ნატალი ბიაშვილი
ჟენევის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
⇒ ნატალი, რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს და რამდენად საინტერესოდ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი?
⇓ სკოლის პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული იყო. მოსწავლეობისას მომიწია როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიასა და საფრანგეთში ცხოვრება. ვისწავლე 7 სკოლაში ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. გავეცანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სასკოლო სისტემებს და მივეჩვიე ახალ გარემოსთან სწრაფად შეგუებას. გარდა ამისა, მყავდა მრავალფეროვანი წარმოშობისა და კულტურის მქონე კლასელები და მასწავლებლები, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის.
⇒ სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიის დაუფლება გადაწყვიტე და რომელ უნივერსიტეტს მიანიჭე უპირატესობა?
⇓ სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა ჟენევის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, რადგან ამ სფერომ ძალიან დამაინტერესა და ვთვლი, რომ პროფესია სწორად ავირჩიე.
ეს პროფესია, აკადემიურ დონეზე, საუკუნეზე მეტია, რაც ისწავლება, თუმცა, ფსიქოლოგიის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო ცნობილი და მოთხოვნადი ხდება, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. არაერთ ქვეყანაში, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი თუ შვეიცარია, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა როგორც კლინიკურ, ისე სხვა დარგის სერტიფიცირებულ ფსიქოლოგებზე. შესაბამისად, გაზრდილია ამ პროფესიაში განათლების მიღების მსურველთა რიცხვიც. აქ სწავლის პერიოდში გავეცანი ფსიქოლოგიის არაერთ ისეთ მიმართულებას, რომელთა არსებობის შესახებაც კი, საქართველოში, ჯერ ცოტამ თუ იცის. რაც ძალიან მომწონს ჩემს უნივერსიტეტში, არის ის, რომ ფსიქოლოგიას პროფესორები უდგებიან, როგორც მეცნიერებას, აქედან გამომდინარე ტარდება უამრავი კვლევა, გვასწავლიან სტატისტიკას, ანატომიას, ნეირომეცნიერებებსა და სხვა მსგავს საგნებს, რათა ექსპერიმენტული მიდგომა, ემპირიულად დადგენილი კვლევები და შედეგები ჩვენთვის კარგად ნაცნობი, გასაგები და ადვილად გამოსაყენებელი იყოს სამომავლო საქმიანობაში.
სწავლის გაგრძელება უცხოეთში, კერძოდ კი ჟენევის უნივერსიტეტში, რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება განაპირობა ამ ქალაქში სწავლის გამოცდილებამ. ჩემთვის გარემო უკვე ნაცნობი იყო, ჟენევა კი გამოირჩევა თავისი მოწესრიგებულობით, უსაფრთხოებითა და მრავალფეროვანი კულტურული გარემოთი. აგრეთვე, ვარჩიე ფრანგულ ენაზე სწავლა, რათა მომავალში არა მხოლოდ ქართულ და ინგლისურ, არამედ ფრანგულ ენაზეც შემძლებოდა პროფესიული საქმიანობის წარმართვა. რაც მთავარია, ჟენევის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, აქვს ძალიან კარგი ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და განვითარების ფართო საშუალებას იძლევა. უნივერსიტეტი დაარსებულია 1559 წელს, ჯონ კალვინის მიერ, დღესდღეობით კი, 9 ფაკულტეტსა და 18000-მდე სტუდენტს მოიცავს. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და სიახლეებისკენ სწრაფვა განაპირობებს სწავლისთვის შექმნილ საუკეთესო გარემოსა და სწავლების მაღალ ხარისხს.
⇒ რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები და ნაწილობრივ მაინც, აკმაყოფილებს თუ არა სტიპენდია სტუდენტის მოთხოვნებს?
⇓ ჟენევის უნივერსიტეტი ძალიან ხელმისაწვდომია სხვა ამ დონის უნივერსიტეტებთან შედარებით. აქ სწავლა, უმეტესწილად, დაფინანსებულია შვეიცარიის მთავრობის მიერ და სწავლის საფასური, წელიწადში, 1000 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს (რაც 3000 ლარამდეა). სტიპენდიებისა და გრანტების მცირე რაოდენობა გაიცემა, ძირითადად, არა აკადემიური მოსწრების, არამედ საჭიროების მიხედვით.
⇒ რა მსგავსება და განსხვავებაა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის, რა უპირატესობა აქვს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებს, ქართულთან შედარებით. რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ.
⇓ განსხვავება ძალიან დიდია როგორც აკადემიური, ასევე გარემოს კუთხით. ვინაიდან სწავლის საფასურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ამიტომ უნივერსიტეტი აყენებს ძალიან მაღალ აკადემიურ მოთხოვნებს, რის გამოც რთულია უნივერსიტეტის დამთავრება.
სტუდენტებს გვაქვს თავისუფლება, თავად განვსაზღვროთ სწავლის განრიგი. ლექციების უმრავლესობა იწერება, ხოლო დასწრება — თავისუფალია. ეს გვაჩვევს დამოუკიდებლობას და გვასწავლის დროის სწორად გადანაწილებას. უნივერსიტეტის მოწინავე სტატუსს, პროფესურის მაღალი კვალიფიკაციის გარდა, განსაზღვრავს უნივერსიტეტის რესურსები, როგორებიცაა: წვდომა სასწავლო მასალებზე, მაღალტექნოლოგიური აუდიტორიები, ლაბორატორიები და სხვა.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბევრი ფაკულტეტი ატარებს კვლევებს, რომლებზე დაყრდნობითაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებია გაკეთებული. ამ კვლევების შედეგების მნიშვნელობის დამადასტურებელია ისიც, რომ ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს 10 ნობელის პრემია აქვთ მიღებული.
⇒ რომელია ყველაზე საინტერესო სივრცე ჟენევის უნივერსიტეტში. რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე?
⇓ ბიბლიოთეკები. უნივერსიტეტის შენობები ჟენევის ცენტრშია განლაგებული, თითოეულ მათგანს კი ერთმანეთისგან განსხვავებული სტილისა და ისტორიის, ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. ეს ადგილი სტუდენტებისთვის სწავლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, სადაც ყველანაირი კომფორტია შექმნილი იმისათვის, რომ მშვიდ და სამეცნიერო გარემოში შევძლოთ მუშაობა.
⇒ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნებისმიერ საერთაშორისო განათლების სამყაროში შესვლა მარტივი არ არის, სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. საკუთარი გამოცდილებიდან, რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?
⇓ პირველ რიგში, ყველას ვურჩევდი, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებამდე, სწორად განსაზღვროს თავისი მიზნები და პრიორიტეტები. სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ქალაქში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სწავლისა და ცხოვრების სტილია. მათ, ვინც საზღვარგარეთ საცხოვრებლად პირველად მიდის, ვურჩევდი წინასწარ კარგად მოიძიონ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტზე, ასევე მასპინძელ კულტურასა და ერზე. უნივერსიტეტი აირჩიონ თავიანთი მომავალი პროფესიების შესაბამისად და გარემოს გათვალისწინებით. დაუკავშირდნენ უფროს კოლეგებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და გადაწყვეტილება ამ ყველაფრის შესწავლისა და გააზრების შემდეგ მიიღონ.
⇒ მიამბე, როგორია ჟენევაში სტუდენტური ცხოვრება, სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? გაგვიზიარე შთაბეჭდილებები…
⇓ თავისუფალ დროს, ხშირად, მეგობრებთან ერთად ვატარებ პარკში, კაფეში ან ბარში. ჟენევასა და მის მიმდებარე ქალაქებში ბევრი საინტერესო კულტურული აქტივობაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, დასვენების დღეები ამისათვის მაქსიმალურად გამოვიყენო.
⇒ რა მოგწონს ყველაზე მეტად შვეიცარიაში, რა არის ის, რაც აღგაფრთოვანებს, გაოცებს თუ გაკვირვებას იწვევს შენში და რასაც შენი ქვეყნისთვის ისურვებდი?
⇓ საქმისადმი მიდგომა და მოწესრიგებულობა. შვეიცარიელები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, რისი შედეგიც მათ განვითარებაში თვალსაჩინოა.
⇒ როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას, როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება, სამომავლოდ, საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს? რა მოლოდინები გაქვს?
⇓ მაგისტრატურაზე სწავლას ჟენევის უნივერსიტეტში, გამოყენებითი და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ვაპირებ. განვიხილავ დიპლომატიური განათლების მიღებასაც. სამშობლოში დაბრუნებამდე, მინდა, სამუშაო გამოცდილება დავაგროვო. საბოლოოდ, მინდა საკუთარი ცოდნა საქართველოს მოვახმარო. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მომცემს საშუალებას, შვეიცარიის მაგალითზე დაყრდნობით, ჩემი გამოცდილება ქვეყნიდან გაუსვლელად გავუზიარო კოლეგებს, წვლილი შევიტანო სისტემების განვითარებაში. სხვა შემთხვევაში, ჟენევა საუკეთესო ადგილია უსაფრთხო გარემოდან კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის დახმარების გასაწევად.
⇒ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი ბევრს ფიქრობს სამშობლოზე. სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. შორიდან როგორია ჩვენი ქვეყანა?
⇓ საქართველოს ისტორია და კულტურა გამორჩეულია მსოფლიოში. ძალიან მეამაყება ჩვენი ენა, დამწერლობა, წარმატებული ქართველების მიღწევები და ფასეულობების დიდი ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის, ჩვენი სტუმართმოყვარეობის, კულინარიისა და ბუნების გამო და დიდი სურვილი მაქვს, მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნით. ამ საქმეში მცირედი წვლილი შევიტანე შვეიცარიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის როლში. ამ დროს, შესაძლებლობა მომეცა, დამეგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, რომელთა მიზანი იყო უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მის მიმართ ინტერესის გაზრდა.
განსავითარებელი სფერო ძალიან ბევრია, რისთვისაც ბევრი შრომა მოგვიწევს, მაგრამ ვთვლი, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში.
⇒ ნატალი, შენ ღირსეული წინაპრის, ლეო ქიაჩელის, შთამომავალი ხარ. როგორც ვიცი, შენი დიდი ბაბუაც იმ უნივერსიტეტში სწავლობდა და იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც შენ ყოველდღე გიწევს გავლა… რა განცდაა, როცა უცხო ქვეყანაში, ყოველდღიურად, ღირსეული წინაპრის ნაკვალევზე დადიხარ?
⇓ ძალიან ამაყი ვარ ჩემი წინაპრებით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ იმავე უნივერსიტეტში მომეცა სწავლის შესაძლებლობა, რომელშიც ერთი საუკუნით ადრე სწავლობდა ლეო ქიაჩელი, სამართლის ფაკულტეტზე. ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, როდესაც ვნახე მისი წერილები. ისინი ინახება ჩვენს ოჯახში, საიდანაც დავადგინეთ მწერლის ზუსტი მისამართი. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ორგანიზაციების დახმარებით, ჟენევაში, მოვახერხებ ამ გამოჩენილი ქართველის მემორიალური დაფა გავაკეთო.
⇒ ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლეო ქიაჩელი აქტიური რევოლუციონერი იყო (მაგალითისთვის – შეიარაღებულ რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს კიდეც. 1907 წელს, ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას გვირაბი გაჰყავს საპატიმროს ქვეშ და ამ გზით ათავისუფლებს ორგანიზაციის წევრებს. მწერალმა ეს ამბავი, მოგვიანებით, რომანში „სისხლი“ აღწერა. საინტერესო მოთხრობა „ბერი და ყორანი“ იმის ხაზგასმით იწყება, რომ არსებული ცხოვრება უსათუოდ უნდა შეიცვალოს, რაღაც ახლით, უკეთესით…), მას სურდა ქვეყნის უკეთესი მომავალი. როგორ აფასებ მის შეუპოვრობასა და შემართებას?
⇓ ვთვლი, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა სწორედ ასეთი შეუპოვარი ქართველების წყალობით მოვიდა დღემდე. სწორედ ასეთი თავდადებული მოღვაწეების დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა თვითმყოფადობა, რელიგია, კულტურა, ენა და ბოლომდე არ მოექცა რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენი, ახალი თაობების, ვალია, მათი შრომა გავაგრძელოთ და უზრუნველვყოთ საქართველოს განვითარება და მისი ევროპული მომავალი, განსაკუთრებით ახლა.
⇒ მწერლის წერის სტილი – ენა, სიუჟეტის განვითარება… პეიზაჟის აღწერა… რეალურ, ობიექტურ ამბებს ასახავს. იმდროინდელი ევროპული მოდერნიზმის ნამდვილ მაგალითებს წარმოაჩენს. ლეო ქიაჩელმა, თავისი ნაწარმოებებით – რომანებით, მოთხრობებით, ნოველებით, დიდი და წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში. რომელი ნაწარმოები გიყვარს და მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?
⇓ ლეო ქიაჩელის ზოგი ნაწარმოები ძალიან ცნობილია და თარგმნილია უამრავ ენაზე, ამიტომ გავიხსენებდი მის ნაკლებად ცნობილ მოთხრობას, რომელსაც „Lґescalade“ ჰქვია. მასში აღწერილია ჟენევის დღესასწაული, რომელიც დღემდე აღინიშნება. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ლეოს მიერ დანახული, საუკუნის წინანდელი ჟენევა, ფანტასტიკური შტრიხები და მისი სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებული შინაარსი.
⇒ რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რელიკვია, რომელიც წინაპრისგან დაგრჩა?
⇓ ჩემს ოჯახში წინაპრების არაერთი საინტერესო ნივთი, ხელნაწერი და წიგნი ინახება. თითოეული მათგანი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლეო ქიაჩელისთვის კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ნაჩუქარ „დიდოსტატის მარჯვენას“ წარწერით. აბიტურიენტობის პერიოდში ამ წიგნთან ყოველდღიურად მიწევდა შეხება და სწორედ ამან გაამძაფრა ჩემი ამ წიგნისადმი ემოციები. ასევე გამოვარჩევდი დიდი ბებიის (რომელიც ამჟამად 102 წლისაა) დედის მიერ შექმნილ რამდენიმე ნაქარგს, რომელსაც დიდი ბებია დიდი ზრუნვითა და სიყვარულით ინახავს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი