ლაშა მარგიშვილი
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
უმაღლესი განათლების მიმართულების სესიებს, კონფერენციის ორი დღე დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითად თემები: ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი მიმართულებები რომის მინისტერიალის შემდეგ; ბოლონიის პროცესის გავლენა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე; უმაღლეს განათლებაში მიკრო კრედიტების აღიარების ევროპული და ეროვნული გამოცდილება; სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული მოთხოვნების შესაბამისად; უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; ევროპის უნივერსიტეტები Covid-19 პანდემიის დროს, სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგი წარმომადგენლები: უ დირექტორი მარია კელო, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი დევიდ გორდონი, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორი ჰელი მატისენი, ბელგიის ფლამანდრიის რეგიონის მთავრობის, განათლების სამინისტროს მრჩეველი უმაღლესი განათლების პოლიტიკის საკითხებში მაგალი სოენენი, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ გაბელი, ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) ვიცე-პრეზიდენტი იაკუბ გროდესკი.
მნიშვნელოვანი და საინტერესო მოხსენება ჰქონდა ცენტრის დირექტორს, თამარ მახარაშვილს, რომელმაც მოკლედ შეაჯამა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით 2016-2020 წლებში განხორციელებული ძირითადი აქტივობები და მიღწეული შედეგები. ასევე, განხილულ იქნა, კორონა ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების დაძლევის მიზნით, ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. ცენტრის დირექტორმა ფართო აუდიტორიას ის ძირითად მიმართულებები წარუდგინა, რომლებზეც ცენტრი 2021-2025 წლებში აპირებს მუშაობას, კერძოდ: ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების მუდმივი სრულყოფა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებთან მიმართებით; კლასტერული აკრედიტაციის მოდელის შემუშავება და დანერგვა; სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებლად რელევანტური შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების პროფესიული განვითარება და სრულყოფა; საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ცენტრის თანამშრომლების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისთვის უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ინსტიტუციურ და პროგრამულ შეფასებებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესაძლებლობის გაჩენა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; კონკრეტულ სფეროებში დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვის ხელშეწყობა; ცენტრის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.
საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) დირექტორს, მარია კელოს, რომელმაც მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა 2020 წლის რომის მინისტერიალის შედეგებსა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად ხედვებზე. მოხსენებისას აღნიშნა, რომ რომის მინისტერიალის ფარგლებში გამოიკვეთა უმაღლესი განათლების სფეროს სამი ძირითადი პრიორიტეტი, ესენია: ინკლუზიური, ინოვაციური და ურთიერთდაკავშირებული ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ფორმირება. ამასთან, მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საქმიანობის დამოუკიდებლობისა და მოქნილობის გაზრდის მნიშვნელობაზე, ასევე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე პროცესებში სტუდენტების როლის მნიშვნელობის ზრდაზე.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, თავისი მოხსენების ფარგლებში, ისაუბრა ბოლონიის პროცესის გავლენაზე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე. მომხსენებელმა ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა 2005 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ბოლონიის წევრი სახელმწიფო, დღემდე უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და სამომავლოდ არსებული ძირითადი გამოწვევები.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი დევიდ გორდონი, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განახლებულ სტანდარტებზე ისაუბრა. მოხსენება შეეხებოდა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად გამოწვევებს, მაგალითად, როგორიცაა — ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავლენა სამედიცინო სწავლებაზე, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო პროფილის სასწავლებლების, მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა და ქვეყნის მოსახლეობის თანაფარდობის საკითხები. დევიდ გორდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, მათ შორის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის როლი მედიცინის პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, სსპ — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ჯანდაცვის დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, გაიანე სიმონიამ, საკუთარი მოხსენების ფარგლებში, აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი სტანდარტების სრულად გათვალისწინების მიზნით, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, უკვე განხორციელდა ჯანდაცვის დარგობრივი საბჭოს ფორმირება, რომელსაც დაევალა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის გადახედვა WFME-ის განახლებული სტანდარტების შესაბამისად. გაიანე სიმონიამ ასევე ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რომლითაც განსხვავდება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი სტანდარტები წინა სტანდარტებისგან. მან ისაუბრა იქონია პანდემიის გავლენაზე სამედიცინო განათლებაზე, თუ როგორ იყვნენ და არიან დღესაც ჩართულები საქართველოში მოქმედი სამედიცინო სკოლების, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები პანდემიასთან ბრძოლის პროცესებში. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ახალი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, 2021 წელს, ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით, განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის განახლდება მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი და დაიგეგმება შესაბამისი ტრენინგები.
ცალკე მოხსენება დაეთმო ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ქვეყნებში მიკრო კრედიტების, მოკლევადიანი კურსების რეგულირების საკითხებს. აღნიშნულ თემაზე ისაუბრა ბელგიის სამეფოს ფლამანდრიის მთავრობის განათლებისა და ტრენინგის სამინისტროს მრჩეველმა, მაგალი სოენენმა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც ევროპული სივრცის სახელმწიფოებშიც ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა და მიდგომები, მაგალითად: მოკლევადიანი კურსისთვის, რომელიც არ არის უმაღლესი განათლების ნაწილი, რელევანტური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეზე აღნიშნული კურსებისთვის შესაბამისი დონის განსაზღვრა, ასეთი კურსების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება უმაღლესი განათლების მიზნებისთვის და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ სასერტიფიკატო და მოკლევადიან კურსების განხორციელების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს: სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა, მადონა მიქელაძემ, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა კორძაძემ და შპს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მაია მუშკუდიანმა. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ინსტიტუციებში დიდი ხანია ხორციელდება სასერტიფიკატო კურსები და საკმაო პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ამასთან, ის ძირითადი საკითხები და გამოწვევები, რომელზეც ყურადღება იყო გამახვილებული მაგალი სოენენის მოხსენებაში, ჩვენს რეალობაშიც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს მუშაობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები.
უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა — ფიონა კროზიერმა და ანკა გრირმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები თემაზე — უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა, საგანგებო რეაგირებიდან პოსტ კოვიდური მოლოდინები. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ცენტრის დაკვეთით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და რჩევებს მოიცავს, თუ როგორ უნდა მოხდეს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით, დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასება. მოხსენების ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდა თუ რა დამატებითი მექანიზმები უნდა შემუშავდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, რომ უზრუნველყოფილი იყოს დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესის ხარისხიანად განხორციელება. ამასთან, აღინიშნა, რომ კვლევაში ასახული ძირითადი გამოწვევები საერთო იყო როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოქმედი ბევრი უნივერსიტეტისთვის, რადგან კორონავირუსიდან გამომდინარე, ისინი მოულოდნელად აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევის წინაშე.
ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორმა, ჰელი მატისენმა მოხსენება წარადგინა ესტონეთში კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის ძირითად ეტაპებზე. მოხსენებაში ხაზგასმული იყო ის დადებითი მხარეები, რაც ახლავს ინდივიდუალური პროგრამების შეფასებიდან კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მოცემული მოდელი, რომელზეც ცენტრი 2022 წლიდან გეგმავს გადასვლას, მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც ცენტრის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დროით და ადამიანურ რესურსებს. შეფასების ახალი მიდგომა შესაძლებლობას მისცემს ცენტრს, ინსტიტუციის ფარგლებში, ერთი კონკრეტული სფეროს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამები შეაფასოს ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის მჭიდრო კავშირის დანახვას, ასევე საფეხურებს შორის პროგრამის სწავლის შედეგებში სირთულის დონეების დადგენას. მკაფიოდ გამოჩნდება, როგორ ვითარდება კონკრეტული სფერო ან დარგი, როგორც ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, ასევე ზოგადად, სახელმწიფოში.
მნიშვნელოვანი იყო ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) ვიცე-პრეზიდენტის, იაკუბ გროდესკის, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, პეგი პავლეტიკის და ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის, ნიკა თიკანაშვილის მოხსენებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით — როგორ უნდა მოხდეს სტუდენტებს შორის მოტივაციის ამაღლება, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განხორციელებაში. ასევე, განხილულ იქნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია. კერძოდ, სტუდენტები სავალდებულო წესით წარმოდგენილები არიან უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ყველა დონეზე. მაგალითად: სტუდენტი წარმოდგენილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოში, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოებში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფებში. ამასთან, ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის მიერ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომლის შესაბამისადაც, უახლოეს პერიოდში, ცენტრი იგეგმავს ელექტრონული პლატფორმის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელებაში.