რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ნინო ბურდილაძე,
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი
— ნინო, საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. სწავლობდი 161-ე საჯარო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრე. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— დღემდე ძალიან კარგად ვიხსენებ სკოლას. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი დაემთხვა ჩემს მოსწავლეობას (90-იანი წლები, კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია) მაინც ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს სკოლასთან. ჩვენმა მასწავლებლებმა და, ზოგადად, განათლების სისტემამ, მოახერხეს, რომ ზოგად განათლებას სრული კოლაფსი არ განეცადა. კარგად ჩამოყალიბებულმა სისტემამ მაინც შეძლო, სრულად არ დაშლილიყო. ცხადია, იყო ისეთი შემთხვევები, როცა გაკვეთილები არ ტარდებოდა, ზამთარში ისევე თბილად ჩაცმულები ვისხედით საკლასო ოთახში, როგორც ქუჩაში დავდიოდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი მასწავლებლების გმირობასთან გათანაბრებული საქციელი, როცა გაყინულ შენობაში გვიტარებდნენ გაკვეთილებს. სკოლამ ძალიან კარგი საშუალო განათლება მომცა. სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით გახდა შესაძლებელი შემდგომ უმაღლესი განათლების მიღება. საზღვარგარეთ ყოფნამ კიდევ უფრო ცხადად მიჩვენა, რომ ჩემი საშუალო სკოლის განათლების დონით, არა თუ არ ჩამოვუვარდებოდი უცხოელ თანატოლებს, არამედ, ბევრ შემთხვევაში, მათზე უპირატესობაც კი მქონდა. ჩემი პროფესიული არჩევანი არ ყოფილა სკოლაში მიღებული განათლებით განპირობებული. პირიქით — სკოლაში ფიზიკა-მათემატიკური განხრა შევარჩიე, უნივერსიტეტში კი, უფრო ჰუმანიტარული მიმართულებით განვაგრძე სწავლა. ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო, რადგან არ მინდოდა მხოლოდ ცალმხრივი განათლება მქონოდა. მინდოდა, ყველა სფეროზე გარკვეული წარმოდგენა შემქმნოდა.
— სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრძელებ და როგორც წარჩინებულ სტუდენტს, ერთი წლით, სასწავლებლად გერმანიის ლიუნებურგის უნივერსიტეტში გგზავნიან. მიამბე ამ პერიოდის შესახებ.
— ესეც ჩემი ცხოვრების ძალიან ამაღელვებელი პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირში და შემდეგ ეკონომიკურად შეჭირვებულ პირობებში გამოვლილ მოზარდს მიუწვდომელ და შორეულ ოცნებად მესახებოდა გერმანიაც და საერთოდ, ევროპა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სამ ქართველ სტუდენტთან ერთად, ქალაქ ლიუნებურგის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. ეს იყო ახალ გარემოსთან ჩემი პირველი შეხვედრა, უამრავი რამ უცხო და ახალი… მოგეხსენებათ, გერმანიაში მაშინ სასკოლო განათლება 13 წელს გრძელდებოდა. ამიტომ ყველა გერმანელი სტუდენტი, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა, სამი-ოთხი წლით უფროსი მაინც იყო ჩემზე. გაცილებით დამოუკიდებლები და უკვე ჩამოყალიბებული, ზუსტად ჰქონდათ გაწერილი კარიერული მომავალი.
გერმანიაში ჩამოსვლა „აღთქმულ მიწაზე“ მოხვედრას და ნეტარებას არ ნიშნავდა. საწყისი პერიოდი დაკავშირებული იყო დაძაბულობასთან, გაურკვევლობასთან, სიახლესთან, ენობრივ სირთულეებთან. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენა უკვე კარგად ვიცოდი, მაინც სულ სხვაა ამ ენის მატარებლებთან ურთიერთობა. უნდა მესწავლა ტერმინოლოგია, ყურადღებით მესმინა ლექციებისთვის. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ამ პერიოდს: მშვენივრად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სტუდენტებისთვის შექმნილი საუკეთესო პირობები, დაწესებული შეღავათები, საუკეთესო ბიბლიოთეკა, შესანიშნავად აღჭურვილი ლაბორატორიები თუ სამუშაო ოთახები. მაშინ გავიაზრე, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გერმანიის მთავრობა განათლებას და ახალგაზრდების განვითარებას. ეს დღესაც ასეა. ძალიან დიდი ინსვესტიცია იდება განათლების სისტემის განვითარებაში, კვლევითი პროექტების დაფინანსებაში, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობასა და მოკლე ან გრძელვადიანი სტიპენდიების გაცემაში. ეს ძალიან გონივრული, მომავალზე ორიენტირებული მიდგომაა, რადგან მხოლოდ საფუძვლიან და ამომწურავ განათლებაზე დამყარებული სისტემა იქნება სიცოცხლისუნარიანი და ასეთ ახალგაზრდებზე დაყრდნობით ექნება სახელმწიფოს განვითარების შანსი.
— საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად, ისევ უცხოეთში მიემგზავრები, კერძოდ, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის და საფრანგეთის ქალაქ ჰავრის უნივერსიტეტებში. საინტერესოა რამდენად ადვილად ახერხებ ახალ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, გარემოსთნ შეგუებას?
— ლიუნებურგში ერთწლიანი სწავლებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში, სადაც დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტი. ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ ისევ გერმანიისკენ ვიბრუნე პირი. ამჯერად ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის ფარგლებში ორწლიანი მაგისტრატურის კურსზე ვსწავლობდი, რაც ითვალისწინებდა ერთი წელი გერმანიის ქალაქ ჰანოვერის უნივერსიტეტში სწავლას და ერთ სემესტრს, საფრანგეთის ქალაქ ჰავრის უნივერსიტეტში სალექციო კურსის მოსმენას.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში უკვე ნამყოფი ვიყავი და ჩემთვის ეს გარემო უცხო აღარ იყო, ახალ შთაბეჭდილებებს და ახალი კულტურის გაცნობას მაინც ვერ ავცდი. აბსოლუტურად სხვა გამოცდილება იყო საფრანგეთში გატარებული პერიოდი. ფრანგებს ცხოვრების განცდის რადიკალურად სხვა წარმოდგენა აქვთ, ვიდრე გერმანელებს. ცხადია, ქვეცნობიერად ვიცით, რომ ყველა ერი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ როდესაც უშუალოდ ამ გარემოში მოვხვდებით, მაშინ ვიაზრებთ ამ განსხვავებებს მთელი სიგრძე-სიგანით. თუკი გერმანელები ძალიან რაციონალური, საღი გონების, ფხიზელი და ზომიერი ხალხია, ფრანგები მიდრეკილები არიან, მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან. მათგან განსხვავებით გერმანიაში ratio ბატონობს.
განსხვავება შეიმჩნევა არა მხოლოდ ცხოვრების წესსა და მიდგომებში, არამედ სასწავლო სისტემაშიც. გერმანიაში მთელი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სტუდენტს მეტი ინიციატივა და დამოუკიდებლობა მოეთხოვება, მთელი პროცესი მეტად ანონიმურია. ლექტორი სტუდენტებს არ იცნობს. საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებელი კი მეტად მომაგონებდა სასკოლო სისტემას. აქ კურსზე სტუდენტთა უფრო მცირე ჯგუფები იყო და პროფესორებსა და სტუდენტებს შორის უფრო უშუალო დამოკიდებულება სუფევდა. ეს სწავლების ხარისხზე არაფერს ამბობს. მხოლოდ მიდგომა იყო განსხვავებული.
— ამჟამად სწავლობ კიოლნის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის სფეროში სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობ სადისერტაციო ნაშრომზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება.
— დიახ, სადისერტაციო თემად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები შევარჩიე. ეს საკითხი ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ძალიან მტკივნეულია. საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები, რომლებიც 90-იან წლებში დაიწყო, ფაქტობრივად, ჩემი თაობის წარმომადგენელთა ცხოვრების თანმდევია. ამ თემის შერჩევის მოტივაცია ის იყო, რომ არ მინდოდა მხოლოდ ერთ, განყენებულ სამართლებრივ საკითხზე მემუშავა, რომელსაც, ალბათ, მარტო სამეცნიერო მნიშვნელობა ექნებოდა. სურვილი მქონდა, ისეთი თემა დამემუშავებინა, რომელიც საშუალებას მომცემდა საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხი საფუძვლიანად გამომეკვლია და პრობლების გადაწყვეტის სავარაუდო გზაც შემეთავაზებინა. ერთი მხრივ, კარგია, რომ პრაქტიკასთან დაკავშირებული თემაა, მეორე მხრივ, ეს საქმეს ართულებს, რადგან ხშირად სუბიექტურობაც იჩენს ხოლმე თავს. ადამიანური გულისწყვეტა იმის გამო, რომ უკვე ათწლეულებია ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება, ხელისშემშლელი შეიძლება იყოს. თუმცა, კარგად ვაცნობიერებ, მეცნიერული საქმიანობის დროს, ემოციური ჩართულობა სასურველი არაა.
ბევრ საკითხთან ერთად, რაც სადისერტაციო ნაშრომში იქნება განხილული, განსაკუთრებით საინტერესოა პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა მჭიდრო ურთიერთკავშირის წარმოჩენა. ასევე პრობლემატურია ლტოლვილთა სტატუსის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი.
— ნინო, შენ ხარ კიოლნის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისის“ თავმჯდომარე, რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი?
— 2013 წელს, კიოლნის უნივერსიტეტის ბაზაზე, დავაფუძნეთ ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისი“. მანამდე არსებობდა რეგიონული ხასიათის მქონე მსგავსი გაერთიანებები, მაგალითად, ჩრდილოამერიკული, ლათინური ამერიკის, არაბული, აფრიკული და სხვ. ამიტომ, განსაკუთრებით გვიხაროდა, რომ ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, გაერთიანების შექმნა შევძელით. ფარულ კენჭისყრაზე გაერთიანების თავმჯდომარედ ამირჩიეს. იმ დროისთვის კიოლნის უნივერსიტეტში ასამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა, რაც იმედს გვაძლევდა, რომ ჯგუფის საქმიანობა წარმატებით წარიმართებოდა. იმედი არც გაგვცრუებია. ამ ორი წლის მანძილზე ბევრი საინტერესო ღონისძიების მოწყობა შევძელით.
რაც შეეხება ორგანიზაციის სახელს, შეგნებულად გვინდოდა რამე ქართული სახელი შეგვერჩია. დიდი ბჭობის შემდეგ „აისზე“ შევჩერდით, რადგან დადებითი კონოტაციის სიტყვაა, ახალ დღესთან, დასაწყისთან, სითბოსა და სიცოცხლის წყაროსთან, მზესთან ასოცირდება და თანაც, უცხოელებისთვის ადვილი გამოსათქმელია. ჩვენი ორგანიზაცია, პირველ რიგში, მიზნად ისახავს იმ ქართველი სტუდენტების დახმარებას, რომლებიც კიოლნში სწავლობენ. ახალ გარემოსთან შეგუება, განსაკუთრებით საწყის ფაზაში, რთულია, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაში გარკვევა, ადმინისტრაციული სირთულეების დაძლევა. რამდენჯერმე საქართველოდანაც მოგვმართეს გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, დავაკვალიანეთ; ასევე გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთ გერმანელ სტუდენტს საქართველოში უნდოდა პრაქტიკის გავლა. სასარგებლო კონტაქტების წყალობით შევძელით კავშირის დამყარება საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან და შუამავლის როლი ვითამაშეთ გერმანელ სტუდენტსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის, ასევე შემოგვეხმიანენ ქართული ენის სწავლის მსურველები. დიდი სიამოვნებით შევითავსეთ ეს დავალებაც. გარდა ამისა, პირადად მიზნად დავისახე საქართველოს და ქართული კულტურის წარმოჩენა გერმანიაში, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი თვითმყოფადი კულტურა აუცილებელია, გავაცნოთ მსოფლიოს. ამ მიზნით, რამდენჯერმე მოვაწყვეთ ქართული კულტურის საღამო, წავიკითხეთ მოხსენებები საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ არჩევანზე, თან ისე, რომ მოვახდინეთ საქართველოს საბჭოთა წარსულის და ევროპული მომავლის შეპირისპირება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართული ხალხური მუსიკის საღამო, რომელიც „აისის“ ფარგლებში გავმართეთ. დიუსელდორფში, წმ. ანთიმოზ ივერიელის ეკლესიასთან, არსებობს ვაჟ მგალობელთა გუნდი, რომელსაც კიოლნის უნივერსიტეტის მუსიკის სასწავლებლის მაგისტრანტი ბექა ფერაძე ხელმღვანელობს. ბექამ და მისმა ბიჭებმა თანხმობა განაცხადეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა, რომელსაც მხოლოდ ქართველები კი არა, მრავალფეროვანი უცხოელი საზოგადოებაც დაესწრო. ძალიან გვიხაროდა, რომ კიოლნის უნივერსიტეტის დარბაზშიც დავაგუგუნეთ ქართული „მრავალჟამიერი“ და შეკრებილ საზოგადოებას ქართული ფოლკლორი მოვასმენინეთ. ნოემბერშიც ვგეგმავთ კიდევ ერთ მუსიკალურ საღამოს, ამჯერად სხვა გაერთიანებებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ამ მრავალეროვან მოზაიკაში ქართული გალობა საპატიო ადგილს დაიკავებს და ევროპელი მსმენელის დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ამას გარდა, ვცდილობთ, გერმანულ კულტურასაც ვაზიაროთ ქართველი სტუდენტები და სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებს ვაწყობთ, ექსკურსიებს და სხვ. კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება ძალიან გვიდგას მხარში და გვეხმარება. უსასყიდლოდ გვთავაზობს თავის მატერიალურ ბაზას. ჩვენც დიდი სიამოვნებით ვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მეტ ადამიანს გავაცნოთ უკეთესი მხრიდან.
— რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები და ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს თუ არა სტიპენდია სტუდენტის მოთხოვნებს?
— სტიპენდიების გამოყოფის კრიტერიუმები ჩემთვის დღემდე დიდ გამოცანად რჩება. მით უმეტეს, რომ ყველა ფონდს საკუთარი მოთხოვნები და პირობები აქვს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, აკადემიური მოსწრება და ენის ცოდნა დიდ როლს თამაშობს, თუმცა, ე. წ. სოციალური კომპეტენციები გადამწყვეტია. ეს გულისხმობს, რამდენად კარგად შეუძლია კანდიდატს თავისი თავის წარდგენა, რას მოიცავს მისი ინტერესები, რა შთაბეჭდილებას ახდენს გასაუბრების დროს. სტიპენდიის გაცემის გადაწყვეტილება ძალიან სუბიექტურია. მართალია, ხდება კონკრეტული ობიექტური ფაქტორების გათვალისწინება, მაგრამ შემფასებლის სუბიექტური აღქმაც გადამწყვეტ როლს თამაშობს სტიპენდიის გაცემაზე.
უცხოელი სტუდენტები არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. წერითი გამოცდის დროს სტუდენტის სახელიც კი არ ეწერება საგამოცდო ნაშრომს, მხოლოდ — სტუდბილეთის ნომერი. ამგვარად ანონიმურობა გარანტირებულია. ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის მიზანია, საუკეთესო კურსდამთავრებულები გამოუშვას. ამიტომ, არავინ არ იღებს შეღავათს. უცხოელებმაც ისევე უნდა გავართვათ თავი ჩვენ წინაშე არსებულ სირთულეებს, როგორც ადგილობრივმა სტუდენტებმა. ამიტომაც ორმაგად რთულია ჩვენთვის წარმატების მიღწევა და შესაფერისი ადგილის დამკვიდრება. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურეო. სტიპენდიის საქმეც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდიის უმეტესი ნაწილი ბინის ქირაზე მიდის, მაინც რჩება იმ რაოდენობის თანხა, რაც სავსებით საკმარისია სტუდენტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თუმცა, ფონდებს გააჩნია. ზოგიერთი მართლაც გულუხვი დონორია. ასე რომ, სტუდენტებს, რომლებიც სტიპენდიას იღებენ, საჩივლელად არ აქვთ საქმე.
— როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით. რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ, რა მსგავსება და განსხვავებაა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის?
— გამომდინარე იქიდან, რომ განვითარებული სახელმწიფოების ბიუჯეტის დიდი ნაწილი განათლებაზე იხარჯება, უცხოური სასწავლებლების ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთესადაა მოწყობილი. აქვთ წიგნებით სავსე ბრწყინვალე ბიბლიოთეკები, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები. განათლება უფრო მეტადაა პრაქტიკაზე ორიენტირებული. პროფესორ-მასწავლებლების უმეტესობას ეტყობა, რომ აკადემიური საქმიანობა მათი მოწოდებაა და მეცნიერებაში ჰპოვებენ საკუთარი თავის რეალიზებას. მერწმუნეთ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ლექტორი მთელი არსებით გიყვებათ ამა თუ იმ საკითხის შესახებ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ დგას სალექციო პულტთან.
— ნინო, დამეთანხმები ალბათ, რომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად შესაძლოა ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?
— გეთანხმებით, ყველა მიილტვის საზღვარგარეთ. თუმცა, მე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ საზღვარგარეთ სწავლა „პოპულარული“ ხდება. უცხოეთში სწავლას იმიტომ კი არ უნდა მივყოთ ხელი, რომ პოპულარულია და ჩვენს რეზიუმეს (ე. წ. CV-ს) ალამაზებს, არამედ იმიტომ, რომ მართლა გვინდა განათლება მივიღოთ. სამწუხაროდ, ხშირად შემხვედრია ქართველი სტუდენტები, რომლებიც ოპტიმალურად არ იყენებენ მიღებულ შანსებს, აქვთ მხოლოდ სტუდენტის სტატუსი და რეალურად არ იღრმავებენ ცოდნას. ანდა სწავლობენ ისეთ სპეციალობაზე, რომელიც საქართველოში არაა აქტუალური. მაგალითად, ქართველი, რომელიც გერმანიაში ეგვიპტოლოგიას სწავლობს (რაოდენ საინტერესოც არ უნდ იყოს ეს სფერო), არ უნდა მოელოდეს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისი დასაქმების შანსები გაიზრდება. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები — რომელ სფეროშია აუცილებელი სპეციალისტების მომზადება.
— როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას, როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
— აუცილებლად — საქართველოში. რაოდენ კარგადაც უნდა გრძნობდე თავს საზღვარგარეთ, სამშობლო მაინც სულ სხვაა. მიუხედავად შესანიშნავი ინტეგრაციისა გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი გერმანელი და უცხოელი მეგობრები მყავს, ძალიან მეგობრულად მიმიღო ყველამ და არანაირი უარყოფითი გამოცდილება აქ ყოფნისას არ მიმიღია, პირიქით, ყველა მხარში მედგა ყოველთვის, მაინც მგონია, რომ ჩემს ქვეყანაში ყველაზე კარგად ვიგრძნობ თავს. სამშობლოში მუშაობისას ის შეგრძნება აუცილებლად მექნება, რომ რასაც ვაკეთებ, ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ და პატარა წვლილი შემაქვს მის განვითარებაში. თუ ყველანი ვეცდებით, რომ ჩვენი ცოდნა და შრომა ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ, მეტ მადლიერებას მივიღებთ მომავალი თაობებისგან, ვიდრე საზღვარგარეთ რიგით ჯარისკაცებად სამსახურით.
— როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ, თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ევროპაში გატარებულმა პერიოდმა მოგცა?
— საზღვარგარეთ გატარებულმა დრომ სამშობლოსადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს ბევრი ისეთი რამ აქვს, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ: თავისთავადი კულტურა, გამორჩეული ენა, უნიკალური დამწერლობა, მრავალხმიანი სიმღერა, მსოფლიო მნიშვნელობის ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები, სხვა და სხვა. თუმცა, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულში და წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. უნდა გავიაზროთ წარსული, სწორად აღვიქვათ აწმყო და მიღებული გამოცდილებით განვსაზღვროთ და ვიპოვოთ ჩვენი ადგილი მომავალში. რასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი საქართველოში, არის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. მხოლოდ საღი ანალიზის შედეგად შეიძლება განისაზღვროს, რა არის კარგი და შესანარჩუნებელი და რა არის გადაგვარებული, ატავიზმი, რამ დაკარგა თავისი სახე და უნდა შეიცვალოს. არც ის მიდგომა მიმაჩნია სწორად, თითქოს იმიტომ უნდა შევიცვალოთ, რომ ვიღაცამ მიგვიღოს ან ვიღაცას მოვეწონოთ. როგორც ერი გააზრებულად უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ესა თუ ის ჩვეულება, ტრადიცია და ჩვევა აღარაა მისაღები, აბსოლუტურად შეუთავსებელია თანამედროვე ცხოვრებასთან. უნდა ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სხვას განსხვავებული მოსაზრება აქვს, არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი მტერია. ქართველების ნათქვამი არაა, მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო? როცა შევძლებთ განსხვავებული აზრის დაფასებას, კონსტრუქციული კრიტიკის მოსმენას, შენიშვნების მიღებას და გაანალიზებას, მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარება. ღრმად უნდა გვჯეროდეს, რომ მხოლოდ მუყაითობით, გამრჯეობით, დაუზარლობითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. ეს თვისებები კი პასუხისმგებლობას უკავშირდება. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე კარგად კეთდება, ეს კი განვითარების საწინდარია.
ქართულ საზოგადოებაში, დიდი სიამოვნებით დავინახავდი შემდეგ თვისებებს: პასუხისმგებლობა, გახსნილობა, რაციონალური აზროვნება შეზავებული ემოციურ ემპათიასთან.
ესაუბრა მაკა ყიფიანი