ლია გოგოხია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?“ – იკითხა ერის მამამ. საქმეს ითხოვს ქვეყანა. ჩვენ კი გულხელდაკრეფილნი შევცქერით თაობას, რომელიც იღუპება. სკოლაში უამრავი პრობლემაა, ბევრი რამ შესაცვლელია, მასწავლებლებს არ გვაქვს შიში სიახლისა, არ ვუფრთხით თანამედროვე მოთხოვნებს, არც გამოწვევებს, მაგრამ საიდან დავიწყოთ? ჩემი ქვეყნის განათლების სამინისტრომ ვერ გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს, განათლების სისტემაში რა ცვლილებები შეეტანა, რა გზით ევლო… საცდელი ბაჭიებივით დიდხანს გვატარა უხეში ტეხილითა და ზიგზაგებით და არა კოხტა მრუდით, რაც ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და თავად სკოლისთვის, რთული პროცესი აღმოჩნდა, რაც მთავარია, ღირსების შემლახველი. მივყვეთ მოვლენებს კვალდაკვალ. პრობლემა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს დააშორეთ. დიახ, დააშორეთ!
2010 წლიდან 2025 წლამდე რამდენჯერმე შეიცვალა საგანმანათლებლო სისტემა. ვერ გაამართლა ვერც საგნის, ვერც პროფესიული უნარების, ინგლისურ-კომპიუტერის გამოცდამ, ვერც შიდა და ვერც გარე დაკვირვებამ, დაუსრულებელმა ტრენინგებმა, კვლევებმა და, რაც მთავარია, ვერც გაკვეთილის დადგმა-გადაღებამ. 21-ე საუკუნემ მასწავლებელს საჭიდაო ჩოხა მოარგო. აი, როგორ გამოვიყურებით ამ სამოსელში. მასწავლებელი – მკვლევარი, პუბლიცისტი, ტექნოლოგიების მეფე, პროექტების ავტორ-განმახორციელებელი, ექსკურსიამძღოლი, ტრენინგის მსმენელი, ნოვატორი, მეთოდისტი, კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ტელეფონისტი, მშობლების მეგობარი, დამრიგებელი, არების მთვლელი, თუ საჭიროა, საქმის გამრჩევი, დარაჯი, ქაღალდქექია… დიახ, მასწავლებელი გახადეთ ქაღალდქექია, კრედიტქულებზე მონადირე, რომელსაც გაკვეთილის ჩატარების შემდეგ უნდა გაეწერა მიზანი, რესურსი, გაკვეთილის ფაზები, საგაკვეთილო მენეჯმენტი, შეფასება, მეთოდური რეკომენდაციები, რეფლექსია და ა.შ… ამ დროს კი მოსწავლეს მასწავლებელი სჭირდებოდა ენერგიული, ფერადი, მზისფერი, ზღვისსუნიანი, მხიარული და მგრძნობიარე და არა „ქაღალდქექია“, კრედიტებზე მონადირე, შეშინებული, ნერვებმოშლილი… დიახ, ნერვებმოშლილი, რადგან ხელფასი სწორედ კრედიტქულებზე იყო დამოკიდებული.
ამჯერად მე-12 კლასის გაუქმების მცდელობით დაიწყო რეფორმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 12-წლიანი სწავლა 2008 წლიდან შემოიღეს, რასაც მშობლების, მოსწავლეების და თავად მასწავლებლების მხრიდანაც უკმაყოფილება მოჰყვა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რომ ხარისხიანი ატესტატისთვის 12-კლასიანი სწავლა მნიშვნელოვანიაო. წლების განმავლობაში საკითხზე დავა არ წყდება. ზოგიერთი მშობელი მე-12 კლასში სკოლაში სიარულს დროის ფუჭად დაკარგვად მიიჩნევს, მათი აზრით, ბავშვები, ძირითადად, არ დადიან სკოლაში, მათ უკვე აღარ აინტერესებთ სასკოლო პროცესი, ამიტომ სჯობს, 18 წლის ახალგაზრდებმა სკოლაში კი არა, უნივერსიტეტში იარონო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის მოსაზრებით კი, „რამდენიმე ათეული ათასი მოსწავლიდან, ვინც მე-12 კლასს ამთავრებს, 99 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი მიდის უცხოეთში სასწავლებლად, იმ ერთის გამო კი 99-ს ერთ წელს ვაკარგვინებთ. გარდა ამისა, პედაგოგებს არჩატარებული გაკვეთილების საფასურს ვუხდით და ა.შ. კი, უნდა გავითვალისწინოთ იმ ერთი ბავშვის უფლება უცხოეთში სწავლისა, მაგრამ ამას არ უნდა შეეწიროს 99-ის უფლებები“.
რა იყო მიზანი მე-12 კლასის შემოღებისა:
საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა. დაწყებული ამერიკიდან დამთავრებული საფრანგეთით, ყველა ამ პროცესის მონაწილეა, რაც 12-კლასიან სწავლას ითვალისწინებს. 2008 წელს, მე-12 კლასის შემოღებით, საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი (ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული) განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეძლებოდა, კონკურენცია გაეწია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულისთვის. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა, მინიმუმ, 12-წლიან განათლებას ითხოვდა, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ.
ჩემი აზრით, 12-კლასიანი სწავლება არ უნდა გაუქმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი განათლების სისტემა არ იქნება თავსებადი დასავლურ განათლებასთან. უმაღლესი განათლების რეფორმა 11-კლასიანი სწავლებით არ მოგვარდება. თუ მე-12 კლასს იმიტომ აუქმებ, რომ ბავშვები სკოლაში აღარ დადიან და კერძოდ ემზადებიან, ესე იგი, არც სასკოლო დისციპლინა ვარგა და არც სწავლის ხარისხი. ქიმია-ბიოლოგიის კლასები ხომ კლასებს არ ჰგავს და ელემენტარული საცდელი მასალებიც კი არ აქვთ მოსწავლეებს, არც ლაბორატორიები, არც კომპიუტერული კლასები, წარმოიდგინეთ, საკმარისი თაბახის ფურცლებიც კი არ არის სკოლაში. ფიზკულტურის გაკვეთილი გაკვეთილს არ ჰგავს… და განა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილი? ამ ლოგიკით, მე-11 კლასსაც გააცდენენ მოსწავლეები და რა, ესეც გავაუქმოთ? სკოლები უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, კაბინეტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს, ბავშვებს ბურთები, სხვა სპორტული აღჭურვილობები და დარბაზ-მოედნები ჰქონდეთ. ბოლო სამი კლასის სწავლება კი უნდა გაძლიერდეს და მოერგოს ბავშვების უნარებსა და მისწრაფებებს. კერძოდ, შესაძლებელია, მე-9 კლასში ჩატარდეს გამოცდები და ამის მიხედვით გამოიკვეთოს ის უნარები, ინტერესი და ცოდნა, თუ რა პროფილის კლასში (გაძლიერებული ჰუმანიტარული, უცხო ენები, ტექნიკური საგნები და ა.შ.) გააგრძელოს სწავლა. დავუშვათ, რომ მე-12 კლასში, საქართველოში, მოსწავლეები ფაქტობრივად არაფერს სწავლობენ, მაგრამ საინტერესოა, თუ ევროპის სხვა ქვეყნებში სკოლის მოსწავლეს სათანადო განათლების მისაღებად 12 წელი ესაჭიროება, როგორ ახერხებს (მოახერხებს) ჩვენი განათლების სისტემა იმავე ხარისხის განათლების მიცემას 11 წელში? იქნებ, თუ ჩვენი მომავალი თაობებისთვის კარგი გვსურს, გამოსავალი ამ 12 წლის სათანადოდ დატვირთვა და ათვისებაა. არათუ მე-12 კლასი, ზოგ სკოლაში სასწავლო პროცესი ნებისმიერ კლასში სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. დღემდე ზოგ საჯარო სკოლაში ორი ცვლა არის. კი, ბატონო, ქართველ მოსწავლეებს საქართველოში უნდა მოუნდეთ სწავლა, მაგრამ არა იძულებით, შეზღუდვებით, არამედ ხარისხიანი სწავლება უნდა შევთავაზოთ. მათ არ უნდა წაერთვათ არჩევანი და სურვილისამებრ, უცხოეთში ისწავლონ, მით უფრო, ისეთ სპეციალობებზე, ჩვენთან რომ არ არის. საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალშიც კი არ შედის. არ არსებობს პირობები, რომ უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევები ჩატარდეს. ეს არის პრობლემა, რომელსაც 12-კლასიანი სწავლებიდან 11-კლასიანზე გადასვლა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იძულებით სწავლება ვერ გამოასწორებს. სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხის გაზრდა გადაუდებელია და გონივრულ რეფორმებსა და წამყვანი დასავლური სასწავლებლების გამოცდილების გადმოტანას მოითხოვს. 12-კლასიანი სწავლების გაუქმება კი პირიქით, ანტირეფორმა და ხარისხის გაუარესებაა. ერთი მოსწავლეც რომ მოვიდეს სკოლაში, მასწავლებელი ვალდებულია, გაკვეთილი ჩაატაროს. ისიც კი ითქვა, „მასწავლებლებს არჩატარებული გაკვეთილისთვის რატომ ვუხადოთ ფული, სახელმწიფო და ოჯახი რატომ ვაზარალოთო“. ვინმემ დასვა კითხვა, რატომ არ ტარდება გაკვეთილები, ან რატომ არ დადიან მოსწავლეები სკოლაში? რატომ არ სწავლობს სამინისტრო ამ საკითხს? მე-12 კლასამდე ენდობიან მასწავლებელს და მერე არა? ახლა მაჩვენეთ მე თქვენ ისეთი რეპეტიტორი, უვიც მოსწავლეს ერთ წელიწადში სამი წლის პროგრამას „ჩაუტენის“ თავში ისეთ დონეზე, რომ ბრძენად აქცევს? შეძლებს კი მოსწავლე ერთ წელიწადში სასურველი ქულის მიღებას, თუ საფუძველი არ აქვს წინა კლასებიდან? ამიტომ, სანამ რეფორმებს უკუღმა დაიწყებდეთ, მანამდე მასწავლებელს ღირსება დაუბრუნეთ, ბავშვები კი – სკოლას, წლების შემცირება არ შველის საქმეს, თუ არ ასწავლეს, პასუხი მოსთხოვეთ სკოლას, მასწავლებელს. რაც შეეხება მასწავლებლების რეპეტიტორობას, არავის უხარია ზედმეტი გარჯა. იმ ხელფასით, რომელიც მასწავლებლებმა ასე წვალებით მოიპოვეს, მასწავლებელი კი არ ცხოვრობს, არსებობს და გადარჩენისთვის იბრძვის. ზოგი ორ სკოლაშიც იმ მიზნით მუშაობს, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს. ამიტომ არ სურს მამაკაცთა უმრავლესობას მასწავლებლობა. მიეცით დამსახურებული ხელფასი და სკოლის შემდეგ თუ საჭიროება მოითხოვს, დამატებით გაკვეთილებსაც სიამოვნებით ჩაუტარებენ. რეპეტიტორობით გამდიდრებულ მასწავლებლებს იცნობთ?
განათლების მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ ბრძანა: „ჩვენი პოლიტიკა არის, რომ თუ მასწავლებელს აქვს დრო, რესურსი, რომელიც მის ძირითად საქმიანობას ხელს არ უშლის, სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამასთან ერთად, უნდა, რომ მსგავს ტრენინგცენტრში დამატებით საქმიანობას ეწეოდეს, შესაბამისმა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ნებართვა მათ სასარგებლოდ ავტომატურ რეჟიმში უნდა გასცეს. ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ დაექვემდებარება“. საკვირველია, თუ სრულფასოვნად ასრულებს მოვალეობას, ხელმძღვანელის ნებართვა რა საჭიროა, თუნდაც სასარგებლო?
თავდაპირველად, სკოლა უნდა გაგვეხადა ისეთ ადგილად, სადაც ბავშვსა და მასწავლებელს მიუხარიათ. რა მნიშვნელობა აქვს მე-12 კლასის შემცირებას და 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას? სხვა კლასის მოსწავლეებს რას სთავაზობთ? ამდენი ტრენინგით ზომბირებული, მაკულატურაშემგროვებელი მასწავლებელი რომ გამოძერწეთ, იმას რა ეშველება? ან არის ვინმე, ვინც თუნდაც ასაკოვან მასწავლებელს ჩაანაცვლებს? წლების განმავლობაში, აბულინგეს და წაღმა-უკუღმა ათრიეს მასწავლებლის სახელი და ღირსება, საცდელი ძაღლებივით ექსპერიმენტები ატარეს, უკვე ღარიბის სინონიმადაც მასწავლებელს ასახელებენ მოსწავლეები. მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, როგორი მოსწავლეები გამოძერწეთ? მხოლოდ უფლებები ასწავლეთ და მოვალეობები დაავიწყეთ. გამოუტენეთ გონება ცნობებით, ფიტულებივით ამოტენეთ წყეული ფაქტებით და მათაც ჰგონიათ, რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს, გადასარევად აზროვნებენ და წინ მიდიან. სინამდვილეში ადგილზე არიან გაყინულნი, თუმცა თვითონ ბედნიერად გრძნობენ თავს, რადგან ასეთი ცოდნა უცოდველია. სახელმძღვანელოები კიდევ ცალკე თემაა. ჩაამატეთ უფრო მეტი კარიკატურა წიგნებში, მეტი ნახატი და შედეგად რა მივიღეთ? სიტყვათა მარაგი – მწირი, სტილი – საკანცელარიო. თავს ვერ არიდებენ კლიშეებისა და ბანალური ფორმულირებების გამოყენებას, არ შეუძლიათ სინონიმების აქტიური გამოყენება, ანალოგიებისა თუ არგუმენტების მოყვანა. ლექსის ზეპირად სწავლება აკრძალეთ, საზეპირო მასალა კი გონების ვარჯიშისთვის აუცილებელია და აქტიური სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია. საზეპიროების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიტერატურული გემოვნების დახვეწაა. მოსწავლემ შედევრის გემო უნდა გაიგოს, ლიტერატურული გემოვნება უნდა ჩამოუყალიბდეს. მდარე და მაღალი ხარისხის პოეზიის ერთმანეთისგან გარჩევა შეეძლოს. თუ მას გაკვეთილზე მსჯელობა უნდა, ამისთვის მზად უნდა იყოს. საზეპიროების გარეშე მოსწავლე ამას ვერ მოახერხებს და საზეპიროც მაშინ არის ეფექტური, თუ ამ ტიპის დავალებებს ანალიზი და მსჯელობაც ახლავს თან. ეს ციტატები მას მთელი სიცოცხლე ემახსოვრება და გამოადგება კიდეც. როგორ უნდა გააანალიზონ „ლურჯა ცხენები“ ან „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ ტექსტის მოუხმობლად – შინაარსი უნდა გადმოსცენ? მაგალითად, გააშინაარსონ „ივლისისფერი ყინვის თასები“? საზეპიროს ვერ ვუწოდებ მხოლოდ დამთრგუნველს. ის საჭიროც არის გონებისთვის, თუმცა ზომიერად. მოსწავლეებში ყოველთვის იწვევს სტრესს ის, რასაც შეფასება მოსდევს, ამიტომ შეფასების სისტემაც მოსაგვარებელია. პროგრამა თავიდანაა სიფრთხილით გადასახედი, გადასახედია ჯგუფის მუშაობა, დავალებების შედგენის მეთოდოლოგია, ტესტის სტრუქტურა, ქულების გადანაწილება… თქვენ კი ამის სანაცვლოდ კომპლექსური დავალება წარმოგვიდგინეთ, როგორც მესამე თაობის ესგ-ის უდიდეს სიახლე. ამ ტექსტს რომ ჯონ დიუის (1859-1952) სიტყვები აქვს წამძღვარებული, ეს უკვე ცხადყოფს, აღნიშნული მიდგომა რომ 21-ე საუკუნის შენაძენი და დიდი სიახლე ნამდვილად არაა, ამის შემდეგ მოდის ბენჯამინ ბლუმი (1913-1999) და მისი ტაქსონომია, რომელიც უკვე ათწლეულებია, აქტიურად გამოიაყენება სასკოლო პრაქტიკაში და კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ე.წ. „მესამე თაობის გეგმის ბაჯაღლო დავალება“ ახალი ნაბიჯი ნამდვილად არ იყო ზოგადი განათლების სისტემაში… რომ გვთავაზობდნენ კომპლექსური დავალების ნიმუშს, ჩნდებოდა უამრავი კითხვა: როგორ შეასრულებს მოსწავლე მას, თუ არ ექნება სათანადო ცოდნა (გავიხსენოთ, ბლუმის ტაქსონომიის პირველი საფეხურია ცოდნა, შემდეგ მოჰყვება გაგება და მხოლოდ ამის შემდეგაა გამოყენება…). სად ჩანს რეფორმის არსი? რა არის სიახლე? აბსოლუტურად არაფერი, გარდა იმისა, რომ ყველაფერს დაემატა ბიუროკრატიული ასპექტები, მასწავლებლისთვის გაუგებარი და დამთრგუნველი ენით ნაწერი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ბევრი ფრაზა თავად მისი ავტორებისთვისაც არაა მთლად ნათელი. თავად გზამკვლევშიც უხვად მოიძებნება ორთოგრაფიულად გაუმართავი ფორმები, როცა სპეციალისტი გვთავაზობს ამ ტიპის რესურსს ენობრივი შეცდომებით და მიგვითითებს, ქართული ენა და ლიტერატურა ასე ასწავლეთო, ეს ნაკლად და უკადრისად მიმაჩნია, აქაც ბოდიში მომითხოვია… ე.ი. სანამ ასეთ შემოქმედებით პროდუქტს შემოგვთავაზებენ, როგორიც კომპლექსური დავალების გზამკვლევია, ჯობია, ცოდნა გამოიყენოთ და შეცდომებით არ იყოს სავსე, ნათლად დაგვანახონ, რა არის სიახლე, რა შეიძლება გაკეთდეს მარტივად, გზამკვლევის ფუნქცია მარტივის რთულად წარმოდგენა კი არაა, არამედ, პირიქით, რთულისა – მარტივად… კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: მოსწავლეთა გემოვნებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. ამ გზამკვლევში ეს საერთოდ არ ჩანს, გარდა ერთი ფრაზისა, რომ მასწავლებელს შეუძლია, საჭროებისამებრ შეცვალოს ეს ნიმუში. თუკი მხოლოდ სტანდარტულს გვთავაზობთ და ინდივიდუალურ შემთხვევებზე მორგებას ჩვენ გვთხოვთ, ჩიხში ხომ არ შედიხართ? გვასწავლით იმას, რაც სტანდარტულია და ყველამ იცის, ყველას შეუძლია, ამავე დროს, ისეთი მაღალი წარმოდგენის ხართ მასწავლებლებზე, რომ გჯერათ, ისინი თავად მოარგებენ ყველა მოსწავლის საჭიროებას ამა თუ იმ დავალებას… თუ ასეა, აცადეთ მუშაობა. და კიდევ, გასაგებია, რომ ადვილია ასეთი შაბლონური დოკუმენტის თარგმნა და ვითომ ადაპტირება, მაგრამ ამ გეგმის შემუშავების პარალელურად, იქნებ ვინმემ ჩახედოს, თარგმნოს, შეისწავლოს და შეადგინოს სახელმძღვანელოებს დართული ე.წ. მასწავლებლის წიგნები ისეთი ფორმით, როგორითაც ისინი მოწინავე ქვეყნებშია. მათ ფონზე ჩვენს რეალობაში არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნები სამარცხვინო და გამოუსადეგარია… გამოცდების ცენტრის ტესტი სულ სხვა ცოდნასა და გამოცდილებას ითხოვს აბიტურიენტებისგან, რომლებიც ვერ მიიღწევა ამ ტიპის გასართობი კომპლექსური დავალებებით. თუ თვალს გადავავლებთ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამას, დავასკვნით, რომ ეს პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სწავლა-სწავლების საფეხურების მიხედვით. როგორ, რა გზით მიაღწევს აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ შედეგებს, მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ფილოლოგი რევაზ სირაძე წერდა: „ნომენკლატურული გამოთქმაა „საზეპირო“, სწავლას შეაზარებს კაცს. მაგრამ როგორ გინდა? საზეპიროც აუცილებელია. ამხელა კაცი ვარ და მე ვერ ვიზეპირებ ხოლმე რაღაცას, მაგრამ „განთიადი“ რომ ქართველმა ზეპირად არ იცოდეს, შეიძლება?“ არ შეიძლება. შესაძლოა, ბავშვს „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სიტყვაც არ ესმოდეს, მაგრამ მაინც რაღაც ჯადოსნურ იმპულსს ეზიარება. როგორც განათლების მინისტრმა ახსნა, ცვლილება, გარკვეული ტექსტების ამოღება, საჭირო იყო აბიტურიენტთა საჭიროებებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, მოსწავლეები ე.წ. ამოღებულ ტექსტებს უკეთ იგებენ და ამ ტექსტებით უფროა შესაძლებელი მათი უნარებისა და უნივერსიტეტში სწავლისთვის საჭირო კომპეტენციების გამოვლენა, ვიდრე, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენით“. რით დაასაბუთებთ იმას, რომ მოსწავლე არ იღლება ამ უშველებელი რომანის შესწავლით და ილიას მოკრძალებული ლექსი „ბედნიერი ერი“ ღლის და თრგუნავს მაინცდამაინც? ანა კალანდაძეს ჩვენი სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ილიას, გალაკტიონის, პაოლოს ლექსების საპირწონე არის მისი ლექსი „ვაჟაო, დილის მზის სხივო“? უსუსური არგუმენტია „გადატვირთული სახელმძღვანელოები“. ცხადია, რომ საქმე აბიტურიენტის მდგომარეობის შემსუბუქებას არ ემსახურება. ცვლილების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ ამოიღეს მაინცდამაინც ეს ტექსტები? რაც შეეხება იმ თემას, რომ სასკოლო პროგრამიდან არავის ამოუღია, შემოიხედეთ საკლასო ოთახში, გაარკვიეთ, გამოიკითხეთ, ბავშვები სად უფრო სწავლობენ, სკოლაში თუ რეპეტიტორთან. რაც შეეხება ე.წ. არასავალდებულო ტექსტებს, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა ბრძანა, რეპეტიტორთან არ გაივლიან, არ ისწავლიან. მარტო სკოლას მინდობილი კი არ ისწავლის ისე მონდომებით, როგორც საჭიროა, თუნდაც გადატვირთული კლასების გამო. მაშინ სხვა კითხვაც ჩნდება: რას, რა შედეგს ველით ამ ცვლილებით? ეროვნული სასწავლო გეგმა, ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი და სხვანი ამგვარნი მოსწავლის ემოციური კომფორტის, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას მასწავლებლებისგან მოითხოვენ. ეს მიმართულება წამყვანია დღეს პედაგოგიკასა და აღზრდის ფსიქოლოგიაში. როგორ გავიგეთ ეს პრიორიტეტი და ვალდებულება? როგორც ჩანს, ბარათაშვილის ემოციური ლირიკის, ილიას „განდეგილის“, ყაზბეგის სწორედ იმ მოთხრობის „არასავალდებულოთა“ წიაღში გადატყორცნით, მოზარდებს ძალიან რომ აფიქრებთ, მოსწონთ და ემოციურად აღელვებთ… ემოციური კომფორტი ჩვენ გავიგეთ, როგორც თინეიჯერების ხორხოცი და არა განსჯა ემოციებზე. ქართული ლიტერატურის შედევრების სწავლება სავალდებულოა არა მხოლოდ პატრიოტული (რატომღაც, მომეტებულ-გადაჭარბებულად და „არასავალდებულოდ“ მიაჩნიათ), არამედ სადღეისოდ ულტრააქტუალური (და კანონმდებლობით სავალდებულო!) ეფექტური კომუნიკაციის, სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელია, მასში წარმოჩენილი პრობლემები, სიმულაციური თუ რეალობიდან ნასესხები სიუჟეტები, პერსონაჟები ახალგაზრდებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს, წუთისოფლის გზის გასავლელად ამზადებს, სარკეში ახედებს და ათას რამეზე დააფიქრებს… ამიტომ, რაც მეტს წაიკითხავენ, რაც მეტს ისწავლიან, მით უკეთესი ადამიანები გაიზრდებიან, სულიერად და გონებრივად მდიდარი.
ყველა ახალმოსულმა მინისტრმა თავისი რეფორმა მოიტანა, ზოგმა ხელფასი დაგვაკლო, ზოგმა სასწავლო თემატიკა გაამარტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექსტები ამოიღო, ზოგმა ახალი სკოლის მოდელი შექმნა, ატარეს რეგიონიდან მასწავლებლები წინ და უკან, მათ დაბინავებაში, კვებაში, გადამზადებაში უამრავი თანხა დახარჯეს, არავის უკითხავს, ახალი სკოლის მოდელმა რა შედეგი გამოიღო, მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე არ ვარგებულა და მერე ერთი ხელის მოსმით ეს მოდელი გააუქმეს… ბევრი შეკითხვაა პასუხგაუცემელი, „წაჯე-უკუჯექის“ ცეცხლი გვაქვს შენთებული“. ან მენტორების სტატუსი რატომ მოგვანიჭეთ, შემდეგ რატომ ჩამოგვალაბორანტეთ? ვის აქვს ამის პასუხი?
ამიტომ, სანამ უკუღმა დაიწყებთ რეფორმებს, შედეგი კვლავ ნული იქნება. მასწავლებელს ღირსება დაუბრუნეთ, აცალეთ მუშაობა და მოსწავლეს მოვალეობები შეახსენეთ! იყო დრო, ყველა ომს იგებდა მასწავლებელი, მაგრამ დამცრობილ, დაკნინებულ მასწავლებელს არავინ სცემს პატივს და იქ სწავლა-განათლებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
დაბოლოს, კარგი იქნება, თუ ყველა ერთად გავუსწორებთ თვალს განათლების სისტემაში არსებულ უამრავ პრობლემას, მოვეშვებით არაკოორდინირებულ, ერთმანეთს აცდენილ „სიახლეთა“ შეთავაზებას და მოსწავლეებს აღარ დავღუპავთ ერთმანეთის ჯიბრით. გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული მომავალი თაობის წინაშე შეცდომების დაშვებაა… რაც საჭიროა, იმას მივხედოთ და შედეგიც არ დააყოვნებს.









