ადელინა იგიტიანი
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ძალიან მიყვარს კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობა, ამიტომ დიდი სიამოვნებით ჩავერთე ქართული ენის მასწავლებლის, ქეთევან შანიძის მიერ ორგანიზებულ პროექტში – „ჩვენ დედამიწის შვილები“. ყოველთვის მქონდა ინტერკულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესი, რადგან ჩემს კლასში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ და პროექტში მონაწილეობა გამოწვევად მივიღე.
პროექტი რვა კვირის განმავლობაში, 2022 წლის 27.03-18.05, მიმდინარეობდა. ყოველი კვირა ძალიან საინტერესო იყო.
დასაწყისში, მასწავლებელმა გაგვაცნო პროექტის მიზანი, შინაარსი, განხორციელების ეტაპები და შეფასების კრიტერიუმები. თვალი გადავავლეთ შესასწავლი ქვეყნების შესახებ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ინფორმაციებს. დავწყვილდით და მივიღეთ დავალებები.
საკვლევ ქვეყნად ავირჩიე სომხეთი და მეწყვილედ – ლიკა ეპრიკიანი. მასწავლებელმა შემოგვთავაზა და გვთხოვა, შეგვევსო პირველი და მეორე სვეტი – „ვიცი-მინდა ვიცოდე“. შემდეგი 2-3 კვირისთვის, დაგვევალა ტექსტური ინფორმაციისა და ფოტომასალის მოძიება და დახარისხება; მინი-ტექსტების შექმნა და ეროვნული სამოსის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
დავალების შესრულებაში ძალიან დამეხმარა ადრე მიღებული ცოდნა საქართველოს კუთხეების შესახებ და ასევე ის, რომ მე და ჩემი მეწყვილე კარგად ვსაუბრობთ ქართულად.
მე-4 კვირა მონიტორინგისთვის იყო გათვალისწინებული. მასწავლებელი ყველა წყვილს ინდივიდუალურად ხვდებოდა და აძლევდა რჩევებს, შესრულებული დავალების გაუმჯობესებისათვის.
მე და ჩემს მეწყვილეს ძალიან ბევრი ინფორმაცია გვქონდა სომხეთის შესახებ, მაგრამ გვიჭირდა მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა. ქეთი მასწავლებელმა შეგვახსენა ქვეყნის წარდგენის გეგმა, რა თანმიმდევრობით დაგველაგებინა მოძიებული მასალა, მიგვანიშნა, როგორ გამოგვეყო პრიორიტეტული საკითხები.
ყურადღების მიღმა დაგვრჩა სალექსიკონო სამუშაო. გვეგონა, არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ ტექსტებში ისეთი საკვანძო სიტყვები შეგვხვდა, რომელთა მნიშვნელობა ჩვენთვის უცხო იყო. მასწავლებლის რჩევით, ლექსიკონის შედგენა დაგვეხმარა საინფორმაციო ტექსტების უკეთ გაგებაში. გვირჩია, ასევე, პრეზენტაციის მომზადებისას, ყურადღება გაგვემახვილებინა შეფასების კრიტერიუმზე, რათა ჩვენი პოსტერი საინტერესოდ წარგვედგინა.
ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მე-5 კვირა, როცა ყველა ვეცნობოდით ერთმანეთის ნამუშევრებს. ამით კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღეთ, უკეთ გავიცანით და დავუახლოვდით ერთმანეთს. აღმოვაჩინე, რომ შემიძლია გავავლო პარალელები და გამოვყო მსაგავსება-განსხვავება ორ ქვეყანას შორის. გავიგე, რომ ყველა ქვეყანას თავისი კულტურული მახასიათებელი აქვს და პატივისცემას იმსახურებს.
საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა და მე-6 კვირას უკვე შეგვეძლო „ვმვ“ სქემის მესამე სვეტის – „ვისწავლე“ – შევსება. მასწავლებელი, შეკითხვების საშუალებით, გვეხმარებოდა ძირითადი საკითხების წამოწევაში.
მე-7 კვირა პოსტერებისა და პრეზენტაციების მომზადებას დაეთმო. იმდენი ინფორმაცია დაგვიგროვდა, ყველას პოსტერზე ვერ დავატევდით, ამიტომ ავირჩიეთ ყველაზე დამახასიათებელი, საინტერესო და განსხვავებული. მასწავლებელი მუდმივ მონიტორინგს მიწევდა, რათა პოსტერი შინაარსიანი ინფორმაციის შემცვლელი ყოფილიყო.
პრეზენტაციის დროს (მე-8 კვირა) ცოტა ვღელავდი, ეროვნული კერძი და სამოსი უნდა წარმედგინა. მღელვარებამ დამაბნია და სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს. თავის დროზე არ გავითვალისწინე მასწავლებლის რჩევა, რომ პრეზენტაციისთვის მევარჯიშა, რაღაც ისე ვერ ვთქვი, როგორც მინდოდა.
პროექტში მონაწილეობამ ბევრი კარგი რამ მომცა: შემიძლია ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება; დავალების შესასრულებად დროის მიზნობრივად განაწილება; ჩანაწერების გაკეთება მიღებულ ინფორმაციაზე. გავიგე ჩემი კლასელების კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, ეროვნულ სამოსსა და სამზარეულოზე.
რას გავითვალისწინებ მომავალში, ამ ტიპის დავალების მომზადების დროს? — მივხვდი, რომ მეტი უნდა ვიმუშაო პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესებაზე.
კიდევ ბევრ პროექტში მსურს მონაწილეობა მომავალში.