მარიამ ჯამდელიანი თანამედროვე საბავშვო მწერალი და მასწავლებელია. მისი პირველი წიგნი „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“ 2023 წელს გამოიცა („აზროვნების აკადემიის გამომცემლობა“). პატარა წიგნმა პატარა მკითხველების დიდი სიყვარული უკვე დაიმსახურა. სადებიუტო წიგნში ავტორი ეხება ისეთ მარადიულ თემებს, როგორებიცაა: საკუთარი თავის ძიება, სახლიდან გასვლა და სამყაროს აღმოჩენის წყურვილი, თავისუფლება, როგორც მთავარი ღირებულება, უცხოს სიყვარული, მეგობრობისა და ნდობის განუსაზღვრელი ძალა და მნიშვნელობა… როგორც წიგნის ანოტაციაში მწერალი თამარ გეგეშიძე აღნიშნავს, ეს წიგნი „ყველა ბავშვსა თუ ზრდასრულს ააღელვებს და ისევ და ისევ შეგვახსენებს, რა არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი“.
მარიამ ჯამდელიანი გვიამბობს მკითხველად ჩამოყალიბების გზაზე, ლიტერატურის განუსაზღვრელ ძალაზე და წიგნებზე, რომლებმაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთანავე, დავინტერესდით, რომელ წიგნებს ურჩევდა ის ბავშვებსა და მოზარდებს. დაბოლოს, მწერალი გვესაუბრა თავის პირველ წიგნზე, რომლის დაწერის ამბავიც შთამბეჭდავია – კუდამელა ბოგის ავტორი ხომ, იდეისთვის რომ ფრთები შეესხა, ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პერსონამ – მასწავლებელმა შეაგულიანა.
♦♦♦
მკითხველად ჩამოყალიბების გზა ბევრად ადრე იწყება, ვიდრე წერა-კითხვას ვისწავლით. გახდება თუ არა წიგნი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მეგზური, ეს ხშირად იმაზეა დამოკიდებული, გვყავდა თუ არა წიგნამდელი ამბის მთხრობელები, რადგან რა ფიქრის ნართსაც შემოახვევს ჩვენი გონების თითისტარზე ამბის მთქმელი, იმ ნართითვე იქსოვება, მომავალში, მოზარდის წარმოსახვისა თუ ფანტაზიის ნაჭრელი. ახლა რომ ვიხსენებ, ჩემი პირველი ამბის მთქმელი დედა იყო, 90-იანების წკვარამს ქართული ხალხური ზღაპრებით რომ გვინათებდა, ბავშვობაში განცდილ-გაგონილი კი ჩვენი ქვეცნობიერისთვის კეთილ და უტყუარ მეგზურად იქცა.
„წიქარა“, „მეჩონგურე“, „ასფურცელა“ თუ „მებადური ბიჭი“ გაუცნობიერებლად სწორი არჩევანის კოდებად ესმოდა გონებას სწორედ მაშინ, როდესაც გზაგასაყარზე ვყოვნდებოდით. მეხსიერება იმდროინდელ შთაბეჭდილებებს დღემდე ირეკლავს და დროდადრო ცხოვრებისეულ გამოცდილებად გარდაქმნის. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ბავშვობისდროინდელ ამბის მთქმელებს და მათ წაკითხულ ლიტერატურას.
როდესაც არაერთხელ გაგონილს არაერთხელ წაკითხვის უპირატესობა ანაცვლებს, ეს თვითშემეცნების ახალ ეტაპზე გადასვლას ჰგავს და, ალბათ, ასეც არის. პოულობ საკუთარ რიტმს, უსმენ საკუთარ ხმას და ქმნი წარმოსახვის პორტალს. დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი, რომელიც დღემდე მახსოვს, ჰექტორ მალოს „უსახლკარო“ გახლავთ. სევდიანი ამბავი ერთი ობოლი, უსახლკარო, პატარა ბიჭისა, ვისი დარდის გამზიარებელიც კეთილი მოხუცი კაცი აღმოჩნდება. მახსოვს, საზაფხულო არდადეგებიდან სკოლაში რომ დავბრუნდით, მოუთმენლად ველოდი ყველასთვის გამეზიარებინა რემის ფათერაკებით სავსე ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ კლასში არავინ იცნობდა ფრანგი მწერლის ამ კეთილშობილ გმირებს. როდესაც გაკვეთილის ბოლოს თანაკლასელმა წიგნი მთხოვა, მეც მინდა „უსახლკარო“ წავიკითხოო, პირველად მაშინ აღმოვაჩინე მკითხველად ყოფნის განსაკუთრებულობა – წიგნს შეუძლია დროდადრო საკუთარ ექოდ გაქციოს და ამით უპირატესობა გაგრძნობინოს.
ჩემი ბავშვობის განსაკუთრებული შთაბეჭდილება არჩილ სულაკაურის დიდ, არამხოლოდ მოცულობით, არსობრივად დიდ ზღაპარს, „სალამურას თავგადასავალს“ უკავშირდება – ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნას და ციცინათელების მზეთუნახავი ბაიას ჯადოსნური ამბავი დღემდე მაბრუნებს ბავშვობასთან და შესაბამისად, საკუთარ თავთან. წიგნის სიუჟეტით მონუსხული აღტაცებით ვეცნობოდი პერსონაჟების გალერეას: მიდი მოადე, ალე-ჰოპი, ფრინტა, ჰილარიო ბუერა, კვანტი დაუდე… და ვგრძნობდი, იუმორით გაჯერებულ ამ სახელწოდებებში როგორ ხალასად ირეკლებოდა ავტორის მიერ ქართული ენის მოხელთების უნარი – ვრცელი სათქმელი ექცია ერთ ფრაზად და მოეთხრო ამბავი მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავგანწირვასა და ერთგულებაზე. ეს იყო დღე-ღამის გასაყარზე დაწერილი ყველაზე ვრცელი და წარმოუდგენელი ზღაპარი, რაც კი ოდესმე წამეკითხა და რომელსაც დღემდე ვუბრუნდები თვითგამორკვევისა და თვითრწმენისათვის.
მომდევნო წიგნი, რომელიც „გაადამიანდა“ და მეგობრად მექცა, თინეიჯერობის დროინდელი შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ გახლავთ. მეოცნებე, მტკიცე ხასიათის, ობოლი გოგონას არცთუ მარტივი ცხოვრების შესახებ დაწერილი რომანი სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ასაკის შესაბამისი სკეპტიკურობითა და უნდობლობით ვუყურებდი სამყაროს და ამავდროულად, სულს გაუმხელელი რომანტიკა სწყუროდა. ჯეინ ეარი საუკეთესო გულთმისანი აღმოჩნდა იმჟამინდელი ჩემი თავისა, რომელსაც ღრმად სწამდა, დაუნდობელ სამყაროში არანაირი „სოულმეითები“ არ არსებობდნენ. საბედნიეროდ, ამ „კაეშანს“ ისევ ლიტერატურამ უწამლა.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, საბავშვო ლიტერატურას აქტიურად ვეცნობი. ხელმეორედ ვუბრუნდები წაკითხულ ტექსტებს, უფრო ხშირად კი პირველად წაკითხვისა და აღმოჩენის სიხარულს ვიზიარებ მოსწავლეებთან ერთად. ამ წერილში, ვეცდები ვისაუბრო რამდენიმე წიგნზე, რომლებმაც ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
თეა თოფურია
„უჩინარი სახლი“
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
დროდადრო მოსწავლეებს ვეკითხები, რომელია მათი საყვარელი წიგნი. თეა თოფურიას „უჩინარი სახლი“ რომ წავიკითხეთ, ძალიან დიდხანს სწორედ ამ ტექსტს ასახელებდნენ.
საიდუმლოებით მოცული „ა“ კლასის 10 მოსწავლე განსაკუთრებული მისიითაა შეკრებილი. მათი არსებობა დღემდე ეჭვის ქვეშ დგას. უარსებია კი ოდესმე ამ ზღვისპირა ქალაქს? თუ მხოლოდ მოგონებებს შემორჩენილი ილუზიაა და მეტი არაფერი? საიდუმლო, რომელიც წყალქვეშ მოექცა და ბავშვებისგან აღმოჩენას ელის.
თეა თოფურია წარმოშობით სწორედ იმ ზღვისპირა ქალაქიდანაა, რომელიც, დროებით, მართლაც რომ გაუჩინარდა. მწერალმა, თითქოს ზღვის წიაღში „გადამალა“ მშობლიური კუთხე, იმ იმედით, რომ ახალი თაობა ჯიუტი შეუპოვრობით მიაგნებდა და „ამოაშრობდა“ მისი კედლებიდან ცრემლებივით მლაშე წყალს.
ფანტასტიკის ჟანრში დაწერილ ამ წიგნს, ისე, როგორც მის სხვა ნაწარმოებებს, ჩუმი „საუნდტრეკივით“ გასდევს ოკუპაციის თემა. მოზარდები კი, ხშირად ამ ალეგორიულ სათქმელს უბრალო მებადურების სიღრმითა და გაუთქმელობით იგებენ, და მებადურობიდან გამარჯვების მაუწყებლებამდე ხომ ერთი ნაბიჯია. ეგების!
ნათია როსტიაშვილი
„სხვა სკოლა“
გამომცემლობა „ინტელექტი“
რას იზამდით, ერთ დღესაც მშობლებს სოფლის პატარა სკოლიდან მოულოდნელად ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში რომ გადაეყვანეთ? ამ სკოლაში მოხვედრა ხომ „რჩეულთა ხვედრია“. ასე იქცა ერთ-ერთ „რჩეულად“ პროტაგონისტი ლეო. როგორც მისი მშობლები ამბობენ – გაუმართლათ. სკოლა, მართლაც რომ განსაკუთრებულია – აქ ჩვეულებრივი საგნების ნაცვლად ასწავლიან, თუ როგორ გახდნენ წარმატებულები, საუკეთესოები, პირველები. ლეოც თავს არწმუნებს, რომ მისმა მშობლებმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, მალევე აღმოჩნდება, რომ ამ „წესრიგის“ მიღმა დიდი „უწესრიგობა“ დგას. ასე იწყება მთავარი გმირის შინაგანი უთანხმოება, რომელიც ადრე თუ გვიან ხმამაღალ პროტესტად გადაიქცევა.
წიგნში სევდანარევი იუმორითაა მოთხრობილი მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობის სირთულეებზე, მეგობრობასა და გაუტანლობაზე, ბავშვურ გულწრფელობასა და უფროსების მრავალსახოვნებაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, პატივმოყვარეობასა და უბრალოებაზე.
„სხვა სკოლა“ იმ საკითხავ ლიტერატურას განეკუთვნება, რომელიც არა მხოლოდ მოზარდების, არამედ მასწავლებლებისა და მშობლებისათვის არაერთ საგულისხმო საფიქრალს აჟღერებს.
ნატო დავითაშვილი
„ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“
გამომცემლობა „ინტელექტი“
როდესაც ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი დაანონსდა, მაშინვე დავეშურე და ჩემი მოსწავლეებისთვის საკითხავ ლიტერატურად მივითვალე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ წიგნი შევიძინეთ, თანაავტორებად ვიქეცით. ფენტეზის ჟანრის მწერლისგან მოულოდნელობები რა გასაკვირია, მაგრამ როდესაც მწერალი მასწავლებელს მოსწავლეების ფანტაზიის გასააქტიურებლად, მზა დამხმარე რესურსს სთავაზობს, რომელიც ასევე მხატვრული ლიტერატურაცაა, ეს, უბრალოდ, გამართლებაა.
„ჯიბის კაცუნა“ არც მეტი, არც ნაკლები, უბრალო ცხვირსახოცია, რომელიც დროდადრო ჯიბის კაცუნად გადაიქცევა და მწვანე კუნძულის გადარჩენას ცდილობს, თუმცა ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. აი, სწორედ აქედან ვხდებით ჩვენ წიგნის თანაავტორები და საერთო თავგადასავალიც იწყება!
გურამ მეგრელიშვილი
„როგორ დავწეროთ მოთხრობა“
გამომცემლობა „აზროვნების აკადემია“
მოზარდები ხშირად ჩივიან, რომ წერა რთული პროცესია, რომ მარტივი არ არის გაასიტყვო ფიქრები, მწყობრ და თანმიმდევრულ ტექსტად აქციო სათქმელი. მაგრამ, წერა ერთ-ერთი მძლავრი სავარჯიშოა გონების გასაწაფად, შესაბამისად მასწავლებლები არაერთ დამხმარე რესურსს ვქმნით და ვიგონებთ ყოველ ჯერზე, თუმცა ეს დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. გამოსავალზე ფიქრმა ერთ სახელმძღვანელომდე მიმიყვანა — „როგორ დავწეროთ მოთხრობა“ ტექსტის აგების ძირითად დავალებებს მოიცავს. ამ დავალებების შესრულებით მოზარდები ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებენ პერსონაჟებს, გარემოს, მიზანს, პრობლემას, სახავენ გამოსავლის გზებს, ეს კი თავისთავად შემოქმედებითი პროცესია, საბოლოოდ კი საკუთარ ნაწარმოებს ქმნიან. წიგნში საილუსტრაციოდ ავტორისეული ტექსტია მოცემული, რომლის დახმარებითაც მოზარდები უკეთ ხვდებიან როგორ უნდა ააგონ ამბის ქარგა. მხატვრული ლიტერატურის კითხვასთან ერთად, წერითი დავალებები, გარდა იმისა, რომ მოზარდებს საკუთარი თავის გამოხატვაში ეხმარება, წერის სიყვარულს ასწავლის. მოზარდებს უსაზღვრო ფანტაზია აქვთ. ზოგმა ეს იცის, ზოგს ამის არ სწამს, ზოგს სჯერა, თუმცა — პასიურად. ამ დროს, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნონ, სცადონ და კალამი თავად გაიყოლებს მათ.
რაც შეეხება ჩემს წიგნს
ვიდრე წერას დავიწყებდი, ამბავი მთელი წელი ვატარე. შემდეგ, როგორც ხდება, სათქმელი ყოველდღიურ საზრუნავში გაიბნა, მაგრამ გამოხატვის სურვილმა გადასძალა და ერთ დღესაც, სოციალურ ქსელში თვალი მოვკარი წერის კურსს „ფასკუნჯი“ – გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა“. გადავწყვიტე, მეცადა – „რჩევები გამოცდილი ავტორისგან და უცნობი მსმენელი – ურიგო არ უნდა იყოს!“ – გავიმხნევე თავი და მოლოდინებისგან დაცლილმა, ჩემი ზღაპრის პირველი გვერდები წავუკითხე სრულიად უცნობ ადამიანებს. გული ისე გამალებით მიცემდა, პირველი შეფასებიდან მხოლოდ ეს ფრაზა მახსოვს – „თუ ამბავს არ უღალატებ, შეიძლება წიგნად იქცეს“. და რადგან წიგნად იქცა, გამოდის, ვუერთგულე. და ვუერთგულე, რადგან მასწავლებელს სჯეროდა ჩემი, ამ რწმენამ კი ის მენტორად, მე კი ავტორად მაქცია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ამჯერად უკვე ზრდასრულობაში, თუ რა შეუძლია მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლის იმაზე მეტად სჯერა, ვიდრე მოსწავლეს საკუთარი თავის.
ბავშვები ხშირად გაუმჟღავნებლად დარდობენ, აწუხებთ განსხვავებულობის განცდა, თვითგადარჩენის ინსტინქტი კი ერთმანეთის ანარეკლებად აქცევთ. ამ დროს, შესაძლოა საკუთარი უნიკალურობა უარყონ და მათი ინდივიდუალიზმი დაიკარგოს. ამასთან გამკლავება კი დიდ გამბედაობას მოითხოვს. წიგნის მთავარი გმირი მელაკუდაა, უფრო სწორად კუდამელა, როგორც ეს მისმა ანტაგონისტმა კლასელმა შეარქვა, რადგან ბოგის მოკლეზე მოკლე კუდი აქვს, თითქმის უკუდოა, რასაც ძალიან განიცდის. ბოგი მეოცნებე მელიაა, რომელიც ხშირად განმარტოვდება ხოლმე და გასცქერის მდინარის მეორე მხარეს გაშლილ ქალაქს და ოცნებობს, ოდესმე თვითონაც მოხვდეს ციცინათელების ქვეყანაში. დაუოკებელი სურვილის ასრულებაში ბოგის გიმიელი ბიჭუნა დაეხმარება — ასე აღმოჩნდება მელაკუდა უცნობ ქალაქში. აქ მას, როგორც ძაღლს, ისე გაიცნობენ. ბოგის არაერთი თავგადასავალი გადახდება და საბოლოოდ, საკუთარი თავის აღმოჩენამდე და სიყვარულამდე მიდის. ამის შემდეგ, ბოგი შინ, მონატრებულ ოჯახთან დაბრუნებას გადაწყვეტს. სახლის გზაზე კი ის საბოლოოდ რწმუნდება, რომ განსხვავებულობა, შესაძლოა, ჩვენივე უპირატესობად იქცეს.
ალბათ, ყველაზე დიდხანს პერსონაჟების სახელებზე ვფიქრობდი. მინდოდა სახელებს მათი არსი გამოეხატათ. სახელები უნდა ყოფილიყო მარტივი და მჟღერი. დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, სვანურ ენაში მომეძებნა „გამოსავალი“ და ვფიქრობ, გაამართლა. „ბოგ“ — ხიდს ნიშნავს, ჩვენი მელაკუდაც ორი სამყაროს დამაკავშირებელ რგოლად იქცა. „გიმ“ მიწაა — ამ სიტყვიდან მიღებული „გიმიელი“ კი დედამიწელს, მიწიელს, შესაბამისად, ადამიანს აღნიშნავს.
ეს იყო მცდელობა, ქართული ენის უძველეს პლასტებში მიმეგნო სათქმელისთვის, რომელიც მარტივად გადაინაცვლებდა მკითხველის მეხსიერების საცავებში და უძველეს სიტყვებთან დაამეგობრებდა მოზარდებს.