ირმა ხომერიკი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი:
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევით საგნად, ჩააბარონ სამოქალაქო განათლება. სამოქალაქო განათლების ტესტის ჩაბარება შეუძლიათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ ისეთ სასწავლო პროგრამებზე, როგორიც არის: პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ა.შ.
ტესტზე მუშაობისათვის თქვენ მოგეცემათ 3 საათი და 10 წუთი, მაქსიმალური ქულაა 60 და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჩაითვლება გადალახულად, თუ თქვენ დააგროვებთ ტესტის მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. ტესტი შედგება 30 დავალებისაგან, აქედან 24 დახურული დავალებაა, 6 – ღია დავალება.
დახურული დავალებები არ ამოწმებს მხოლოდ ცოდნას, არამედ ცოდნის გამოყენების, ინფორმაციის ანალიზის, ტრანსფორმაციის უნარებს. აბიტურიენტებს შეხვდებათ ტექსტი, დიაგრამა, რუკა, ილუსტრაცია, ინფოგრაფიკა. კითხვას მოსდევს 4 პასუხი და აბიტურიენტმა უნდა ამოიცნოს ერთადერთი სწორი.
ღია დავალებები ამოწმებს უფრო მაღალკოგნიტურ უნარებს, როგორიც არის: კრიტიკული ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა, ამოწმებს სწორედ იმ უნარებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ახალგაზრდამ შემდგომ, უმაღლეს სასწავლებელში, წარმატებით აითვისოს სასწავლო პროგრამები სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით. ამიტომ ეს დავალებები ამოწმებს შემდეგ უნარებს: საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, კრიტიკულ ანალიზი, საზოგადოებრივი პრობლემის იდენტიფიკაცია, ამ პრობლემის მოგვარების გზების განსაზღვრა, პროექტის წერის საბაზისო უნარები, ერთი კონკრეტული თემის გარშემო შემოთავაზებული რამდენიმე წყაროს შეჯერება, გაანალიზება, არგუმენტირებული მსჯელობა.
არგუმენტირებული მსჯელობის დროს, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ აქ თქვენ გევალებათ, მოიყვანოთ 4 არგუმენტი, მაგრამ აქედან 2 უნდა იყოს პოზიციის მომხრეთა არგუმენტი, 2 – მოწინააღმდეგეთა არგუმენტი. თითო არგუმენტი თითო ქულით ფასდება, მაგრამ თუ 4-ივე იქნება მოწინააღმდეგის არგუმენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ 2 ქულას დაიმსახურებთ.
რაც შეეხება ერთ-ერთ დავალებას, რომელიც შეცდომის პოვნას და მის გასწორებას მოითხოვს, უნდა გთხოვოთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ პასუხების ფურცელში უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა და მისი შესწორებული ვარიანტი, არავითარ შემთხვევაში – სრული წინადადება.
რაც შეეხება დავალებას, რომელიც სასკოლო პროექტის მონახაზის შედგენას გულისხმობს, აქ შეეცადეთ, რომ თქვენი პასუხი არ იყოს ძალიან შაბლონური. პასუხი ზუსტად უნდა იძლეოდეს მისაღწევი შედეგების განსაზღვრის შესაძლებლობას, არ უნდა იყოს ძალიან სქემატური, ვთქვათ – ტრენინგის ჩატარება, იმიტომ რომ, ამ პასუხში არ ჩანს ვინ ატარებს, რა მიზნობრივი ჯგუფისთვის და რა თემაზე ტარდება და ა.შ.
რჩევები
♦ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა გაეცნოთ თითოეული დავალების ინსტრუქციას, მოთხოვნებს. ძალიან კარგად უნდა გაიაზროთ შემოთავაზებული მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ კითხვაზე.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენს პასუხებში კარგად ჩანდეს საპროგრამო მასალით გათვალისწინებული საკითხების ცოდნა, მოვლენათა ანალიზის უნარი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტაციის უნარი.
♦ გირჩევთ, რომ აუცილებლად გაეცნოთ სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამას, რომელიც წელს პირველად ეფუძნება 2018-24 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას და, შესაბამისად, ამ წლებში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, ასევე კრებულს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე. ამ კრებულში შეგიძლიათ ნახოთ საგამოცდო მოთხოვნები, ტესტის სტრუქტურა, დეტალურად თითოეული დავალებისთვის განკუთვნილ ქულათა რაოდენობა, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ნიმუშები წინა წლის ტესტის, შეფასების სქემის და პასუხების ფურცლის, რომ წინასწარ იცოდეთ როგორ გამოიყურება და როგორ ფურცელზე მოგიწევთ მუშაობა.
♦ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღებით იმუშაოთ ღია დავალებებზე, რადგან ქულათა უმრავლესობა სწორედ ღია დავალებებზეა გადანაწილებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღებით მუშაობა პასუხების ფურცელზე. თუ შავი სამუშაოსთვის დამხმარე ფურცლებს იყენებთ (ჩემი რჩევა იქნება, რომ ღია დავალებებისთვის ჯერ სწორედ შავი ფურცლები გამოიყენოთ), მაშინ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ გადატანის დროს პასუხების ფურცელზე.
სასურველია, წინასწარ შეისწავლოთ პასუხების ფურცელი და ნახოთ რამდენი ადგილი ეთმობა თითოეულ დავალებას, შემდეგ დაიწყოთ ამ დავალებაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, მიაქციეთ ყურადღება კალიგრაფიას, თქვენი ნაწერი გარკვევით უნდა იკითხებოდეს.
ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში, დავალება სრულყოფილად ვერ შეფასდება. წარმატებებს გისურვებთ!