მე ვარ თამარ კვინიკაძე, ქალაქ ხაშურიდან. ხაშური საქართველოს გულიაო და მუდამ ვაფასებ გულიან ადამიანებს. სკოლაში მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება მაქვს, რითაც ვამაყობ, ვინაიდან არც ერთი წელი, თვე და დღე არ ყოფილა, საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე არ მეზრუნა. ვიცი, დრო უძვირფასესი განძია და ბევრის მოსწრება მინდა… ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.
1989-დან 1994 წლამდე ვისწავლე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დაუსწრებლად. მე-2 კურსიდან დავიწყე მუშაობა ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ურთულესი პერიოდი იდგა ქვეყანაში, იყო კადრების დეფიციტი, რის გამოც, ჩემთვისაც, როგორც სკოლაში წარმატებული მოსწავლისთვისაც, არ უთქვამთ უარი, მეორე კურსის სტუდენტს დამეწყო მუშაობა. ბუნებრივია, რთული გამოწვევების წინაშე დავდექი. მეორე კურსის სტუდენტის სკოლაში მუშაობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მაშინდელმა სკოლის დირექტორმა, აწ უკვე გარდაცვლილმა ქალბატონმა, ციცინო ბურნაძემ, რჩევა-დარიგებასთან ერთად, მოტივაციაც მომცა, რომ არ შევეშინებინე სირთულეებს და გამოწვევებისთვის სათანადოდ მეპასუხა. იმ დროს ორი უძლიერესი ფილოლოგი დამხვდა სკოლაში, რევაზ თუმანიშვილი და რომან გაჩეჩილაძე, მათთან მუშაობა უაღრესად საინტერესო იყო ჩემთვის. მადლიერებით გავიხსენებ მათ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ, დახმარებასა და თანადგომას.
2015 წლიდან ჩავერთე პროგრამაში „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა“. კადრების შერჩევის მიზნით, ჩატარდა კონკურსი, რომელიც საკმაოდ რთულ ეტაპებთან იყო დაკავშირებული. პირადი ამბიციური სურვილის, მეგობრების რჩევით, გავბედე, შევავსე განაცხადი და შევუერთდი იმ დიდ გუნდს, რომელიც დღემდე მეამაყება. ვასწავლი სსიპ სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში ქართულ ენას. სკოლა სომხურენოვანია და… კვლავ გამოწვევა (თითქოს თან მდევს გამოწვევები), რთული, თუმცა საინტერესო, რომ კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს საკუთარ პიროვნებაზე, იდენტობაზე. რადგან სხვა ენის, სხვა კულტურისა და ტრადიციების საზოგადოებაში ხარ, „უნდა მიიღო და მიგიღებენ“ – ასე ვუთხარი ჩემს თავს და დღემდე საოცრად თბილი, მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობაა ჩვენ შორის. ვარ სტატუსით წამყვანი.
ამ გადასახედიდან, როდესაც უკვე შიშიც დაძლეულია და ურთიერთობაც სამაგალითო, მახსენდება ჩემი პირველი შემოსვლა სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, სრულიად უცხო მხარეში და უცხო გარემოში. ცნობისმოყვარე თვალები, ჩემს თვალებში ჩამდგარი ერთგვარი შიში: „როგორ შვეწყობი ამ ადამიანებს და როგორ შემეწყობიან ესენი მე, შევძლებთ გავუგოთ ერთმანეთს, მით უფრო, ბევრი რამ განგვასხვავებს ერთმანეთისგან“, თუმცა ეს შიში სულ მალე გაქრა, ვინაიდან, პირველ რიგში, სკოლის დირექტორის, ბატონ ერვანდ ვარდერესიანის დამოკიდებულებამ, მისმა თანადგომამ, მხარდაჭერამ მიმახვედრა, რომ მალე გარემო სრულიად ახლობელი გახდებოდა ჩემთვის და, აგერ უკვე მეცხრე წელია, თამამად შემიძლია ვთქვა, მათი სახით უახლოესი ადამიანები შვიძინე, რომლებიც ისე იზიარებენ ჩემს სიხარულსა და ტკივილს, როგორც თავისას, მეამაყებიან და მახარებს ასეთი თბილი დამოკიდებულება, რაც ჩემთვის პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება არაქართველ ბავშვებთან ურთიერთობას, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს და ესეც გაცნობიერებული მქონდა თავიდანვე. ერთად დავძლიეთ ჩვენ შორის არსებული ბარიერი, ვთანამშრომლობთ მეგობრულად, ვქმნით რესურსებს, ვმონაწილეობთ სხვადასხვა აქტივობებში, მათთვისაც მე მეგობარი ვარ და ეს ყველაზე მეტად მახარებს. მათი ნდობა, სიყვარული და თბილი დამოკიდებულება მამოტივირებელია ჩემთვის და კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს.
თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მქონდა სათანადო მეთოდური სიმწირეები, არამშობლიური ენის სწავლების მხრივ, თუმცა დამსაქმებელი პროგრამა ამ მიმართულებით ახორციელებდა და ახორციელებს მრავალფეროვან ტრენინგებს, რაც მეხმარება პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში. პროგრამის მენეჯერი, ქ-ნი ნინო ბერიკაშვილი გვთავაზობს სიახლეებს, პროფესიული წინსვლისთვის სამუშაო შეხვედრებს, ტექნოლოგიური რესურსების შექმნის და გამოყენების საშუალებებს, რაც მიმარტივებს პროგრამული მასალის სათანადო დონეზე ადაპტირებას.
ჩვენ, კონსულტანტი მასწავლებლები, ერთმანეთის თანადგომითა და დახმარებით, ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო, მრავალფეროვანი სტრატეგიული მიდგომებითა და წინგადადგმული ნაბიჯებით, რისი გამოხატულებაც არის ჩვენი მოსწავლეების წარმატებები და მოსახლეობიდან წამოსული დადებითი შეფასებები ქართული ენის სწავლების მიმართულებით. პროგრამა, ამავდროულად, ახორციელებს მასწავლებლებისთვის ქართული ენის შესწავლას ენის ფლობის დონეების მიხედვით. კარწახის სკოლის დირექტორი, ბ-ნი ერვანდ ვარდერესიანი და მასწავლებლები, ეტაპობრივად და აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო ენის შესწავლის კურსებში და წარმატებით გავიარეთ A1, A2, B1 დონე, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია. დღეს ერთად ვიხსენებთ გავლილ სირთულეებს, რამაც შედეგიც მოგვიტანა – სკოლის ყველა მასწავლებელი უფროსის სტატუსს ატარებს. გამიმართლა კოლეგებსა და ხელმძღვანელობაში. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, გვესმის ერთმანეთის, გვაქვს ნდობა და ამბიცია, დავეხმაროთ ერთმანეთს.
ასევე კარგად მაქვს გააზრებული, რამდენად დიდი და საპასუხისმგებლო საქმე მაკისრია. ყოველთვის ვცდილობ, დავგეგმო და ჩავატარო ხალისიანი გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით, ბავშვების ინტერესებზე მორგებული და ყოფითი ცხოვრებისთვის გამოსაყენებელი. თანამედროვე ბავშვი მეტ სიახლეს, მეტ ინფორმაციას ითხოვს. არ არის ადვილი, საპროგრამო თემა მიაწოდო, თავისი თემატური საკითხებით, არამშობლიურ ენაზე ისე, რომ მისთვის გასაგები და ინტერესზე მორგებული იყოს. ამაში მეხმარება ქართული ენის ახალი, ჩვენივე პროგრამის მასწავლებლების/ავტორების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, რომლებშიც ავთენტური თემებია ენობრივი თუ შინაარსობრივი დავალებებით, მრავალმხრივ ჭრილში განხილული ელემენტებით, თუ კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული.
გავიხსენებ იმ პერიოდსაც, როდესაც პანდემიის დროს ონლაინ-რეჟიმში გვიწევდა გაკვეთილების ჩატარება. ეს დრო ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა – დაძლევადი. ამ პერიოდში დისტანციურად ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ჩართულობით აღვნიშნეთ 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; საახალწლო ღონისძიება; დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. თითოეული საინტერესო და სახალისო გამოგვივიდა.
გაცილებით დიდი ძალისხმევაა საჭირო, მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, უფლებებისა და თავისუფლების გააზრებასა და თანამედროვე ეპოქაზე მორგებული უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით, ხშირად ვიკრიბებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად, არაფორმალურ გარემოში. გვაქვს გაწერილი მიზნები, იდეები, რასაც მივყვებით და ვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რაც ეხმარება მათ, იფიქრონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები, იმსჯელონ, შეძლონ არჩევანის გაკეთება, განვითარდნენ და ჩაერთონ დისკუსიაში. ჩემმა მოსწავლეებმა იციან თავისუფლების არსი, გულწრფელად გამოხატავენ ფიქრებს ჩემთან, მე ვიცავ მათ ინტერესებს, მე ვუფრთხილდები ამ ურთიერთობას! არაფორმალური შეხვედრების დროს, ვქმნით რესურსებს ქართული ენის სხვა პედაგოგების – ვენერა მიქელაძის, ემა ბალასანიანისა და ნაირა მოსოიანის ჩართულობით.
ჩავატარეთ ღონისძიება „გალაკტიონი-პოეტთა მეფე!“, აკაკი წერეთლის შემოქმედებითი საღამო, „ქართული ენის კვირეული“, გვაქვს გასვლები და ექსკურსიები, მიზნობრივი დატვირთვებით. ეს ყველაფერი აუცილებელია, ვინაიდან მხოლოდ საგაკვეთილო დრო ვერ გაზრდის ისეთ მოქალაქეს, რომელსაც ექნება მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რომელსაც ეყვარება ქართული ენა და საქართველო.
მიხარია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, უმაღლესი განათლების მისაღებად, ირჩევენ საქართველოს უნივერსიტეტებს. ეს უკვე ნიშნავს პროგრესს, ეს უკვე ნიშნავს ძალას, ეს უკვე ნიშნავს მათ პოზიტიურ განწყობას. სკოლის დამთავრების შემდგომაც მაქვს ურთიერთობა ყოფილ მოსწავლეებთან, მზად ვარ მათთვის ვიყო იმედი და უშუალო მეგობარი. მათ ეს იციან. დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც გადაიკვეთება ჩვენი საერთო ხედვები და გზები, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული.
ხშირად მეკითხებიან: როგორ ახერხებ ბავშვებთან ასე დაახლოებას? ეს კითხვაც კი საკმარის სიხარულს მანიჭებს, ვინაიდან გარშემომყოფები ხედავენ ჩვენს დამოკიდებულებებს. სხვანაირად შეუძლებელია იყო მასწავლებელი, ბავშვი ვერ გაიგებს, არც ექნება სურვილი გაიგოს და ისწავლოს, თუ მოსწავლე-მასწავლებელს შორის იქნება ბარიერი. მე არ ვქმნი ასეთ ბარიერს, ხშირად ვჯდები მათ გვერდით მერხთან, ეს არის მარტივი საშუალება, იყვნენ გახსნილები, ლაღები და თავისუფლები ჩემთან. აი, მაშინ შევძლებთ ერთმანეთის მოსმენას, კითხვას-წერას, ლაპარაკს.
მაქვს ოცნება: ჩემს სკოლაში მქონდეს ჩემი კუთხე, ოთახი, სადაც შევქმნით ისეთ გარემოს, რომ კოლეგებთან, მოსწავლეებთან ერთად ბევრი დრო გავატარო. ჩვენი გარემო იქნება მწვანე (სიცოცხლის) ფერი, ჩვენ გვექნება უამრავი რესურსი, საინტერესო აქტივობები, წიგნის კითხვის დღეები, ფილმების ყურების დღეები, დისკუსია და ანალიზი, საუბრები ენაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე… მჯერა, ჩემი მოსწავლეები თავად გააფორმებენ კედლებს, სკამებსა და მაგიდებს, საყვარელი ფერებითა და დიზაინით… მჯერა, ამისრულდება ეს ოცნება!
თუ იქნება სურვილი, ყველაფერი მიიღწევა! მე ვცდილობ, გაჩნდეს და გაფართოვდეს სურვილი, კარწახის სკოლის მოსწავლეებმა ისწავლონ ქართული ენა, აუმაღლდეთ ცნობიერება, ხელი მიუწვდეთ ინფორმაციებზე სახელმწიფო ენაზე და გამოიყენონ, იყვნენ ტოლერანტი ადამიანები, რეალიზებული მოქალაქეები, აფასებდნენ დემოკრატიულ ღირებულებებს და შექმნან ჩვენი საქართველოს ღირსეული მომავალი.
ჩვენ ერთად გვიხარია ერთ ენაზე საუბარი!
ჩვენ ვეიმედებით ერთმანეთს!