მაია ხარაძე
ქიმიის აკადემიური დოქტორი, სსიპ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ხარაულის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მენტორი პედაგოგი
ადამიანის განვითარების აქსელერაციამ გამოიწვია მეტაკოგნიციის საკითხების გადმონაცვლება ზოგადი განათლების პროცესში. მოსწავლეები, თეორიული შემსწავლელიდან, გამოცდილებით სწავლაზე გადავიდნენ, ეს განსაკუთრებით შეეხო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ამ მიმართულებით მოსწავლეთა დაინტერესება, ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსწორების გზებზე აქტიურად მუშაობენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ინერგება ახალი მიდგომები. ერთ-ერთ ასეთ მიდგომას ინტერაქციული სწავლება წარმოადგენს, რაც გულისხმობს თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებს (ჯგუფური მუშაობა, საკლასო დისკუსია, დებატები, როლური თამაშები და სხვ.) იმისათვის, რომ სწავლა-სწავლება ორიენტირებული იყოს თანამშრომლობითი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე.
როცა საუბარია მოსწავლეებში კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, უნდა გვესმოდეს, რომ პასიური გაკვეთილი, რომელიც მხოლოდ თეორიის შესწავლაზეა ორიენტირებული, ვერასდროს მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. მნიშვნელოვანია, გაკვეთილები ინტერაქციული და კვლევაზე ორიენტირებული გავხადოთ. მოსწავლემ მკვლევრის როლი უნდა მოირგოს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკული მეცადინეობებით სწავლებას გულისხმობს, სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და გამოყენებადი რომ გახდეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ყოველივე ეს მოითხოვს ბევრ რესურსს (რაც, ხშირ შემთხვევაში, თანხებთანაა დაკავშირებული), ენერგიასა და დეტალურ დაგეგმვას.
არაფორმალური განათლების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია პროექტებით სწავლება, რასაც მოსწავლე უფრო სიღრმისეულ ცოდნაზე გაჰყავს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ეს ნამდვილი სიახლე და გამოწვევა აღმოჩნდა. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე დაბნეულობა და შიში იგრძნობოდა, მაგრამ როგორც კი ლაბორატორიული ხალათები მოირგეს, თითქოს ტრანსფორმირდნენ, ძალა მოემატათ და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვიდა. პროექტი დაფინანსდა საქართველოს განათლების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (32 02 12) სასკოლო ინიციატივების წახალისების ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მოპოვებული გრანტით და 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლობდე გრძელდებოდა. ჩართული იყო X-XI კლასების 10 მოსწავლე. პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მოვაწყვეთ ათზე მეტი სამუშაო შეხვედარა. თითოეული მათგანი, მინიმუმ, ორი საათი გრძელდებოდა (სიმართლე რომ ითქვას, დრო ხელებში გველეოდა).
დასაწყისისთვის, მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და დაგეგმილი ამოცანები/აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები. შემდეგი სამი შეხვედრა დავუთმეთ ლიტერატურული მასალების მოძიებას, განხილვას, დისკუსიის პოსტერისა და შუალედური პრეზენტაციის მომზადებას. უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვებს საკმაოდ გაუძნელდათ ინფორმაციის დამუშავება-დახარისხება. მათ მოიძიეს ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის, სასმელი წყლების სტანდარტული მახასიათებლების, წყლის მნიშვნელობის, მისი ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებისა და ასევე, წყლის სისუფთავის დაცვის მექანიზმების შესახებ.
შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეებმა, მოძიებული იფორმაციისა და პროექტის მიმდინარე აქტივობების გაერთიანებით, მოამზადეს და, კოვიდ პანდემიის პირობების შესაბამისი დაცვით, პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის გამართეს. მცირე დისკუსიისას, მსმენელებმა გამოთქვეს ვარაუდები და მათი სასმელი წყაროს წყლის შემოწმების სურვილი. პარალელურად, პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, შევიძინეთ ლაბორატორიული აღჭურვილობა და რეაქტივები, მოვიძიეთ და დავამუშავეთ მეთოდური ლიტერატურა, მოვამზადეთ შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარები, მოვაწყვეთ მინი-ლაბორატორია წყლის ქიმიური ანალიზისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე საგრძნობლად შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება პროექტის მიმართ, გამომეტყველებაც კი შეეცვალათ, თითქოს დასერიოზულდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამ მომენტში გაიაზრეს პროექტის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა, მანამდე ჩვეულებრივ სასკოლო აქტივობებს მოაგონებდა.
შემდგომ შეხვედრებში უფრო აქტიურად ჩაერთვნენ, ყველა გამოცოცხლდა, გააქტიურდა. ნიმუშების შეგროვების პარალელურად, სოფლის მცხოვრებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის შესახებ და ისე დააინტერესეს, რომ შემდეგ დღეებში თვითონვე მოჰქონდათ საანალიზო ნიმუშები. საბოლოო ჯამში, პროექტის ფარგლებში, შევისწავლეთ 30 სხვადასხვა წყაროს და ერთი არასასმელი წყლის ნიმუში, რომელიც დაინტერესებულმა პირმა მოგვაწოდა. წყალი ბუნებრივად იყო შეფერილი, დამახასიათებელი მბზინავი ზედაპირით.
მოსწავლეები იმდენად შევიდნენ ეშხში, ნიმუშების შეგროვების პარალელურად, მოსახლეობაში მოიძიეს ინფორმაცია (პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით), თუ რა იციან ადგილობრივებმა წყლის სანიტარიული ნორმების შესახებ და რა პროცედურებს ახორციელებენ. შედეგად დაადგინეს, რომ მართალია წყლის ქიმიური დეზინფექცია არ ხდება, მაგრამ თემში გამოკითხული მოსახლეობის 90% სასმელი წყლის რეზერვუარებს, ექვს თვეში ერთხელ, მექანიკურად ასუფთავებს.
შემდეგი ეტაპი მთლიანად კვლევებს დაეთმო. პირველ რიგში, მოსწავლეებმა ორგანოლეფტიკური მაჩვენებლები შეისწავლეს, როგორიცაა ფერი, სუნი, გემო და შეწონილი ნაწილაკები, შემდეგ – ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები: pH, მჟავიანობა, ქლორიდების, რკინისა და სულფატ იონების, ასევე წყლის სიხისტის კვლევა. აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის ყველა ნიმუში იყო გამჭვირვალე, უფერო, უსუნო და შეწონილი ნაწილაკების გარეშე, გარდა ერთისა, რომელიც შეფერილი იყო ღია ყავისფრად. არც ერთ სასმელ წყალში არ აღმოჩნდა შეუსაბამო მაჩვენებელი, არ იყო ქლორის, სულფატებისა და რკინის იონები. მხოლოდ ერთ, ბუნებრივად შეფერილ, არასასმელ წყალში აღმოჩნდა რკინის იონები, საშუალო რაოდენობით. საანალიზოდ აღებული წყლის ყველა ნიმუში, სიხისტის მიხედვით, შეიძლება რბილ და ძალიან რბილ წყალს მივაკუთვნოთ. სიხისტის მაქსიმალური შემცველობა იყო 2,88 მგ-ექვ/ლ, ხოლო მინიმალური – 0.4 მგ-ექვ/ლ.
საბოლოოდ, მიღებული მონაცემების შეჯერებისა და ანალიზის შედეგად, მოვამზადეთ პრეზენტაცია და პოსტერი, სკოლის საზოგადოებისა და დაინტერესებულ პირთათვის წარსადგენად. პროექტის განხორციელების საბოლოო შედეგი წარვადგინეთ გამოცხადებული კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა. სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოს მაშინდელი განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, პროგრამის მონაწილე სკოლებს შორის დაგვასახელა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა, მონაწილეებს გადმოგვცეს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო სკოლას ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმული და სიხარულის საფუძველი გახდა ჩვენთვის. ვერაფრით დავივიწყებ მოსწავლეების გაბრწყინებულ და გაოცებულ თვალებს, როდესაც, პირველად, ჩვენი სკოლა 10 საუკეთესო სკოლას შორის დაასახელეს.
თუმცა, პროექტი ამით არ დასრულებულა. თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებმა პროექტის საბოლოო ანგარიში წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, სკოლის დირექტორის თანხმობით, გადავწყვიტეთ, მოგებული თანხა ლაბორატორიის კეთილმოწყობას მოხმარებოდა, რადგან ქიმიის საგაკვეთილო პროცესებიც ისეთივე აქტიური და სახალისო გახდეს, როგორიც პროექტის მიმდინარეობა.
მოსწავლეებმა დაწერეს შთაბეჭდილებები პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ პროექტმა გაბედულება, მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა შესძინა. გაიაზრეს რამდენად მეტის გაკეთება შეუძლიათ და იდეები შემომთავაზეს შემდეგი პროექტებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ახალი პროექტის წერისას (რომლის იდეაც უკვე გავაგზავნეთ) ყველა ცდილობდა ჩართულიყო. მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ლიზა ხარაძემ ქედის ახალგაზრდული იდეის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ჩემი დახმარებითა და მითითებით, მოამზადა პროექტი „სასკოლო კვირეული“, რაც ჩვენი პროექტის დამოუკიდებელი გამოძახილი იყო.
არც კვლევა შეგვიწყვეტია, პროექტის დასრულების შემდეგ. გადავწყვიტეთ, შეგვენახა შეგროვებული ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე და დავკვირვებოდით მასში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად, გაჩნდებოდა თუ არა სუნი ან ნალექი. უნდა აღინიშნოს, რომ ნიმუშების აღებიდან შვიდი თვის განმავლობაში, არც ერთ ნიმუშში არ შეინიშნებოდა სუნი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასმელი წყლის ბიოლოგიურ სისუფთავეს, მხოლოდ რამდენიმე ნიმუშში შეინიშნებოდა მცირე ნალექი, რაც საგანგაშო ნამდვილად არაა. გარდა ამისა, თებერვალში, სოფლის მაცხოვრებლებმა კიდევ რამდენიმე ნიმუში მოგვაწოდეს, მოსწავლეები სიამოვნებით მოემსახურნენ მათ.
პროექტის დასასრულს შევუთანხმდით „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ჩვენი მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოაწყო. შეხვედრის ფარგლებში, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.
საბოლოო ჯამში, ჩვენი პროექტის განხორციელების შედეგად: სკოლის ბაზაზე, მოეწყო მინი-ლაბორატორია წყლის ქიმიური ანალიზისთვის (შევიძინეთ სასწორი, რეაქტივები, ჭურჭელი და ლაბორატორიული აღჭურვილობა); მოსწავლეებმა ისწავლეს ლიტერატურის მოძიება, დამუშავება, დახარისხება, წყაროს გადამოწმების მნიშვნელობა; მოაწყვეს მინი-დისკუსიები, აქტიურად ჩაერთვნენ და აიყოლიეს თითქმის მთელი სოფელი იმდენად, რომ მოქალაქეები დღესაც კი მოგვმართავენ სხვადასხვა შეკითხვებით წყლის სისუფთავისა და სტანდარტის შესახებ, მოაქვთ ნიმუშები საანალიზოდ; ბავშვები დაეუფლნენ პრეზენტაციის უნარებს, დააგროვეს გამოცდილება, მოამზადეს და გამართეს პრეზენტაცია სასკოლო თემის წევრებისთვის, სოფლის დაინტერესებული მოსახლეობისთვის, ასევე, დასკვნით ღონისძიებაზე – თბილისშ;. დაეუფლნენ ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს, ჩაატარეს წყლის ნიმუშების ფიზიკო-ქიმიური კვლევები. პროექტის ფარგლებში, შეიწავლეს 30 სხვადასხვა წყაროს და ერთი არა სასმელი წყლის ნიმუში. ქიმიურ კვლევაზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ჩვენს სოფელში არსებული ყველა წყაროს წყალი საუკეთესო სასმელი წყალია.
პროექტმა მოსწავლეებს შემატა გაბედულება და აუმაღლა მოტივაცია. ეს კარგად გამოჩნდა მათ ნაშრომებში, სადაც გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები პროექტის შესახებ, ასევე სასკოლო ცხოვრებაში – გააქტიურდნენ, საკუთარი სურვილით ჩაერთვნენ ახალ პროექტზე მუშაობაში. შემომთავაზეს იდეები, თუ რა თემებზე უნდა დავწეროთ პროექტი და რა არის მათთვის საინტერესო საკვლევი თემები.
ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჩვენი პროექტისა გახლავთ მეთერთმეტე კლასის მოსწავლის, ლიზა ხარაძის მიერ, თითქმის დამოუკიდებლად გაკეთებული პროექტი „სასკოლო კვირეული“, რომელიც უკვე დააფინანსა ქედის „ახალგაზრდულმა იდეამ“.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების სამინისტროს მთის სკოლების მოსწავლეებისათვის ასეთი საინტერესო და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინიციატივებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ი. ჩინჩალაძე, თ. ბურჯანაძე – „იწვევს თუ არა ექსპერიმენტული სამუშაოები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციის ზრდას“ // SALiS საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი, პედაგოგთა პირველი კონფერენცია, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება — პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. თბილისი 2016წ;
- ნ. იმედაძე, დ. ფარჯანაძე, მ. მირიანაშვილი, ნ. გორდელაძე, თ. გაგოშიძე – „ეფექტური სწავლება, თეორია და პრაქტიკა“ // გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტი, 2010წ;
- ს. ლობჟანიძე – „როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტ-გაკვეთილი“ // mastsavlebeli.ge