არჩილ თოდუა: „KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ აქ მიღებული ცოდნით შევძლებ კომუნიკაციის უნარებზე ვიმუშაო და, ამასთან, ტექნიკური უნარები განვივითარო, რომელთა გამოყენებასაც მრავალ სხვა სფეროში შევძლებ. ცოტაა ისეთი რამ, რისი მუდმივად კეთებაც არ მომბეზრდება, ერთ-ერთი ასეთია ხატვა. ბავშვობიდან ვხატავ და მომავალშიც ვაპირებ გავაგრძელო, რადგან ეს ჩემი, ტექნიკური მიმართულებით განვითარებული ცხოვრებისაგან დროებით თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა. ჩემითვის ხატვა იდეებისა და ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა. ის მეხმარება ყველაფერს სხვა თვალით შევხედო და მრავალ სფეროში განსაკუთრებულ უპირატესობას მანიჭებს. მოდისა და მოდის დიზაინის მიმართ უდიდესი ინტერესიც, სწორედ ხატვის სიყვარულიდან მოდის.“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული და აქტიური სტუდენტია არჩილ თოდუა. ნიჭიერი ახალგაზრდა KIU-ში უმაღლესი საგრანტო ქულებით ჩაირიცხა, ის მენეჯმენტის პროგრამის პირველკურსელია. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, საუკეთესო 100-ულში 29-ე ადგილი უკავია. მისი მიღწევებისა და შესაძლებლობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავია. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩააბარა, რაც მას სწავლის გადასახადისგან სრულად ათავისუფლებს, KIU-მ კი შესანიშნავი მიღწევების გამო, ულტრათანამედროვე კამპუსში ცხოვრების გადასახადისგან გაათავისუფლა, ასევე დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია.
წარმატებულ სტუდენტს ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული სფერო იზიდავს. მრავალფეროვანია მისი ინტერესები და მიზნებიც. STEM დარგების მსგავსად დაინტერესებულია თანამედროვე არტით, მოდის დიზაინით, საზოგადოებრივი მეცნიერებებით, კინემატოგრაფიით, კომუნიკაციის ხელოვნებით. ტექნიკური მიმართულებების დაუფლების პარალელურად, თავისუფალ დროს ხატვას და შემოქმედებას უთმობს.
სკოლის პერიოდში მიღწეულ უდიდეს წარმატებად მისი და მისი კლასელის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ პროექტს – „KITE“ (Komarovi Inspirational Talk for Education) მიიჩნევს. აღნიშნული მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა პროფ-ორიენტაციასა და კარიერული ინტერესების გაღვივებაზე ზრუნვას. პროექტის ფარგლებში სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ეწვია. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და პროფესიის არჩევაში ეხმარებოდნენ. არჩილი ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდულ ბანაკებში.
ბუნებით აქტიური და შემოქმედი ბიჭი KIU-ს ელჩიცაა. თანატოლებთან ერთად ცდილობს კამპუსზე სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი გახადოს და ახალი პროექტებისა და იდეების ინიციატორი იყოს.
„უნივერსიტეტის არჩევისას KIU-მ ჩემი ყურადღება სწავლების ხარისხის გარდა სხვა რამდენიმე ფაქტორითაც მიიპყრო. ინგლისურენოვანი პროგრამები, საერთაშორისო კავშირები და, რა თქმა უნდა, კამპუსი – ამ ფაქტორების კომბინაციამ მიბიძგა ამერჩია ის ადგილი, სადაც ჩემი ძლიერი მხარეების უმეტესობას გამოვავლენდი. ვთვლი, რომ საერთო სტუდენტური გამოცდილების მხრივ KIU სხვა ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტისგან გამოირჩევა და იძლევა საშუალებას, უამრავი სასარგებლო უნარის განვითარებაზე ერთად იმუშაო. სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა და პროექტთა დაფინანსების იდეაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, რატომაც გადავწყვიტე აქ სწავლა“, – აცხადებს სტუდენტი.
არჩილი ამბობს, რომ მისი უახლოესი სამომავლო გეგმები მარტივი და მკაფიოა. სურს, რომ პროფესიის შესაბამისი, მაღალი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება მიიღოს, გაცვლით პროგრამებში ჩაერთოს, სწავლის პარალელურად თავის ღრმა ინტერესს გაჰყვეს მოდის დიზაინში, გამოიყენოს KIU-ს მენეჯმენტის სკოლაში მიღებული ცოდნა კარიერული მიზნების მისაღწევად – იქნება ეს საკუთარი ბრენდის გახსნა თუ რომელიმე წარმატებული ბრენდისთვის მუშაობა.