24 ნოემბერი, კვირა, 2024

შენ თვი­თონ წყვეტ სა­ით გა­დად­გა ნა­ბი­ჯი, მე უბ­რა­ლოდ გეხ­მა­რე­ბი

spot_img

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო მოს­წავ­ლე­ე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფონ­ზე, ბევ­რ­მა ბავ­შ­ვ­მა თა­ვი იზო­ლი­რე­ბუ­ლად, გა­რი­ყუ­ლად იგ­რ­ძ­ნო და შე­სა­ბა­მის­მა ემო­ცი­ებ­მაც იჩი­ნა თა­ვი. ემო­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში შვილს, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, მშო­ბე­ლი უნ­და და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის. დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა გეშ­ტალ­ტ­ თე­რა­პევ­ტი ნია ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, რო­მე­ლიც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

— რას გუ­ლის­ხ­მობს თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლო­ბა — გეშ­ტალ­ტ ­თე­რა­პია და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ფსი­ქო­თე­რა­პი­ის­გან?

— გეშ­ტალ­ტ ­თე­რა­პია იგი­ვე ფსი­ქო­თე­რა­პიაა, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ კონ­კ­რე­ტულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს და ეს ნიშ­ნავს, რომ აქ და ამ­ჟა­მად გან­ვი­ხი­ლავთ ნე­ბის­მი­ერ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა დღეს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე, რა­ზე აისა­ხე­ბა, რო­გორ გრძნობ ამას. ძი­რი­თა­დად, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა უფ­რო შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებ­ზე, ვიდ­რე რა­ცი­ო­ნა­ლურ მხა­რე­ზე, თუმ­ცა, ამას სულ ვა­კავ­ში­რებთ ერ­თ­მა­ნეთ­თან, რო­გორ ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბენ, ემ­თხ­ვე­ვა თუ არა ეს ორი ერ­თ­მა­ნეთს, თუ აც­დე­ნი­ლია, რას გრძნობ და რას ფიქ­რობ, რა­ტომ… მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კოსს, რო­ცა კლი­ენ­ტი ესა­უბ­რე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი გა­მო­აქვს და ამას ეუბ­ნე­ბა. გეშ­ტალ­ტ­ თე­რა­პევ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­სო­დეს (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამას ნაკ­ლე­ბად აცხა­დებს) ეუბ­ნე­ბა დას­კ­ვ­ნებს, ნე­ბის­მი­ერ მო­ცე­მუ­ლო­ბას ერ­თად იხი­ლა­ვენ — ასე გრძნობ თავს? ეს რო­გო­რია, რას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ა.შ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერთ სიბ­რ­ტყე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა და დი­ა­ლო­გი.

— თქვენს კლი­ენ­ტებს შო­რის არი­ან რო­გორც უფ­რო­სე­ბი, ასე­ვე ბავ­შ­ვე­ბი, მო­ზარ­დე­ბი. ვის­თან მუ­შა­ო­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა?

— ჩემ­თ­ვის მო­ზარ­დე­ბი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი კლი­ენ­ტე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თან უკ­ვე რა­ღაც იცი­ან, თით­ქოს დიდ ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გ­მე­ბა და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ­თან ძა­ლი­ან ცოცხა­ლი კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა ხოლ­მე, რო­გორც წე­სი. რო­ცა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი რა­ღაც პრობ­ლე­მით მო­დის, მას­თან ბევ­რად ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო (გა­აჩ­ნია თე­მას), ვიდ­რე ბავ­შ­ვ­თან ან მო­ზარ­დ­თან, რად­გან მის შემ­თხ­ვე­ვა­ში პრობ­ლე­მა ახა­ლია და ჯერ კი­დევ შე­გიძ­ლია ამო­წიო და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო იმ რა­ღა­ცის­გან, რაც აწუ­ხებს. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ო­ბა.

— პან­დე­მი­ის ფონ­ზე იმა­ტა მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბამ?

— ვერ ვიტყო­დი, რომ მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. რო­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ და აკ­ვირ­დე­ბი პრო­ცესს, მუდ­მი­ვად არის, ასე ვთქვათ, ტალ­ღე­ბი. ვერც იმას ვიტყო­დი, რომ იმის გა­მო შემ­ცირ­და, ვი­ღა­ცას ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი მო­აკ­ლ­და. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვე­დით, მა­ში­ნაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ვი­ღა­ცის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა, ეს მი­სა­ღე­ბი ფორ­მა არ იყო, დი­დი ნა­წი­ლი დარ­ჩა ონ­ლა­ინ­ზე, რო­გორც ჩანს, ნა­წილ­ში იმ­დე­ნად დი­დი იყო თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის გან­ც­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ეს რიტ­მი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს.

— რო­გორ აისა­ხა ადა­მი­ა­ნებ­ზე პან­დე­მია, რო­გორც სტრე­სი?

— პან­დე­მია ნამ­დ­ვი­ლად სტრე­სი აღ­მოჩ­ნ­და და სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად აისა­ხა სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მა­გა­ლი­თად, მათ, ვი­საც ისე­დაც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ (ვთქვათ, მე­დი­კა­მენტს იღებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შფოთ­ვა, ცუ­დი ძი­ლი კოშ­მა­რე­ბით ან პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი ახა­სი­ა­თებ­და), ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გა­უმ­ძაფ­რ­დათ და პრობ­ლე­მებ­მა კი­დევ უფ­რო იმა­ტა. ხო­ლო კლი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ ჰქონ­დათ, ვერ ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია, თუმ­ცა, ცხა­დია, დის­კომ­ფორ­ტი ყვე­ლას­თ­ვის იყო.

— მო­ზარ­დებ­ში რო­გო­რი სუ­რა­თია?

— იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა მო­ზარ­დებ­ზეც. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბამ მო­ი­მა­ტა, თუ ად­რე, რო­ცა ექი­მი ძლი­ერ მე­დი­კა­მენ­ტებს უნიშ­ნავ­და, მი­ღე­ბას თავს არი­დებ­დ­ნენ, ამ პე­რი­ოდ­ში, უფ­რო ხში­რად მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა და­იწყეს მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა.

— შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გაჩ­ნ­და პრობ­ლე­მა — ბავ­შ­ვი და კო­რო­ნა­ვი­რუ­სი?

— ბავ­შ­ვის გან­წყო­ბა მთლი­ა­ნად გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მშობ­ლის გან­წყო­ბი­დან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ის, რას ვე­უბ­ნე­ბით, არა­მედ ისიც, რო­გორ ვგრძნობთ ამ დროს თავს, რო­გორ ვაწ­ვ­დით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ ოჯახ­ში ღე­ლა­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შფო­თია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცხა­დია, ბავ­შ­ვ­ზე კი­დევ უფ­რო მძაფ­რად აისა­ხე­ბა. ამი­ტომ ეს ორი რამ გა­დაბ­მუ­ლია ერ­თ­მა­ნეთ­ზე — თუ მშო­ბე­ლი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია და ბავშვს მშვი­დად აწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას — რა ხდე­ბა, თა­ვი რო­გორ და­ვიც­ვათ, რომ არც ისე გა­მო­უ­ვა­ლი ვი­თა­რე­ბაა, ეს და ეს გვი­ცავს, თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ ვაწ­ვ­დით ბავშვს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად, ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მის ასაკ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, მა­შინ ბავ­შ­ვე­ბიც ინარ­ჩუ­ნე­ბენ სიმ­შ­ვი­დეს, მაგ­რამ თუ მშო­ბე­ლი ღე­ლავს და ძა­ლი­ან გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლია, ცხა­დია, ეს ბავ­შ­ვ­ზეც აისა­ხე­ბა.

— სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ზაფხულ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ წა­რი­მარ­თა, ესეც სტრე­სუ­ლი იყო ალ­ბათ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის?

— ზო­გა­დად ბევ­რი სტრე­სი აქვთ ბავ­შ­ვებს, რთუ­ლად მი­დის შე­გუ­ე­ბა ამ პრო­ცეს­თან. მე სა­მი შვი­ლი მყავს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ, ვხე­დავ, რომ ბევ­რი სტრე­სუ­ლი მო­მენ­ტი შე­მო­დის (ინ­ტერ­ნე­ტი ჭე­დავს, მას­წავ­ლებ­ლის ხმა ცუ­დად ის­მის ან სხვ.), უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზია. მე (ბავ­შ­ვი) ამ ყვე­ლა­ფერ­საც უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დე და თან ცოდ­ნა მი­ვი­ღო, რაც ძა­ლი­ან მი­ჭირს, ამ სტრეს­საც უნ­და მო­ვე­რიო, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სია და რა­ღაც სა­შიშ­რო­ე­ბა გვე­მუქ­რე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კუთხით. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შ­ვე­ბი და­ზი­ან­დ­ნენ.

— რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ბავ­შ­ვებს?

— რჩე­ვის სა­ხით, ვეტყო­დი, რომ ეს დრო­ე­ბი­თი მო­ცე­მუ­ლო­ბაა და ჩვენ ერ­თად უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ იმით, რომ და­ვიც­ვათ წე­სე­ბი, ერ­თ­მა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ ამა­ში. მა­გა­ლი­თად, ჩემს პა­ტა­რა შვილ­თან მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­თათ­მა­ნე­ბი აც­ვი­ათ, პირ­ბა­დე­ე­ბი უკე­თი­ათ, ბავ­შ­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ემო­ცი­ებს ვერ ხე­და­ვენ, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ სხვა გზა არ გვაქვს, უბ­რა­ლოდ, არის ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი ზრდას­რუ­ლი თუ იცავს წე­სებს და ახ­მო­ვა­ნებს, ამას რა­ტომ აკე­თებს, ბავ­შ­ვიც რა­ღაც­ნა­ი­რად იღებს ამას. მთა­ვა­რია, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ ეს არის დრო­ე­ბი­თი, ჩვენ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას, ჩვე­ულ რიტმს, ამას უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ ერ­თად.

— ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის არის რთუ­ლი? რო­გორც პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის მშო­ბე­ლი, რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

— მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა რო­გორ უნ­და ეს­წავ­ლა პირ­ველ კლას­ში ონ­ლა­ინ და ვფიქ­რობ­დი, გა­მო­მეყ­ვა­ნა, თუ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და. იმი­ტომ, რომ მას არ აქვს არა­ნა­ი­რი უნა­რი, სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს სას­კო­ლო პრო­ცეს­ზე და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტან­ჯ­ვა იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი იყოს ჩარ­თუ­ლი. სი­ახ­ლე ყო­ველ­თ­ვის სტრე­სია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კარ­გია თუ ცუ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვის­თ­ვის. ახალ ფორ­მატ­ში გა­დას­ვ­ლაც ისე­დაც სტრე­სუ­ლია, კი­დევ კო­რო­ნა, ნი­ღა­ბი… ამი­ტომ ოჯა­ხი უნ­და იყოს მზად იმის­თ­ვის, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ბავშვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბა. თუნ­დაც, მი­სი და­ძა­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის ატა­ნა, ის ბევ­რი რა­მით შე­იძ­ლე­ბა იყოს უკ­მა­ყო­ფი­ლო, წყე­ნას გა­მო­ხა­ტავ­დეს; შე­იძ­ლე­ბა და­უც­ვე­ლო­ბის გან­ც­და ჰქონ­დეს, ბრა­ზი მო­ე­რი­ოს, მოთ­მი­ნე­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დეს, ამი­ტომ უფ­რო­სებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი გვა­კის­რია ახ­ლა, რომ ბავ­შ­ვებს მხარ­ში და­ვუდ­გეთ, არ ავ­ყ­ვეთ მათ „მორ­ყე­ულ“ ხა­სი­ათს და, პი­რი­ქით, ვე­ცა­დოთ, ჩვენ გა­ვამ­ყა­როთ ჩვე­ნი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბით, დი­ა­ლო­გით, ახ­ს­ნით, სით­ბო­თი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა.

— ზო­გა­დად რო­გორ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა?

— ჩე­მი პრაქ­ტი­კით, მე რა­საც ვხე­დავ, კი მიმ­დი­ნა­რე­ობს ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, სწავ­ლის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ე­ცა, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს უბ­რა­ლოდ უჭირთ აქე­დან მი­ი­ღონ ის, რა­საც ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იღებ­დ­ნენ. არ ვი­ცი, რა რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა, იმ­დე­ნად სტრე­სუ­ლია გა­რე­მო, აქ კი­დევ და­მა­ტე­ბით სა­კითხა­ვის მი­ცე­მა ან რა­ღაც აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა, არ ვი­ცი რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია. ამ დროს, რა თქმა უნ­და, კარ­გია სპორ­ტი, რომ ის დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გია, რო­მელ­საც ვერ ვხარ­ჯავთ, სადღაც გა­მო­ვი­დეს. უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას, ეს მთე­ლი სამ­ყა­როს პრობ­ლე­მაა, ასე მოხ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა გვი­წევს.

— რო­გო­რია ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას არტ თე­რა­პი­ის რო­ლი?

— არტ თე­რა­პი­ას ზო­გა­დად გეშ­ტალ­ტი მო­ი­აზ­რებს, ბევ­რი გეშ­ტალ­ტ­ თე­რა­პევ­ტი მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებ­თან. მათ­თან ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დის­კუ­სია არ მი­დის, მათ­თ­ვის ეს უინ­ტე­რე­სოა, ვცდი­ლობთ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა და­ვა­ხა­ტი­ნოთ და შემ­დეგ ამა­ზე ვმსჯე­ლობთ, სხვა­დას­ხ­ვა კუთხით ვუდ­გე­ბით, იგი­ვე ქვი­შის თე­რა­პია, ძერ­წ­ვა, არტ თე­რა­პია ამ ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს და კარ­გია იმით, რომ პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან თვი­თონ ქმნი­ან, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­ხა­ტონ — რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გო­რი ფაქ­ტუ­რა აქვს, რა­ი­მე სუ­ნი ხომ არ აქვს და ა.შ. თუმ­ცა, არტ-თე­რა­პი­ას დი­დებ­თა­ნაც ხში­რად ვი­ყე­ნებ (გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს, არი­ან კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ უარს აცხა­დე­ბენ, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც ეს ძა­ლი­ან უყ­ვარს) და ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მოგ­ვ­ყ­ვე­ბი­ან.

თე­რა­პევ­ტის­თ­ვის ეს დამ­ხ­მა­რე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი იმი­ტომ, რომ ის, რა­საც კლი­ენ­ტი გრძნობს, გა­მო­აქვს ფურ­ცელ­ზე და უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტი შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, კონ­ცენ­ტ­რირ­დეს, ახ­ს­ნას ის, რა­საც მის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა არ აქვს, სადღაც მას­ში არ­სე­ბობს და ეს გა­მო­აქვს და ხა­ტავს. ამას თვი­თონ­ვე ხე­დავს და იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და შემ­დეგ, თე­რა­პევ­ტის დახ­მა­რე­ბით, კი­დევ უფ­რო ღრმად ჩა­დის. ასე რომ, უძ­ვირ­ფა­სე­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბია. ბავ­შ­ვებ­თან, 90%, მე პი­რა­დად, გეშ­ტალ­ტით და არტ თე­რა­პი­ით ვმუ­შა­ობ.

— თუ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მშობ­ლებ­თან და ბავ­შ­ვებ­თან?

— რა თქმა უნ­და, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბის ტრე­ნინ­გი (ახ­ლა შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვაქვს ტრე­ნინ­გე­ბი), რო­მე­ლიც 6 შეხ­ვედ­რას მო­ი­ცავს, აქე­დან 2 ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად ტარ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბის შემთხვევაში — მშობ­ლებ­თან ერ­თად ტარ­დე­ბა და ერ­თობ­ლივ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე უკე­თე­სი კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა მათ შო­რის, რა­ღაც ახა­ლი იკ­ვე­თე­ბა, და­დე­ბი­თი, რაც იქამ­დე არ ჰქო­ნი­ათ. არტ თე­რა­პი­ის, ჯგუ­ფუ­რი ვე­ლის დახ­მა­რე­ბით, თე­რა­პევ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი.

— ისევ თქვენს პრო­ფე­სი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რა არის მთა­ვა­რი და ძი­რე­უ­ლი გეშ­ტალ­ტ­ ფ­სი­ქო­ლო­გი­ა­ში?

— ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნის­ტუ­რი მიდ­გო­მაა, მა­გა­ლი­თად ის, რომ მე კლი­ენ­ტ­ზე მაღ­ლა არ ვგრძნობ თავს და ვი­ნარ­ჩუ­ნებ თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას — მე რა­ღაც კი არ ვი­ცი და ჩემს პრო­ექ­ცი­ებს კი არ გახ­ვევ თავს, არა­მედ შენ რა­საც მი­ზი­ა­რებ, მე ის ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის, შე­მოვ­დი­ვარ დი­ა­ლოგ­ში და ჩვენ შო­რის ხდე­ბა ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი.

ადა­მი­ა­ნის მიმ­ღებ­ლო­ბა ისე­თად, რო­გორც ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, რო­გო­რიც ის არის, მიმ­ღებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ ჩვენ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ხში­რად ეს პრობ­ლე­მუ­რია ხოლ­მე. არა მხო­ლოდ გეშ­ტალტ, ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე ვსა­უბ­რობ, რომ ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მელ­თა დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — მი­ღე­ბა, ზრუნ­ვა კლი­ენ­ტ­ზე და პრობ­ლე­მას­თან ერ­თად გამ­კ­ლა­ვე­ბა.

არ­სე­ბობს ასე­თი მე­ტა­ფო­რა — რო­გო­რია თე­რა­პევ­ტის რო­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი ჩემს კლი­ენ­ტებს: წარ­მო­იდ­გი­ნე უღ­რა­ნი ტყე, სა­დაც შენ მი­ა­ბი­ჯებ. გზას სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავ, არ არის და უცა­ბე­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბით გი­წევს გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. მე ვდგა­ვარ ოდ­ნავ შენს უკან ან გვერ­დით და ფან­რით გი­ნა­თებ, სა­ი­თაც მი­ი­ხე­დავ, რომ გახ­დეს უფ­რო ნა­თე­ლი და შენ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — წახ­ვი­დე იქით თუ არა. შენ თვი­თონ წყვეტ სა­ით გა­დად­გა ნა­ბი­ჯი, მე უბ­რა­ლოდ გეხ­მა­რე­ბი, უკეთ და­ი­ნა­ხო ეს ად­გი­ლი. ძა­ლი­ან მხარ­დამ­ჭე­რი მო­მენ­ტია, რო­ცა კლი­ენ­ტი ხვდე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად თვი­თონ იღებს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, მე მაქვს დამ­ხ­მა­რე რგო­ლის, ერ­თ­გ­ვა­რი ყა­ვარ­ჯ­ნის ფუნ­ქ­ცია. მთე­ლი არ­სი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის არის ეს და ვფიქ­რობ, ამან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა ახ­ლა, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს მხარ­და­ჭე­რა და სიმ­ყა­რის გან­ც­და უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბათ. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ მო­ვე­რე­ვით ამ ყვე­ლა­ფერს.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები