სოხუმის ერთ-ერთ სამშობიაროში დავიბადე, 22 წლამდე აფხაზეთის უმშვენიერეს სოფელში – ოდიშში ვიზრდებოდი, სკოლაც იქ დავამთავრე, მერე სწავლა სოხუმის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე. დასრულება ვერ მოვასწარი, ომმა დამასწრო… იმის შემდეგ ორად გახლეჩილი ცხოვრებით ვცხოვრობ – აფხაზეთამდე და აფხაზეთის შემდეგ, რთული, დამთრგუნველი ცხოვრებით, ხშირი დაღმართებით.
ამ ურთულეს გზაზე ხშირად უეცარი გამონათებებიც ყოფილა, მაგრამ ტვირთი, რომელიც რუსულმა აგრესიამ აგვკიდა, ვერ და არ მსუბუქდება. ვფიქრობ, ეს სამუდამოა, სამუდამო და ღრმად ფესვგადგმული. ბევრი წლის შემდეგაც (მართალია, ახლა ნაკლები ინტენსივობით), თითქოს ნორმად ქცეული ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება – სახლის დატოვების ეპიზოდი: უცებ დაწყებული სროლა, დამფრთხალი ადამიანების თვალები, სამხედრო ვერტმფრენების სულის შემძვრელი ხმაური… ვეძებ ნივთებს წამოსაღებად, რომელთა შორის ყოველთვის არის წნევის საზომი აპარატი, რომელიც 82 წლის ბაბუს განუყოფელი ატრიბუტია, ყვითელი ჩემოდანი, რომელშიც თბილ ტანსაცმელს ვტენი (სიზმარში ვიცი, რომ სვანეთის უღელტეხილზე სიცივით გათოშილებს დაგვჭირდება), დედას ნაჩუქარ პატარა ციმციმა ვერცხლის საყურეს, რომელიც სკოლა რომ დავამთავრე მაშინ მიყიდა (იქ დამრჩა), სიზმარში ვპოულობ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ… ყვითელ ჩემოდანში ვტენი რამდენიმე პურს (სიზმარში მახსოვს, ბაბუ, 25 დღის განმავლობაში, ვიდრე აფხაზეთის სვანეთის ტყეებს თავს ვაფარებდით, ძალაწართმეული ხმით ხშირად როგორ გვთხოვდა პურს…) და ერთ წყვილ ფეხსაცმელს, რომელშიც წყალი და ტალახი ვერ შეაღწევს, რადგან ესეც მახსოვს სიზმარში, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ფეხშიშველა აღმოვჩნდები დაკიდულ აღმართზე მიმავალი უღელტეხილის ურთულეს გზაზე, სადაც ტალახი რუსავით მოედინება… სხვა ნივთებს მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ… ბაბუს ხელს ვკიდებთ და მივრბივართ, მივრბივართ იმ მხარეს, სადაც არ გვესვრიან და არ გვბომბავენ…
„გრადების“ გრუხუნით გაყრუებულები უკან ვიტოვებთ ეზოს, სახლს, უბანს, ნელ-ნელა წინ მივიწევთ და კელასურამდე ვაღწევთ, სადაც ჯერ „მშვიდობაა“ და მეგობრის ოჯახს თავს ვაფარებთ… ეს კოშმარული სიზმარი აქ წყდება, რეალობაში კი გრძელდება, გრძელდება, რადგან სინამდვილეა…
არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ამ უმძიმესმა მოგონებებმა დატოვოს ჩემი ცნობიერი? ალბათ არასდროს, ეს მართლა სამუდამოა!
სოხუმის დაცემის დღეს, ტრადიციულად, იარები იხსნება, ყელში გაჩრილი სიბრაზე მახრჩობს და მხოლოდ იმას ვფიქრობ – ეს მართლა გამოვიარე? მაგრამ ჩემს გონებაში კადრებად ქცეული ომის ფრაგმენტები ყველაზე დიდი მტკიცებულებაა – დიახ! ეს ჩემი ამბავია!
რა შეცვალა წლებმა? ომის შემდეგ თაობები გაიზარდა, რომელთაც უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ მშობლების ან ბებია-ბაბუების ქალაქთან, სოფელთან. თაობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი მოყოლილი ამბებით იცნობენ აფხაზეთს, იციან, რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის თარიღია. და მაინც, რა იცის ახალმა თაობამ აფხაზეთის შესახებ? აინტერესებთ ინფორმაცია აფხაზეთის ომზე? მაგალითად, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა რუსულმა აგრესიამ ან რამდენი ადამიანი აქცია საკუთარ ქვეყანაში დევნილად? იციან თუ არა ვინ არიან აფხაზეთის ომის გმირები? ყველაზე ხშირად ვისგან ან საიდან იღებენ ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ და რა როლი აქვს ამ საქმეში სკოლას?
ამის გასარკვევად აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებთან ჩავწერეთ ინტერვიუები. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი დეტალი გამოიკვეთა. ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერს სოხუმის დაცემის დღეს ვუძღვნით და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაიცნოს თაობა, რომელიც აფხაზეთის გარეშე იზრდება – ეს მათი ამბავია. /ლალი ჯელაძე/
აფხაზეთი და ახალი თაობა
მეგი ცობეხია, სსიპ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა, მამა გალელია, დედა კი – სოხუმელი. დაკარგეს სახლი, მეგობრები, ცხოვრება… დედისგან მუდმივად მესმის ისტორიები, თუ როგორ ჩაანაცვლა ქვიშიანი სოხუმის სანაპიროს ზღაპარი საერთო საცხოვრებელმა, პალმები და მაგნოლიები – უცხო ქუჩებმა.
რთულია, რამდენიმე აბზაცში მოვუყარო თავი ისტორიას, თუ როგორი იყო ერთი დევნილი ოჯახის ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ. აფხაზეთიდან დევნილი ხალხის ისტორიები გულის ამაჩუყებელი და სევდიანია. ბოლომდე ვერასდროს გადმოვცემ იმ ყოველდღიურ ტკივილსა და სირთულეს, რომელიც დევნილებმა სინამდვილეში გამოვიარეთ. ტკივილი გამოწვეულია სახლის დაკარგვით, მშობლიური გარემოსგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან შორს ყოფნით. ჩემი ოჯახის ისტორიაც ასეთია, ტკივილით, სევდითა და ნოსტალგიით სავსე.
დედაჩემი ხშირად იხსენებს იმ დღეს, როდესაც მოესმა სულის შემძვრელი სიტყვები — „სოხუმი დაეცა!“, იმ წუთიდან გაჩერდა დრო… გაიყინა, გაქვავდა ირგვლივ ყველაფერი.
„რა ვქნათ?!“, „ბავშვებს მიხედეთ!“, „იჩქარეთ!“ — ეს სიტყვები, ახლაც ყურში ჩაესმის დედას. იხსენებს, როგორ გარბოდნენ უკანმოუხედავად, ტოვებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე ნალოლიავებ სახლ-კარს, რომელშიც უდიდესი შრომა, სიყვარული და სითბო ჰქონდათ ჩადებული. ტოვებდნენ ყველაფერს, რადგან მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდნენ.
აფხაზეთი ჩემთვის ყველაფერია… ტკივილი და სიხარული, უბედურება და ბედნიერება, უიმედობა და მომავლის იმედიც…
…აფხაზეთი ჩემი მოუშუშებელი იარაა.
სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ჩემს ცხოვრებაში. აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის კედლებიდან საგზლად თან მიმაქვს ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული, ერთგულებისა და სიკეთის კეთების ნიჭი.
გმირობის უამრავ მაგალითს ინახავს აფხაზეთის ომი. ჩვენი დროის გმირების ამბავი 1993 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ჟიული შარტავამ, თანამებრძოლებთან ერთად, სამშობლოსათვის თავი გასწირა. არ შეიძლება ჩვენი გმირები წარსულს ჩავაბაროთ, ისტორიის ფურცლებს მივანდოთ.
გმირების თავგანწირვა სამშობლოს გაერთიანების საწინდარია. ვამაყობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება. ბევრი აფხაზი ნათესავი, მეგობარი გვყავს და სწორედ ამიტომაც არასოდეს დამიმალავს, რომ ვარ დევნილი აფხაზეთიდან. ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება – ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით.
არ უნდა დავივიწყოთ და არც ჩვენს მომავალ თაობას დავაკლოთ შთაგონება იმისა, რომ ეს ძირძველი კუთხე ჩვენია და ისტორია ამის ნებას არ მოგვცემს! მუდმივად უნდა ვიფიქროთ და ვემზადოთ სამშობლოს გასაერთიანებლად.
ჩემს გულში აფხაზეთის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ წლები და თაობები ვერ გაანელებს ამ გრძნობას.
ჩემი სურვილია, ოდესმე, აფხაზეთის მიწაზე მეც დავდგა ფეხი და აფხაზ თანატოლებთან ერთად, გავისეირნო სოხუმის ქვიშიან სანაპიროზე.
ნანო ცაავა, სსიპ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე
აფხაზეთის ომის შესახებ ისტორიის მოსმენა, როგორც რიგითი ქართველისთვის და ამავდროულად დევნილისთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ მიწევს რეალობასთან შეგუება. ჩემი ოჯახის რეალური ისტორია ასეთია: მშობლები აფხაზეთიდან არიან. მათი ფერადი ცხოვრება აფხაზეთში ნაცრისფერი გახადა 1992 წლის 17 აგვისტოს დაწყებულმა საბედისწერო ომმა. დედაჩემი ჯერ კიდევ მე-6 კლასში სწავლობდა, როდესაც მოუწია აფხაზეთის დატოვება და ცხოვრების გაგრძელება ზუგდიდში, ხოლო მამაჩემი, ამ პერიოდში, რუსეთში სტუდენტი იყო. რუსმა ჯარისკაცებმა მისი სახლი აფხაზეთში მიწასთან გაასწორეს. იქ გაჩერება ბებიას და ბაბუას აღარ შეეძლოთ და საცხოვრებლად ქალაქ ჯვარში გადავიდნენ.
აფხაზეთი საქართველოს რეგიონი და, ისტორიულად, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილია. აფხაზეთის ომს ბევრი ქართველი შეეწირა. 30 000 ჯარისკაცი და 1720 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა 300 000-ზე მეტი აფხაზეთში მცხოვრები ქართველი.
ძირითადად, ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ ოჯახიდან ვიგებ. მშობლები მიყვებიან დაღუპული ახლობლების ისტორიებს, იმ მძიმე კადრების შესახებ, რაც მათ თვალწინ მოხდა. ბებია იხსენებს იმ ტრაგიკულ მომენტებს, რომელიც მისი მეხსიერების ამოუშლელი მოგონებაა. როგორც ყველა დევნილს, მათაც მოუწიათ დიდი გზის გავლა სიცოცხლის გადასარჩენად. ამ გზის გავლისას გადალახული სირთულეების შესახებ ჰყვება და მეც წარმოვიდგენ მათ ადგილას თავს. არა მარტო მშობლებს, არამედ სკოლასაც მიუძღვის წვლილი აფხაზეთის ისტორიის გაცნობაში. ყოველი წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს, როცა ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, სკოლაში მასწავლებლები, რომლებიც თავადაც დევნილები არიან, გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს და გვახსენებენ აფხაზეთის ომის გმირებს.
აფხაზეთის ომში ბევრი ქართველი ვაჟკაცის სისხლი დაიღვარა და დღეს ჩვენთვის ისინი გმირები არიან. აფხაზეთის ომის გმირებიდან ჩემთვის ცნობილია: ზურაბ იარაჯული, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, გიორგი ყარყარაშვილი, ტარიელ მიქელაძე. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანების, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ისინი მუდამ დარჩებიან საქართველოს ისტორიაში და საზოგადოების მეხსიერებაში.
ჩემი თაობის ახალგაზრდებს, უმეტესწილად, არ აქვთ კონტაქტი მშობლების ან ბებია-ბაბუების ქალაქთან, სოფელთან. თუმცა, მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ ვესტუმრო აფხაზეთს. აფხაზეთში ჩასვლისას ვიაზრებ თუ რამდენად იღბლიანი ვარ, რომ მეც ამ მიწას ვეკუთვნი და ჩემი ფესვები აქაა. ზაფხულობით ვსტუმრობ აფხაზეთის სხვადასხვა რეგიონს.
ჩემი წარმომავლობა არასდროს ყოფილა დაბრკოლება, არასოდეს შემქმნია უხერხულობა იმის გამო, რომ დევნილი ვარ. დევნილი არ ნიშნავს იმას, რომ ჩემმა ოჯახმა თავისი ნებით მიატოვა აფხაზეთი, ისინი იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ აფხაზეთი.
აფხაზეთი გამოირჩევა თავისი ბუნებრივი სილამაზითა და მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით, მაგალითად: რიწის ტბა, ათონის გამოქვაბულები, გაგრის სანაპირო, ლიხნის ტაძარი, ბზიფის ხეობა, სოხუმის ბოტანიკური ბაღი…
ვფიქრობ, წლები და თაობები არა თუ დაგვაშორებს აფხაზეთს, არამედ მტკიცე კავშირს შექმნის ჩვენ შორის. მონატრება სიყვარულს კი არ ახუნებს, არამედ ამძაფრებს. ახალმა თაობამ უნდა შევძლოთ აფხაზეთის დაბრუნება და ამას შევძლებთ, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებით. სურვილები და მიზნები ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემი მთავარი სურვილია, დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი, აფხაზეთი.
ელიზავეტა ბესელია, სსიპ აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე
აფხაზეთის ომის შემდეგ, ჩემს ოჯახს სახლის დატოვება და დევნილად ჩაბარება მოუწია. მახსოვს, ბებიაჩემი მიყვებოდა, როგორ იპარებოდნენ სახლიდან და თავს ტყეს აფარებდნენ. მიზიარებდა იმ საზარელ ემოციებს, რომლებსაც ყოველი გასროლისას განიცდიდნენ. დედაჩემის და მამაჩემის ოჯახები, ორივე აფხაზეთში, ოჩამჩირეში ცხოვრობდა, მაგრამ ომის შემდეგ საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდნენ, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ, თუმცა ამაოდ.
ვიცი, რომ აფხაზეთი ძალიან ლამაზი იყო და ტურისტიც ბევრი ჩადიოდა. აფხაზეთის ომის შესახებ მაქვს ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მაინტერესებს კიდევ ბევრი რამ ვიცოდე, ვიცი რომ ამ ომმა 30 000-მდე ადამიანი შეიწირა და 300 000-მდე მოსახლე დევნილად აქცია.
ყველაზე ხშირად აფხაზეთზე ინფორმაციას ოჯახში ვისმენ, მაგრამ ასევე დიდი როლი აქვს ჩვენს ინფორმირებაში სკოლას, ვინაიდან მე სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა სახის სასკოლო და გასვლითი ღონისძიებები აფხაზეთთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენ, მოსწავლეები, ვიგებთ ისტორიებს აფხაზეთზე, აფხაზეთის ომზე, ომის გმირებზე, აფხაზეთის კულტურაზე, ტრადიციებზე. დაუსწრებლად ვეცნობით ღირსშესანიშნაობებს.
აფხაზეთის ომის გმირებიდან მახსენდება ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, გენო ადამია.
მახსოვს ბებიაჩემის მონაყოლი აფხაზეთის ომის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბებია აფხაზია, ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სახლი და გამოქცეულიყო ენგურს გამოღმა, რის შემდეგაც, ქუთაისში, სრულიად არაფრიდან დაიწყეს თავიდან ცხოვრება.
ბებიაჩემი სახლში მუდამ საუბრობს ოჩამჩირესა და სოხუმზე. ხშირად მაჩვენებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს და ჰყვება ისტორიებს, რომლებიც მათ უკავშირდება. ეს ყველაფერი კი, დაახლოებით, თვეში, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ხდება.
ბევრჯერ მინახავს, ადამიანს რცხვენია, რომ დევნილია და ამას მალავს. მე არ მრცხვენია დევნილობა, მაგრამ მაწუხებს ის ფაქტი, რომ მქვია დევნილი. რა თქმა უნდა, სახარბიელო არაა დევნილობა, მაგრამ ეს ხომ ჩვენი სურვილით არ ხდება, ამიტომ ამაში დასამალიც არაფერია.
ვიცი, რომ აფხაზეთს უამრავი ღირსშესანიშნაობა აქვს, როგორიცაა: ახალი ათონის მღვიმე, სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რიწის ტბა, ბედიის მონასტერი და სხვა მრავალი.
ვფიქრობ, წლები და თაობები ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას აფხაზეთთან, თუ ჩვენ არ დავივიწყებთ მას. შეიძლება მის მიმართ სიყვარული ისე ვერ გამოვხატოთ, როგორც განვიცდით, მაგრამ მუდამ ჩვენს გულში იქნება. აფხაზეთი რომ არ დაგვავიწყდეს, თაობიდან თაობამ უნდა გაიგოს იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილია აფხაზეთის დაბრუნება და მის ქუჩებში თავისუფლად სეირნობა, მეგობრებთან ერთად, იმის იმედით ყოფნა, რომ ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს ჩვენს მიწა-წყალს. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი არაა და ყველას დიდი ოცნებაა იმის დამტკიცება, რომ აფხაზეთი საქართველოა!
შალვა ხარძეიშვილი სსიპ აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩემი ოჯახი ცხოვრობდა გაგრის რაიონში, დაბა ლესელიძეში. როგორც ისინი იხსენებენ, პირველი დარტყმა გაგრას განუცდია. მათ იმედი ჰქონიათ, რომ ლესელიძემდე მტერი ვერ მოაღწევდა და სახლის დატოვება არც უფიქრიათ. ბაბუაჩემი, რეზი ხურციძე, ასმეთაური იყო მხედრიონში, მას გაუფრთხილებია სოფლის მოსახლეობა მოახლოებული საშიშროების შესახებ და ამის შემდეგ დაცლილა სოფელი. ბებია კი მედდა იყო და დაჭრილებს ეხმარებოდა საზღვარზე გადმოსვლის ბოლო წუთამდე.
უფროსების, მასწავლებლების და მშობლების მონათხრობიდან, ასევე, ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ვიცი, რომ აფხაზეთი გამორჩეული, ულამაზესი მხარეა დიდი სანაპიროთი, პალმებით და ცაში თოლიებით. ლურჯი ზღვა და ტალღები, როგორიც აფხაზეთშია, იშვიათი სანახავია თურმე.
ომის შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაინტერესებს და ბევრი რამ ვიცი კიდეც, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დამსახურებით. აფხაზეთის ომში, რუსული აგრესიის შედეგად, დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
ყველაზე ხშირად სწორედ სკოლიდან ვიღებ ინფორმაციას, ტარდება მრავალი ღონისძიება, რომელთა დამსახურებითაც, ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენი სკოლა ჟიული შარტავას სახელს ატარებს. მეამაყება, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარ.
აფხაზეთის ომის გმირები არიან: ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია. ჩემთვის კი ყველა უსაფლავოდ დარჩენილი მეომარი ბიჭებიც, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, გმირები არიან.
ჩემთვის ყველაზე ემოციურია ჩემი მშობლების მოგონებები, რა ტკივილით იხსენებენ ისინი იმ საშინელ მოვლენებს და დროს, როდესაც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი.
დედას არ უყვარს ამ შემზარავ ამბავზე საუბარი, თუმცა, თვეში 2-3 ჯერ მაინც, ახსენებს აფხაზეთს.
აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებიდან ვიცი სოხუმის ბოტანიკური ბაღი, ახალი ათონის მღვიმე, რიწის ტბა, ბესლეთის ხიდი, ბედიის მონასტერი, სადაც ჩვენი მეფე, ბაგრატ მესამეა დაკრძალული.
მოვა დრო, გაივლის წლები და სიყვარული, რაც აფხაზებთან გვაკავშირებდა, უფრო გაღვივდება და ეს კუთხე მის მშობელ დედას, საქართველოს დაუბრუნდება და რაც უფრო მალე მოხდება ეს ყოველივე, მით უკეთესია.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, გამთლიანდეს საქართველო და აფხაზებთან, ოსებთან ერთად ვიზრუნოთ მისი გაბრწყინებისთვის.
ნატა ბენდელავა სსიპ აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მოსწავლე
აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილია, მით უმეტეს ჩემი, რადგან ჩემი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან და, რა თქმა უნდა, მეც. ჩემი ოჯახის ისტორია სევდანარევია, გულში ყველას მძიმე ჭრილობა გვაქვს. ეს ჭრილობა აფხაზეთის დაკარგვითაა გამოწვეული. სევდა იმდენად დიდია, რომ ამ ფურცელზე ვერ დაეტევა, ვერც ჩვენს სულიერებაში ეტევა იგი…
აფხაზეთი ჩემთვის საოცნებო სამოთხეა: მისი ბუნებრივი სილამაზე, ისტორია ჩემი ბავშვური ცხოვრებისთვის მიუწვდომელია. ეს მიუწვდომლობა კი ჩემში წარმოშობს უდიდეს სურვილს, მასზე ყველაფერი ვიცოდე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის მიწა, რომელიც გაჟღენთილია თავდადებული ქართველების სისხლით, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს თავიანთი ლამაზი კუთხის დასაცავად. გმირებს შორისაა ალექსანდრე გიორბელიძე, როინ შამუგია, შაქრო ხვიჩია, ბესარიონ აბულაძე, ზურაბ ჯიდოშვილი და უამრავი სხვა. ამ ახალგაზრდებმა სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების შესაშური მაგალითი გვიჩვენეს.
ყველაფერი მაინტერესებს აფხაზეთთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ოჯახის ყოველდღიური, მტკივნეული, მაგრამ თითქოს აუცილებელი თემაა აფხაზეთში მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენები. ხშირად ვიღებ ინფორმაციას ახლობლებისგან, თანაკლასელებისგან, ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, მათ ისტორიებს, სკოლაში ვატარებთ კვირეულებს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, ვანთებთ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ სანთლებს, წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მადლობას ვუხდით ღირსეული, გმირული საქციელისთვის.
ჩემთვის მტკივნეულია სოხუმის დაცემის დღის აღნიშვნა. 27 სექტემბერს მივდივართ ენგურის ხიდზე და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობას. ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაზე გამიჩნდა იდეა, დამეხატა „მზის ჩასვლა სოხუმში“. ნახატი დაუსრულებელია. ჩემი ოცნებაა, ის სოხუმში დავასრულო, სწორედ მზის ჩასვლის წუთებში.
აფხაზეთთან დაკავშირებით ბევრ ემოციით სავსე მოგონებას ინახავს ჩემი ოჯახი, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულად მახსენდება ბებიის ნაამბობი, თუ როგორ შეუბრალებლად გადაწვა ქართველი მოსახლეობის სახლები და ეზოები შემოსეულმა უგუნურმა მტერმა. ბაბუა, თურმე, შორიდან მდუმარედ უყურებდა, როგორ იფერფლებოდა მტრის დანთებულ ცეცხლში თავისი მრავალწლიანი შრომით აგებული სახლი. რა თქმა უნდა, მისთვის მძიმე და ტკივილიანი იყო ამ სურათის ცქერა. აცრემლებული ბებია იხსენებდა, როგორ მივიდა მალულად დანაცრულ სახლთან ბაბუა, გარუჯულ კედელს აკოცა და სინანულით უთხრა: „ეს ჩვენი განშორებაა, მაგრამ, თუ მე არა, შენი გაზრდილი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად დაგიბრუნდებიან“. ბაბუა ამაზე დარდით და ოცნებით გარდაიცვალა.
მე არ მრცხვენია მერქვას დევნილი, მე ხომ ყველაზე ლამაზი კუთხიდან, რეალური სამოთხიდან ვარ, ბოროტი ძალებით გამოდევნილი, მაგრამ რწმენით, რომ იქ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან ვის უნდა დავუთმო მშვენიერი წალკოტი: რიწის ტბა, ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი, გეგის ჩანჩქერი, ხეობას ჩაკიდებული თოვლიანი უფსკრულები, ახალი ათონი და კიდევ ბევრი, ბევრი ულამაზესი სანახაობა.
რთულია ქართველის გულში ჩააქრო აფხაზეთის სიყვარული. პირადად მე, რაც დრო გადის, მით უფრო მიცხოველდება აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ბაბუასთვის მიცემული პირობა ყოველთვის მახსენებს, რომ უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ არა ომით, არამედ ურთიერთგაგებით, შენდობითა და თანაზიარობით.
დაბრუნებაზე ფიქრი მიქმნის წარმოსახვით იდილიას: აწალკოტებულ სოხუმში ზღვის ნაპირას ვზივარ, თოლიების კივკივი ახმაურებს სანაპიროს, ზღვა აქაფებულ თეთრ ტალღებს მიგზავნის, ჩუმი შრიალით თითქოს მილოცავს შინ დაბრუნებას. ანძაზე ჩვენი თეთრი ხუთჯვრიანი დროშა სამშვიდობოდ ფრიალებს, ხელში მოლბერტი მიჭირავს და სიამოვნებით შევცქერი ზღვის ზედაპირზე აკიაფებულ მზის სხივებს. მზე მშვიდად, მშვიდად ეშვება წყალში და მე ვისრულებ დიდი ხნის ოცნებას, ვამთავრებ სურათს – „მზის ჩასვლა სოხუმში“…
მარიამ ჯონჯუა, სსიპ აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მოსწავლე
მე ოქუმელი ვარ, ისევე როგორც მამაჩემი. ჩემმა ოჯახმაც დიდი ტკივილიანი გზა გამოიარა, როგორც დევნილთა უმეტესობამ, მაგრამ ჩვენ მატერიალურზე დღემდე არ ვსაუბრობთ, რადგან ადამიანური მსხვერპლი გავიღეთ. ჩვენი ოჯახის ორი წევრი – მამაჩემის ბებია და ბაბუა, 1993 წლის 4 ოქტომბერს, ჩვენივე ეზოში ჩაცხრილეს. სახლის კედლებს დღესაც ეტყობა იმ ტყვიების კვალი, მათ სხეულებში რომ გაიარა.
აფხაზეთში ჩემი სახლია. განა შეიძლება არ მახსოვდეს ჩემი სოფელი, ოქუმი, ერთ დროს სამურზაყანოს ცენტრი, სადაც საფუძველი ჩაეყარა პირველ საერო სასწავლებელს (1851წ). ომმა აფხაზეთში 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.
აფხაზეთის შესახებ ვიგებ როგორც სახლში, ასევე სკოლაში. აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა თუ კლასის საათებისთვის მზადების პროცესში, ვამუშავებთ უამრავ მასალას, ვათვალიერებთ ფოტო-ვიდეომასალას. ეს გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხარე.
აფხაზეთის ომის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენი ექვს ადამიანს მიენიჭა: ჟიული შარტავას, ზურაბ იარაჯულს, ავთანდილ იოსელიანს, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და მამია ალასანიას. ჩემი აზრით, გმირია ყველა ის მებრძოლი, რომელიც შიშველი ხელებით იცავდა საკუთარ მიწა-წყალს და შეეწირა მის დაცვას.
ჩემთვის ემოციურია ყველა იმ ზაფხულის გახსენება, რომელიც ბავშვობაში აფხაზეთში გამიტარებია ძმებთან და თანატოლებთან ერთად.
ყველას თავისი წილი აფხაზეთი აქვს და მას ეთაყვანება. ჩემი სათაყვანო ოქუმია, რომელთანაც დღეს მხოლოდ ვირტუალური კავშირი მაქვს (აფხაზეთში მცხოვრებ ბებია-ბაბუასთან ზარი ყოველდღე „სავალდებულოა“).
არასდროს დამიმალავს, რომ დევნილი ვარ.
ჩემთვის აფხაზეთის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ილორის წმინდა გიორგის ეკლესია და ბედიის ტაძარი.
წლები და თაობები ვერ დაგვაშორებს აფხაზეთს, სანამ მშობლები შვილებს აფხაზეთზე მოუყვებიან, სიყვარული არ გახუნდება. ვოცნებობ – ნეტავ, დაგვიბრუნდეს ნაპირი!
ლიზი ქარაია, სსიპ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე
მამაჩემი – დავით ქარაია აფხაზეთიდანაა. ამ ულამაზესი კუთხის, საკუთარი კარ-მიდამოს დათმობა მოუწიათ ჩემი ოჯახის წევრებს, 300 000 ათას ქართველთან ერთად, რუსული აგრესიის წყალობით.
ოჯახში გამუდმებით ახსენებენ აფხაზეთს. იქ გატარებულ წლებს. გარდა ოჯახისა, ჩემი ინფორმაციის წყაროა სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლა, სადაც ვსწავლობ. სკოლაში თითქმის ყველა აქტივობა აფხაზეთს უკავშირდება.
უამრავი გმირი ჰყავდა აფხაზეთის ომს. ყველაზე ტრაგიკული ბედის მატარებელი ჟიული შარტავა მგონია. თითოეული აფხაზეთიდან დევნილი გმირია, რადგან ნამდვილი ომი და ბრძოლები, ომის შემდეგ, ფიზიკური არსებობის გადასარჩენად მოუწიათ.
თუ კი ბავშვობა ის სამოთხეა, საიდანაც ვერავინ გაგვაძევებს, ჩემი ოჯახის სამოთხე აფხაზეთია და ნებისმიერი ლამაზი მოგონება მას უკავშირდება.
მე არ მინახავს აფხაზეთი, მაგრამ ყოველდღე ვხედავ ჩემი ოჯახის წევრების მონათხრობში, ემოციაში, საქციელში. ნებისმიერი საკითხი აფხაზეთთან ასოცირდება და ყველაზე ლამაზ ქალაქებს ხშირად ადარებენ სოხუმს, გაგრას, ოჩამჩირეს…
არასდროს დამიმალავს ჩემი წარმომავლობა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იგივეა, რაც საკუთარი თავის ღალატი.
აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებიდან ჩემთვის ცნობილია: ახალი ათონის მღვიმე, რიწის ტბა, გაგრის, ბიჭვინთისა და ბედიის მონასტერი, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, სოხუმის ბოტანიკური ბაღი და სხვა.
წლები სასტიკია. თუ კი დროულად არ მოხდება ჩვენი აფხაზეთში დაბრუნება, მგონია, ცოტა გაგვიჭირდება. სიყვარული არ ხუნდება, მაგრამ ეს, ცალმხრივი სიყვარულივით, სატანჯველად გვექცევა.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, სწორედ რომ, საოცნებო აფხაზეთში დაბრუნებაა.
მაგდა გაბისკირია, სსიპ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე
ვიცი, რომ აფხაზეთი საქართველოა და ოდითგანვე მისი განუყოფელი ნაწილი იყო. უკვე 30 წელზე მეტია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო ასეთი დიდი აგრესიის მიზეზი და რამ გამოიწვია 300 000-მდე ადამიანის მიერ საკუთარი სახლ-კარის მიტოვება. თუმცა, სრულყოფილი პასუხი დღემდე არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვიცი რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შესახებ.
ძირითადად, ოჯახი და სკოლა არის ის წყარო, საიდანაც ვიღებ ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ. გარდა ამისა, ხშირად ვუყურებ ამ თემაზე გადაცემებს. ყველა სახის ინფორმაცია, რაც კი აფხაზეთს უკავშირდება, ჩემთვის უპირობო ინტერესს წარმოადგენს. ჩემთვის ცნობილია უამრავი გმირის შესახებ, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გაწირეს თავი. გამოვყოფდი ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას. გარდა ამისა, კიდევ ბევრი უსახელოდ დაკარგული გმირი შემოუნახა ისტორიამ მომავალ თაობებს. ჩემი ოჯახის წევრების ყველაზე ემოციური მოგონება იმის გახსენებაა, თუ როგორი ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ აფხაზეთში… როგორ დაუნგრია რუსულმა აგრესიამ მომავალი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.
მე აფხაზეთი არ მინახავს, მაგრამ ჩემ ირგვლივ ოდნავი ნიავის გატოკებაც კი მასთან ასოცირდება. სამშობლოდაკარგული, უამრავტკივილგამოვლილი ბებია აფხაზეთზე საუბარს ოხვრით დააყოლებს ნაღვლიან სიტყვებს: „თითქოს ზღვაურმა დაუბერა გულრიფშის სანაპიროდანო“…
ჩემი არსებობის ყველაზე დიდი გამართლება აფხაზეთელობაა და მინდა, ჩემს ცხოვრებას ლეიტმოტივად უძღოდეს სიტყვები: „აფხაზეთი საქართველოა! ჩვენ დავბრუნდებით!“
მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, იმ ჭრილობას, რომელიც აფაზეთის დაკარგვამ გამოიწვია, სისხლი დღესაც სდის და ის მარადიული ცეცხლივითაა, რომელიც ოლიმპოს მთაზე გიზგიზებს.
არასდროს, არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ მოშუშდება. თუკი ნამდვილი სიყვარული მარადიულია, ჩვენი აფხაზეთისადმი გრძნობაც გაუხუნარია!
ყველაზე მეტად იმ აფხაზეთის ნახვა მინდა, რომელიც ჩემი მშობლების თვალებშია, როცა მასზე საუბრობენ… იმ აფხაზეთის ნახვა მინდა, რომელმაც ასეთი ძლიერი და ამტანი თაობა გაუზარდა საქართველოს. შერიგება მინდა, სიყვარული მინდა… გულში ჩავიხუტებდი და ვეტყოდი: გიღებ ისეთს, როგორიც ხარ! მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ…
მარი ქარდავა, სსიპ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩემთვის აფხაზეთი საქართველოს ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხეა, ადგილი, რომელიც მდიდარია თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ღრმა ისტორიითა და თვალისმომჭრელი გარემოთი, ყველა ქართველის დიდი გულის ტკივილი, მონატრებული კუთხე ჩვენი ქვეყნისა. ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ბებია მიყვებოდა აფხაზეთზე… ლამაზი, მუდამ მზიანი მხარე, რომელიც დღესდღეობით ქართველებისთვის შეუღწევადია. მისთვის ემოციური იყო მშობლიური მიწა-წყლის დატოვება. აიძულეს იმ ადგილიდან წასულიყო, რომელსაც თავისი ძალა და ღონე შეალია. იქ, აფხაზეთში, დატოვა ბავშვობა, ბედნიერი წლები. რუსი აღვივებდა სიძულვილს ქართველებსა და აფხაზებს შორის. აწამებდა სასტიკად ქალებსა და ბავშვებს. როდესაც მასწავლებლები, ახლობლები იწყებენ იმ ამბის გახსენებას, რაც აფხაზეთში მოხდა, ყველას თვალზე ცრემლი ადგება. გვიყვებიან გმირების საარაკო ისტორიებს: ჟიული შარტავა, რომელიც გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში; გურამ გაბესკირია — მას მოწინააღმდეგეებმა მოსთხოვეს დაჩოქილიყო, პატიება ეთხოვა და ქართველებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რაზეც უპასუხა „არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ!“. იგი, იმავე დღეს, მთავრობის წევრებთან ერთად, დახვრიტეს; ვახტანგ გიგაური, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის, გურამ ბერიაშვილი და ა.შ. მე, როგორც დევნილი ოჯახის შვილი, გულით ვატარებ აფხაზეთის სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, მშობელთა მონათხრობით, ჩემი სიყვარული ამ მიწისადმი გამძაფრდა და, შესაბამისად, მეამაყება, რომ ვარ ამ დალოცვილი კუთხის შვილი. არასდროს დადგება ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც შემრცხვება ვთქვა, რომ მე აფხაზეთიდან ვარ! მჯერა გამოსავალი სიყვარულშია. სწორედ, ის გააქარვებს სიძულვილსა და უნდობლობას, რადგან რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს. მოვა დრო და ასრულდება ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – ჩვენ დავბრუნდებით!
ჯენიტა ქარდავა, სსიპ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლე
აფხაზეთი… სამოთხე დედამიწაზე… მონატრების სიმბოლოდ ქცეული. ახალი თაობისთვის მტკივნეული და რთული წარმოსადგენია სადღაც შორს, ზღვაში ჩაძირული ქალაქები თუ სოფლები. 1992-1993 წლებში მიმდინარე საშინელებამ მოიტანა დროებით წართმეული, ოკუპირებული ჩვენი „სულის ქვეყანა“. ავადსახსენებელი 13 თვე და 13 დღე… სიცივე, შიმშილი, ცრემლი, ტკივილი, გაუცხოება… გოლგოთად წოდებული ჭუბერის გზა… ათასობით შეწირული სიცოცხლე… სამშობლოს შეწირული გმირები: ჟიული შარტავა, ირაკლი ამირეჯიბი, ზაურ თოდუა, ნუგზარ გვრიტიშვილი და სხვა უსახელო გმირები. ვფიქრობ, წლები და თაობები კი არ გვაშორებს, გვაახლოებს კიდევაც ჩვენს ძვირფას კუთხეს. სიყვარული არ ხუნდება! პირიქით, თაობებთან და წლებთან ერთად, იზრდება, გამოსავალიც, იმედიც და გამარჯვებაც სწორედ მასშია, რადგან ვიცით და ბევრჯერაც დამტკიცებულა, რომ — „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. მოვა დრო, ქართველები დავბრუნდებით აფხაზეთში და აფხაზებთან ერთად, როგორც წარსულში, ერთურთის სიყვარულით ავაშენებთ მშვიდობიან საქართველოს! სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ვსწავლობთ აფხაზურს, რათა მტრობით დანგრეული, სიყვარულით ავაშენოთ ჩვენ თანამოძმეებთან ერთად!
დამიმალავს თუ არა, რომ დევნილი ოჯახიდან ვარ? დასამალი რა მაქვს?! მე სწორედ იმით ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ულამაზესი კუთხიდან და მქვია ქართველი! ასეთ დროს, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ, უდიდესი სიამაყეა დასამალი… ჩემი დიდი სურვილია საქართველო ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი ვიხილო! „აფხაზეთი საქართველოა“.
გვანცა ჯიქია, სსიპ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე
დედაჩემი და მისი ოჯახი, აფხაზეთის ომის დაწყებისას, სოხუმში ცხოვრობდნენ. ქართული საჯარისო ნაწილები განლაგდნენ მდინარე გუმისთის გასწვრივ, მათი საცხოვრებელი კორპუსის შორი-ახლოს. პირველ კვირებში მძიმე არტილერიის დაბომბვები არ დაწყებულა, თუმცა ჩვენების ავიაცია მუშაობდა შიგადაშიგ. პირველი დღეებიდანვე გარეთ გასვლა საშიში გახდა, თავს აფარებდნენ საცხოვრებელ კორპუსში. არ იშოვებოდა საკვები პროდუქტები, შიოდათ. რამდენიმე კვირაში ბაბუამ გაარკვია, რომ გემი გადიოდა ფოთის მიმართულებით. გემბანზე, დიდი პრობლემების და ბევრი მსურველის მიუხედავად, მაინც მოხვდნენ ბებია და ბავშვები, ბაბუაჩემი სოხუმში დარჩა. მზად იყვნენ ყველაფრისთვის, მაგრამ იმედი იმისა, რომ აფხაზეთში მშვიდად დაბრუნდებოდნენ, ჰქონდათ. დილით ფოთში იყვნენ უკვე. მერე იყო ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორესთან ცხოვრების თვეები, ომის ჩქარა დასრულების იმედით.
გადმოცემით ვიცი, რომ აფხაზეთი ულამაზესია, თავისი ბუნებით და ისტორიული ძეგლებით. ვოცნებობ, მეც მქონდეს საშუალება მონათხრობის ცხადში ნახვის. მიმაჩნია, რომ ყველა ქართველს უნდა აინტერესებდეს ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით დევნილს. ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად დამისერჩავს, ასევე ბებია-ბაბუისგანაც ხშირად მესმის. ვიცი, რომ აფხაზეთის ომში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
სოხუმზე დედა და ბებია-ბაბუა ხშირად საუბრობს, ოჯახური შეკრება ისე არ ჩაივლის სოხუმური დრო რომ არ გაიხსენონ. გარკვეულ ინფორმაციას მედიაშიც ვაკვირდები.
აფხაზეთის ომს უამრავი გმირი ყავს, უმრავლესობის ვინაობა უცნობია. თუმცა ზოგიერთი გმირის სახელი ვიდეოკადრების მეშვეობით შემოგვრჩა – ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია გაუტეხლობის სიმბოლოდ დარჩებიან.
ბიძაჩემი, დაახლოებით, მეოთხე კლასში იქნებოდა, თურმე მისაღები ოთახიდან გაოცებული აკვირდებოდა რუსულ ვერტმფრენებს, რომლებიც ქართულ ცას ზვერავდნენ — პატარა მიამიტი ბიჭუნა, რომელიც ვერც კი აცნობიერებს რა ხდება, გაოცებული აკვირდება ცას, რომელიც ასეთი არასდროს ენახა.
არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ვფიქრობ, მას აუცილებლად დავიბრუნებთ. უფროსი თაობა, რომელსაც უცხოვრია აფხაზეთში, იმ სურვილით ცხოვრობს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს. ვფიქრობ აფხაზეთს წლები ვერ დაგვაშორებს.
მინდა, ჩემმა თაობამ მაინც იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში. მჯერა, რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც დაიბრუნებს აფხაზეთს.
მეგი მიქაია, სსიპ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩემი ოჯახის წევრები დაიბადნენ და გაიზარდნენ აფხაზეთში, დედაჩემის ყოველი ბავშვობის მოგონება დაკავშირებულია აფხაზეთთან, იქაურ სახლთან, სკოლასთან, მეგობრებთან და ახლობლებთან. თუმცა, ომის გამო, მოუწია ყველაფრის დატოვება, რამაც, როგორც ყველა დევნილს, მასაც დიდი ტკივილი მიაყენა.
ფოტოებიდან ვიცი როგორი იყო აფხაზეთი ომამდე და როგორია ახლა. ომის შესახებაც მაქვს ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტის გაგება მსურს.
ძალიან ხშირად საუბრობენ ოჯახის წევრები იქაურობაზე, სოციალურ ქსელებშიც მუდმივად აქტუალურია აფხაზეთის თემა, მაგრამ ყველაზე ხშირად სკოლაში გვაწვდიან ინფორმაციას ამ თემის შესახებ.
აფხაზეთის გმირებიდან, პირველ რიგში, მახსენდება ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს, როგორც „აფზაზეთის ომის გმირებმა“.
ყველაზე მძიმე მოგონება, რომელიც ჩემს ოჯახს უკავშირდება — აფხაზეთს რომ ტოვებდნენ, თვითმფრინავში უნდა ასულიყვნენ, ერთ-ერთმა კაცმა, რომელიც ხალხს ანაწილებდა, დედაჩემის ბებიას ხელი ჰკრა, ბებიამ წონასწორობა დაკარგა და დაეცა, ამიტომ მის დასახმარებლად ყველა ჩამოვიდა, უკან ასვლა კი ვეღარ მოასწრეს. თვითმფრინავი აფრინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მალე ჩამოვარდა და მათ თვალწინ დაიფერფლა… ჩემთვის ყველაზე რთული ამ ისტორიის მოსმენა იყო.
მუდმივად ტრიალებს ჩვენს ოჯახში აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები, განსაკუთრებით, როცა სანათესავო იკრიბება, იხსენებენ სახლებს, ქალაქს, სადაც მათ საუკეთესო წლები გაატარეს. მგონია, რომ ეს სიყვარული და იქ დაბრუნების სურვილი არასდროს გაქრება.
ნინო ცირდავა, სსიპ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე
აფხაზეთის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ ვიცი ჩემი ოჯახის წევრებისგან, ვიცი ომამდელი პერიოდიც, ომის პერიოდიც და ომის შემდგომი პერიოდებიც, რადგანაც ჩემი ოჯახის წევრებს უშუალო შეხება ჰქონდათ ამ მოვლენებთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, უფრო მეტის გაგების სურვილი მიჩნდება.
ომის დაწყებამდე მამაჩემი, ოჯახთან ერთად, ბიჭვინთაში ცხოვრობდა. ომის დროს, მშობლებთან და ძმასთან ერთად, ბიჭვინთიდან გემით წამოვიდა. ამ გემით აფხაზებს თავიანთი ოჯახები გაჰყავდათ, კაპიტანი ბაბუას მეგობარი აღმოჩნდა და დახმარება შესთავაზა, გემში შეაპარა და სოჭში უსაფრთხოდ გადაიყვანა, საიდანაც ფოთში ჩამოვიდნენ, ფოთიდან კი – ჩხოროწყუში.
თავისთავად, ძირითადად, აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას ჩემი ბებიისგან ვიღებ. ის ძალიან ხშირად მიყვება აფხაზეთში ცხოვრებისა და ომის ამბებს. ასევე, სკოლის სახელმძღვანელოებშიც იყო რამდენიმე თემა აფხაზეთთან დაკავშირებით, თანაც როგორც იცით ჩვენი სკოლა აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაა და ხშირად გვაქვს ამ თემასთან შეხება.
შემიძლია აფხაზეთის ომის გმირებიც ჩამოგითვალოთ: დავით ფეტვიაშვილი, ზაურ თოდუა, როინ შამუგია, ზურაბ ჯიდოშვილი…
ძალიან ემოციურია ისტორიების მოსმენა, რაც ჩემმა ოჯახმა და დანარჩენმა ოჯახებმა გამოიარეს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე ემოციური მაინც აფხაზეთიდან წამოსვლის ამბავია. მამაჩემი და ბიძაჩემი პატარები იყვნენ და ვერ იაზრებდნენ რა ხდებოდა, მათ ზღვაზე ბანაობა უნდოდათ და მშობლებს გამოეპარნენ დაუნდობელი ომის დროს. ბებო და ბაბუ შეშინებულები გაეკიდნენ და სწორედ იმ სანაპიროზე აღმოაჩინეს ის გემი, რომლითაც შემდგომ აფხაზეთიდან წამოსვლა შეძლეს.
ბებია თითქმის ყოველ დღე საუბრობს აფხაზეთზე და მის ულამაზეს ქალაქებზე. მისივე მონაყოლით ვიცი აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებიც – ბედიის მონასტერი, ფოქვეშის ეკლესია, აბრსკილის მღვიმე და თოვლიანი უფსკრული.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობიანად ცხოვრებაა. ჩემი აზრით, ჩვენს თაობაში აფხაზეთისადმი სიყვარული არ გახუნებულა და არც არასდროს გახუნდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იმატებს უკან დაბრუნების სურვილი.