ლეილა ხონელიძე
სსიპ ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ წიგნის კითხვა შეიძლება ვინმეს შეაყვარო მოწოდებებით, დაძალებით, ლოზუნგებით, თუმცა მაინც წამძლევს ხოლმე სული და როცა რაიმე საინტერესოს წავიკითხავ, პირველი აზრი, რომელიც მიჩნდება, ისაა, რომ სხვასაც გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილება, დავაინტერესო, მოვანდომო, მანაც წაიკითხოს.
ერთ-ერთი მეგობარი, რომელსაც ძალიან ხშირად ვუზიარებ ხოლმე შთაბეჭდილებებს ამა თუ იმ წიგნზე და რომელთანაც ხშირად ვკამათობ, კობა სამურკასოვია. მართალია, ახლა სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და, შესაბამისად, სხვადასხვა სკოლაში ვასწავლით, მაგრამ კამათსა და შთაბეჭდილებების გაზიარებას ტელეფონითაც ვახერხებთ ხოლმე… ერთ-ერთი ასეთი საუბრისას იდეაც გაჩნდა — რაკიღა ორივენი მეხუთე კლასს ვასწავლით — ის — თბილისში და მე — ფოთში, ჩვენი მოსწავლეებიც გაგვეცნო ერთმანეთისათვის, მათაც ესაუბრათ ერთმანეთთან წაკითხულ წიგნებზე, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ ონლაინ ჩართვა და ერთ-ერთ გაკვეთილზე ბავშვები გავაცანით ერთმანეთს. კობა მასწავლებლის მოსწავლეები გვესაუბრნენ თავიანთ საყვარელ წიგნებზე: მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალზე“ თბილისის №133 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე დაჩი გელენიძე გვესაუბრა, „ანე ფრანკის დღიურზე“ — თაია გორგოძე, ნოელ სტრიტფილდის „საბალეტო ფეხსაცმელებზე“ — ნინო გუჩაშვილი, ენიდ ბლაიტონის „ცნობილ ხუთეულზე“ — ირმა მუმლაძე. პატარებმა თავიანთი ხელნაკეთი წიგნებიც აჩვენეს თანატოლებს, შესრულებული ილუსტრაციებიც (რამდენადაც ონლაინ ჩართვა იძლეოდა ამის საშუალებას) დაათვალიერებინეს…
ფოთელმა ბავშვებმაც ურჩიეს ახლად გაცნობილ ბავშვებს თავიანთი საყვარელი წიგნების წაკითხვა: ცოტნე ჯობავამ დათო ტურაშვილის „ტყეების მეფეზე“ ისაუბრა, სოფო რატიანმა — ერიკ-ემანუილ შმიტის „ოსკარსა და ვარდისფერ ქალბატონზე“, სალომე ზარქუამ — თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტზე“, ანა სარიშვილმა ლინდა მალალა ჰათის „თევზი ხეზე“ ურჩია ტოლებს…
ბავშვები საუბრობდნენ გულწრფელად, მსჯელობდნენ, რატომ შეარჩიეს ესა თუ ის წიგნი, რამ მოხიბლათ, რატომ გადაწყვიტეს, ერჩიათ მათი წაკითხვა თანატოლებისთვის, აცნობდნენ ერთმანეთს ანა ფრანკსა და ოსკარს, ვარდისფერ ქალბატონსა და ტომ სოიერს, ელისა და ტყეების მეფეს, მისტერ დენიელსა და ფოსილებს, ლუკასა და ჯულიენს, დიკსა და ენის, ჯორჯსა და ტიმს; აღნიშნავდნენ იმ ღირებულებებსაც, ამ წიგნებმა რომ აზიარეს, იმასაც, რას ისაგზლებდნენ ამ წიგნებიდან…
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, სამი რამააო ჩემთვის აუცილებელი: სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა… ჩვენი ონლაინ შეხვედრა წიგნების კითხვით დაიწყო, წიგნების კითხვა წიგნების სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია და ვირტუალურის რეალურ მეგობრობად ქცევას კი ვერც ის რეგულაციები შეუშლის ხელს, რომელთა მიხედვითაც, სკოლიდან საექსკურსიო ობიექტამდე მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 150 კილომეტრს.