ნატალია შანიძე
თბილისის №122 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მაგისტრი
2000 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, სკოლაში, სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე ვიყავი დასაქმებული, ხოლო 2014 წლიდან 2024 წლის სექტემბრამდე – ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტად, ფსიქოლოგად. 2021 წელს წარმატებით ჩავაბარე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და 2024 წლიდან სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე დავსაქმდი.
ჩემი სამუშაო გამოცდილების პირველივე ნაბიჯებიდან მქონდა ადამიანების ტიპოლოგიის შესწავლისა და დაკვირვების ინტერესი. სპეციალურ მასწავლებლად მუშაობამ გამიჩინა სურვილი, დავხმარებოდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სოციალიზაციაში, რათა მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი, დავხმარებოდი მათ მშობლებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, გავმხდარიყავი მასწავლებლების ხელშემწყობი საგაკვეთილო პროცესის ისე წარმართვაში, რომ სსსმ მოსწავლეების ჩართულობა მაქსიმალური გამხდარიყო.
⇒ სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე
არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. სკოლაში მისვლისას ვამზადებ რესურსებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებთანაც იმ კონკრეტულ დღეს მაქვს ჩანიშნული გაკვეთილი რესურსოთახში. როდესაც არ ვატარებ გაკვეთილს, არ ვესწრები საგაკვეთილო პროცესს, ვიხედები ყველა იმ მოსწავლის საკლასო ოთახში, რომლებთანაც ვმუშაობ, ვარკვევ სჭირდება თუ არა მასწავლებელს ჩემი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, უმეტესობას რთული ქცევა აქვს და უჭირთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ამიტომ მუდმივი მონიტორინგი, დაკვირვება და სტრატეგიების მორგება სჭირდებათ.
წლების წინ, როდესაც მუშაობა დავიწყე ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტად, სსსმ მოსწავლეების შესახებ საზოგადოების ცნობადობა გაცილებით დაბალი იყო, თავად მშობლებსაც უჭირდათ საკუთარი შვილების პრობლემების აღიარება, ეწინააღმდეგებოდნენ სტატუსის მინიჭებას, სტიგმასთან ჰქონდათ გაიგივებული; სპეციალისტების ნაკლებობაც იყო სისტემაში. სამწუხაროდ, მასწავლებლების მხრიდანაც ხშირად მომისმენია პრეტენზიები – „რა უნდათ ასეთ მოსწავლეებს სკოლაში?!“. აქედან გამომდინარე, სათითაოდ მიწევდა ამეხსნა მათთვის, რამდენად მნიშველოვანია სსსმ მოსწავლისთვის სასკოლო გარემო. ამ ეტაპზე ამ პრობლემების უმეტესობა დაძლეულია. მასწავლებლების უმრავლესობამ დაინახა წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები – როგორ დაიძლია პრობლემა კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ გადამზადდნენ მასწავლებლები, ტრენინგები ჩაუტარდათ სხვადასხვა მიმართულებით: რთული ქცევის მართვა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და ა.შ. ჩვენც ვატარებთ სასკოლო სივრცეში ტრენინგებს მასწავლებლებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის აუცილებლობაზე და ვცდილობთ, დეტალურად ავუხსნათ მათთვის გაუგებარი საკითხები.
⇒ მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდები და ურთიერთობები
ამჯერად 9 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ვმუშაობ. თავისთავად, თითოეულის საჭიროებები განსხვავებული და ინდივიდუალურია. ყველას განსხვავებული მიდგომა და ჩართულობა ესაჭიროება ჩემი მხრიდან.
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ რიგში, ვაწარმოებ მოსწავლეებზე დაკვირვებას. ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, მათი უნარები შეცვლილია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მიწევს გასული წლის სტრატეგიების ხელმეორედ დანერგვა, სანამ მოსწავლე კვლავ მოახდენს ადაპტირებას სასკოლო სივრცესთან. ეს პროცესი, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, სწრაფად მიმდინარეობს, რადგან მოსწავლის მეხსიერებაში, მეტ-ნაკლებად, მაინც დალექილია წარსული გამოცდილება.
გაცილებით რთულია და ხანგრძლივი დრო სჭირდება პირველკლასელთა ადაპტირების პროცესს – წარმოებს ტრანზიცია მოსწავლის საბავშვო ბაღის აღმზრდელის, სპეციალური მასწავლებლისა და მშობლის ჩართულობით. პირველ რიგში, ვარკვევ ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს, სტრატეგიებს, რომლებიც დამეხმარება მასთან ურთიერთობაში. ჩემი პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზანი მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში დამოუკიდებელი ჩართულობაა, რა თქმა უნდა, მისი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს სსსმ მოსწავლეების თანაკლასელებში ცნობადობის ამაღლება, მათთვის გასაგები სამეტყველო ენით ვაცნობ, თუ როგორ უნდა იურთიერთონ, დაეხმარონ, მხარი დაუჭირონ, ჩართონ ჯგუფურ მუშაობაში.
მოსწავლეებს, რომელთაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვუტარებ გაკვეთილებს რესურსოთახში. ვმუშაობ კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარებაზე, ხოლო იქ, სადაც უკვე მიღწეულია მათი დამოუკიდებელი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ვესწრები გაკვეთილებს, ვაძლევ რეკომენდაციებს მასწავლებელს, საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ვერთვები. ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება, რის ხელშეწყობაც ჩემი უმნიშვნელოვანესი მიზანია.
⇒ მიდგომა, რომელმაც ყველაზე კარგად იმუშავა სსსმ მოსწავლეებთან
მოსწავლის უნარებზე მორგებული სამუშაო სივრცე, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის საწინდარია. თუ ახერხებს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების შესრულებას ყოველგვარი სტრესისა და შფოთვის გარეშე, შესაბამისად, არც მოსწავლის ქცევა ირევა. ამიტომ აუცილებელია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს მოსწავლის უნარები, შესაძლებლობები, გაითვალისწინოს და შესაბამისად შეუდგინოს რესურსი. უმნიშვნელოვანესია საგაკვეთილო პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველა მოსწავლისთვის საინტერესო იყოს. მთავარი მიდგომაც ეს არის.
⇒ თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე გყავს – რჩევა კოლეგებს
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი ისევე უნდა მიიღო, როგორც დანარჩენი კლასში მყოფი მოსწავლეები. სწორედ ამას გულისხმოს ინკლუზიური განათლებაც, სადაც ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად აქვს უფლება, მიიღოს განათლება. ჩემი თხოვნაა, მასწავლებლებმა აუცილებლად გაითვალისწინონ სპეციალური მასწავლებლის რჩევები, კარგად გაეცნონ მოსწავლის უნარებს და შესაძლებლობებს. სწორედ მოსწავლის უნარებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სხვა უნარების განვითარებაც.
ჩვენს ქვეყანაში უკვე აღარ არის სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი, ბოლო წლების განმავლობაში, ზრუნავს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების ხელშეწყობაზე. გადამზადებულია ბევრი კადრი, ბევრ ფაკულტეტს ჩაშენებული აქვს ინკლუზიური განათლების მოდული. თუმცა, გარკვეულწილად, პრობლემად რჩება ასისტენტის აყვანა სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს ასისტენტის მხარდაჭერა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის, სპეციალური მასწავლებლისთვისა და მშობლისთვის. თუმცა, იმდენად მიზერულია ასისტენტის ანაზღაურება, რომ ძალიან ხშირად გასაუბრება აპლიკანტების არარსებობის გამო ჩაშლილა. აუცილებლად უნდა დაეთმოს მეტი ყურადღება ამ რგოლის გაძლიერებას ინკლუზიურ განათლებაში.
ვინც ახლა აპირებს გამოცდის ჩაბარებას, ვურჩევ, უპირველეს ყოვლისა, კარგად გაიაზრონ, რა პოზიციაზე მოუწევთ სკოლაში მუშაობა და რეალურად აქვთ თუ არა იმის უნარი, იმუშაონ სსსმ და შშმ ბავშვებთან. დაფიქრდნენ, შეძლებენ თუ არა იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რაც პეციალური მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას თან სდევს ხოლმე.
⇒ რა ხელშეწყობა სჭირდება ინკლუზიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში
პირველ რიგში, აუცილებელი და საჭიროა ადაპტირებული გარემოს შექმნა შშმ პირებისთვის, ყველა სკოლას ყველა სართულზე უნდა ჰქოდეს პანდუსი ან ლიფტი იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად გადაადგილება და ერთი სართულიდან მეორეზე ასვლა. ამის გარდა, სასურველია შესაბამისი განმავითარებელი რესურსების უფრო გამრავალფეროვნება, საინტერესო იქნებოდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა, სპეციალისტების მოწვევა და სპეციალურ მასწავლებლებთან შეხვედრა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების ფორმატში.
⇒ მოტივაციის სახით კოლეგებს ვეტყოდი, რომ:
პირადად ჩემთვის, მოტივაციის წყარო ის შედეგია, რომელსაც ვხედავ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობისას, მახარებს, როდესაც სსსმ მოსწავლეს თანაკლასელები გაგებითა და ზრუნვით ეპყრობიან. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულეა, თუმცა გულისხმიერი მიდგომით ეს ყველაფერი დაძლევადია.