აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა: ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დავით მორგოშია შეცვალა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე: „დავით მორგოშიამ, მოკლე პერიოდში, განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.
რაც შეეხება ბატონ ბექა ღვაჩლიანს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურა მისთვის უცხო არ არის, რადგან ბოლო პერიოდში იკავებდა მინისტრის მრჩევლის და შემდეგ – პირველი მოადგილის პოზიციას.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე, თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია, რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი“.
დავით მორგოშია: „დღევანდელი დღე ნამდვილად არის ისტორიული დღე ჩემთვის, რადგან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა გამომიცხადა ნდობა და დამნიშნა იმ პოზიციაზე, რომელიც ჟიული შარტავას თავმჯდომარეობისას, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ბაბუაჩემს ეკავა. ბატონი ლევან მგალობლიშვილის გუნდის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია მიზნობრიობა, გამჭვირვალობა, ეფექტურობა, 2025 წელს ჩაშვებული ყველა პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში, ინსტიტუციონალურად, მთავრობის აპარატის როლი თვისობრივად ახალ დონეზე აიწევს და ხუთივე სამინისტროს საქმიანობა წარიმართება უშუალოდ აპარატის კოორდინირებით“.
ბექა ღვაჩლიანი: „ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოზიციის დაკავება. ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და, პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ლევან მგალობლიშვილს, გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი პრიორიტეტი იქნება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პედაგოგებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე, დროებით დევნილი ახალგაზრდების, მათი განათლების, კულტურული თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცეები, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფლად დაიცვან თავიანთი ფუნდამენტური ფასეულობები“.
⇔ ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში იკავებდა მინისტრის მრჩევლის და შემდეგ – პირველი მოადგილის პოზიციას.
2013-2014 წლებში ის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიაში იურისტად მუშაობდა; 2014-2018 წლებში იყო „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2018-2024 იყო მესტიის
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში; 2024-2025 წლებში იკავებდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციას, ხოლო 2025 წლის თებერვალში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის მოქნილობასა და მისი საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის.