21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ამ სემესტრში უნივერსიტეტში ვერ დავბრუნდებით

spot_img

 დავით ჯინჭარაძე, აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, ტვინისა და კოგნიტური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი

იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში, ვატარებდი გაცვლით სემესტრს. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ჩინკუე ტერედან ვბრუნდებოდი, მატარებელში გავიგე, რომ 2 დღეში, 3 შემთხვევიდან, ასზე მეტ შემთხვევამდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. როგორც კი ჩამოვედი ფლორენციაში, განსაკუთრებული არაფერი იგრძნობოდა – არ იყო პანიკა. მერე აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. მთავრობამ ლომბარდიის რეგიონის ნაწილი გადაკეტა. სიტუაცია რომ არ გაუარესებულიყო, უნივერსიტეტმა სასწრაფო ევაკუაციისკენ მოგვიწოდა. მოგვიწია იტალიის დატოვება და საქართველოში დაბრუნება. ამასობაში, ჯერ მთლიანი ლომბარდიის რეგიონი, მერე კი მთელი იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. მე უკვე საქართველოში, თვითიზოლაციაში ვიყავი. ძალიან დიდი იყო სტრესი და გაურკვევლობა, ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რომ ამ სემესტრში უნივერსიტეტში ვერ დავბრუნდებით. მეტიც, ამბობენ, რომ თუ შემოდგომამდე არ გაუმჯობესდა სიტუაცია, ნიუ-იორკშიც ვეღარ დავბრუნდებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

გადამედო, ასევე, ყველა ინტერნატურა, სადაც პროფესიული პრაქტიკის გავლას ვაპირებდი – ისრაელში, გერმანიაში,  ნორვეგიაში – ყველამ გააუქმა პოზიციები.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, იტალიაში იტალიური ენის სრულყოფისთვის ჩავედი (უკვე ვსაუბრობდი ჩასვლამდე) და შესაბამისი დონის კლასს ვიღებდი, რამდენიმე სხვა კლასთან ერთად. ონლაინ სწავლებაზე ეფექტურად გადავედით, რადგან ამერიკულ უნივერსიტეტებში პროფესორები სწრაფად გადაამზადეს და „ზუმის“ მეშვეობით დაიწყეს გაკვეთილების ჩატარება.

თუმცა, მაშინაც კი, როცა სრულყოფილად ფლობს პროფესორი ან მასწავლებელი „ზუმს“, ეს, რა თქმა უნდა, არ არის იგივე, რაც ფიზიკურად სწავლა – განსაკუთრებით, როცა საქმე უცხო ენის შესწავლას ეხება. იტალიურს უფრო მეტად გაკვეთილის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში უფრო კარგად ვსწავლობდი, სახლის პირობებში კი შეზღუდულები ვართ. ჩემს თანაკურსელებსაც, რეალურად, არავის მოსწონს ონლაინ სწავლება – უბრალოდ, შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გამოსავალია. სემესტრს არ ვკარგავთ და ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები