათი მიზანია, დეზინფორმატორი ტყუილში გამოიჭირონ. შეკითხვებზე მუშაობა, საგნის სპეციფიკისა და თემის შინაარსის მიხედვით, მოსწავლეებს მიანდეთ. აქტივობამ, პირველ ჯერზე, შესაძლებელია დაბნეულობა გამოიწვიოს, თუმცა, მკაფიო ინსტრუქციებისა და ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მოსწავლე, ახალი ინფორმაციის გაცნობის ეტაპზე, მნიშვნელოვან დეტალებზე კონცეტრირებული ხდება და კრიტიკული კითხვის/აზროვნების უნარები უვითარდება.
♦ წრეში ბურთი კონვერტებით
საგანი: ნებისმიერი
ფაზა: B
მიზანი: ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ინდივიდუალურად გამოიძახებს მოსწავლეს, რომელიც დადგება დაფისგან 2-3 მეტრის დაშორებით. შემდეგ კი, ხელში იჭერს პატარა ზომის ბურთს და, მასწავლებლის ნიშანზე, ისვრის დაფაზე მოცემული წრეების მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ბურთი, შემთხვევით, ერთი რომელიმე კატეგორიის წრეში აღმოჩნდება, მოსწავლე ვალდებულია, განმარტოს იმ კატეგორიით მოცემული საკითხი თეორიულად და ერთი პრაქტიკული მაგალითიც დაურთოს. თუ ბურთი ცენტრში მოცემულ „აირჩიე“ კატეგორიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მოიპოვა უპირატესობა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი კატეგორია. ხოლო იმ მოსწავლეს, რომელიც ბურთს ვერც ერთ კატეგორიას ვერ მოახვედრებს, ააცდენს მიზანს, შანსი აქვს აირჩიოს ერთ-ერთი კონვერტი, რომელშიც იდენტური კატეგორიები და შესაბამისი შეკითხვებია მოცემული. თამაში ხელს უწყობს კოორდინაციისა და მანიპულაციური უნარების განვითარებასაც.
♦ ♦ ♦
დაბოლოს! სასწავლო მიზნით დაგეგმილი თამაში მხოლოდ კონკრეტული საკითხის სიღრმისეულად წვდომის შესაძლებლობა არ არის. ის კონკურენტუნარიანი და წარმატებაზე ორიენტირებული შინაგანი ძალების გააქტიურების გარანტიადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ვინაიდან ,,ერთადერთი საშუალება, გახდე უფრო ჭკვიანი, არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს“.