დალი ბოლქვაძე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ალათუმანის საჯარო სკოლის
კონსულტანტ-მასწავლებელი
მე ვარ დალი ბოლქვაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ალათუმანის საჯარო სკოლის ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი. 1988 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა კახეთში, ყვარლის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, გავაზში. გავაზი ჩემი მეუღლის სოფელია. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. რომ გითხრათ, მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, არ ვიქნები მართალი. ბავშვობაში იურისტობა მინდოდა, მაგრამ ლიტერატურისადმი ჩემმა სიყვარულმა, რაც ჩემი ქართულის მასწავლებლების დამსახურებაა, ფილოლოგიურზე გადამაწყვეტინა სწავლის გაგრძელება. 1995 წლიდან ვაზიანის საშუალო სკოლაში გადავედი სამუშაოდ. ბავშვები ძალიან მიყვარს და მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, ამავე დროს, დიდი გამოწვევაც. პედაგოგობა ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვალდებულება შენი სამშობლოს წინაშე – როგორ თაობას აღუზრდი და როგორ მოახერხებ მისი ცხოვრების გზის წარმართვას. მასწავლებლებს ხომ მოზარდის სულის სწორი ფორმირება გვევალება, მათი კეთილ და გულისხმიერ ადამიანებად ჩამოყალიბება. 26 წელი ვიმუშავე ქართულენოვან სკოლებში, ვმუშაობდი აბიტურიენტებთანაც.
2012 წელს ჩავაბარე ქართული ენის (VII-XIIკლ.) და პროფესიული უნარების გამოცდა. გავხდი უფროსი მასწავლებელი. შემდეგ მოვიპოვე რამდენიმე სერტიფიკატი: ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის I-XII კლ.), 2015; ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლ.), 2016; უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა — 2023.
2014 წელს, მეგობრის რჩევით, მივიღე მონაწილეობა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მაშინ პროგრამას „ქართული, როგორც მეორე ენა“ ერქვა, ახლა „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ ჰქვია. მიმიღეს თავიანთ გუნდში და უკვე მე-10 წელია, ვმუშაობ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმნის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლად. თავიდან, მაინტერესებდა საკუთარი თავის გამოცდა სხვაგვარ სიტუაციაში და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამდენხანს გავძლებდი ოჯახისგან მოშორებით, ჩემთვის უცხო გარემოში. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ძალიან ძლიერი პედაგოგები, საოცარი ადამიანები მუშაობენ და ბედნიერი ვარ, ისინი რომ გავიცანი, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ამ საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში.
ჯავახეთი ზღაპრული სილამაზის რეგიონია, თუმცა, ძალიან მკაცრი კლიმატით. ახალჩასულმა, პირველ ნოემბერს რომ გავიღვიძე და საკმაოდ დიდი თოვლი დავინახე, თვალებს არ დავუჯერე. აქ, ნოემბრიდან მაისამდე, ზამთარია, ძლიერი ყინვები და ქარიშხლები ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს ემატებოდა ენობრივი ბარიერი – რაც არ უნდა კარგად დამეგეგმა გაკვეთილი, პროგრესი მინიმალური იყო. გამიჭირდა ბავშვების გულებამდე მისვლა, მათი ნდობის მოპოვება. ვფიქრობდი, მალე დავბრუნებულიყავი სახლში, მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივმა კარგად მიმიღო და ყურადღებას არ მაკლებდა. დავიწყე სხვანაირი მიდგომა, ტექსტებს, მცირე მოცულობის ქართულ ზღაპრებს, ადაპტირებას ვუკეთებდი და მათთან ერთად, თამაშით ვსწავლობდით. ვდგამდით პატარ-პატარა სპექტაკლებს, შემდეგ – ღონისძიებებს. არაფორმალური განათლება ძალიან დამეხმარა მათთან ურთიერთობაში. აღმოჩნდა, რომ ძალიან მოსწონთ ქართული ცეკვები, მულტფილმები… შევქმენი ქართული ენის წრე, მერე – ქართული ლიტერატურის კლუბი „მზე“, რომელიც ახლაც აქტიურად მუშაობს. კლასგარეშე ღონისძიებები ძალიან დაგვეხმარა ქართული ენის ათვისებაში. მეამაყება, რომ ჩემი მოსწავლეები ქართულ ენაზე მეტყველებენ,ზოგი მათგანი იმ დონეზე, რომ კონფერენციებშიც მონაწილეობს. ბავშვებთან ერთად განვახორციელე არაერთი პროექტი: „სამცხე-ჯავახეთი“, „ალათუმანი“, „დავიცვათ სისუფთავე ყველგან და ყოველთვის“, სულ ახლახან – პროექტი „ვიცხოვროთ სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში“.
პანდემიის პერიოდის გარდა, ყოველ ზაფხულს გვაქვს საზაფხულო სკოლა, სადაც ვმუშაობთ საინტერესო თემებზე, დავდივართ ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე; დამეგობრებული ვართ სხვა სკოლებთან და ვაწყობთ ერთობლივ ღონისძიებებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კულინარიულ დუელებს – ერთმანეთს ვუზიარებთ სომხური და ქართული სამზარეულოს საიდუმლოებებს; კლუბში ვკითხულობთ და ვეცნობით ქართველი მწერლების შემოქმედებას, შემდეგ ვქმნით ხელნაწერ დიდ წიგნებს, ვაწყობთ ვიქტორინებს… ეს ყველაფერი ბავშვებს ეხმარება ქართული კულტურის გაცნობაში, ინტეგრაციაში, ისინი თავს გრძნობენ საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. ვგრძნობ, რომ შეიცვალა არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების მსოფლმხედველობაც. აქ რომ ჩამოვედი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ერევანში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ამ ბოლო წლებში, ყველანი საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ და მშობლებიც მოწადინებულნი არიან, რომ შვილებმა განათლება ქართულად მიიღონ.
ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ქართული ენის ოლიმპიადებში, იქნება ეს განათლების სამინისტროს თუ „ეტალონის“ მიერ გამოცხადებული. შარშან, ნოემბერ-დეკემბერში, ჩემმა მეთერთმეტეკლასელებმა, რომლებიც ალათუმანის ინიციატორთა კლუბის წევრები არიან, ჩემთან ერთად, განახორციელეს პროექტი, რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ იყო გამოცხადებული, მცირე საგრანტო კონკურსში ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ადვოკატირების გზით. მოსწავლეებმა მცირე კვლევა ჩაატარეს მოსახლეობაში, ბევრი იმუშავეს, პროექტმა გაიმარჯვა და ასოციაციისგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. ერთად ვზრუნავთ სოფლის კეთილდღეობისთვის, მერიამ პირობა მოგვცა, რომ მოაწესრიგებს სოფლის შიდა გზებს და დადგამს ნაგვის ურნებს, რაც აქაურებს ცხოვრებას გაუუმჯობესებს.
წელს შევქმენი „შაბათის სკოლა“, რომელშიც შედიან მესამე-მეშვიდე კლასების მოსწავლეები, რომლებსაც ხან სახლში ვამეცადინებ და ხან – სკოლაში. ბავშვებს სურთ, ქართული ენა კარგად შეისწავლონ და ქართულ პოეზიასაც გაუსინჯონ გემო.
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ვფიქრობ, რომ საკმარისია ოჯახიდან შორს ყოფნა, დავბრუნდები თბილისში, შვილებთან და შვილიშვილებთან-მეთქი, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს ლოდინით სავსე კითხვაზე – „მასწავლებელო, ხომ დაბრუნდებით? სანამ ჩვენ არ დავამთავრებთ, ხომ იქნებით ჩვენთან?“ ვერ ვეუბნები უარს, ვიცი, რომ მათ ძალიან ვჭირდები, თითქოს მე ვარ ხიდი მათსა და ქართულ სამყაროს შორის. მოვა სექტემბერი, ისევ ვტოვებ თბილისს, ოჯახს და აქეთ გამოვრბივარ, მათი უმანკო თვალები ჯავახეთში მიწვევენ.
ჩემი მოღვაწეობა ალათუმნის საჯარო სკოლაში მარტო მოსწავლეებთან მუშაობით არ ამოიწურება. ვეხმარები სომხურენოვან მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლაში, ვუტარებ ქართული ენის კურსს, რაც სტატუსის ამაღლების საწინდარია. აქ რომ მოვედი, ქართულად „გამარჯობასაც“ მორცხვად ამბობდნენ, ახლა თითქმის ყველას ესმის ქართული და ბევრი მეტყველებს კიდეც ქართულად. სკოლაში მასწავლებელთა 70% უფროსი მასწავლებელია, რაშიც ჩემი დიდი წვლილია და ძალიან მიხარია. ამ სკოლაში გავხდი, 2019 წელს, წამყვანი მასწავლებელი. ყველა ახალ წამოწყებაში ძალიან მიჭერს მხარს და მეხმარება ალათუმნის საჯარო სკოლის ახალგაზრდა, პერსპექტიული დირექტორი პეტროს ტონოიანი. ის კარგი ხელმძღვანელია, ენდობიან და უყვართ მოსწავლეებს. თანამშრომლებთან და თემთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მეგობრული და კეთილი ხალხია. შარშან ჩემმა სკოლამ მასწავლებლის ჯილდოზეც ერთხმად წარმადგინა, მაგრამ…
ჩემი საფიქრალი ჯერჯერობით ულამაზესი ჯავახეთი და ჩემი საოცარი მოსწავლეები არიან. მე მათ ვასწავლი, მათი უფროსი მეგობარი ვარ, მათგანაც ბევრს ვსწავლობ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!