ინტერვიუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან.
– წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები განსხვავებულ, უჩვეულო ფორმატში ჩატარდა. საგამოცდო პროცესმა ბევრი ცვლილება განიცადა, რა აღმოჩნდა ყველაზე რთული ახალ ფორმატზე გადასვლისას?
– წელს, როგორც იცით, აბიტურიენტების უმრავლესობა, ოთხის ნაცვლად, სამ გამოცდას აბარებდა და, ამის გარდა, პანდემიის გამო, შეცვლილი რეგულაციებით უნდა მოგვეხდინა საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება. ეს სიახლე, მართლაც რომ, სასიკეთო აღმოჩნდა იქედან გამომდინარე, რომ აბიტურიენტებს, ოთხის ნაცვლად, სამჯერ უწევდათ გამოცდაზე მოსვლა, სახელოვნებო და სასპორტო მიმართულების აბიტურიენტებს კი — მხოლოდ ორჯერ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, წინა წელს მოიხსნა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, რამაც, გარკვეულწილად, შეამსუბუქა პანდემიით განპირობებული გამოწვევები, ვინაიდან ორთვიან პერიოდში 8 გამოცდის ადმინისტრირება და შემდგომ 4 დამატებითი გამოცდის უსაფრთხოდ ჩატარება, მართლაც რომ, მნიშვნელოვანი პრობლემა იქნებოდა. სიახლე იყო ასევე ისიც, რომ ტექნიკურ მიმართულებებზე მათემატიკის ჩაბარება გახდა სავალდებულო, შესაბამისად, მსგავს მიმართულებებზე აბიტურიენტების შერჩევა უფრო მეტად მოერგო ტექნიკური პროგრამების მოთხოვნებს. სამედიცინო მიმართულებით ბიოლოგია გახდა სავალდებულო საგანი, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების მოთხოვნით მოხდა და იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით უკეთ შეირჩა აბიტურიენტები ჯანდაცვის პროგრამებზე. ზოგადი უნარების არასავალდებულო ნუსხაში გადატანამ გზა გაუხსნა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, რომელთა ნაწილი ვერ აგრძელებდა სწავლას სწორედ ზოგად უნარებში დაბალი მოსწრების გამო, იმის მიუხედავად, რომ მაქსიმალურ ქულებს იღებდა შემოქმედებით ტურში.
რაც შეეხება გამოცდის ადმინისტრირებას, მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა პანდემიის პირობებში ყველაზე მასშტაბური თავყრილობა ისე დაგვეგეგმა, რომ გამოცდები ვირუსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი არ გამხდარიყო. აქტიურად და საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. შეიქმნა შტაბი, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს (მაგალითად: დაცვის პოლიცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგოპრო ჯორჯია, ინტერნეტპროვაიდერები, სახანძრო სამსახური და ა.შ.) და იყო მსჯელობა ყველა მიმართულებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯანდაცვის უწყებებთან თანამშრომლობა გახლდათ. ბევრი განსხვავებული ვერსია არსებობდა, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო გამოცდები და საბოლოო ვერსია მაინც ეპიდემოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე განისაზღვრა.
გამოცდების ადმინისტრირებისას მთელი რიგი განსხვავებული ზომების მიღება გახდა საჭირო, კერძოდ, დისტანციის დაცვა რეგისტრაციისას და საგამოცდო სივრცეში, რამაც გაზარდა საგამოცდო სესიების რაოდენობა და საგამოცდო დღეების ხანგრძლივობა. მერხების წინ გამჭვირვალე ფარების დაყენებამ შესაძლებელი გახადა, უშუალოდ მუშაობის პროცესში, აბიტურიენტებისათვის პირბადის ჩამოწევის უფლების მიცემა. აუცილებელი გახდა თერმოსკრინინგი და სიცხიანი აბიტურიენტებისათვის ცალკე სივრცეების გამოყოფა. სხვადასხვა ტემპერატურის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროში ტრენინგგავლილი ექიმები იღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ სად განთავსებულიყო აბიტურიენტი. გარდა ამისა, გვყავდა ორი კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი და აბიტურიენტები კარანტინიდან, რაც ასევე განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვდა. საბედნიეროდ, ყველა მათგანმა მოახერხა გამოცდებში მონაწილეობის მიღება და შეიძლება ითქვას, რომ კოვიდინფექციის გამო აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს მიღმა არ დარჩენილა.
– რომელ საგანში იყო ყველაზე კარგი შედეგები და რომელ საგანში – ყველაზე ცუდი?
– ე.წ. „ჩაჭრის“ შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და გეოგრაფიაში გვქონდა, ასევე, ქიმიის მიმართულებითაც. შეიძლება ითქვას, რომ სავალდებულო საგნებში არ გვქონია „ჩაჭრის“ განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი. უმეტესობამ შეძლო ზღვრის გადალახვა ქართულში, ისტორიასა და უცხოურ ენებში.
– წელს 500 იმგვარი აბიტურიენტი დარჩა უმაღლესის მიღმა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ ჩაირიცხნენ. როგორც თქვენ განაცხადეთ, მეორადი ჩარიცხვები არ იგეგმება, თუმცა ეს აპლიკანტები გარკვეულ შეღავათებს მაინც ითხოვენ იმ რთული სასწავლო წლის გამო, რომელიც პანდემიამ განაპირობა. რას ეტყოდით მათ?
– სამწუხაროდ, წინა წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები. აბიტურიენტების ნაწილი არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას პროგრამების შერჩევას, ფიქრობენ, რომ მთავარია ბარიერი გადალახონ და ავტომატურად ჩაირიცხებიან. იმ პირობებში, როცა მათ აქვთ შესაძლებლობა, შეარჩიონ განუსაზღვრელი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა და როცა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ადგილების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე აბიტურიენტებისა, წარმოუდგენელია უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩე, თუ პროგრამების ჩამონათვალს გააზრებულად გააკეთებ. ამისათვის აბიტურიენტებს რამდენიმე თვე ჰქონდათ.
ზოგიერთი აბიტურიენტი განგებ ირჩევს ორ-სამ პროგრამას, რადგან მიაჩნია, რომ სხვაგან სწავლა არ უნდა. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მათ, რომ აირჩიონ მეტი პროგრამა და თუ სურვილი არ ექნებათ, ჩარიცხვის შემდეგ აღარ გააგრძელონ სწავლა. ამ ინფორმაციას ასევე ვავრცელებდით ღია კარის დღეებზეც. ეს შეხვედრები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ასევე ყოველდღიურად შეეძლოთ გამოეგზავნათ კითხვები ფეისბუკგვერდის საშუალებითაც, ჩვენ გავავრცელეთ რეკომენდაციებიც, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება პროგრამების არჩევისას, მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ, დავეხმაროთ აბიტურიენტებს, რომ სასურველი შედეგები მიიღონ. სამომავლოდ ვურჩევ, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან, დაესწრონ ღია კარის დღეებს და დავეხმარებით რჩევებითა და კონსულტაციებით.
– როგორ შეაფასებთ ეროვნულ გამოცდებს 2020? როგორც ცენტრის დირექტორი, კმაყოფილი ხართ თუ არა წლევანდელი გამოცდებით? სისტემამ გამართულად იმუშავა? რა ხარვეზები შენიშნეთ?
– ვფიქრობ, ეროვნულმა გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა, ალბათ უფრო უკეთესად, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშეც წელს აღმოვჩნდით. ეს ყველაფერი, ცხადია, შესაძლებელი გახდა არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის ფასად და თითოეული თანამშრომლის მაღალი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება იყო იმის გარანტი, რომ ჩვენ ამ პროცესის წარმატებით დასრულება შევძელით. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს.
ვფიქრობ, სისტემამ გამართულად იმუშავა, თუმცა ცხადია, შეუძლებელია ამ მასშტაბის პროცესი ისე წარიმართოს, რომ პრობლემები არ იყოს, გვქონდა უმნიშვნელო ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც შემდეგ წელს აუცილებლად ვიმუშავებთ.
– ახალი სასწავლო წლისათვის თუ იგეგმება ცვლილებები და თუ არსებობს უკვე ამ ცვლილებების გარკვეული მონახაზი, ძირითადი მიმართულებები?
– ვინაიდან კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული ზომების გამო გამოცდები დროში გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე, ზაფხულის საგამოცდო ციკლი ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა პროფესიული ტესტირება და ახლა მუშავდება შედეგები. მიმდინარეობს მაგისტრობის მსურველთა სააპელაციო პროცესი, ასევე ცენტრი მუშაობს საგრანტო კონკურსის მონაწილეების რანჟირების დოკუმენტზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საკმაოდ ბევრი მიმდინარე სამუშაოა დასასრულებელი და რაიმე ძირეული ცვლილებების შესახებ საუბარი არ არის. თუმცა, ცხადია, წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველ წელსაა შესაძლებელი მცირე კორექტივები შევიდეს სისტემაში — იმედია, გვექნება ამის შესაძლებლობა.
– როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები?
– ამ ეტაპზე, ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ, არის ელექტრონული სასკოლო შეფასებები, თუმცა ცოტა შევფერხდით იმის გამო, რომ პანდემიიდან გამომდინარე, გადაიწია საპილოტე სამუშაოებმა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ადრიდანვე ჰქონდეთ ობიექტური წარმოდგენა მოსწავლეთა მოსწრებაზე, რაც მათ საშუალებას მისცემთ, იზრუნონ განვითარებაზე (სწორედ ამიტომ ჰქვია პროექტს „შეფასება განვითარებისთვის“). პროექტი მნიშვნელოვანია სრულად ელექტრონული ტესტირების დასანერგადაც, რასაც მომავალში სხვა მიმართულებითაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ვატარებთ საგანმანათლებლო კვლევებს — ამ ეტაპზე იმგვარი მექანიზმის შექმნა გვევალება, რომელიც, ამ შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიმღებთ იმის შესაძლებლობას შეუქმნის, რომ უკეთ დაგეგმონ საგანმანათლებლო პოლიტიკა. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება და პოლიტიკის დამგეგმავებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს. ერთ-ერთი სიახლე ასევე ისიც გახლავთ, რომ დაიგეგმა და შემოდგომაზე პირველად ჩატარდება სპეციალური მასწავლებლის ტესტირება.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი