21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩე­მი ტექ­ს­ტი მა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­ე­ბა­ში და­ი­წე­რა

spot_img

სა­ლო­მე ბე­ნი­ძის პი­ე­სა „მა­რო“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ გა­სულ წელს გა­მოს­ცა. ავ­ტორს ვე­სა­უბ­რეთ თა­ვის წიგ­ნ­ზე, რო­მე­ლიც მი­უძღ­ვ­ნა ქარ­თ­ველ და უკ­რა­ი­ნელ ქა­ლებს, და მათ ბრძო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის.

ინ­ტერ­ვი­უმ­დე, სიმ­ბო­ლუ­რად, გთა­ვა­ზობთ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მკვლევ­რის, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბის ტექსტს, რო­მე­ლიც პი­ე­სას აქვს წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი.

 

„19 წლის… წი­თე­ლი ჯვრის მოწყა­ლე­ბის და… ტა­ბახ­მე­ლას­თან ფრონ­ტ­ზე და­ღუ­პუ­ლი… სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შით დაკ­რ­ძა­ლუ­ლი, სამ­შობ­ლოს დამ­ც­ველ გმირ­თა საძ­მო სა­მა­რე­ში…

1918 წლის 26 მა­ისს და­ფუძ­ნე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას, ევ­რო­პუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ით და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი კო­დის ჰარ­მო­ნი­უ­ლი შე­ჯე­რე­ბით – იარა­ღას­ხ­მულ ქა­ლის სა­ხით ხა­ტავ­დ­ნენ; ქარ­თულ მარ­კებ­ზე, ფუ­ლის ნიშ­ნებ­ზე, პლა­კა­ტებ­ზე… იგი­ვე პერ­სო­ნა­ჟი მი­უძღო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის სა­ზე­ი­მო დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებს. 1921 წელს, დე­და­ქა­ლა­ქის საბ­ჭო­თა რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბი­სა­გან დაც­ვი­სას, რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ჭურ­ვის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბით და­ღუ­პუ­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის მო­ხა­ლი­სე­თა რაზ­მის მოწყა­ლე­ბის და – მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი თა­ო­ბა­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რუ­სე­თის მი­ერ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაპყ­რო­ბის და გა­ნად­გუ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. დე­მო­ნუ­რი, ბნე­ლი და ცი­ვი ჩრდი­ლო­ე­თი­სა­გან და­ზამ­თ­რე­ბუ­ლი მა­ი­სის ამ სიმ­ბო­ლომ ოკუ­პა­ცი­ის, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი გა­მო­შიგ­ვ­ნის ათ­წ­ლე­უ­ლებს გა­უძ­ლო.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი სა­მა­რეც აში­ნებ­და და სამ­შობ­ლო­სათ­ვის და­ღუ­პუ­ლე­ბის სა­საფ­ლა­ოს კვა­ლი მა­ლე­ვე მოს­პო. „წმინ­და რუ­სე­თის“ იმ­პე­რი­უ­ლი იდე­ის ტყა­ვის „დი­დი რუ­სი ხალ­ხის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მი­სი­ით“ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, იმ­პე­რი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბის სიმ­ბო­ლოს – სო­ბო­როს ად­გი­ლი, სტა­ლი­ნუ­რი გა­უთ­ლე­ლი პომ­პე­ზუ­რო­ბით და ფსევ­დოტ­რა­დი­ცი­უ­ლი მო­ტი­ვე­ბით აგე­ბულ­მა მონ­ს­ტ­რ­მა და­ი­კა­ვა. მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის, სამ­ხედ­რო სკო­ლის კურ­სან­ტე­ბის, ოფიც­რე­ბის, გვარ­დი­ე­ლე­ბის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის საძ­მო სა­მარ­ხის ხსოვ­ნა კი ნამ­დ­ვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის გუ­ლებ­ში დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც ასაკ­ში შე­სუ­ლე­ბიც კი იქ ჩავ­ლი­სას ქუდს მო­იხ­დიდ­ნენ ხოლ­მე და ამ უც­ნა­უ­რი რი­ტუ­ა­ლით აკ­ვირ­ვებ­დ­ნენ საბ­ჭო­უ­რი და­ვიწყე­ბის ბუ­რუს­ში და­ბა­დე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს.

ნათ­ქ­ვა­მია, ხელ­ნა­წე­რე­ბი არ იწ­ვი­ა­ნო და მა­როს სა­თუ­თად აკინ­ძულ­მა, მე­სა­ი­დუმ­ლე დღი­ურ­მაც გა­უძ­ლო ტო­ტა­ლუ­რი ში­ში­სა და უნ­დობ­ლო­ბის სა­უ­კუ­ნეს. ხე­ლახ­ლა და­სა­ბა­დე­ბელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე მო­ფიქ­რა­ლი უფ­რო და უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და მი­თი­უ­რი ამორ­ძა­ლის სა­ხის უნა­ხა­ვად, ჩურ­ჩუ­ლით თუ ნა­მა­ლა­ვად ამო­წე­რი­ლი და გა­დამ­რავ­ლე­ბუ­ლი ამო­ნა­რი­დე­ბით აღ­მო­ა­ჩენ­და, რომ წლე­ბის წინ, მა­თი ტო­ლი, სიფ­რი­ფა­ნა გო­გო­ნაც მათ­სა­ვით და­ქა­რა­შო­ტობ­და, ჩარ­ჩო­ებს ამ­ს­ხ­ვ­რევ­და, მორ­ცხ­ვობ­და, ეჭ­ვობ­და, წუხ­და და სა­სო­წარ­კ­ვე­თას ეძ­ლე­ო­და,მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით ოც­ნე­ბობ­და მო­მავ­ლის – ძლი­ერ, კულ­ტუ­რულ, პროგ­რე­სულ, ევ­რო­პულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, რო­მე­ლიც ერ­თი ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა­ზე ჩან­და.

ერ­თი სა­უ­კუ­ნის თავ­ზე, მა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლო გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე დგას – გა­დად­გამს ნა­ბიჯს, სა­ბო­ლო­ოდ და­ეხ­ს­ნე­ბა ცივ ჩრდი­ლო­ეთს და კუთ­ვ­ნილ ად­გილს და­იმ­კ­ვიდ­რებს და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში, თუ კი­დევ ერ­თხელ და იქ­ნებ სა­მუ­და­მოდ ჩა­ძი­რა­ვენ არ­ყოფ­ნის ჭა­ობ­ში……

სიტყ­ვებს უკ­ვ­და­ვი ძა­ლა აქვთ. სამ­შობ­ლო­სათ­ვის გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლის ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვე­ბი, ყვე­ლა­ზე მძი­მე, ქან­ცის გამ­ც­ლე­ლი და გა­უ­ვა­ლი წყვდი­ა­დის წინ მდგო­მებს ყო­ველ­თ­ვის წა­მოგ­ვე­წე­ვა და ბე­დის­წე­რის ჩარხს შე­მოგ­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნებს.“

დინა ოგანოვას ფოტო

 

ინტერვიუ სალომე ბენიძესთან 

 

 

 

 

√ სა­ლო­მე, წიგ­ნის ანო­ტა­ცი­ა­ში თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლი წერს: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია უკ­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მა­როს – ამ მა­რა­დი­უ­ლი გო­გოს გა­რე­შე“. რო­დე­საც პი­ე­სას ვკითხუ­ლობთ, იგ­რ­ძ­ნო­ბა თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­შობ­ლოს­თ­ვის გუ­ლან­თე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გო­გოს მი­მართ. თქვენ­თ­ვის რი­სი სიმ­ბო­ლოა მა­რო? რო­ცა მა­რო­ზე გვიყ­ვე­ბით, რი­სი და­ვიწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევთ, რა იდე­ას აცოცხ­ლებთ მი­სით?

• მა­რო ჩემ­თ­ვის არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა – იმე­დი­ა­ნი და თა­ნას­წო­რი, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდეა და ჩვე­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სწრაფ­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. მი­სი სა­ხე­ლი აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, ახა­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს შექ­მ­ნის სა­ფუძ­ვ­ლად იქ­ცა და რა­ზეც დღემ­დე ვდგა­ვართ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ხში­რად ვამ­ბობ, რომ ჩე­მი ტექ­ს­ტი მა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­ე­ბა­ში და­ი­წე­რა, რო­მე­ლიც ალ­ბათ თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში ცხოვ­რობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რა­თა დაგ­ვ­ვიწყე­ბო­და, თუ ვინ ვართ და რა არის ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში.

√ რო­გორც წიგ­ნის და­საწყის­ში წერთ, „მა­როს“ თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სია შე­იქ­მ­ნა ლიბ­რე­ტოდ მო­ნოდ­რა­მის­თ­ვის, დელ­ფ­ტის კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც წერ­დით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია: თბი­ლი­სი-სტამ­ბო­ლი-ბერ­ლი­ნი-ლი­სა­ბო­ნი-ქუ­თა­ი­სი-ვარ­შა­ვა. რო­გორც ჩანს, ეს გო­გო ყველ­გან წა­იყ­ვა­ნეთ. „მა­როს“ და­წე­რის ის­ტო­რია რომ მოგ­ვიყ­ვეთ.

•  ყვე­ლა­ფე­რი და­იწყო იმით, რომ ერთ სა­ღა­მოს თამ­თა მე­ლაშ­ვილ­მა მომ­წე­რა, ხომ ვერ შევ­ძ­ლებ­დი ლიბ­რე­ტოს და­წე­რას მა­რო მა­ყაშ­ვილ­ზე, დელ­ფ­ტის კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის. იდე­ამ ისე მომ­ხიბ­ლა და ისე გა­მა­ხა­რა ევ­რო­პის­თ­ვის მა­როს გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, სას­წ­რა­ფოდ დავ­თან­ხ­მ­დი. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მელ­საც შე­ვე­ჭი­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტექ­ს­ტი დი­დი არ არის, ბევ­რი ფიქ­რი და სა­კუ­თარ თავ­თან მუ­შა­ო­ბა დამ­ჭირ­და, სა­ნამ მა­როს ჩე­მე­ულ ვერ­სი­ას მი­ვაგ­ნებ­დი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით – სა­ნამ ლიბ­რე­ტოს წიგ­ნად გა­მო­სა­ცე­მად მო­ვამ­ზა­დებ­დი. ამი­ტომ „მა­რომ“, ისე­ვე, რო­გორც მა­რო­ზე ფიქ­რ­მა, ბევ­რი იარა ჩემ­თან ერ­თად და ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ წიგ­ნის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა ვარ­შა­ვა­ში და­ვას­რუ­ლე, სა­დაც მა­რო­სა­ვით მა­მა­ცი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი გო­გოს – ირე­ნა სხირ­ტ­ლა­ძის ამ­ბავ­მა ჩა­მიყ­ვა­ნა.

კი­დევ ერ­თხელ ვუხ­დი უდი­დეს მად­ლო­ბას ქალ­ბა­ტონ ეკა ერის­თავს – მა­როს დის შვი­ლიშ­ვილს, ჩემს მე­გო­ბარ ირი­ნა მა­ნი­ას – მა­როს ბი­ძაშ­ვი­ლის შვილ­თაშ­ვილს, დელ­ფ­ტის კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, პი­ა­ნისტ ნი­ნო გვე­ტა­ძეს, წიგ­ნის ილუს­ტ­რა­ტორ თა­თია ნა­და­რე­იშ­ვილს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თან ერ­თა­დაც მო­ნოდ­რა­მა­ზე და წიგ­ნ­ზე ვი­მუ­შა­ვე.

√ ჩვენ გმი­რებს ხში­რად ვა­შო­რებთ ადა­მი­ა­ნურ ემო­ცი­ებ­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბებს, თით­ქოს მათ არ ჰქონ­დათ ოც­ნე­ბე­ბი, არ უყ­ვარ­დათ, არ სტკი­ო­დათ. პი­ე­სა „მა­რო“, ვფიქ­რობ, გმი­რის ახ­ლე­ბურ გა­აზ­რე­ბა­საც გვთა­ვა­ზობს. ისე­თი გო­გოა, ახ­ლაც რომ შეგ­ხ­ვ­დე­ბათ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­შიო, ვკითხუ­ლობთ წიგ­ნ­ში. რო­გო­რი იყო მა­რო?

•  ჩე­მი მა­რო თი­ნე­ი­ჯე­რია, რო­მე­ლიც გმი­რო­ბა­ზე სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­გოა, თა­ვი­სი ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლი. „შე­ვარ­დე­ნის“ წევ­რია, სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, გუ­ლი­თა­დი მე­გო­ბა­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლი. ევ­რო­პა­ში უნ­და სწავ­ლა და მოგ­ზა­უ­რო­ბა, ნამ­დ­ვილ სიყ­ვა­რულს ელო­დე­ბა, წერს და ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა აქვს გეგ­მა­ში. სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. იქამ­დეც კი, სა­ნამ წი­თე­ლი არ­მია თბი­ლისს მო­ად­გე­ბა, მა­რომ იცის, რომ მი­სი ბე­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბედ­საა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბია, არა? მა­რო ყვე­ლა იმ გო­გოს სა­ხეა, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც სჭე­რია დრო­შა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით. თუმ­ცა მე მჯე­რა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე „მა­რო­ე­ბი“ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გა­არ­ღ­ვე­ვენ ჩა­კე­ტილ წრეს და მა­თი ბრძო­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

თათია ნადარეიშვილის ილუსტრაცია

√ მინ­და ვი­სა­უბ­როთ მა­როს დღი­ურ­ზეც, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო ტო­ტა­ლუ­რი ში­ში­სა და უნ­დობ­ლო­ბის სა­უ­კუ­ნეს. პი­ე­სა­ში ვკითხუ­ლობთ, დღი­ურ­ში მას ისე­თი წვრილ­მა­ნე­ბი აქვს აღ­წე­რი­ლი, მთე­ლი ეპო­ქა თვალ­წინ დაგ­ვიდ­გე­ბაო…

•  მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის ოჯა­ხი და გა­რე­მოც­ვა ქმნი­და მა­შინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მა­როს დღი­ურ­ში არა­ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ადა­მი­ანს და მოვ­ლე­ნას ვხვდე­ბით. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ხოლ­მე ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვით და­ნახ­ვა. მა­როს დღი­უ­რი სწო­რედ ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ცხოვ­რე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვია ჩვენ­თ­ვის.

√ წიგნს უძღ­ვ­ნით ქარ­თ­ველ და უკ­რა­ი­ნელ ქა­ლებს, და მათ ბრძო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. მა­როს გარ­და, ვინ არი­ან თქვენ­თ­ვის გა­მოკ­ვე­თი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი, მებ­რ­ძო­ლი ქა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან?

•  სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჩე­მი აზ­რით, გა­სა­ო­ცა­რი ქა­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა. ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­გო­ნე­ბა მი­ნა­დო­რა ტო­რო­შე­ლი­ძეა. მი­ნა­დო­რა, ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე, კა­ტო მი­ქე­ლა­ძე და არა­ერ­თი სხვა ქა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის და გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის ბრძო­ლის მედ­რო­შედ ით­ვ­ლე­ბა, ქუ­თა­ი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში, ახ­ლან­დელ მე-3 სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ, სა­დაც ერ­თი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ვსწავ­ლობ­დი მეც, და მყოფ­ნის სი­თა­მა­მე, ჩე­მი თა­ვი მათ შთა­მო­მავ­ლად მი­მაჩ­ნ­დეს, რო­გორც ფე­მი­ნისტს, რო­გორც ქალს, რო­მელ­საც ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ნას­წო­რო­ბის და ქა­ლე­ბის და გო­გო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უსაზღ­ვ­რო­ბის სჯე­რა.

√ პი­ე­სა­ში ახ­სე­ნებთ ფო­ტოს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დრო­ინ­დე­ლია –  გო­გო­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერ­თი წლის აღ­სა­ნიშ­ნავ აღ­ლუმ­ზე მო­ა­ბი­ჯე­ბენ. ვინ არი­ან ეს გო­გო­ე­ბი, რა ბე­დი ეწი­ათ მათ?

•  ფო­ტო­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა „შე­ვარ­დე­ნის“ წევ­რი გო­გო­ე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი. ეს ალ­ბათ ჩე­მი ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოა. შე­იძ­ლე­ბა, მა­როც მო­ა­ბი­ჯებს მათ შო­რის. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია, რომ ისი­ცაა ფო­ტო­ზე.

„შევარდენის“ მარში თბილისში, 1919 წლის 26 მაისს.
ფოტო გაფერადებულია civil.ge-ს მიერ. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

ამ გო­გო­ე­ბის ღი­მი­ლი და სი­ლა­ღე ყვე­ლა­ფერს იტევს, რაც მიყ­ვარს და რაც ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, რაც ჩემ­თ­ვის თა­ნას­წორ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნას გან­საზღ­ვ­რავს. კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ ვი­ცი, და მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ბე­დი ეწი­ათ. იმე­დი მაქვს, გა­და­ურ­ჩ­ნენ საბ­ჭო­თა ტე­რორს და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, ჩუ­მად, მაგ­რამ სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნებ­დ­ნენ „შე­ვარ­დე­ნის“ დღე­ებს.

√ მა­როს ოც­ნე­ბა პა­რიზ­სა და იტა­ლი­ა­ში სწავ­ლა იყო.

„ვხე­დავ ევ­რო­პის მხრებ­გაშ­ლილ ხე­დებს,

მზე მე­ფე­რე­ბა მწვე­ლი,

მე სხვა მაქვს ბე­დი, მე მინ­და, ვწერ­დე,

მე ხომ პა­რი­ზი მე­ლის.“

ეს „სხვა ბე­დი“ მას რუ­სეთ­მა წა­არ­თ­ვა. რას ეტყო­დით ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც ახ­ლა აქვთ შან­სი, მა­როს ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნონ და ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას ეზი­ა­რონ, რო­გორ შე­ა­გუ­ლი­ა­ნებ­დით მათ?

•  პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვიტყ­ვი, რომ მეც ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი ვარ, მეც ვარ ის გო­გო, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბით ორ­ჯერ ის­წავ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ. ბავ­შ­ვო­ბა­ში, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს 90-იანებს და­ემ­თხ­ვა, ამა­ზე ალ­ბათ ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რამ მომ­ცა ის გა­ნათ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­მაც შემ­დეგ მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გან­საზღ­ვ­რა. ყვე­ლა გო­გოს და ბიჭს ვეტყო­დი, რომ ეს ჩვე­ნი უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის შრო­მის და ბრძო­ლის შე­დე­გად მოგ­ვე­ცა, და ეს მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მათ­განს ეკუთ­ვ­ნის, არ უნ­და დავ­თ­მოთ.

√ რო­გორ ფიქ­რობთ, რა იქ­ნე­ბო­და ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც მა­რო აქ და ახ­ლა, თა­ნა­მედ­რო­ვე, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდგარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ი­მე­ო­რებ­და?

•  „თა­ვი­სუ­ფა­ლი ქა­ლი თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ – ალ­ბათ ამას(აც) იტყო­და, გარ­და მი­სი უფ­რო ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი­სა „გა­ვი­მარ­ჯ­ვებთ სა­ხე­ლოვ­ნად“, რო­მელ­მაც ახა­ლი სი­ცოცხ­ლე შე­ი­ძი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები