პატრიოტიზმის ცნება დაუსრულებელია, რამეთუ მოსწავლის ცნობიერება ყველაზე მეტად მაშინ ღვივდება, როდესაც პედაგოგში ბავშვი იდეალსა და მოდელს ხედავს.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა არც თუ მცირე დროით შემოიფარგლება: ოცდაოთხწლიანი მუშაობა სასკოლო საზოგადოებასთან, „გაყინული ხელფასები“, „მსხვილკუპიურა კუპონები“, უშუქობა, ენთუზიაზმზე სამსახური… დაბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი – „შთავაგონებდეთ ერთურთს კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას“.
ძნელია, როცა ოჯახს მოწყვეტილს საკმაოდ შორ მანძილზე გიხდება პროფესიული საქმიანობა – ასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მიმაჩნია, რომ თუ ნებისმიერი ჩვენგანი მთელი სულითა და გულით არაა განმსჭვალული და შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე, ძნელია მიაღწიო სასურველ შედეგს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესოდენ შორს მომიწევდა საკუთარი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამტკიცება, რათა თაობებს შეესრუტათ ქართული სულისა და გენის ყივილი, პატრიოტული იდეალებით გამომეკვეთა თითოეული მათგანი.
ერის სულიერი მამის, ილია მართლის 187-ე დაბადების დღე შთამბეჭდავი იყო მაღალმთიანი აჭარის სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის.
„კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე,
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
ზღვა ემოციებით დახუნძლული აღმოჩნდნენ თავად მონაწილე ბავშვები. გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს.
⇒ ნიკა გორგაძე (ლუარსაბი): საზოგადოებასთან ადაპტირება საკმაოდ მიჭირდა, ვმორცხვობდი, ვღელავდი გამოსვლისას, ვფიქრობდი, რომ მაყურებელს ემოციას ვერ გადავცემდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად და შთამბეჭდავად გამომივიდა, რადგან როლი შევასრულე ბუნებრივად.
⇒ ნათია ირემაძე (დარეჯანი): მომეხსნა ის კომპლექსი, რაც გამაჩნდა საზოგადოებასთან ურთიერთობისას, კერძოდ, გავხდი უფრო თავისუფალი, ღიად გამოვხატე ჩემი შინაგანი „მე“. ამ როლმა შემძინა ის, რომ უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ფაქტობრივად, „გავარემიქსეთ“ ლუარსაბისა და დარეჯანის დიალოგი, შემოვიტანეთ ახალი სიტყვები – დიალექტები, ჩვენს რაიონზე მორგებული ფრაზებით დავტვირთეთ, რამაც მეტი მხიარულება გამოიწვია ხალხში.
⇒ ლინდა ირემაძე (კესო): ეს როლი ჩემთის სინაზისა და სიფარფატის განსახიერება იყო. რეპეტიციის დროს სერიოზულად ამეტირა, ვფიქრობ, როლის მორგებით უფრო თავისუფალი და გახსნილი გავხდი.
⇒ ნიკა ცეცხლაძე (გიორგი): არ მეგონა თუ ასე გავართმევდი ამ როლს თავს, რეპეტიციებზე ხან მავიწყდებოდა სიტყვები, ზოგჯერ იმდენად ღრმად შევდიოდი როლში, რომ საკუთრი აზრებით გადმოვცემდი ემოციას, მიხარია, რომ ასეთი საპასუხისმგებლო როლის შესრულება მერგო წილად.
მასწავლებლებმა ვიცით, რომ თითოეულ მოსწავლეშია მიჩქმალული ნიჭი, რომელსაც გაღვივება და ანთება სჭირდება. შევეცადე, მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა. სწორედ ამიტომაც ჩავერთე და მოვირგე ოთარაანთ ქვრივის როლი… შესრულება იმდენად ემოციური იყო, რომ დამსწრე საზოგადოებას ცრემლიც კი მოჰგვარა გიორგის სიკვდილმა და დედის გოდებამ.
მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ მონაწილეს. ჩვენი ერთობით შევძელით და გავაცოცხლეთ ილიას გმირები, სათანადოდ წარმოვაჩინეთ ერის სულიერი მამის მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი, რომელმაც დიდი მოწონებითა და მადლიერებით, ზუსტად აღიქვა ყოველი შეგონება, რაც დღესაც აქტუალური და საყურადღებოა თითოეული ჩვენგანისთვის.
მანანა გამცემლიძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ღორჯომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი