როგორც ცნობილია, სკოლებისა და უნივერსიტეტების შემოწმება, სასწავლო წლის დაწყებამდე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, – ამის შესახებ, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, 9 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, სკოლების გარდა, შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი და თითოეულ მათგანზე ნებართვა გაცემულია, დანარჩენების შემოწმების პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, დაახლოებით, 5000-მდე ობიექტზე გაიცა გაფრთხილება, პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით. „მიმდინარე დღეებში, დაახლოებით, 5000-მდე ობიექტზე გაიცა კვლავ რეკომენდაცია, გაფრთხილება იმისთვის, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები დაიცვან. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. ჯარიმა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჯერ ვაფრთხილებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის რეკომენდაციებს გასცემენ, დაიწყება გეგმური ინსპექტირება. „როდესაც გავცემთ რეკომენდაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ფუნქციონირება რომ შეძლონ, ამის შემდგომი ნაბიჯი გეგმური ინსპექტირებაა, რაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და რისკებზე. არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის, ყველა ეკონომიკური სუბიექტის შემოწმება გაგრძელდება,“ – აღნიშნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამისთვის ინსპექტორთა საკმარისი რაოდენობა ჰყავთ, დაახლოებით, 400-მდე. „ამიტომ, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რამდენიმე დღეში ეს პროცესი დასრულდეს და სწავლის დაწყებას, ამ კუთხით, არავითარი საფრთხე არ შეექმნება.“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.