ნონა პაპუნაშვილი
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღრაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
📚 ეს ის ფრაზაა, რომელსაც თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად დაასრულებს და მეხსიერება არაერთ „ტკბილ-მწარე“ მოგონებას ამოუტივტივებს. სასკოლო გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში პირველი შთაბეჭდილება განმსაზღვრელია. ბავშვი მისთვის შეუცნობელ სამყაროში შეაბიჯებს და გარესამყაროს, ადამიანებს განსხვავებულად აღიქვამს. პირველი დღეები სკოლაში მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, პიროვნული ჩამოყალიბების ბაზაა. ბავშვის დამოკიდებულება სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის მიმართ ხშირად პირდაპირ კავშირშია მის სამომავლო წარმატებასა თუ წარუმატებლობასთან. სკოლა ახალი სოციალური გარემოა, ახალი საზოგადოებით, მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით. არ არის მარტივი თამაშის ეტაპიდან ნახტომი სწავლის ეტაპზე, ერთბაშად ცნობიერება და ქცევა ვერ შეიცვლება.
პირველი დღეები ემოციების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. ეს ეხება არა მხოლოდ პირველკლასელებს, არამედ მათ მშობლებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არანაკლებ მასწავლებლებსაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველკლასელთა დამრიგებლობაც გვიწევს. მშობელსაც და მასწავლებელსაც ბევრი ფიქრი და მუშაობა სჭირდება იმისათვის, რომ ეს დღე მხიარული, ხალისიანი, საინტერესო და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იყოს, რათა შემდეგში ბავშვს ეს ცნობისმოყვარეობა ცოდნისმოყვარეობაში გადაეზარდოს.
📚 თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია, ფსიქოლოგიური განწყობა სხვადასხვაგვარი და სასკოლო გარემოში მარტივად და უმტკივნეულოდ ადაპტირებას ყველა ვერ ახერხებს.
პირველკლასელთა შორის უამრავი ბავშვია, რომელიც მოუთმენლად ელის მოსწავლის სტატუსს და, ყოველგვარი გართულების გარეშე, ერგება სასკოლო სივრცეს. არის შემთხვევები, როდესაც დილით, ოჯახიდან, ფრენა-ფრენით წამოსული, სკოლის ეზოში შემოსვლისთანავე, მშობლის კალთას ამოფარებია და საკლასო ოთახში შესვლაზე პროტესტი განუცხადებია, ან პირიქით,ზოგიერთისთვის სკოლაში წამოსვლა არასასიამოვნო იყო, სკოლის სივრცეში შემოსვლისთანავე კი ბედნიერებისგან სახე გაბრწყინებია. პირველკლასელთა გარკვეული ნაწილი სრულიად უემოციოდ აკვირდება მოვლენებს და ფრთხილობს, მორცხვობს. არც ის არის გამორიცხული, პირველ დღეს სასწავლო გარემოთი აღტაცებული ბავშვი, მეორე დღეს სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებდეს. ასეა თუ ისე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია თითოეულ მათგანში დადებითი ემოციების გამოწვევა და პოზიტიური განწყობის აღძვრა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის მზაობის სათანადო დონეს სკოლისათვის როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად და სოციალურად, სკოლამდელი აღზრდაც უწყობს ხელს, ბევრად მარტივად ლახავენ ამ ეტაპს ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ.
ყოველივე ზემოთ თქმულს, ფსიქოემოციური ასპექტის გარდა, სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. ოჯახის როლი იმაში, თუ როგორ შეხვდება პირველკლასელი სასკოლო გარემოს, უმნიშვნელოვანესია. მშობლები სკოლას უნდა უხატავდნენ, როგორც სასურველ და საინტერესო ადგილს, სადაც, სწავლის გარდა, მას თამაშისთვისაც ბევრი დრო ექნება, უამრავ მეგობარს შეიძენს და დღეს საინტერესოდ გაატარებს. მნიშვნელოვანია, მომავალი პირველკლასელის მოლოდინები ახლოს იყოს რეალობასთან, რომ ის იმედგაცრუებული არ დარჩეს. სასურველია, მშობლებმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყონ მათი ფსიქოლოგიური მზადება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საპირისპირო რეაქციის გამომწვევი და, ბავშვის გაღიზიანების შემთხვევაში, ამაზე ნაკლებად ან ზოგადად ისაუბრონ. ესაუბრონ სკოლაზე, გაუზიარონ საკუთარი ემოციები, გამოცდილება, აუხსნან, რომ სკოლაში წასვლის პირველ დღეს ისინიც ღელავდნენ, მაგრამ განწყობა დადებითი ჰქონდათ, რადგან იმ დღეს ცხოვრების საუკეთესო მეგობრები გაიცნეს და საინტერესო გარემოში მოხვდნენ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მასწავლებლები მოიხსენიონ სითბოთი და სიყვარულით. მშობელმა პოზიტიური მოლოდინები უნდა შეუქმნას მომავალ მოსწავლეს, ბავშვის თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია მშობლის განწყობასთან. სასკოლო სივრცეში მოხვედრის შემდეგ, მასწავლებლების მოვალეობაა, პოზიტიურად განუმტკიცონ ის მოლოდინები, რასაც მანამდე მშობელი უქმნიდა.
📚 მოსწავლის სტატუსის მიღება სერიოზული დამოუკიდებელი ნაბიჯია ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე და ამ როლის მორგებას დრო სჭირდება. მოზარდის ფსიქიკაში ხდება ძირეული და მკვეთრი ცვლილებები. სასკოლო საზოგადოება და მასწავლებელი მზად უნდა იყოს, რომ დაუვიწყარი და ჯადოსნური დღე შესთავაზოს პირველკლასელებს. დიდი პედაგოგიური ოსტატობა და ტაქტი სჭირდება დაწყებითი კლასის პედაგოგს. ბავშვმა გულწრფელი სითბო უნდა იგრძნოს, რათა გაუჩნდეს სიმპათია მის მიმართ. მასწავლებელს, ფაქტობრივად, ფსიქოლოგის ფუნქციის შეთავსებაც უწევს. იგი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს ფსიქოლოგიური, ქცევითი, საგანმანათლებლო თუ ემოციური პრობლემების გადაჭრაში. პოზიტიური მიდგომა და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი მშობლის სკოლისადმი ნდობის ხარისხსაც ამაღლებს. ისინი ხომ, ფაქტობრივად, საკუთარი შვილის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და მომავალს ანდობენ სკოლას. მოსწავლისთვის სკოლა საყვარელ ადგილად უნდა გადაიქცეს, სადაც იგი უყვართ, პატივს სცემენ, ასწავლიან და ეთამაშებიან.
თუ კლასი მრავალრიცხოვანია ან რამდენიმე პარალელური არსებობს, სასურველია, მასწავლებელმა რამდენიმე დღით ადრე დაიბაროს ისინი და მცირე „ექსკურსია“ მოუწყოს სკოლის ტერიტორიაზე, ეს დაეხმარება მათ, პირველივე დღეს „შინაურულად“ იგრძნონ თავი. სასურველია, სკოლაში მოეწყოს სივრცე პირველკლასელთათვის, რომელიც შესაბამისი დეკორაციებით იქნება აღჭურვილი, გაფორმებული სასწავლო მასალის იმ გმირებით, რომლებსაც სახელმძღვანელოში შეხვდებიან, მაგ.: ლომი, თაგვი, თხა, გიგო, ჭიანჭველა, ფუტკარი, პირველკლასელი და სხვ. შესაძლებელია ანიმატორების ჩართვაც. მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რომ ეს დღე არა მარტო ეფექტური, არამედ შემეცნებითიც იყოს. თითოეულ შტრიხს თავისი მიზნობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება საკლასო ოთახს, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ფერადი, მხიარული და საინტერესო გარემო, უკავშირდებოდეს სასწავლო პროცესს, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით.
📚 პირველკლასელთათვის სასკოლო გარემოსთან მარტივად ადაპტირებისათვის მხოლოდ პირველი დღე კი არა, პირველი 10 დღე უნდა იყოს განსხვავებული და საინტერესო. მასწავლებელმა, წინასწარ, სამოქმედო გეგმაში უნდა გაწეროს ცალკეული აქტივობები და ისე დაალაგოს, რომ აქტიური გონებრივი დატვირთვა ჩანაცვლდეს ფიზიკური და გონებრივი განტვირთვით. პირველ დღეზე ბევრს არ ვისაუბრებ, ეს პედაგოგის ოსტატობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, უამრავი საკლასო ოთახი მრავალფეროვანი იდეებით აღჭურვილ-გაფორმებული დახვდება თვალციმციმა გოგო-ბიჭებს. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, შემოგთავაზებთ აქტივობას „ეს მე ვარ“. შეგვიძლია დავამზადოთ გოგონას და ბიჭის გამოსახულებები იმ რაოდენობით, რამდენი ბავშვიცაა კლასში, სხვადასხვა ემოციით და ვთხოვოთ, თავად აირჩიონ სასურველი გამოსახულება. თუ არ დაემთხვა ან არასაკმარისი და შეუსაბამოა „ემოციები“, მათ შეუძლიათ თავად შეცვალონ, შემდეგ გაგვეცნონ, ისაუბრონ საკუთარ თავზე, გამოსახულებაზეც, თუ რატომ აირჩიეს ის. მასწავლებელიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობს. მომდევნო დღისთვის ვთხოვ, სურვილის მიხედვით, მოიტანონ ან დახატონ საყვარელი სათამაშო, რომელზეც ისაუბრებენ, შევქმნით „სათამაშოების პირველ კლასს“. მომდევნო დღეებში დაიგეგმება მცირე ექსკურსია სასკოლო სივრცეში, კოლეგებთან შეთანხმებით, შესაძლებელია 5-წუთიანი ვიზიტი მეორეკლასელებთან გაკვეთილზე (გაეცნონ მათ ქცევას, როგორ წამოდგებიან, მიესალმებიან კლასში შესულ სტუმრებს, დააკვირდებიან მათ ქცევას} და დაუბრუნდებიან თავიანთ საკლასო ოთახს, რომელიც უკვე მათი „შინაა“.
📚 შეგვიძლია შევთავაზოთ ასეთი აქტივობა – „რა მსურს ვისწავლო სკოლაში“. საუბარს უკვე განავრცობს მასწავლებელი, შეკითხვებით: რატომ, როგორ, რა რჩევას მოგვცემდა…
♦ სახელმძღვანელოების დათვალიერება და საინტერესო შტრიხებზე საუბარი ძალიან კარგია. მოსწავლემ, ილუსტრაციების მიხედვით, უნდა ამოიცნოს, რა უნდა ვისწავლოთ ამა თუ იმ სახელმძღვანელოდან. მასწავლებელს, ყველა აქტივობის შემთხვევაში, მართებს დაკვირვება, რადგან თითოეული მოსწავლის სასკოლო მზადება განსხვავებულია და მომდევნო დღეები მათი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით უნდა დაიგეგმოს.
♦ ერთ-ერთი აქტივობა ერთობლივი პროდუქტის შექმნაა. ფლიპჩარტზე ან დიდი მოცულობის თაბახის ფურცელზე გამოვსახოთ თითოეული ბავშვის ხელი (ეს პაწაწუნა ხელები, ხშირად, გამოსაშვები ბანკეტის დღეს, უდიდეს ემოციებს იწვევს). თუ ვინმეს ხელის გამოსახვა არ სურს, დახატოს, რაც უნდა.
♦ საინტერესოა „მატარებლობანას“ თამაშიც. თითო წრეზე თითო „ვაგონი“ ჩაეხსნება და „ისაუბრებს“, მაგალითად, როგორ გაატარა ზაფხული ან აირჩევს თავისუფალ თემას.
♦ პირველი დღეების სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული რესურსების საშუალებითაც.
♦ მომდევნო დღეებში, შესაძლებელია, მოვაწყოთ კინოჩვენება და გავმართოთ დისკუსია (დაგვჭირდება მონიტორი, პროექტორი და კომპიუტერი). მე ძალიან მიყვარს აქტივობა „სამი შეკითხვა მასწავლებელს“. წინა დღეს ასეთ დავალებას ვაძლევ, სახლში მოამზადონ შეკითხვები და დაუსვან მასწავლებელს. ზოგჯერ ის „ვერ პასუხობს“ და მოსწავლეები ეხმარებიან. ეს აქტივობა ძალიან კარგია კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარის ჩამოყალიბებისთვის.
♦ მასწავლებელს შეუძლია უამრავი აქტივობა დაგეგმოს და განახორციელოს, თუმცა უნიკალური და ასპროცენტიან შედეგზე გათვლილი არც ერთი არ არის, ყოველთვის იქნება რაღაც ისეთი, რაც კონკრეტულ კლასზე მორგებასა და მოდიფიცირებას საჭიროებს. მთავარია, ბავშვისგან მაშინვე მაქსიმუმი არ მოვითხოვოთ, რომ იყოს საუკეთესო, ყველაზე ნიჭიერი, ძლიერი. ეს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პირველ საფეხურზე ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწავლა, განვითარება, ახალი ურთიერთობების დამყარება და ეს ყველაფერი პოზიტიურად უნდა განმტკიცდეს.
📚 ახლა კი უმნიშვნელოვანეს საკითხს შევეხები, ეს ქცევა და მისი მართვაა, რაც ხშირად „აქილევსის ქუსლია“ პირველკლასელებთან მუშაობისას. მზა ფორმულა არ არსებობს, ის კონკრეტული კლასის საჭიროებასა და სპეციფიკას უნდა მოვარგოთ. მთავარია, სახალისოდ მივაწოდოთ და ისე გავააზრებინოთ, რომ ჩვევაში გადაეზარდოთ. შეგვიძლია კონკრეტული ანიმაციური გმირი, ნახატი შევქმნათ, დავარქვათ სახელი და, მისი გამოსახულებით, დავამზადოთ პოსტერი „ქცევის წესები“. მთავარია, მოსწავლის ინიციატივა იყოს პრიორიტეტული. წესებს ვქმნით ერთად, არ უნდა აღემატებოდეს 5-6 პუნქტს, იყოს მარტივი და გასაგები ენით დაწერილი, მოსწავლეს დადებითი ქცევისკენ უბიძგებდეს და არ შეიცავდეს აკრძალვებს. ვინაიდან პირველკლასელებმა (უმრავლესობამ, ყოველ შემთხვევაში) ჯერ კიდევ არ იციან წერა-კითხვა, შეგვიძლია დავამზადოთ ხატულები ან შევიძინოთ. არსებობს უამრავი ელრესურსი, მაგ.: https://www.facebook.com/share/p/6SLsJJv3v4x3atX3 — გააფერადონ და აღწერონ რას გვეუბნება თითოეული მათგანი ეს ნატიფი მოტორიკის უნარებსაც ავითარებს და ინფორმაციის დამახსოვრებასაც უწყობს ხელს.
დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე და არაერთი საინტერესო აქტივობა და რესურსი მოვიძიოთ. მთავარია, პირველკლასელთა პირველი დღეები სასწავლო გარემოში შთამბეჭდავი, განსაკუთრებული და შემეცნებითი იყოს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დამზადებულ რამდენიმე ელექტრონულ რესურსს, რომელიც შესაძლებელია მაპროვოცირებლადაც გამოვიყენოთ წინასაანბანო პერიოდში.
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი მინდა ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს. ჩვენი მიზანმიმართული, პოზიტიური და გულწრფელი ჩართულობა ნამდვილად აისახება როგორც ერთი მოსწავლის, ასევე სახელმწიფოს მომავალზეც.