ია რობაქიძე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ალგეთის №1 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
ლამის 14 წლისაა ჩემი ურთიერთობა მასწავლებლის სახლის პროგრამასთან, რომელსაც ბევრჯერ შეეცვალა სახელი და ახლაც საკმაოდ გრძლად ჟღერს – „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“. ამ ძალიან კარგ პროგრამას, რომელიც 2009 წელს დაიწყო და მის საოცარ გუნდს მე 2011 წელს შევუერთდი.
იქამდე რამდენიმე წლით ადრე, 2007 წელს, იმერეთში, საიდანაც ვარ, ჩემივე სკოლის (სადაც ვსწავლობდი და მერე ვასწავლიდი) დირექტორი გავხდი. ამიტომ, ჩემი პროგრამაში მოსვლისას ხშირად უკითხავთ, თუ როგორ გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა სკოლის დირექტორის პოზიცია და წავსულიყავი არაქართულენოვან სოფელში ქართულის მასწავლებლად. ცხადია, სკოლის ხელმძღვანელობის ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს პროფესიულ გზაზე და ბევრი რამით საინტერესო, თუმცა, გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობაზე შევაჩერე და არასოდეს მინანია. ამისი მთავარი მიზეზი ჩემი სწრაფვაა ცვლილებებისა და ახალი საქმეებისადმი. თანაც, ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა და შესაბამისად – გაბედულებაც, ვინაიდან, 2004-2006 წლებში ვმონაწილეობდი ძალიან კარგ პროექტში – „მომავალი იწყება დღეს“. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართული განათლების სამინისტროს ეს პროექტი კონკურსის წესით არჩევდა ქართულის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის პედაგოგებს და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სოფლების არაქართულენოვან სკოლებში აგზავნიდა სამუშაოდ.
ასე მოვხვდით 2004 წელს მე და ჩემი მეუღლე, ასევე პედაგოგი, სამი წლის შვილთან ერთად, წალკის რაიონის მაღალმთიან სოფელში სამუშაოდ. პირველად მაშინ გავაცნობიერე, უნივერსიტეტდამთავრებულმა და უკვე პროფესიაში შესულმა ადამიანმა, რომ ქვეყანა საოცრად მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური გვაქვს, საქმე კი – უამრავი, რომ ეს მრავალფეროვნება უკეთესი სახელმწიფოს მოსაწყობად გამოვიყენოთ.
დაუვიწყარია ის პირველი გამოცდილება ჩემთვის – მკაცრი ზამთრის გაძლებაში (მოგეხსენებათ, წალკაში ზოგჯერ 20 გრადუსამდეა ყინვა და ასევე, ხშირია ქარბუქი) ადგილობრივი კოლეგები და გვერდით სოფლებში განაწილებული ჩვენი პროგრამელი მეგობრები გვეხმარებოდნენ, ზოგი – ფიზიკურად, ზოგიც – მენტალურად. ნაქირავები სახლის წინკარში ხშირად გვხვდებოდა მეზობლების მოკითხული ნატურალური პროდუქტი… დავდიოდით სტუმრად კოლეგებთან, მშვენიერ საღამოებს ვატარებდით. თუმცა მკაცრი კლიმატი უსიამოვნო სიურპრიზებსაც ხშირად გვიწყობდა. მახსოვს, ერთხელ, სკოლიდან სახლამდე მოკლე გზით, კარტოფილის ყანის გავლით, ვაპირებდი წამოსვლას და გზიდან მომაბრუნეს კოლეგებმა, ქარბუქი იწყება და სადმე მიგნამქრავსო… მუხლებამდე ტალახი იყო ხოლმე წვიმების სეზონზე სოფლის ქუჩებში, რეზინის ჩექმების გარეშე ვერ გაივლიდი. ერთ ზამთარს, გადაბმულად, მთელი თვე არ გვქონდა შუქი, მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს. სამაგიეროდ, გვიანი გაზაფხულიდან ულამაზესი იყო იქაურობა, ხასხასა ბალახით და მინდვრის ყვავილებით. 2006 წელს პროექტი მოულოდნელად დასრულდა და ჩვენც იმერეთს დავუბრუნდით. თუმცა ამ ორმა წელმა მთლიანად შეცვალა ბევრი ჩემი შეხედულება, გამიქრო სტერეოტიპები და სწორ მოქალაქეობრივ პოზიციაზე დამაყენა. ცხადია, ამ გამოცდილებას ზოგადად ინფორმაციისადმი უკეთესი ხელმისაწვდომობაც დაემატა. ამ პერიოდში გამიჩნდა სერიოზული პროფესიული ინტერესი სახელმწიფო ენის და ზოგადად, ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლებისადმი, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლებისგან. დღეს უკვე დაგროვდა გამოცდილება ამ მიმართულებით, მაშინ კი, წლების წინ, ის ჯერ კიდევ ახალი დარგი იყო და ჩემს წარმოდგენაში აერთიანებდა ბევრ პროფესიულ სირთულეს და მათი გადალახვით მიღებულ კმაყოფილებას.
მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო, რის გამოც სახელმწიფო ენის სწავლება ვამჯობინე სკოლის დირექტორობას. მიზეზი ისიც იყო, რომ ამ პერიოდისთვის ქვეყანაში დემოკრატიული მართვის სისტემებზე ზრუნვა ის-ის იყო იწყებოდა. განათლების სისტემაში სკოლების დეცენტრალიზაცია უნდა ყოფილიყო ამ პროცესის მთავარი მაჩვენებელი. სახელმწიფოს მხრიდან თითქოს გეგმაც არსებობდა და შესაბამისი ნებაც, თუმცა მალე გამოიკვეთა, რომ რეალური დეცენტრალიზაცია ვერ განხორციელდებოდა. ჩანს, ქვეყანას საამისოდ გამოცდილება აკლდა. შეიძლება, საკმარისი ნებაც არ იყო. არ ვიცი. ფაქტი ისაა, რომ ეს მიმართულება მალე ჩაბარდა წარსულს. შეიცვალა მართვის მოდელი. უფრო მეტად ცენტრალიზაციისკენ წავიდა. ასე მუშაობა კი ჩემთვის არც საინტერესო იყო და არც მისაღები. ამიტომ, რადგან ისევ მომეცა შანსი, ისეთი რამე მეკეთებინა, სადაც ქვეყნისთვისაც სასარგებლო ვიქნებოდი და მეც კარგად ვიგრძნობდი თავს, არ მიყოყმანია. აქვე უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – პირველ პროგრამაში მონაწილეობისასაც და ახლანდელშიც, იყო კარგი ფინანსური წახალისება, რაც ასევე დიდი მოტივატორია სამუშაოს არჩევისას. მოკლედ, ყველა კარგმა ფაქტორმა ერთად მოიყარა ჩემ შემთხვევაში თავი. ძალიან კარგი იყო ისიც, რომ ახალი, 2009 წელს დაწყებული პროგრამა, რომელსაც ერქვა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“, გაცილებით დახვეწილი იყო მენეჯმენტისა და შინაარსის მხრივაც, ვიდრე პირველი. თუ 2004 წელს ყოველგვარი მეთოდური მომზადებისა და სათანადო სახელმძღვანელოების გარეშე წავედით ველზე, ამჯერად შესაბამისი ტრენინგები გავიარეთ მეორე ენის სწავლებაში, ასევე, აზერბაიჯანულსა და სომხურ ენებშიც (ვინ სად მიდიოდა, იმის მიხედვით), და რაც მთავარია, ამ დროისთვის უკვე არსებობდა ახალი, საგანგებოდ არაქართულენოვანი სკოლებისთვის შექმნილი ქართული ენის პირველი სახელმძღვანელო – „თავთავი“, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საკლასო ოთახებში შესულებს.
მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით. გაჩნდა ბევრი სასწავლო რესურსი, „თავთავი“ ჩანაცვლდა ქართული ენის 12-დონიანი (კლასებისთვის განკუთვნილი) სახელმძღვანელოთი. პროგრამის მონაწილე სკოლებს დაურიგდათ სასწავლო პოსტერები, ქართულენოვანი წიგნები, აუდიორესურსები და ბევრ სკოლას შესაბამისი აღჭურვილობაც უკეთესი გაკვეთილების ჩასატარებლად. ცოტა მოგვიანებით ჩვენი პროგრამა მასწავლებლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა და ბევრი სხვადასხვა ფუნქცია შეითავსა – ამ წლებში ჩვენ ვიყავით პროფესიული სქემის კოორდინატორები ჩვენს სკოლებში, ვეხმარებოდით ადგილობრივ კოლეგებს კარიერულ წინსვლაში, ასევე ვეხმარებოდით და ზოგიერთი ჩვენგანი დღემდე ეხმარება სკოლის ადმინისტრაციებს თავის საქმიანობაში ენის ბარიერის გამო წარმოქმნილ სირთულეებში, გვაქვს ენის კურსები ადგილობრივი მასწავლებლებისთვის, ენის კლუბები მოსწავლეებისთვის. ბევრი ჩვენი პროგრამის მონაწილე მასწავლებელი ჩართულია სხვადასხვა ტიპის პროექტსა თუ მრავალ სხვა აქტივობაში, რომელთა სრული ჩამოთვლა ძნელია.
კვლავ საკუთარ თავზე რომ გითხრათ, მეც მიმიღია მონაწილეობა ყველა ამ ტიპის საქმიანობაში სხვადასხვა დოზით, თუმცა ჩემი ძირითადი საქმიანობა პროექტის ფარგლებში, გაკვეთილების ჩატარების გარდა, სასწავლო რესურსების შექმნასა და ტრენინგების დაგეგმვა-ჩატარებას დაუკავშირდა. ჩემს ხასიათს ამგვარი საქმიანობა უფრო კარგად ერგება. ზოგს პროექტების განხორციელება გამოსდის უკეთ, ზოგს – კლუბების შექმნა, ზოგი ექსკურსიებს აწყობს ძალიან ხშირად და ასე ეხმარება თავის მოსწავლეებს ყოველდღიური გაკვეთილების მიღმა ინტეგრაციის პროცესში. ჩემთვის კი ეს სფერო უფრო საინტერესოა და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად გამომდის კიდეც. კარგია, რომ პროგრამის მხრიდან მოგვეცა არჩევანის საშუალება. პროგრამის მონაწილეთა ერთი ჯგუფი, რომლის წევრი მეც ვარ, პროგრამის კონსულტანტის ხელმძღვანელობით, სასწავლო რესურსებზე მუშაობს – წინა წლებში მეთოდურ ტრენინგებს ვგეგმავდით და ვატარებდით ადგილობრივი ქართული ენის მასწავლებლებისთვის, ასევე მოვამზადეთ ენის კურსის სასწავლო მასალები, ენის პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული, მოსწავლეების საკითხავი ტექსტების კრებული. ეს რესურსები, ელექტრონული სახით, ცენტრის ვებგვერდზე დევს და ზოგიერთი მათგანი დაიბეჭდა კიდეც გარკვეული ტირაჟით. დღეისათვის ქართული ლიტერატურული ტექსტების ადაპტირებაზე ვმუშაობთ. ეს ძალიან საშური საქმეა, რადგან ჩვენს მოსწავლეებს ორიგინალში უჭირთ ქართული ლიტერატურული ტექსტების კითხვა, ადაპტირებული ვერსიები კი მათთვის დაძლევადი იქნება.
ასე მიდის წლები. პროექტში საქმიანობის პარალელურად, იმავე საქმეს კერძოდაც ვაკეთებ. 2020 წელს, ერთ-ერთი მეგობრის ინიციატივით, რამდენიმე კოლეგა შევიკრიბეთ და ქართული ენის (არაქართულენოვანთათვის) ახალი სახელმძღვანელოები შევადგინეთ, რომლებიც გრიფირებულია და ყოველდღიურად ვიყენებთ სკოლაში. მხოლოდ რამდენიმე კლასის სახელმძღვანელო არ გვაქვს – ისინი, რომლებზეც აღარ გამოცხადდა გრიფირება. ცხადია, ამ წიგნებშიც ბევრი რამაა დასახვეწი. სრულყოფილი არაფერია, მოგეხსენებათ. ამიტომ, როცა ჩემივე დაწერილ ტექსტს თუ დავალებას გავდივართ ხოლმე კლასში, ბავშვების უკუკავშირი და რეაქცია მატყობინებს, კარგად შემირჩევია თუ არა; ადეკვატურია თუ გასამარტივებელია, ან როგორ შეიძლება გაუმჯობესება. ალბათ, ამის დროც მოვა, რომ გადავამუშავოთ ეს რესურსი და უკეთესი გავხადოთ.
პროგრამაში მუშაობის წლებმა შემძინა საუკეთესო ადამიანები, მაქცია უამრავი საუკეთესო ამბის მონაწილედ. ვინმეს შეიძლება ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენი გუნდი ძალიან პროგრესული პედაგოგებისგან შედგება. ამ ადამიანების უმრავლესობა საუკეთესო მოქალაქეცაა, ყველაფრის წინა ხაზზე დგას მუდამ. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის უფრო მაღალი სამსახურეობრივი პოზიცია დატოვა. მართალია, არა უკეთესი ანაზღაურება, მაგრამ მხოლოდ ანაზღაურება არ წყვეტს ასეთ ამბებს. უფრო მეტად, ღირებულებები წყვეტს. მე ეს ძალიან მეამაყება, რადგან ჩვენ ვართ ისინი, ვინც ხვალინდელი, მრავალეთნიკური და ძლიერი საქართველოს მომავალს აყალიბებს. მიხარია, როცა ჩემს ყოფილ თუ ახლანდელ მოსწავლეებს ვუყურებ და ვხედავ, როგორ აქვთ გააზრებული თავიანთი ეთნიკური კუთვნილებაც (რომელსაც სათანადოდ იცავენ და უფრთხილდებიან) და ამავე დროს – თავიანთი მოქალაქეობაც. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდის დამსახურება ამ მიმართულებით დიდია. პროგრამის თითოეული მონაწილისა და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ხელმძღვანელისა თუ ადმინისტრაციის ყოველდღიურ ზრუნვას ინტეგრაციის პროცესზე ფუჭად არ ჩაუვლია. ამას ადასტურებს ქართულის სწავლისადმი სასიკეთოდ შეცვლილი დამოკიდებულება, ადასტურებს უამრავი კარგი სტუდენტი, რომლებმაც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლეს და სხვადასხვა სფეროში დასაქმდნენ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, მათი რიცხვი ცოტა არაა. მეც მყავს სტუდენტები ერთ-ერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელში და ძალიან მეიმედება თითოეული მათგანი. ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს გაუოცებიათ ხოლმე რიგითი მოქალაქეები ქართულის კარგი ცოდნით და ზოგადად, ინტეგრაციის კარგი ხარისხით. ჩვენი მიზანიც ეს იყო. მჯერა, რომ ამ დიდი შრომის შედეგები წლების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როდესაც ეს გოგო-ბიჭები ქვეყანას ჩაიბარებენ.
თუ იმას იკითხავთ, რამდენად იოლი იყო ეს გზა, გიპასუხებთ, რომ არ იყო იოლი. ბევრჯერ ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც არ ვიცოდი, რა მექნა, როდესაც ყველა ჩემი პედაგოგიური ცოდნა თუ გამოცდილება ამაო მეჩვენებოდა. გავბრაზებულვარ კიდეც. ზოგჯერ ხმისთვისაც ამიწევია – ასეა, ადამიანები ვართ. თუმცა ყოველთვის მეხმარებოდა ქართული ენის სიყვარული და მყარი რწმენა იმისა, რომ რასაც აკეთებ, მოსწავლისთვის სასარგებლო უნდა იყოს. ამიტომაა, რომ ყოველ ივნისში ვფიქრობ, რომ სკოლისთვის უკვე ენერგია აღარ მყოფნის, მაგრამ ყოველ სექტემბერში მეცვლება აზრი და გული ისევ გაკვეთილისა და ბავშვების თვალებისკენ მიმიწევს.
როგორც ყველა მასწავლებელს, მეც მიხარია, როცა ჩემს მოსწავლეებს სწავლაში წარმატებები აქვთ. მწყინს და უსასოობა მეუფლება, როცა ვხედავ, რომ ზოგიერთი მათგანის აკადემიური წარმატებისთვის არანაირი ბერკეტი აღარ მაქვს. განსაკუთრებით განვიცდი ხოლმე, თუ გოგონებს არ ეძლევათ სწავლის სათანადოდ გაგრძელების საშუალება. თუმცა ეს შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო წლებში, რაც ასევე კარგის ნიშანია.
ვთვლი, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხრივ წინ კიდევ ბევრი საქმეა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყამირი უკვე გაჭრილია და სასიკეთო პროცესებიც – შეუქცევადი. სახელმწიფო ენის კარგად სწავლება კვლავაც განათლების სისტემის პრიორიტეტი უნდა იყოს, თუ გვსურს, რომ ძლიერი ქვეყნითა და თანასწორუფლებიანი მოქალაქეებით ვიამაყოთ.