22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

„შეფასება განათლებაში“-სამუშაო შეხვედრა მასწავლებლის  სახლში

spot_img

31 ივლისს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „შეფასება განათლებაში“. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხს – „ცოდნა და ღირებულებითი განათლება (VAKE), დილემებით სწავლება“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ზალცბურგის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორი, ჟან ლუკ პატრი. ღონისძიება ERASMUS + პროექტის – კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობის  (CURE) ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ორგანიზებით  გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა, სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა.

ემერიტუსი  ჟან ლუკ პატრი„სამუშაო შეხვედრა ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანას თავისი საჭიროებები აქვს, აქედან გამომდინარე, შეხვედრის დროს  კონკრეტულ ამოცანებზე დაყრდნობით ვიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტრენინგის დროს მოხერხდეს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ მონაწილეების იდეების მოსმენა და იმის დადგენა, რა მიმართულებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა სამომავლოდ. შეხვედრა დაფუძნებული უნდა იყოს მეცნიერულ გამოცდილებაზე, და არა სპონტანურ იდეებზე, შესაბამისად, სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პრაქტიკული მეთოდოლოგიების მიმართულებით, მეტი მეცნიერული გამოცდილების ჩვენება.“ 

„მოგეხსენებათ, რომ განათლებაში შეფასების კომპონენტზე მუშაობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სამუშაო შეხვედრაზე მივიღეთ არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ, პრაქტიკული ინსტრუმენტებიც, რომელთა მეშვეობით უფრო მარტივად შევძლებთ სკოლებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად,  მიღებული ცოდნა გავიაზროთ და, ჩვენი საჭიროებებიდან გამოდინარე, დავნერგოთ შეფასების ახალი მეთოდები და მიდგომები,“ – განაცხადა სამუშაო შეხვედრის მონაწილემ, 105-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, სოფო ხვედელიძემ.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად ცდილობს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ საქმიანობაში მუდმივად იყოს გათვალისწინებული წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება. ვცდილობთ, გავაცნოთ პედაგოგებს, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთაშორისოდ გამოცდილი და აპრობირებული მიდგომები, ინსტრუმენტები, მეთოდები. ვეხმარებით მასწავლებლებს ამ მიდგომების ჩვენი საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაში. გარდა ამისა, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა ზალცბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორთან, ბატონ ჟან ლუკ პატრისთან. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აქტიურად გამოიყენებენ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას და ამით გაამდიდრებენ როგორც თავიანთ, ასევე, კოლეგების პრაქტიკულ საქმიანობას“ – განაცხადა ნათია ნაცვლიშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები