ქეთევან ჩუბინიძე
ზესტაფონის რაიონის სოფ როდინაულის საჯარო სკოლის უფროსი სპეცპედაგოგი
თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანთა ცნობიერების ამაღლების მცდელობაა, ცნობიერებისა, რომელიც, სამყაროს მატერიალურ განვითარებასთან ერთად, მის სულიერ-ზნეობრივ წინსვლასაც გულისხმობს.
წარმოუდგენელია ტექნიკური პროგრესის გარეშე სამყაროს წინსვლა, მით უფრო წარმოუდგენელია ტექნიკური ე.წ. ფუფუნების გარემოში მორალურად, სულიერად განუვითარებელი ადამიანის ხილვა.
ისმის კითხვა – რა სახით უნდა შესთავაზოს კაცობრიობამ სამყაროს, სულიერ-მორალურ პლანში, თავისი პროგრესი? ვფიქრობ, ამ კუთხით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ინკლუზიური განათლების დანერგვა-ხელშეწყობა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განათლება არა მხოლოდ სსსმ პირთა ჩართულობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ კაცობრიობის ჰუმანიზაციისკენ გადადგმული საკმაოდ მტკიცე და ზუსტი ნაბიჯია. ეს არის საქმით განხორციელებული კეთილგონიერება თანამედროვე საზოგადოებისა, რომელიც არა მხოლოდ ლოზუნგებით ცდილობს ადამიანთა შორის თანასწორობისა და კეთილდღეობის დამყარებას, არამედ საქმითაც.
ინკლუზიური განათლება თავის თავში მოიცავს საზოგადოების ყურადღებისა და მზერის მიპყრობას ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მიმართ, რომელთა არსებობაც არათუ უნდა დავივიწყოთ, უგულებელვყოთ, არამედ გავითავისოთ, ხელი გავუწოდოთ და წარმოჩენის შესაძლებლობა მივცეთ, რადგან შეზღუდული შესაძლებლობები, უბრალოდ, არ არსებობს, რაც იმ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომელთაც საზოგადოების თანდგომით შეძლეს ეპოვათ საკუთარ თავში დამალული შესაძლებლობები.
სწორედ ეს გახლავთ პროგრესი კაცობრიობის სულიერ-მორალურ განვითარებაში, რომელიც საკუთარ საუკეთესო თვისებებს მხოლოდ თანადგომის სურვილითა და სხვათა დახმარების დაუოკებელი წყურვილით ამჟღავნებს.
ინკლუზიური განათლება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ-ერთი მედროშეა ამ გზაზე, თუმცა პირველობა, თავის თავში, უამრავ წინააღმდეგობას გულისხმობს და სიმამაცეს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა იმ საკითხს, რომ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მხრივ.
განათლების სფეროში ინკლუზიური განათლების დანერგვამ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, რაც სწორედ ამ მხრივ ცნობიერების დაბალ დონეზე ან, ხშირ შემთხვევაში, სრულ არარსებობაზე მეტყველებს. საზოგადოება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი ყალბი მსოფლმხედველობის არეალში ცხოვრობდა (ვგულისხმობ საბჭოთა ეპოქას), სტერეოტიპულ აზროვნებას მიეჩვია, რომელიც ადამიანს, „ინვალიდის სტატუსის“ გარდა, ვერაფრით ეხმარებოდა, რითაც სრულიად გამორიცხავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის რაიმე გზით ჩართვას. პიროვნების როლი და მნიშვნელობა, რაც თანამედროვე საზოგადოების ყოფიერების გრძელვადიანი მიზნის ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატია, მოითხოვს ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანის პოტენციურ ჩართულობას სახელმწიფოს დემოკრატიულ აღშენებაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, რას გულისხმობს თანასწორობისა და არადისკრიმინირებული თანაცხოვრების პრინციპები.
სკოლებში, სამწუხაროდ, გაჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები (როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები), რომლებიც პირდაპირ ილაშქრებდნენ ინკლუზიური განათლების დანერგვის წინააღმდეგ და აცხადებდნენ, რომ სსსმ და შშმ პირების ე.წ. „ჩვეულებრივ“ ბავშვთა გარემოში თანაარსებობა მიუღებელი იყო მათი „ჯანმრთელი“ შვილების დაცვის მიზნით, რადგან არ სურდათ მათ შვილებს გონებრივად ჩამორჩენილი, ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვები ენახათ და ურთიერთობა ჰქონოდათ. რაც შეეხება პედაგოგებს, მათი არგუმენტი ის იყო, რომ მათ სათანადო დრო არ რჩებოდათ კლასში სსსმ ბავშვებთან ურთიერთობისთვის და ა.შ.
ვფიქრობ, ამგვარი დამოკიდებულება სწორედ ცნობიერების დაბალ დონეზე მეტყველებს. საზოგადოების ამგვარი დაყოფა – კარგებად და ცუდებად, საჭიროებად და არასაჭიროებად, ყველაზე უფრო საშიშია მომავალი თაობის მორალური ჩამოყალიბებისთვის, რადგან ბავშვობიდანვე დალექილი მცდარი შეხედულებები შემდგომ აუცილებლად მოახდენს გავლენას მათ ცნობიერებაზე. ამიტომ საჭიროა არგუმენტირებული, საფუძვლიანი განმარტებების წარდგენა როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის. რაც შეეხება თავად ბავშვებს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი სიამოვნებით ერთვებიან სსსმ მოსწავლეებთან ერთად როგორც სწავლაში, ასევე თამაშში. მათ ბუნებრივად აქვთ განვითარებული ემპათიისა და თანაგრძნობის უნარი, რაც მოწიფულ ასაკში, სამწუხაროდ, გადაგვარდება ხოლმე ან სრულიად ქრება.
ცნობიერების ამღლების მიზნით, საჭიროდ მიმაჩნია, ამ კუთხით, მშობელთა კლუბებში სადისკუსიო თემების გაშლა, სათანადო ფილმების ჩვენება და განხილვა. ამგვარი შეხედულებების ადამიანებს უნდა განვუმარტოთ, რომ მათ შვილებს ცხოვრებაში ყველანაირ ადამიანთან მოუწევთ შეხვედრა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მუდმივად შვილების ურთიერთობებში ჩარევას. თუ მათ პატარაობიდანვე ექნებათ მსგავსი გამოცდილება, ამასთანავე, ემპათია სხვების მიმართ, ეს საუკეთესოდ აისახება მათ სულიერ-მორალურ განვითარებაზე, რაც, თავის მხრივ, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება.
რაც შეეხება პედაგოგებს, აუცილებელია, სკოლის ადმინიტრაციამ გაააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა, მოეწყოს შეხვედრები ფსიქოლოგებთან და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, რომლებიც განუმარტავენ პედაგოგებს, რომ არ არსებობს კლასი, სადაც ერთნაირი განვითარების აქტუალური ზონის მქონე მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომ პედაგოგს ყოველთვის სჭირდება სხვადასხვა მეთოდით მუშაობა განვითარების სხვადასხვა ზონის მქონე ბავშვებთან, რომელთა შორის ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოსწავლეებიც არიან. უბრალოდ, საჭიროა ინკლუზიური განათლების მეთოდებისა და ხერხების ცოდნა და ფლობა, რაც გულისხმობს ისგ-ს სწორად შედგენას, გამოყენებას, სწორი აქტივობების მორგებასა და განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულ სპეცპედაგოგთან საქმიან და ეფექტურ ურთიერთობას, რითაც ძალიან სწრაფად და მარტივად გადაწყდება „დილემად“ ქცეული საკითხები. ამასთან, პედაგოგს უნდა განემარტოს, რომ მოსწავლეთა მორალურ-ზნეობრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მათ საკუთარი თვალით იხილონ მასწავლებლის სიყვარული ნებისმიერი განვითარების ბავშვის მიმართ, რაც ყველაზე კარგი მაგალითია, რისი ჩვენებაც შეუძლია პედაგოგს მოსწავლეებისთვის. სოციალური განვითარების თეორიაც სწორედ ამას ამბობს – ბავშვი ყველაზე უკეთ მაგალითებით, მიბაძვით სწავლობს. ამასთან, ჩვენ ხომ მხოლოდ გონებრივი განათლებით შემოსაზღვრული ორგანიზაცია არ ვართ, რომელიც მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას უგულებელყოფს? ჩვენ გვსურს როგორც გონებრივად, ასევე მორალურ-სულიერად განვითარებული, ფიზიკურად ჯანმრთელი თაობების აღზრდა.
ვფიქრობ, ამ მხრივ, დირექციას განსაკუთრებული როლი ეკისრება, რადგან, სამეურვეო საბჭოსთან ერთად, ის ფლობს მმართველობის ბერკეტებს და შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებებითა და ჩარევით, კონსულტაცია და ერთგვარი მონიტორინგი გაუწიოს სკოლაში ინკლუზიური განათლების ეფექტურ დანერგვა-განვითარებას.
არ მიმაჩნია სწორად ამჟამინდელი დამოკიდებულება, როცა სკოლის დირექცია, პედაგოგები მოითხოვენ, რომ ინკლუზიური განათლების განხორციელების საკითხში მთელი პასუხისმგებლობა სპეცპედაგოგს დაეკისროს.
საკითხის ამგვარი დაყენება ინკლუზიური განათლების არსის არცოდნასა და თვით ცოდნის სურვილის არქონაზე მეტყველებს, რაც, თავის მხრივ, სულ ცოტა, გულგრილობაა. სპეცპედაგოგი ერთ-ერთი ბერკეტია, აუცილებელი რგოლი ინკლუზიური განათლების განსახორციელებლად, რომელიც თავისი ცოდნით ხელს უწყობს და ეხმარება მასწავლებელს, დაგეგმოს ყოველდღიური გაკვეთილი სსსმ მოსწავლესთან, ეფექტურად მართოს მისი ქცევა და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კონსულტაცია მიიღოს სპეცპედაგოგისაგან. თუ უნივერსალურ დიზაინზე ვსაუბრობთ, რომელიც გარემოს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობებთან ადაპტირებას გულისხმობს, სწორედ ამ დიზაინის ცოცხალ რესურსად მოიაზრება სპეცპედაგოგი, რომლის არსებობის გარეშე, ინკლუზიური განათლება უბრალოდ ვერ განხორციელდება. განა თვით სკოლა არ არის აღჭურვილი როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსებით, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სასწავლო პროცესი? სპეცპედაგოგებს სწორედ ამ მხრივ უწევთ სირთულეებთან შეჯახება და მათი დაძლევა, რაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. მუდმივად ბეწვის ხიდზე გადიან, ერთ მხარესაა მოსწავლე და მეორე მხარეს – პედაგოგიური კოლექტივი, რომელსაც ინკლუზიური განათლების არსის შესახებ სათანადო განათლება არ აქვს. თუმცა, როგორც დიდი რუსთველი ბრძანებს, თქმულა ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს იქმნების რაცა ძნელადო. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ცნობიერების ამაღლების საკითხს ამ მიმართულებით და სკოლებში ჩატარდება როგორც ტრენინგები, ასევე მოეწყობა დისკუსიები, განხილვები უკეთესი რეალობის მისაღწევად.
ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია არანაკლებ მტკივნეული საკითხი, სსსმ მოსწავლეთა მშობლების ცნობიერების ამაღლება. მშობლები, რომელთაც სსსმ ბავშვები ჰყავთ და არ არიან ინფორმირებულები საკუთარი და შვილების უფლებების საკითხში, ხშირად ექცევიან წნეხის ქვეშ, ხან საზოგადოების მხრიდან, ხან საკუთარი არასწორი წარმოსახვების. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, თვითონ ბავშვს აზიანებს. ასეთ მშობლებს რცხვენიათ, ირგვლივ მყოფთა წინაშე წარადგინონ შვილი და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოითხოვონ სხვადასხვა სერვისი, მათ შორის, განათლება, ჯანდაცვა და სხვ. ისინი გაურბიან „სსსმ სტატუსით“ მიკერებულ დაცინვას და უარყოფენ ინკლუზიურ განათლებაში მათი შვილების ჩართულობის აუცილებლობას. ეს საკითხი სასწრაფოდ მისახედია და საჭიროა სპეციალისტების ჩართვა ამ კუთხით მშობლებთან სამუშაოდ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებისა და ინკლუზიური განათლების არსის გაშინაარსება, სწორი ინფორმაციის მიწოდება. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლის დროული ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში ძალიან კარგ შედეგებს იძლევა როგორც კოგნიტური, ისე შემეცნებითი უნარების ამაღლების თვალსაზრისით, მეტიც, დასახული მიზნის ადვილად და სწრაფად მიღწევის საფუძველი ხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს მეორე ტიპის მშობლებიც, რომელთაც, პირიქით, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთი შვილების შესაძლებლობებზე და პედაგოგისაგან არარეალურ, მიუღწეველ მიზნებს მოითხოვენ. მნიშვნელოვანია, მათ გავაცნობიერებინოთ იმ დარღვევის არსი და სიმძიმე, რომელიც მათ შვილს აქვს და ავუხსნათ ის შესაძლებლობები, რითაც შეგვიძლია რეალური მიზნები დავსახოთ. ამაში, შესაძლოა, ჩაერთოს როგორც კლასის პედაგოგი, სპეცპედაგოგი, ასევე სკოლის ფსიქოლოგი.
მშობელთან ეფექტური თანამშრომლობა ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს ინკლუზიურ განათლებაში, რადგანაც ეს არის ხაზი, რომელიც კვეთს მასწავლებლისა და დირექციის ჩართულობის ხაზს და ამ გადაკვეთის წერტილში დგას მოსწავლე.
ინტერაქცია, რომელიც აუცილებელი ასპექტია მეტაკოგნიციის პროცესში, სსსმ მოსწავლის შემთხვევაში, ვერაფრით მიიღწევა მშობლის ჩართულობის გარეშე. მშობელი, ისე როგორც სპეცპედაგოგი, საგნის მასწავლებელი და დირექცია, ერთ-ერთია ოთხი პოლუსიდან მოსწავლის შემეცნების ორბიტაზე. მათი შეთანხმებული, თანამშრომლური, სწორი ურთიერთობა მოსწავლის შედეგზე გასვლის გარანტიაა.
ინკლუზიური განათლების მხრივ ცნობიერების ამაღლება და მშობელთა ჩართულობა, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ინკლუზიური განათლების ეფექტური დანერგვისა და განვითარების უმთავრეს პირობას.
უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს ადამიანური რესურსების სწორ შერჩევას და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებას ტრენინგებით, სხვადასხვა ლიტერატურის მიწოდებითა და შესაბამისი გამოცდებით. ინკლუზიური განათლების ეფექტური ორგანიზებისათვის ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სკოლის დირექციის აქტიური ჩართულობა, რადგან მის ხელში არსებული მმართველობის ბერკეტები სათანადოდ და სწორად იქნეს გამოყენებული.
ინკლუზიური განათლება ნამდვილად არის საქმედ ქცეული სიტყვა, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანთა თანასწორობის, ჰუმანიზმის პრინციპების აღიარებისა და საზოგადოების, როგორც ერთობის მიერ გადადგმული ყველაზე ქმედითი და პირველი ნაბიჯი უკეთესობისაკენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
♦ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989);
♦ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (2014);
♦ ინკლუზიური განათლების პრინციპები, 2 ტომად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (2020);
♦ ლევ ვიგოტსკის სოციალ-კოგნიტური განვითარების თეორია. მანანა მელიქიშვილი(2020);
♦ მორალური განვითარების თეორია. მანანა მელიქიშვილი(2020);
♦ ინკლუზიური განათლება. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (2011).