„თინა: როგორ ფიქრობ, შეძლებდა ადამიანი ამ ზღვის გადაცურვას?
გეგა: თუკი მოინდომებს, შეძლებს ყველაფერს.
თინა: არა, მართლა გეკითხები, მინდა ვიცოდე, აქვს თუ არა ადამიანს იმის უნარი, შავი ზღვა რომ გადაცუროს…
გეგა: მე თუ გავიქეცი, გამომყვები?
თინა: ცურვა რომ არ ვიცი, გეგა?!
გეგა: არც მე, საკმარისად კარგად, მაგრამ ჩვენ გავფრინდებით. ჩვენ გავიტაცებთ თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ბათუმში მიფრინავს და ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თურქეთში დავსვამთ. ჩვენ ავიტანთ იარაღს ბორდზე და დავაშინებთ პილოტს.
თინა: ეს არის ის, რაც შენ გსურს?
გეგა: მე გავფრინდები, მაგრამ მხოლოდ შენთან ერთად!..“
1983 წლის 18 ნოემბერს, 34 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული ისტორია „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ ახალ თაობაშიც არ კარგავს ინტერსსა და აქტუალობას. გერმანიაში მცხოვრებმა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეატრისმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, დამწყებმა რეჟისორმა თამო გვენეტაძემ, დათო ტურაშვილის რომანის — „ჯინსების თაობა“ მიხედვით დადგა სპექტაკლი — „ცა თბილისის თავზე“. პრემიერა მიუნხენში, აინშტაინის კულტურის თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლში გერმანელი, პოლონელი და ქართველი ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“, ქართულ ენაზე დაბეჭდვის შემდეგ, მსოფლიოს 14 ენაზე ითარგმნა. პირველად „ჯინსების თაობა“ თბილისში, 1999 წელს, თავისუფალ თეატრში, დათო დოიაშვილის რეჟისორობით დაიდგა და სპექტაკლი დღემდე თეატრის რეპერტუარშია.
აინშტაინის კულტურის თეატრის სცენაზე გამართულ სპექტაკლს — „ცა თბილისის თავზე“ ესწრებოდნენ როგორც გერმანელი მაყურებელი, ისე მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, პრემიერაზე მიწვეული იყო რომანის ავტორი.
დათო ტურაშვილი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რომ დაინტერესდით ამ თემატიკით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა თამო გვენეტაძეს, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს, რომელმაც ჩემი წიგნის მიხედვით დადგა სპექტაკლი მიუნხენის აინშტაინის კულტურის თეატრში. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა რეჟისორს არ შეეშინდა სირთულეების და ეს იდეა განახორციელა კიდეც. შარშან, როცა პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ასეთი სურვილი ჰქონდა, იმის უფლებაც მივეცი, ჩემი წიგნის მიხედვით, ინსცენირება თვითონ გაეკეთებინა და ამ პროცესში საერთოდ არ ჩავრეულვარ, რადგან ინტუიციით მივხვდი, უჩემოდაც ყველაფერს კარგად მოაგვარებდა.
სიამოვნებით დავესწარი პრემიერას მიუნხენში და ვფიქრობ, ქართულ თეატრს, თამო გვენეტაძის სახით, კიდევ ერთი ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. ის ძალიან ახალგაზრდაა (მით უმეტეს რეჟისორის პროფესიისთვის) და ყველაფერი წინ აქვს. მინდა, წარმატებული მომავალი ვუსურვო და მჯერა, ასეც იქნება.
სპექტაკლში ქართველი და გერმანელი ახალგაზრდა მსახიობები ერთად მონაწილეობენ და სპექტაკლის მიმართ ინტერესიც დიდია. ამაზე ის პრესკონფერენციაც მეტყველებს, რომელიც ერთად გვქონდა პრემიერის შემდეგ და აუდიტორიის უამრავ შეკითხვას ვუპასუხეთ (სხვათა შორის, ჩემი გერმანული წიგნის ტირაჟი დამთავრდა სწორედ პრემიერის დღეებში და კიდევ ერთხელ, თავიდან გამოსცემენ „westflugs“ და ამისთვისაც მადლობა თამო გვენეტაძეს).
საერთოდ კი, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მიმართ, ბევრი მიზეზის გამო, განსაკუთრებული ინტერესია გერმანიაში წელს და გაისად კიდევ უფრო მეტი იქნება, შესაბამისად იმის საშუალებაც მეტი იქნება, რომ გერმანელებს და ევროპელებს უკეთ გავაცნოთ ქართული კულტურა, ჩვენი ისტორია და ლიტერატურა…“
ვინ არის თამო გვენეტაძე, რატომ დაინტერესდა ამ ისტორიით და რა საერთო აქვს იმ ახალგაზრდებთან, როლებიც მის დაბადებამდე 10 წლით ადრე თავისუფლებაზე ოცნებობდნენ — ამის შესახებ ახალგაზრდა რეჟისორი თავად გვიამბობს.
სკოლიდან უნივერსიტეტამდე
დავიბადე 1993 წელს, დავამთავრე ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრს არ ვმეცადინეობდი, ყოველთვის კარგი ნიშნები მყავდა. ეს მასწავლებლების დამსახურება იყო, რომლებიც ძალიან კარგად ხსნიდნენ მასალას და მეც მოსმენით ვიმახსოვრებდი. სკოლის გარდა ბევრ კლასგარეშე წრეზე დავდიოდი — ცეკვაზე, ხატვაზე, გიტარაზე, ჩოგბურთზე, გარკვეული პერიოდი „ბარაბანზეც“ კი ვუკრავდი. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, სახლში მეცადინეობის დრო და თავი სულაც აღარ მქონოდა.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მყავდა არაჩვეულებრივი თანაკლასელები, შესანიშნავი პედაგოგები. კლასის დამრიგებელი თინათინ ქუთათელაძე განსაკუთრებული მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რამხელა საგანძურია თიკოსთან ერთად რუსთაველზე ან ვაჟაზე საუბარი.
სიმართლე გითხრათ, სულ მინდოდა რეჟისორი გავმხდარიყავი, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ერთ დღეს, როდესაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იაგო კვირიკაშვილი გამომიტყდა, რომ რეჟისორობა უნდოდა, პირველად მაშინ წამომცდა, რომ მეც რეჟისორობაზე ვოცნებობდი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, საზღვარგარეთ წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ხომ იცით, საქართველოში როგორც არის. დედა რომ გთხოვს, შვილო, ჯერ ჩაირიცხე და მერე რაც გინდა ის გიქნიაო, ვეღარაფერს ამბობ და გადიხარ ეროვნულ გამოცდებზე. მხოლოდ 70%-იანი გრანტით მოვხვდი გერმანისტიკის ფაკულტეტზე. არც მიფიქრია, რომ აზრს შევიცვლიდი და დავრჩებოდი. ამიტომ დავიწყე საბუთების შეგროვება, რაც წამოსასვლელად დამჭირდებოდა. დედას არ სჯეროდა, რომ მე ამას მართლა შევძლებდი. კარგად მახსოვს 2012 წლის 11 იანვარი, როცა გერმანიაში გასაფრენად ვემზადებოდი, დედამ მითხრა: არ მჯერა, რომ შენ უცხოეთში სასწავლებლად მიდიხარო. ჩემი მიზანი, სარეჟისოროზე ან სადმე ამ მიმართულებით სწავლა იყო. მართალია დიდი ხანი დამჭირდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და ნანატრი ოცნების ასახდენად, მაგრამ დღეს, გერმანიაში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში ვსწავლობ. არ მიყვარს იმ გზაზე ფიქრი, რაც აქამდე მოსასვლელად გამოვიარე, ამიტომ რამდენიმე სიტყვით გეტყვით — გზა ჩემს მიზნამდე იყო ცრემლებამდე რთული.
ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში ვსწავლობ თეატრმცოდნეობაზე, რომელიც კინომცოდნეობის დიდ ნაწილს შეიცავს, რადგან აქამდე ცალკე დისციპლინა კინომცოდნეობა არ ჩამოყალიბებულა. ვესწრები ძალიან ბევრ კინოს კურსსა და სემინარს. რაც შეეხება სწავლის სტილს, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია სტუდენტზე.
ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ, ვურჩევ არავის მოუსმინონ! პირდაპირ უნივერსიტეტთან დაამყარონ კავშირი და იქიდან მიიღონ ინფორმაცია. არ უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი მარტივად იქნება, იმიტომ რომ ასე ნამდვილად არ არის. რამდენიმე დღის წინ ქართულ მულტფილმს „სოფლის მაშენებელნი“ ვუყურე: „სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდა…“ და მაშინ მივხვდი, თურმე რა კარგად გამოხატავენ მამალი და მისი გუნდის წევრები ქართულ ხასიათს. აი, ეგ ხასიათი მოიშორონ და ყველაფერი გამოუვათ. შენებას და სიმაღლეზე ასვლას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, რის გარეშეც მართლა არაფერი გამოვა.
ცა თბილისის თავზე
9 ივნისს, ეს იყო პირველი გერმანულენოვანი პრემიერა, ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა. მე წელს, 19 ივნისის ნაცვლად, 9-ში მქონდა დაბადების დღე. ეს ისეთი ამბავია, რომელსაც, რომც გინდოდეს, ვერ დაივიწყებ. დათოს წიგნში „ჯინსების თაობა“ ამბავი „თვითმფრინავის ბიჭებზე“ იმდენად საინტერესოდაა გადმოცემული, რომ წაკითხვიდანვე ვფიქრობდი ამ თემაზე ფილმის გადაღებას. მაგრამ იმედი ჯერ მაშინ გამიცრუვდა ფილმის გადაღებაზე უფლებები ამერიკელებმა რომ იყიდეს და მერე გიგინეიშვილმა დამასწრო. ამის შემდეგ გადავწყვიტე სპექტაკლი დამედგა, დათოს „ბრძანებით” თვითონ დავწერე პიესა, რა თქმა უნდა, წიგნის მიხედვით. ჩემი მეგობრის, იესიკა ვაისმანის იდეით სპექტაკლს დავარქვით „ცა თბილისის თავზე“ (ციტატა ჩემი ტექსტიდან). როდესაც ამდენი ლტოლვილი ჰყავს გერმანიას, გიჩნდება კითხვა, რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი სამშობლოდან? მერე იმაზე ფიქრობ, რომ შენც ისეთივე გამოქცეული ხარ, როგორც სხვები. მართალია, არც თვითმფრინავი გამიტაცია აქ ჩამოსასვლელად და არც ზღვა გადმომიცურავს, მაგრამ მეც გავიქეცი… ოღონდ ამ გაქცევისას მე არ მოვმკვდარვარ — მე მაშინ გადავრჩი!
იცით, რა არის საოცარი? ხალხი დაიღალა ამდენი პასუხებით. ინსცენიერებამაც თუ პასუხები მოგვცა, მაშინ რაღას აქვს აზრი? პუბლიკას უფრო კითხვები სჭირდება და ამიტომ მე ამ სპექტაკლით საზოგადოებას დავუსვი უამრავი შეკითხვა, რომლებზეც თავად უნდა იპოვონ პასუხები. მაქვს პატივი, იანვარში კიდევ ერთხელ დავდგა ეს სპექტაკლი იმავე თეატრში.
***
სპექტაკლში „ცა თბილისის თავზე” თამოს საუკეთესო მეგობრები — ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერისტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ: თინას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნინო იმნაძე ასრულებდა , გეგას — თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, გერმანელი იოში გოლდბერგი (Yoshi Rabe), სოსოს — ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი დავით კვარაცხელია, დათოს და კგბ-ს აგენტს — გერმანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, პოლონელი ვიქტორ გრდუსჩაკი, მამა თეოდორეს კი — ოთო ლეჟავა, კვების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.
სპექტაკლის დადგმაში დიდი წვლილი მიუძღვით ჰაინერ სტოკლეს, Studiobühne -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერსა და მხატვრულ ხელმძღვანელს იური დიეცს და მთელი Studiobühne -ს უფროსს კატრინ კაცუბკოს.
სპექტაკლის შესახებ გერმანულმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung სტატია დაწერა, სადაც თამო აღნიშნავს: „გამტაცებლები, შესაძლოა, ჩემი მეგობრები ყოფილიყვნენ, თუმცა, მსგავს ამბოხში არასოდეს მივიღებდი მონაწილეობას… ჩემთვის სრულიად ნათელია ის, რაც იმ ბიჭებს სურდათ — თავისუფლება! საქართველოს დატოვების სურვილი, თავისუფლებისკენ სწრაფვა და განვითარება ჩემი ოცნება იყო. ამ დიდ ტრაგედიაში ვადანაშაულებ კომუნისტურ ეპოქას, რადგან მან ადამიანებს აზროვნებისა და წინსვლის შანსი სრულიად გამოაცალა ხელიდან. ხალხს რომ ახლის კეთება აშინებთ და უკან დახევას ამჯობინებენ, საქართველოში ეს დღემდე იგრძნობა. ძალიან დიდია პატრიარქალური გამოვლინების ფაქტები, თუნდაც კონკრეტული მაგალითის ფარგლებში — დაქორწინება და ქალის სახლში დარჩენა, დიასახლისის სტატუსით, შეზღუდულია და თითქმის გაუქმებული მისი ყველა უფლება. მე ასეთი ქვეყნიდან აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. ადამიანმა უნდა ისწავლოს განსხვავება სინათლესა და სიბნელეს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის.“
ნინო იმნაძე, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი: „ჩემთვის „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორია ტრაგედიაა, რომელშიც ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. ალბად სწორედ ესაა ამ ისტორიის დღემდე აქტუალობის მიზეზი. თემის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება განაპირობებს „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიისადმი მუდმივ ინტერესს. მთავარი იყო, პუბლიკისთვის დაგვენახვებინა, როგორ შეიძლება „ბოროტების იმპერიამ“ და მასში არსებულმა უსამართლობამ ლაღი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიიყვანოს თვითმფრინავის გატაცების იდეამდე. ვიცხოვრე, როგორც თინამ და არა როგორც ნინომ. ერთხელ, დათოს როლის შემსრულებელმა, ვიქტორ გრდუსჩაკიმ გვითხრა, მგონი ყველაზე მეტად თინა დასაჯეს, ცოცხალი რომ დატოვესო. ჩვენს სპეკტაკლში თინაც კვდება ბიჭებთან ერთად. ბოლო სცენაში აფექტში მყოფი თინა, გერმანულთან ერთად, ქართულადაც დასტირის თავის შვილს, რაც ქართველი მაყურებლის გულთან ძალიან ახლოს მიდის. ძალიან ბევრი კარგი ადამიანის გაცნობის გარდა, საშუალება მომეცა, წლების შემდეგ, მოკლე დროით, ისევ დავბრუნებოდი სცენას და გერმანელი მეგობრებისთვის გაგვეცნო საქართველო, ჩვენი წვლილი შეგვეტანა, „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიით, „ბოროტების იმპერიის“ სისასტიკის უკეთ წარმოჩენაში.
პიესის განხილვა და პირველი რეპეტიციები მშვიდ ფონზე მიმდინარეობდა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო გერმანელი მსახიობებისთვის ქართული ელემენტების ახსნა, რაც მათ თავიანთი გმირების უკეთესად დანახვაში ეხმარებოდათ. ამ მცდელობაში ჩვენც ვცხოვრობდით ამ გმირების ცხოვრებით. თუმცა პრემიერის მოახლოება ყველას ერთნაირად დაგვეტყო. ვღელავდით თითქმის ყველაფერზე: სპექტაკლში შეცვლილ ყველა ნიუანსზე, როგორ მიიღებდა გერმანული პუბლიკა და განსაკუთრებით ქართული აუდიტორია ჩვენი თვალით დანახულ ისტორიას. ანონსისა და თრეილერის დადებიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა არა მხოლოდ პრემიერის, არამედ დანარჩენი ორი დღის ყველა ბილეთი. საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და მაქსიმალურად უნდა დავხარჯულიყავით სპექტაკლის სამივე დღეს. პრემიერის შემდგომი შეფასებებიდან გამომდინარე კი ნათელი გახდა, რომ ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და მაყურებლამდე მივიდა მესიჯი.”
ვიქტორ გრდუსჩაკი, გერმანისტიკის ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი — დათოს და კგბ-ს აგენტის როლის შემსრულებელი: „ამ ბიჭების შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და ზოგადად, პროექტამდე ბევრი ინფორმაცია საქართველოზეც არ მქონდა. მზადების პერიოდში ბევრი წავიკითხე თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე, ვუყურე მათ შესახებ დოკუმენტურ ფილმებს. არა მხოლოდ ბიჭებისა და თინას ისტორიების გაცნობა იყო ჩემი მიზანი, არამედ საქართველოს შესახებაც მინდოდა მქონოდა სათანადო ინფორმაცია. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ერთხელ საქართველოში. როდესაც პიესა წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს ის ისტორია იყო, რომელიც ყველა მაყურებლის გულთან ძალიან ახლოს მივიდოდა. სპექტაკლის „ცა თბილისის თავზე“ ნახვის შემდეგ მაყურებელი ვერ იტყვის „აჰ, ეს ხომ დადგმული სპეკტაკლია“, რადგან დადგმული არ არის, ეს მართლა მოხდა და ასეთი ადამიანები მართლაც არსებოდნენ. მე არ მსურდა სცენიდან ვინმეს დამოძღვრა ან დარწმუნება, რომ ის, რაც ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს, სწორი იყო ან არასწორი. მიმაჩნია, რომ რეჟისორის მთავარი ამოცანა ისტორიის მაქსიმალურად ობიექტურად წარმოჩენა იყო, რომ მაყურებელს საკუთარი აზრის ჩამოეყალიბების საშუალება ჰქონოდა. ამ ისტორიამ ბევრი დაამწუხრა, დაასევდიანა, ბევრი გააბრაზა და ბევრიც გაურკვევლობაში დატოვა. ყოველ შემთხვევაში, სპექტაკლის შემდეგ, თეატრი გულგრილს არავის დაუტოვებია. გეგა და მისი მეგობრები არც ტერორისტები იყვნენ და არც გმირები. მათ მაშინდელ სისტემაზე გავლენის მოხდენა უნდოდათ, რაც ჩემი აზრით, ძალზე გულუბრყვილო გადაწყვეტილება იყო, სურდათ დემონსტრაციულად დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი. ფაქტია, რომ გეგა და მისი მეგობრები ეგოისტურად და უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, რადგან მათ ამ გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, მსხვერპლი მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იყვნენ ცუდი ადამიანები და არავის მოკვლა არ სურდათ. მე მათ არც ბანდიტებად ვთვლი და არც ტერორისტებად. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან ნანობდნენ და განიცდიდნენ, რომ მათ ამ საქციელს ადამიანები შეეწირნენ.”
ჰაინერ სტოკლე, Studiobühne -ს წარმომადგენელი: „ჩემი აზრით, „თვითმფრინავის ბიჭების” ამბავს აქვს ყველაფერი, რაც ერთ კარგ ისტორიას სჭირდება: ფიგურები, რომლებთანაც მაყურებელს თავისი თავის გაიგივება შეუძლია, დიდი ძალა, რომელის წინააღმდეგაც ადამიანების ერთი პატარა ჯგუფი ცდილობს გამკლავებას და ტრაგიკული დასასრული, რომელიც მათ ლეგენდად აქცევს.
მაგრამ ნამდვილი მიზეზი ამ სპექტაკლის წარმატებისა, არის ის, რომ ყვება „დიდ“ ტრაგედიაზე (სახელმწიფოს დონეზე) უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე დაყრდნობით. თვითმფრინავის ბიჭების ისტორია ერთადერთი არ არის, რომელიც საბჭოთა კავშირში მოხდა. რას ნიშნავს იყო გმირი? ან რას ნიშნავს იყო ტერორისტი? რას ეწოდება დანაშაული? რა არის განაჩენი? რა მიგვაჩნია სწორად ან არასწორად? ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაზე ოცნებისთვის დახვრიტეს, არიან გმირები? შესაძლოა. ადამიანები, რომლებმაც თვითმფრინავი გაიტაცეს არიან ტერორისტები? შესაძლოა. ან იქნებ „თვითმფრინავის ბიჭების“, იმ ახალგაზრდებს რამე ისეთის გაკეთება სურდათ, რომლის გამოც ყველაფერი შეიცვლებოდა. ამ ყველაფრის ჩატევა ორ ძალიან ემოციურ სიტყვაში — გმირი თუ ტერორისტი — სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება თამო გვენეტაძეს, ის განსაკუთრებული ახალგაზრდა ქალია. ახალგაზრდა რეჟისორებს, თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო, ახასიათებთ გადაჭარბებული, ხელოვნური „პროფესიონალიზმით“ თავის წარმოჩენა. თამომ თუკი რამე არ იცის, ეკითხება მას, ვინც ეს იცის. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ ნაბიჯს ბევრი ვერ დგამს. გარდა ამისა, თამოს აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, რომელიც მე ჯერ არც ერთ სხვა ადამიანში არ მინახავს. არის მშვიდი, მაგრამ მასში რაღაც ყვირის, ამავდროულად, მეოცნებეცაა. პირველი გრძელი დიალოგის შემდეგ თამოსთან, ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, მისი ინსცენირების დასახმარებლად. იმავეს იტყოდნენ Studiobühne -ს სხვა თანამშრომლები. ვამაყობ, რომ შემიძლია მას მეგობარი ვუწოდო.”
მოამზადა მაკა ყიფიანმა
ფოტოები – ფრანც კიმელი