ქამრან აფანდიევი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, „ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი
⇒ ქამრან, საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ მასწავლებლის პროფესიით, რადგან, რამდენიმე თვის წინ, თქვენ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაგიცნოთ და შეგაფასათ, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023“-ის ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელი – ჟიურიმ ფინალისტებს შორის დაგასახელათ. რა არის ეს პროფესია თქვენთვის და რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი სრულფასოვანი საზოგადოების ფორმირებაში?
⇓ საკმაოდ ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას და მერწმუნეთ, პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი არასდროს არ მიძებნია. არ მინდა ისეთი კლიშეური პასუხების გაცემა, რომ მასწავლებლობა მშვენიერი, წმინდა და საპატიო პროფესიაა, რადგან ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. მაგრამ ერთი რამ უდავოა – მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, რადგან ის ურთიერთობს ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე ძვირფასი კაპიტალია და ამ საქმიანობაში შეცდომის ადგილი არ არის.
რაც შეეხება „ჯილდოს“. რასაკვირველია, ძალიან საამაყო ფაქტია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი თემისთვის. ასევე, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, მიმაჩნია, რომ ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მაგრამ როგორც პედაგოგმა, თავისუფლად და გულწრფელად შემიძლია ვაღიარო, რომ ჯილდოს მიღებაზე უფრო დიდი სიხარული განვიცადე, როცა გავიგე, რომ ჩემი მოსწავლეები სტუდენტები გახდნენ. მასწავლებლის მუშაობას ხომ ხშირად მებაღის საქმიანობას ადარებენ. როგორც მებაღეს უხარია, როცა დიდი ძალისხმევით გახარებული ხის ნაყოფს ხედავს, მასწავლებელსაც გული სიხარულით ევსება, როცა მოსწავლეების წარმატებების მოწმე ხდება. სწორედ ეს მაძლევს ყოველ ჯერზე ახალ ძალას და შთაგონებას, უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიმუშაო.
⇒ გვერდს ვერ ავუვლით იმაზე საუბარსაც, რა გამოწვევები აქვთ რეგიონის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, კონკრეტულად, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. რა მთავარ პრობლემებს ხედავთ და რა ხელშეწყობას ისურვებდით? ძალიან მინდა, რეალურად დავინახოთ ის განსხვავება (თუ ასეთი არის), თანაბარი ხელმისაწვდომობის მხრივ, რაც რეგიონისა და დიდი ქალაქების მოსწავლეებს შორის არსებობს…
⇓ თუ ამ კითხვას დამისვამდით, როცა დამწყები, გამოუცდელი მასწავლებელი ვიყავი, გიპასუხებდით, რომ ჩვენი სკოლების მთავარი გამოწვევაა სახელმწიფო ენის არცოდნა და/ან მისი სწავლების საკითხი. მაგრამ ეს იყო 8 წლის წინ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს ქართული ენის სწავლების სახელმწიფო პოლიტიკას. ძალიან კარგი პროგრამები და პროექტები ხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი დიდ გამოწვევად აღარ ჩაითვლება.
მაგრამ რაც შეეხება სხვა საგანმანათლებლო საკითხებს არაქართულენოვან სკოლებში, წინ ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხი გველოდება. მაგალითად, შემიძლია დავასახელო სახელმძღვანელოების უხარისხო თარგმანი. ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, რასაც სასაცილო კომენტარები მოჰყვება ხოლმე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან. ასევე, როგორც პედაგოგს, მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირების საკითხს, შესაბამისი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს არაქართულენოვან სკოლებში.
რაც შეეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, სამწუხაროდ, პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, ვფიქრობ, რომ სკოლებს შორის განსხვავება ბუნებრივია ისევე, როგორც არის განსხვავება ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოფლის მცხოვრებმა საბჭოთა პერიოდის დანგრეულ შენობაში უნდა ისწავლოს. ამას საერთოდ არ ვგულისხმობ. ბოლო წლებში განხორციელდა სოფლის სკოლების რეკონსტრუქცია და არის ისეთი სასკოლო შენობები, რომლებიც უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ათობით ქალაქის სკოლა. მაგრამ არის სკოლები, რომლებიც არ არის გარემონტებული, თბება შეშის ღუმელებით და შეზღუდულია შესაძლებლობები. შესაბამისად, ეს ამცირებს განათლების ხარისხს. საგანგებო მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე სკოლა დაიხურა და მოსწავლეები განათლებას მეზობელი სოფლების სკოლებში იღებენ. ტრანსპორტი უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მარშრუტებით. ვიმედოვნებ, ეს პრობლემები ახლო მომავალში მოგვარდება.
⇒ რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისთვის?
⇓ ჩემი რჩევა ახალგაზრდებისადმი, პირველ რიგში, იქნება ის, რომ კარგად ისწავლონ და ბევრი იკითხონ; ჰქონდეთ სამშობლოს და თანამემამულეების სიყვარული. ძველ ბერძნულ ენაში არის სიტყვა „სხოლე“ (დასვენება, თავისუფალი დროის გატარება), საიდანაც მომდინარეობს სხვადასხვა ენებში დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სკუულ“, „ოკულ“, „სკოლა“. ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ადამიანი ისვენებს, როცა რაღაცით არის დაკავებული. ამიტომ სკოლას დასაქმების ადგილი – „სხოლე“ ეწოდა.
თუნდაც არაფერი წაიკითხონ, ილია ჭავჭავაძე მაინც იკითხონ, მისი პუბლიცისტური წერილები. იცით, რა დიდი უბედურებაა, რომ ილია ჭავჭავაძეს არ ასწავლიან არაქართულენოვან სკოლებში, საერთოდ ქართულ ლიტერატურას?!
⇒ თქვენ საზოგადოება გიცნობთ, ასევე, როგორც აქტივისტს. ხმამაღლა საუბრობთ არაერთ საჭირბოროტო პრობლემაზე, რისი შეცვლაც გსურთ საზოგადოებაში, თუნდაც თქვენს თემში. ამიტომ, აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან დიდ გამოწვევაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავედ დგას, თუნდაც, თქვენს თემში – ბავშვთა ქორწინება. ამ კუთხით, ბოლო დროს, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა აითაჯის შემთხვევა. მინდა გკითხოთ, რა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მიზეზები აქვს ბავშვთა ქორწინების პრაქტიკას და რა უნდა შეიცვალოს, რომ მსგავსი შემთხვევებისგან დავიცვათ არასრულწლოვანი გოგონები.
⇓ მე, როგორც აქტივისტს, მიმაჩნია, რომ ჩვენს თემში ნაადრევი ქორწინება ყველაზე მწვავე გამოწვევა არ არის. ეს, უბრალოდ, ასოცირდება ჩემს ეთნოსთან, რაც არ მსიამოვნებს. სხვა რეგიონებშიც ხდება მსგავსი შემთხვევები. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა. ამიტომ ეს საკითხი არა ნაციონალიზებული, არამედ სოციალიზებული უნდა იყოს. როგორც სოციალურმა აქტივისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების საკითხია, იმიტომ რომ, ინტეგრაცია ცალმხრივი არ არის. სანამ ჩვენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ადრეული ქორწინება და ოჯახში ძალადობა, ვაკავშირებთ ნებისმიერ ეროვნებასთან და სანამ ამ თემებზე კამათს ვწირავთ ჩვენს ერთიანობას, გვერდს ვუვლით საქართველოს საერო სახელმწიფოს კანონებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინტეგრაციაზე ვერ ვისაუბრებთ.
⇒ რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მეხუთე თანასწორობის კვირეულში მონაწილეობდით, თემით – „ჩემი თანასწორობის ისტორია“. პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვით, გვითხარით ამ კვირეულის შესახებ და შემდეგ ჩვენს მკითხველსაც გაუზიარეთ – როგორია თქვენი თანასწორობის ისტორია.
⇓ დიახ, მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საჯაროდ გამოსვლის შესაძლებლობა რომ მომეცა. ჩემი აზრით, დედაენის ბაღი კარგად მოერგო ამ ღონისძიებას, საინტერესო იყო გამოფენა „წინააღმდეგობის ძაფები“, რომელმაც შვიდი ავტორის ნამუშევარი გააერთიანა.
რაც შეეხება ჩემი თანასწორობის ისტორიას, ჩემი დაბადებიდანვე იწყება, რადგან ადვილი არ იყო 90-იან და 2000-იან წლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლად („თათრად“) გაზრდა საქართველოში. შესაძლოა, ჩემი აქტივისტობის მიზეზი ის სირთულეებიცაა, რაც ბავშვობაში განვიცადე და ვცდილობდი, გადამელახა. შესაძლოა, ვიბრძვი, რომ ჩემს შვილებს ეს სირთულეები აღარ შეხვდეთ.
⇒ აუცილებლად მინდა მივუბრუნდეთ ახალგაზრდების თემას – კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს თქვენს რეგიონში – ქვემო ქართლში და რა ხელშეწყობას ისურვებდით მათ გასაძლიერებლად? ანუ, რა არის ის სამოქალაქო ინიციატივები, რომელიც გააძლიერებს მათ სოციალურ ჩართულობას და ინტეგრირებას საზოგადოებასთან?
⇓ რეგიონულ დონეზე, ახალგაზრდებს შორის ძალიან ნაკლებადაა განვითარებული პოლიტიკური აქტივიზმის კულტურა. ტერიტორიული თემი განსხვავებული ინტერესების მქონე აქტორებისგან შედგება და მისი შეკავშირება რთული საქმეა, განსხვავებული ინტერესების მქონე პირების გამო, რომელთაც უკვე განსაზღვრული დღის წესრიგი აქვთ ან, ხშირად, საერთოდ არ გააჩნიათ. ეს პროცესი უფრო რთულია ახალგაზრდებში, რომელთაც ნაკლები მხარდაჭერა და ნდობა აქვთ.
2021 წელს კომპანიამ „ეისითი“ მოამზადა კვლევა, რომელიც ეხება ახალგაზრდების საჭიროებებს და გამოწვევებს რეგიონულ დონეზე, კერძოდ, ქვემო ქართლში. კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში ახალგაზრდების ერთ მესამედს (32%), უჭირს შეაფასოს ახდენს თუ არა მათი ქმედებები გავლენას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, 26%-ის აზრით – თან ახდენს და თან ვერ ახდენს გავლენას პროცესებზე. ამასთან, ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური ქართველების 82% თვლის, რომ აუცილებელია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროცესში, ეს მონაცემი ეთნიკურ უმცირესობებში 56%-ს უტოლდება. მნიშვნელოვნად დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის და სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის დონე ბოლო წლების განმავლობაში. 88%-ს მონაწილეობა არ მიუღია მსგავსი ტიპის აქტივობებში. ყველაზე დიდ მიზეზად კი აქტივობების არცოდნა და ინფორმირების ნაკლებობა სახელდება. თუმცა, ამასთან, რეგიონის ახალგაზრდების 54% არ არის დაინტერესებული პოლიტიკით. 74% კი არ არის ინფორმირებული ზოგადად (აგრეთვე ახალგაზრდული მიმართულებით) მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ. ქვემო ქართლის რეგიონში, ახალგაზრდებისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ღირებულებაა პოლიტიკური ჩართულობა და აქტივიზმი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია ღვთის რწმენა.
ჩვენი ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, ამ პრობლემატური საკითხის მოსაგვარებლად, უკვე წლებია, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მეტ-ნაკლებად შევძელით პოლიტიკური სკოლის დაფუძნება, რომლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და სათემო აქტივიზმის, დისკუსია-დებატების ჩამოყალიბება.
მე, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქე, ვისურვებდი მსგავსი ღონისძიებების მასშტაბურ განხორციელებას სახელმწიფოს მიერ, რადგან ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგები და ჩემი პირადი გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათი განხორციელების აუცილებლობაზე.
ესაუბრა ლალი ჯელაძე