სიცოცხლის პირველი წლები, ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდის გამოწვევები, აღზრდის ფსიქოლოგია, მშობლებისა და მასწავლებლების ემოციური ხელშეწყობა და მათი როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში; ფსიქოლოგიური მდგრადობა, ოჯახური და სასკოლო ურთიერთობები, ემოციები, როგორც ადამიანის სამშვენისი, ემოციური ინტელექტი – ამ თემებზე ვსაუბრობთ University of Oslo-ს სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების ფილოსოფიის მაგისტრთან, ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილთან.
ნინო მარგველაშვილი ნეიროგანათლების სივრცის თანადამფუძნებელია. „კაიკონა“, მეცნიერულ ცოდნასა და პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობით, ხელს უწყობს ტვინისა და გონების იმგვარ ფორმირებას, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის პიროვნული კეთილდღეობისთვის.
♦ ნინო, როგორც ცნობილია, დაბადების პირველი წლები, კონკრეტულად, 0-იდან 5 წლამდე პერიოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. რას ვსწავლობთ ამ პერიოდის განმავლობაში? განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, თუნდაც ნაწილობრივ, ის ყველაფერი, რასაც სიცოცხლის პირველ წლებში ვიგრძნობთ და ვისწავლით?
◊ ძალიან მიხარია, რომ თავიდან დავიწყეთ. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ ვითარდება ადამიანი. თუ ეს გვეცოდინება, მერე ბევრად ადვილი იქნება ჩარევაც და პრევენციაც, ანუ გაცილებით მარტივი იქნება თავიდან ავირიდოთ ყველა ტანჯვა და ტკივილი, რომლებიც, დამატებით, ადამიანებისგანაა გამოწვეული, იმის გარდა, რომ ეს, უბრალოდ, ცხოვრების ნაწილია.
ადამიანი მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყებს ჩამოყალიბებას. მთელი ნერვული სისტემის, ყველა ორგანოს, მათ შორის, თავის ტვინის, ჩამოყალიბება იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან.
ცხადია, ამ პერიოდშიც კი ბოლომდე დაცულები არასდროს ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს გარემო მეტ-ნაკლებად ყველაზე დაცულ გარემოდ შეიძლება აღვიქვათ. ბავშვის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს უამრავი რამ, მათ შორის, მშობლის სტრესჰორმონები; ის გარემო, რომელშიც დედას უწევს ცხოვრება. ამიტომ დედის კარგად ყოფნა, მისი სიმშვიდე, ასევე გავლენას ახდენს ნაყოფზე. ეს იქნება დამატებითი ძალა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება უფრო მეტად დაცული იყოს. იმის თქმა მინდა, რომ უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან თავის ტვინი და მთელი ნერვული სისტემა, ყველა უჯრედი, მიმართულებას იღებს, თუ რა გზით წავიდეს.
ადამიანი რომ იბადება, იმწამსვე, მისი სხეული სხვადასხვა შეგრძნებითა და სტრესორით „იბომბება“. გარემოდან, სადაც ყველაზე თბილად გრძნობდა თავს, ყველაზე დაცული იყო, და გრძნობდა, მარტო არ იყო, უცებ გამოდის გარეთ, სადაც არის განათებები, ხმაური, მერე ანალიზების ასაღებად რაღაცებს არჭობენ – ეს პროცესები ძალიან ბევრ ახალ შეგრძნებას უჩენს ახალშობილს, ამიტომ მუდმივად იწყებს საკუთარი სხეულით, საკუთარი ხმით, ტირილით, სახის გამომეტყველებით ჩვენებას, რომ დისკომფორტს გრძნობს, რომ სადღაც ბალანსია დარღვეული. მაგ., თვალებს ჭუტავს, თუ ძალიან დიდი სინათლის ქვეშაა, რათა ეს ზედმეტი ენერგია თავიდან აიცილოს, მაგრამ მისი ქმედებები ძალიან ლიმიტირებულია, ის თავისით ბევრ რამეს ვერ არეგულირებს. ზუსტად ამიტომ ვჭირდებით ჩვენ – მეორე ადამიანი.
ჩვილობისას, ისე, რომ ჩვენი გონება და სხეული ამას ვერ აცნობიერებს, ჩვენში არსებული სხეულებრივი შეგრძნებიდან გამომდინარე, ვიწყებთ მოქმედებას, ძიებას. პირველი, რაც ჩვილში ყველაზე კარგად გამოიხატება ხოლმე, ძიების წრედია. ჩვენი პატარა ეძებს ძუძუსთავს, ასევე სურს შეხება, რათა უსაფრთხოება იგრძნოს. ჩვენში, ისევე როგორც სხვა ცხოველებში, არსებობს თანდაყოლილი, პრიმიტიული წრედები, რომლებიც ანატომიურადაა გაწერილი თავის ტვინში. მისი მთავარი ფუნქციაა გადაგვარჩინოს. შესაბამისად, ამ წრედების ერთადერთი მიზანი, უმთავრესი ფუნქცია და დირექტივა ისაა, რომ ნებისმიერი შეგრძნების დროს, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოს ადამიანი, იხსნას, სიცოცხლე გააგრძელებინოს. ცხადია, როცა ჩვილს და, შემდეგ უკვე ბავშვს, საფრთხე არ ემუქრება, მაშინ უკვე საინტერესო ხდება თამაში, გალაღება, ახლის შეცნობა, შესწავლა და ა.შ.
ბავშვები და ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანები ვხარჯავთ ძალიან ბევრ ენერგიას იმისთვის, რომ ზემოთ ნახსენები დისბალანსის შემდეგ წონასწორობა აღვიდგინოთ. თუ წონასწორობა დაირღვევა, მაგ., სისხლში შაქრის დონე დაიკლებს, თავის ტვინი შემოჰკრავს განგაშის ზარს, რათა იმის ძიება დავიწყოთ, რაც სისხლში შაქრის დონეს ისევ მოგვიმატებს.
♦ თქვენი საუბრით მივხვდი, რომ ადამიანებს თანდაყოლილი გვაქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. რაც შეეხება ემპათიას და თანაგანცდას, ასევე სიყვარულის უნარს, ისინი დასწავლადია თუ, გარკვეულწილად, დაბადებიდან დევს ჩვენში? ასევე საინტერესოა, რა არის იმის მიზეზი, როცა ადამიანებში ემპათიის დონე შედარებით ნაკლებია ხოლმე.
◊ პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თანდაყოლილი გვაქვს ზრუნვის უნარი. თვითგადარჩენის ინსტინქტი მოიცავს ძიების, რისხვის, შიშის, თამაშის, გლოვის და დატირების წრედებსაც. სწორედ იმიტომ, რომ ზრუნვა ჩვენში ჩადებულია, მე – უფროსი ადამიანი, ვიწყებ მეორე ადამიანზე ზრუნვას. როდესაც ყურადღებას ვაქცევ ბავშვის სხეული რა სიგნალებს მაძლევს, მე ვიწყებ ამ სიგნალების წაკითხვას, ინტერპრეტაციას და მერე დახმარებას. მაგალითად, თუ ვგრძნობ, რომ ბავშვი დისკომფორტშია, ხმის ტონი ეცვლება, და ჩემმა თავის ტვინმა ეს უსიამოვნებად აღიქვა, მერთვება ზრუნვის წრედი; ვგრძნობ უსიამოვნებას, თავის ტვინს კი უნდა, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოს. ამის შემდეგ ვიწყებ ისეთი რამის გაკეთებას, რაც მეორე არსებას დაამშვიდებს, შესაბამისად, ბუნებრივად, დასწავლის გარეშე, ჩვენ ასე ვიქცევით. უფროსებს გვაქვს ეს იარაღი, ჩვენ ვართ სტრატეგია. ჩვილის სიმშვიდე გადამდები იქნება ჩემთვის, ხოლო თუ თვალები აქვს დაჭიმული და ისე მიყურებს, ავტომატურად მეც შიგნით დაჭიმულობას ვგრძნობ, მეწყება უხერხულობის განცდა; მე შეიძლება ვერც კი ვხვდებოდე, რატომ ამიჩქარდა გული, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ ჩვენ ერთმანეთის შეგრძნებებზე ვრეზონირებთ. ესეც გვეხმარება გადარჩენაში. ცხოველები რომ ერთ ჯგუფად ცხოვრობენ, ძირითადად, ძუძუმწოვრები, ჩვენთანაც ასე ხდება. ერთი მაინც თუ იგრძნობს, რომ მეორე ადამიანი საფრთხეშია, იგრძნობს მის შეცვლილ ემოციებს, ჩვენი გონება გაუცნობიერებლად განგვაწყობს და გვამზადებს საფრთხესთან გასამკლავებლად.
რაც შეეხება ემპათიას – ემპათიაა, როდესაც მაინტერესებს მეორე ადამიანის შინაგანი სამყარო და ვცდილობ, გამოვიცნო და გავიგო, რას გრძნობს, რა მდგომარეობაშია; მე თუ ეს ვიგრძენი, თუ განვიცადე, საჭიროების შემთხვევაში ეს უკვე ბუნებრივად ჩამირთავს სხვა ქმედებებსაც, მაგ., „აბა, რა შეიძლება გავაკეთო, რათა ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო?“ ემპათიური მოსმენის მერე ვიწყებ დიფერენცირებას, ახლა მოსმენა უნდა ამ ადამიანს, ჩახუტება და მოფერება, თუ საკვები უნდა მივაწოდო?
თუ ბავშვის ორგანიზმი გამოხატავს, რომ, მაგალითად, სისხლში შაქრის დონემ დაიწია ან სხეული გადახურდა და სიგნალს იძლევა, ყოველი ეს დისკომფორტი ორგანიზმში წვავს ენერგიას და აძლიერებს დაძაბულობას; ერთი პატარა ტირილი და ყველა კუნთი იჭიმება, ანუ ეს ენერგიისგან გვცლის და დაჭიმულობას ზრდის. და რა ხდება მაშინ, თუ არ არის მეორე ადამიანი, რომელიც მიეხმარება პატარას? ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა. თუ მაგალითად, პატარაობაში ასეთ დროს არავინ იყო მის გვერდით იმიტომ, რომ ავად იყვნენ, პრობლემები ჰქონდათ, მასთან ყოფნის შესაძლებლობა არ იყო, ბავშვი აგრძელებს ჭიჭყინს, დისკომფორტი გრძელდება, რადგან ვერავინ გაუგო, ვერ დაამშვიდა. რა თქმა უნდა, დამშვიდება არ ნიშნავს, რომ უბრალოდ გავაჩუმოთ. დამშვიდებაა, რომ გავუგოთ. თუ მას არავინ მოუსმენს და ინტერპრეტაციას არ გააკეთებს, ბავშვის თავის ტვინი და გონება მალე ნეგატიურობისკენ გადაიხრება, ყველა პატარა გამოწვევა საფრთხედ აღიქმება; ორგანიზმი უფრო მეტ გლუკოზას და ჟანგბადს ხარჯავს, რათა კუნთები დაიჭიმოს და კიდევ უფრო გააძლიეროს ადამიანი ფიზიკურად. ამ დროს თავის ტვინი ფიქრობს, რომ უფრო დიდი საფრთხეა, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთელი ენერგია, რაც აქვს, აღარ წაიღოს მეტაბოლურ პროცესებში, ზრდაში, მონელებაში, სამყაროთი დაინტერესებაში. გონების არაცნობიერი ნაწილი ფიქრობს, მაგ., ახლა რა დროს გაღიმებაა, კიდევ უფრო უნდა მოვიჭიმოთ, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავი… აი, ყოველი ასეთი გაშვებული შესაძლებლობა, რომ დავამშვიდოთ ჩვენი შვილების გონების არაცნობიერი ნაწილი, ბავშვის სტრესის აღქმის სისტემას ცვლის, ამიტომაა უფრო გართულებული მერე ამ ბავშვისთვის, როცა წამოიზრდება, იგრძნოს სხვისი დამწუხრებული სახე. იმიტომ კი არა, რომ არ შეუძლია. ვიდრე მათთვის იმის სწავლებაზე გადავალთ, როგორ გამოიხატება თითოეული ემოცია, ჯერ ვკითხოთ: „როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ?“, პირველ ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ ბავშვებში, რომლებსაც უჭირთ საკუთარი ემოციების გამოხატვა და ასეთ პროსოციალურ ქმედებებში ჩართვა, სტრესის დონე უნდა დავწიოთ.
თუ თავის ტვინში, სხვადასხვა მიზეზის გამო, სტრესზე რეაგირების სისტემა აალებულია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უპასუხებენ ამას სახლშიც და სკოლაშიც. მაგალითად, როგორ მოიქცევა მასწავლებელი: შეეცდება გაიგოს, თუ პირდაპირ დასკვნას გამოიტანს, როცა ბავშვი რაიმეს დაიყვირებს ან წამოიძახებს; მეცნიერულად შეხედავს ამას, თუ მორალისტურად? შეიძლება იფიქროს, რომ ამ საშინელ ქცევას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს შედეგი, რათა სხვა დროს იგივე არ განმეორდეს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ დაფიქრდება, რატომ მოიქცა მოსწავლე ასე, რა ხდება მის სხეულში, მის გარშემო.
უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს ორგანიზმში დაჭიმულობა ძალიან დიდია, ენერგია მცირდება, ამ დროს თავის ტვინის შუბლის წილი ჩვეულებრივ ვეღარ ფუნქციონირებს და ადამიანში ყველაზე ღირებული თვისებები აღარ ვლინდება. ასეთია სწორედ სხვისი გათვალისწინება, საკუთარი შინაგანი ხმის, გულის ხმის მოსმენა; ვერ ვახერხებთ ამას, იმიტომ, რომ ხმაურია, შესაბამისად, მოლაპარაკება, სტრატეგიულობა, შემოქმედებითობა, იუმორის გაცემა და მიღება – ეს ყველაფერი ნელდება, ბლაგვდება. მოსწავლეს შეიძლება ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, მაგრამ არ ავლენდეს, რადგან მისი თავის ტვინი ნევროლოგიურად გადასულია გადარჩენის რეჟიმში, ამაზეა მობილიზებული. შეიძლება მასთან რეალური საფრთხე საერთოდ არ იყოს, მაგრამ მისი ტვინი აღიქვამს, რომ ირგვლივ საფრთხეა, სადღაც წონასწორობაა დარღვეული; ასეთ დროს ყველა რესურსს, რაც გააჩნია, მოახმარს ფიზიკურ მოჭიმვას და ირაციონალურ ქცევებს. ამ დროს ადგილი აღარ რჩება იმისთვის, რომ დაინტერესდეს გაკვეთილის შინაარსით, ამაზე კონცენტრირდეს.
პატარაობაში თავის ტვინი ავტომატურად ასკვნის და იმახსოვრებს იმ სიტუაციებს, რომლებშიც ბავშვს უფრო მეტი ენერგიის დაწვა დასჭირდა გადასარჩენად, სადაც საფრთხე შეექმნა მის წონასწორობას; ჩვენ თავის ტვინში გვაქვს უბანი – ჰიპოკამპი, რომელიც მეხსიერების საცავია. რადგან ჩვენ გვაქვს მეხსიერების საცავი, თუ მან დაინახა ისეთი სიტუაცია, რომლის მსგავსიც მას აქამდე უკვე უნახავს, შეიძლება ამ ნაწილმა ჩართოს განგაშის ზარი, მთელ სისტემას შეატყობინოს, რომ ჩვენ ვართ საფრთხეში და გვჭირდება დაცვა და გაძლიერება. ემოციებთან დაკავშირებით რასაც გადავაბამ ამ საუბარს, ისაა, რომ ნებისმიერი ბავშვის თუ მოზარდის ე.წ. უსიამოვნო ემოცია, რომელიც შეიძლება იყოს ბრაზი, ეჭვიანობა, დაბნეულობა და ა.შ., არის სიგნალი ჩვენთვის, რომ ჩავიდეთ სიღრმეში, გავიგოთ, რა მოთხოვნილება აქვს, რა სჭირდება ახლა მას, რისი თქმა უნდა ამით, და ამ ყველაფრით განპირობებული ქცევები ამ ადამიანის დამახასიათებელ თვისებად არ აღვიქვათ. ეს არის მისი შეგრძნებების გამოვლენა, ცოცხალი პროცესი, რომელიც გვეუბნება, რომ მისი გონების პრიმიტიული ნაწილი საფრთხეს გრძნობს. პირველ ყოვლისა, უნდა დავინტერესდეთ მისი მდგომარეობით, ჩვენ თვითონ არ აღვიქვათ ის საშიშ გამოწვევად, იმიტომ რომ, ასეთ დროს ჩვენ გადავდივართ გადარჩენის რეჟიმში და ჩვენი შუბლის წილი, ყველაზე მოაზროვნე და ცნობიერი ნაწილი, ნელ-ნელა კარგავს თავის აქტიურ ფუნქციას. შედეგად, დახმარების სანაცვლოდ, ბავშვთან ურთიერთობისას, გადავდივართ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც დაფუძნებულია დასჯაზე, ძალადობაზე, მუდმივ მართვასა და კონტროლზე, რომელიც ჩვენთვისაც უსიამოვნო და ხარჯიანია და არც ახალს ასწავლის მეორე ადამიანს.
♦ ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ბავშვებსა და მოზარდებზე გარემო განსაკუთრებით ზემოქმედებს. იმდენად, რომ ახშობს ემპათიის უნარს, ამასთანავე, ზრდის დაჭიმულობის შეგრძნებას და ამის გამო ბევრ სასიამოვნო განცდას, ახლის აღმოჩენის სიხარულს თუ სხვების დახმარების უნარს ვკარგავთ. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს უფროსები? მათი ცოდნით შეიარაღება, ალბათ, საუკეთესო გამოსავალია.
◊ ტირილი, უკმაყოფილება, სხვადასხვა უარყოფითი შეგრძნება, რომლებზეც არავინ რეაგირებს, არის სიგნალი ჩვენი სხეულისგან, რომ ჩვენ რაღაც მოთხოვნილება გვაქვს და ეს მოთხოვნილება უნდა გამოჩნდეს. უნდა გავიაზროთ, რომ ყველა მოთხოვნილება, რომლებიც ადამიანს უჩნდება, შესანიშნავია, აქვს თავისი სიბრძნე. მთელი კაცობრიობა ამ უნივერსალური მოთხოვნილებებით ვერთიანდებით. ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნილება, სხეულისა და გონების დასვენება, ძილი, საკვები, წყალი, ჰაერი, სიახლოვე, შეხება, წვლილის შეტანა, ახლის შეცნობა, ორმხრივობა, თანამშრომლობა და ა.შ. ყველა ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ყველა ჩვენი შეგრძნება და ქცევა არის უბრალოდ სიგნალი, რომ ჩვენ მოთხოვნილება უნდა დავიკმაყოფილოთ, ან ჯერ არ დაგვიკმაყოფილებია, ან ვერ დავიკმაყოფილეთ.
ჩვენს შვილებს რომ ემოციური ცნობიერება გავუზარდოთ, მივცეთ საშუალება, საკუთარი შეგრძნებები და მოთხოვნილებები ისე გამოხატონ, რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს მეორე ადამიანისთვის, ჯერ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის გააზრება, რომ ემოციები ურთიერთობის საშუალებაა; ის ჩვენი გონების ძალიან ბრძნული გამოხატულებაა. ჩვენ ხომ არ გვაქვს ისეთი მოწყობილობა, როგორიც ტექნიკას აქვს, რომელიც აინთება და გვეტყვის, რომ ბატარეა დაჯდა, რაღაც გადახურდა და ა.შ. ამას ემოციები გვეუბნება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი შვილების, მოსწავლეების, ყველა ემოცია, რომლებიც მკაფიოდ გამოხატულია და აფერხებს სწავლის პროცესს ან მათ ურთიერთობას კლასელებთან, გამოვიყენოთ ამ მდგომარეობის გასაცნობიერებელ საშუალებად. თუ მე, მასწავლებელი, ვხვდები, რომ ის ბრაზიანი ან მოუწესრიგებელი ბავშვი კი არ არის, არამედ მის სხეულში დისბალანსია, ჩემი გონება უფრო მრავალფეროვან რეპერტუარს მთავაზობს, რა შეიძლება გავაკეთო არა მარტო ამ ადამიანისთვის, არამედ ჩემი თავისთვის და მერე მთელი კლასისთვის; ასეთ დროს ჩვენი არსებობა მაკურნებელი ხდება ბავშვების სავალ გზაზე. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ყველაზე უარყოფითი მოვლენაც კი შეგვიძლია გარდავქმნათ ახლის სწავლის, გაზრდის, ერთობის მომენტად, და არა დაშორების, განცალკევების და კიდევ უფრო მეტი ტკივილის მინიჭების წყაროდ.
♦ როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივია მსგავსი დაფიქრებული ქმედებები ისეთ გარემოში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება? დაკვირვებული იქნებით, მასწავლებლებისთვის თანმდევია მუდმივი ფორიაქი, სტრესი, რადგან უამრავ სიახლესთან უწევთ გამკლავება; აღარაფერს ვამბობ მშობლებზე. ჩვენ ვიცით, რომ მშობლები ან ემიგრაციაში არიან, ან აქ მუშაობენ მუხლჩაუხრელად და ხშირად დრო არაფრისთვის რჩებათ.სად არის გამოსავალი?
◊ თქვენ ძალიან კარგად დაახასიათეთ – უამრავი ფაქტორია, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენზე. დიახ, იმისთვის, რომ მშობელს და მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდეთ ამ საკითხებით დაინტერესდნენ, ჯერ თავად მათი სტრესის დონე უნდა იყოს შემცირებული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთის მხარდაჭერა, ამიტომაა საჭირო, სისტემა შეიცვალოს. ასე მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან სამინისტრომ ახალ-ახალ ტრენინგებზე დასწრება მოითხოვოს, ხომ არ ჯობია, დაფიქრდნენ, როგორ შექმნან სკოლაში ისეთი გარემო, რომელშიც მასწავლებელსაც ექნება დასვენების საშუალება; მასწავლებელი, ძალიან დაღლილია, მოჭიმული. ხოლო თუ მას შეუძლია მოეშვას და ეს დასწავლილი კი არ აქვს, განცდილი აქვს, რომ აი, ახლა ამოვისუნთქე და გავიშალე, ამ დროს მისი ყველა უნარი იშლება. ასეა მშობლების შემთხვევაშიც. თუ ისინი მხარდაჭერილები არიან, დაძაბულობის დონეს არეგულირებენ, ბევრად უფრო ადვილია შვილების რეგულაცია და ფეხზე მყარად დაყენება.
რაც შეეხება დახმარებას, ცვლილებისთვის ისიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ როგორია ჩვენი ფიზიკური გარემო: როგორი განათებებია (რამდენად ბუნებრივია), რამდენად გვაქვს წვდომა წყალთან. მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თავად ჩვენ, მასწავლებლები როგორ ვართ. დილით რომ სკოლაში მივდივართ, ჩვენ ვიცით, იქ გვხვდებიან მშიერი ბავშვები… მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ სკოლის ხარჯით გამოყოფილი იყოს ის, რაც ესიამოვნებათ მასწავლებლებს, ყავა იქნება ეს, ჩაი, თუ ჯანსაღი დილის ხემსი, რათა სანამ კლასში შევლენ, ამოსუნთქვა შეძლონ, განწყობა შეიცვალონ. ეს ერთი პატარა მხარდაჭერაა და მასწავლებელი ხვდება, რომ მარტო არ არის, რომ ერთად ვართ, ერთი გუნდი ვართ.
წარმოვიდგინოთ, შემდეგ შესვენებაა. ამ დროს რას აკეთებს მასწავლებელი? ისევ ბავშვებს დასდევს თუ თუნდაც 30 წამს გამოყოფს, რათა ფანჯარაში გაიხედოს, ჰაერი შეისუნთქოს, ჰორიზონტს გახედოს? რა ემოცია სურს იგრძნოს ახლა, რომ საკუთარი თავის ტვინი დაამშვიდოს ან ააგზნოს? ძალიან გვეხმარება დაფიქრება, ახლა როგორ ვართ და მერე რა უნდა გავაკეთოთ, სად მივდივართ? შემდეგი გაკვეთილი იწყება და იქ რა გვინდა, იქ რა არის ჩვენი მიზანი?
ასევე, მასწავლებელი უნდა გრძნობდეს, რომ მხოლოდ ის არ მართვას კლასს, არამედ ბავშვებიც პასუხისმგებლები არიან ერთმანეთზე; მათ უნდა დავეხმაროთ ამის სწავლაში.
არის მოვლენები, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ ვერ შევცვლით. თუნდაც ახლა, დღესდღეობით ისეთი მდგომარეობაა გარემოში, ვღელავთ ამაზე, გვინდა, რომ სხვანაირად იყოს. რისი ძალა აქვს ერთ ადამიანს? მე ყველაფერს ერთიანად ვერ შევცვლი, თუმცა თუ აქ და ახლა ერთ ბავშვთან, ამ სივრცეში ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც უკეთესობისკენ შეცვლის გარემოს, ეს დააბალანსებს ჩემი სტრესის დონეს; ამ დროს მიჩნდება ძალმოსილების განცდა, ვხვდები, რომ არ ვარ უმოქმედო და თუ ახლა რამეს ვაკეთებ, ამით მეც შემაქვს წვლილი. მსგავსი განცდა სტრესს ამცირებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამის შეცვლა გვჭირდება, მაგრამ ახლა რა შეგვიძლია, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
♦ ძალიან სწორი მიდგომაა. ჩვენ სწრაფად გვინდა მასშტაბური ცვლილებები და როცა რაღაც მარტივად არ იცვლება, მერე მცირედსაც ვეღარ ვაკეთებთ, იმდენად ძალაგამოცლილები ვრჩებით.
◊ დიახ, მასშტაბურად რომ არ იცვლება ის, რაშიც შენ მთელ ენერგიას დებ, როცა შედეგს ვერ იღებს გონება, ამ დროს ადამიანში ჩნდება ფრუსტრაციის, უსუსურობის, დეპრესიის განცდა. ჩვენ კი გვინდა, რომ აქტიურები და პროსოციალურები ვიყოთ, ენერგია უმიზნოდ არ დავხარჯოთ.
♦ არის ამის გააზრება დაკავშირებული ემოციურ ინტელექტთან? ზოგადად, რა არის ემოციური ინტელექტი და რაში გვეხმარება ის?
◊ ემოციები ძალიან მრავალფეროვანია. მათი ფუნქციაა მიგვანიშნოს, როგორ ვგრძნობთ თავს და რა ჯობია, ამა თუ იმ სიტუაციაში გავაკეთოთ, რათა უფრო ღირებული იყოს ჩვენი აქ ყოფნა. ემოციური ცნობიერება და ინტელექტი ამაში გვეხმარება.
არ არსებობს ემოცია, რომელიც უნდა გააქრო. არ არსებობს ცუდი ემოცია. დადებითი და უარყოფითი ემოციების ერთ-ერთი განმასხვავებელი ისაა, რომ უარყოფითი ემოცია გვტოვებს ენერგიაგამოცლილს, თითქოს გვაპატარავებს, დადებითი კი გვავსებს, მხრებში გვშლის და სამყაროსთან კავშირის განცდას გვიბრუნებს. ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ესაა: ყველა ემოცია ღირებულია; ისაა საშუალება დავინტერესდეთ, რა გვჭირდება ახლა, რა მოთხოვნილება გვაქვს და ასევე, რა რესურსი. ხშირად ემოციები გვერევა ჩვენს ფიქრებში, ჩვენს წარმოდგენებში, და მათ შორის განსხვავება არის ემოციური ინტელექტის მაჩვენებელი. ზოგჯერ გვგონია, რომ ემოციაზე ვსაუბრობთ და სინამდვილეში, ეს ფიქრია. მაგ., მე ვგრძნობ, რომ შენ არ მოგწონვარ; მე ვგრძნობ, რომ არ გიყვარვარ – ეს შენი ფიქრია, ეს არ არის ემოცია. მაგალითად, თუ მოსწავლისგან გრძნობ უპატივცემულობას, ესეც ფიქრია, ეს ემოცია არ არის.
ფიქრების გამორკვევაც მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს რეაქციაზე. როცა მოსწავლე ცუდად იქცევა და შენ გაიფიქრებ, რომ ეს უპატივცემულობაა, და იგრძნობ ბრაზს, შენი ქცევა აბსოლუტურად განსხვავებული გახდება; იჭიმები, იწყებ ყვირილს, მიდიხარ დირექტორთან, ამბობ, რომ ეს ბავშვი კლასიდან გადასაყვანია და ა.შ. მაგრამ როგორც კი გააცნობიერებ, რომ როცა ბავშვმა ცუდი სიტყვა თქვა და ყველას თანდასწრებით წიგნები ძირს დაანარცხა, ამ დროს შენ იგრძენი შიში („ვაითუ, ვეღარ გავაკონტროლებ სიტუაციას“), შენი რეაქცია სხვანაირი იქნება. ემოციების გაცნობიერება და ფიქრების დაშლა გვეხმარება, რომ ვიყოთ გულწრფელები და განსხვავებული გამოსავალი მოვძებნოთ. მაგალითად, ამბობ: „როცა შენ იღრიალე და კარი მოაჯახუნე, შემეშინდა. და რომ შემეშინდა, ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ამიტომ მოგკიდე ხელი და კლასში შემოგიყვანე. მინდა, გავიგო, როგორ დაგეხმარო ხოლმე, როდესაც კლასში ტესტის წერას ვიწყებთ ხოლმე, რომ შენ იგრძნო მხარდაჭერა და მე – დაცულობის განცდა“.
ემოციასთან დარჩენა ემოციური ინტელექტის კიდევ ერთი მახასიათებელია. რატომ შემეშინდა,რატომ გავბრაზდი, მე ხომ ამხელა ქალი ვარ, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს? – ხშირად ასეთი ფიქრები გვიჩნდება ხოლმე. ეს ყველაფერი არ არის ემოციებთან დარჩენა. ემოციებთან დარჩენაა გულის და სხეულის მოსმენა. რას გეუბნება? მოსმენისას შეიძლება გაიგო, რომ თურმე შენ იმიტომ იყვირე (მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად არ იყო მისაღები და სასარგებლო), რომ სხვა მოსწავლეების დაცვა გინდოდა. ამ დროს ხვდები, რომ ცუდი მასწავლებელი კი არ ხარ, უბრალოდ სტრატეგია იყო არაჯანსაღი, თორემ მოთხოვნილება თავისთავად მშვენიერია. ახლა გონება გეუბნება, მოდი, ერთად ვიფიქროთ, სხვანაირად როგორ მოვიქცეთ, რათა ყველა ბავშვი დავიცვათ, მათ შორის ის, ვისაც ემოციური ამოფრქვევა აქვს.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ერთდროულად შეიძლება გქონდეს რამდენიმე განსხვავებული და ერთმანეთის საწინააღმდეგო ემოცია. მაგალითად, თან მიხარია, რომ ბავშვები სკოლას ამთავრებენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, მაგრამ თან ვგრძნობ მარტოობას, რადგან 12 წელი ერთად ვიყავით. ან კარგად ხარ, ან – ცუდად – ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მომწიფებულები.
ემოციები მუდმივ მოძრაობაშია. სინამდვილეში, ემოცია დაახლოებით, 90 წამამდე გრძელდება, დანარჩენი არის უკვე ჩვენი ინტერპრეტაციები, ჩვენი ფიქრები. უნდა გავიაზროთ, რა მნიშვნელობას და შინაარსს ვდებთ ამ ფიქრებში – მეხმარება, რომ შევერთდე სამყაროსთან თუ პირიქით – მანგრევს.
♦ ნინო, ისევ მოზარდობის პერიოდს მინდა დავუბრუნდეთ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ, როგორც ნეიროფსიქოლოგი, რა ძირითად რჩევებს მისცემდით მშობლებსა და მასწავლებლებს; როგორ შეუძლიათ მათ, რომ ეს პერიოდი შვილებისა და მოსწავლეების ცხოვრებაში, როგორც შესაძლებელია, გაამარტივონ? როგორც აღნიშნეთ, მცირე ნაბიჯებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის.
◊ მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო სივრცეში ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც საშუალება ექნებათ სხვადასხვა თემაზე გულღიად იმსჯელონ. მათ ისეთ თემებზე საუბრის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომლებიც შეიძლება ტაბუდადებული იყოს; შეიძლება არც იყოს ტაბუდადებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ამ ეტაპზე ამაზე მსჯელობა გახსნით ბავშვებს, და მათ ხმას გავიგებთ: საიდან მოდიან, რაზე დარდობენ, რა შეხედულებები და წარმოდგენები აქვთ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, საკუთარ თავზე, განსხვავებულ ადამიანებზე. ჩვენ შეგვიძლია მათი ფოკუსი კონკრეტული მიმართულებით წავიღოთ (ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ზღვარიც უნდა დავიცვათ). ყოველ დილით, გაკვეთილის დაწყებამდე, შეგვიძლია თუნდაც ერთი წინადადების, ერთი ფრაზის დაწერა, რომელიც დასრულდება შემდეგი შეკითხვით: „თქვენ რას ფიქრობთ?“ მოზარდებისთვის სათქმელი შეიძლება ასე ჟღერდეს: „ყოველი დილა დავიწყოთ 10-წუთიანი ასეთი დისკუსიით, რათა ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხართ, და რომ თითოეული თქვენგანის შეხედულება საერთო სიკეთეს ქმნის. მე მინდა, თქვენ ხელი შეგიწყოთ, მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამომიყენოთ“. მერე ეს ყველაფერი ისე დაგაახლოებთ, რომ იქიდან წამოღებული აზრები უკვე ახალი პროექტების დასაწყისი გახდება. მათი ხმა უნდა გავიგოთ, ერთ-ერთი საშუალება ესეცაა.
ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მოზარდების ქცევები რაღაც სიღრმისეულზე მიგვითითებს. ეს ქცევები, თუ მათ იდენტობად აღვიქვით, ხელს შეგვიშლის, რომ მოზარდს გულწრფელად მოვუსმინოთ, რადგან პასუხი ყოველთვის ასეთი გვექნება: მე ვიცი, რას იტყვი შენ.
გთხოვთ, რბილი თვალებით შეხედოთ მოსწავლეებს. ხშირად ვამბობ ხოლმე: გახდით მეცნიერები. ეცადეთ, ყოველი მათი საქციელი თქვენთვის საინტერესო გამოძიების დასაწყისი იყოს. ჩვენ არასდროს ვამბობთ, რომ ლომი ეგოისტი ცხოველია, როცა მირბის და სხვას ჭამს. მეცნიერება ასე არ უყურებს. მეცნიერები ამბობენ, რომ მას მოშივდა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ახსნან. ჩვენ რატომღაც გვასწავლეს, რომ გარშემო ყველაფერი უნდა ახსნა, მაგრამ როცა საქმე ადამიანს ეხება, იქ ყველაფერი პირდაპირ უნდა დაახარისხო. ის ასეთია ან ისეთია – ეს მიდგომა არ გვეხმარება. ის, საუკუნეების განმავლობაში, იწვევს უფრო მეტ ტკივილს და ტანჯვას.
მესამე, რაც მგონია, რომ უნდა ვთქვათ, ეს შეცდომების დაშვებაა. მასწავლებელმა უნდა იმეოროს, რომ შეცდომების დაშვება ღირებულია, რადგან გვეხმარება თავის ტვინის ზრდაში. თუ შენთვის მარტივია და შენ შეცდომას არ უშვებ, ე.ი. ისწავლე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შენი თავის ტვინი აღარ იზრდება. ამ მიდგომას ზრდაზე ორიენტირებული ხედვა ჰქვია და ჩვენ ეს უნდა განვუვითაროთ მოზარდებს. თუ როგორ შეაფასებს მასწავლებელი ამა თუ იმ შეცდომას, მოსწავლეებიც ამის მიხედვით გაიზრდებიან. შეგეშალა? – ესე იგი, ეს შენთვის ჯერ არ არის მარტივი, ანუ შენი თავის ტვინი ახლა გაიზრდება, იმიტომ, რომ ახალ ახალს გაიგებ – ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეს მეცნიერებაა. თუ ყველაფერი მარტივად გამოგვდის, ახალ კავშირებს არ ვამყარებთ, ანუ ეს გზა გაკვალულია, მაგრამ თუ შეგვეშალა ან თუ გაგვიჭირდა, ეს ის სიტუაციაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის ტვინი გავზარდოთ, ახალი კავშირები დავამყაროთ.
♦ ნინო, როდესაც აღზრდის საკითხებს ეხებით, ხშირად საუბრობთ ერთ მაგალითზე, რომელსაც მოკლედ „მებაღისა და დურგლის ამბავი“ შეიძლება ვუწოდოთ. ვინ არის დურგალი და ვინ არის მებაღე?
◊ ეს თეორია ამერიკელ ფსიქოლოგს, ელისონ გოპნიკს ეკუთვნის და გვაფიქრებს, რა როლი გვაქვს ჩვენ, მშობლებს, აღზრდის პროცესში: დურგლები ვართ თუ მებაღეები? ამ თეორიის მთავარი არსი ისაა, რომ გავაცნობიეროთ, რა სიტუაციაში გამომადგება დურგლობა და როდის დამჭირდება მებაღეობა.
რას აკეთებს დურგალი? აქვს ხის მასალა და ფიქრობს, როგორ გამოთალოს ის. დურგალი, ამ დროს, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხისგან ისეთი რამ გამოთალოს, როგორიც მას წარმოუდგენია. ხოლო მებაღე ისაა, რომელიც იაზრებს შემდეგს: იმისთვის, რომ მცენარე გაიზარდოს და გაიშალოს, მებაღის მონდომებასთან ერთად, ამ პროცესში ძალიან ბევრი სხვა ძალა და ფაქტორია ჩართული. ერთადერთი, რაც შენ შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ შესაბამისი ნიადაგი შექმნა. აი, რა მოხდება ხვალ, შენ ეს არ იცი. შეიძლება ელოდები, რომ ხვალ ნაყოფი გამოვა, მაგრამ თურმე ის კურდღელმა შეგიჭამა. ამ დროს აცნობიერებ, რომ არსებობენ სხვა ძალებიც; ასეთ დროს შენი საქმიანობა აღარ არის მოჭიმული, ადამიანის აღზრდის შემთხვევაში კი, ურთიერთობა არაა დაძაბული, რადგან შენ ამ გარე ფაქტორების მიმღებელი ხდები. და როცა ბავშვი რამეს დააშავებს, მშობელმა ან მასწავლებელმა მხოლოდ შენი ბრალეულობა არ უნდა დაინახო ამაში. არადა, ხშირად განცდა აქვს მშობელს და მასწავლებელს, რომ ყველაფერი მისი ბრალია.
♦ ასეთ დროს მათზე საზოგადოებაც ამგვარად ფიქრობს…
◊ დიახ, მაშინვე განგსჯის, რომ შენ ვერ გაზარდე, შენი ბრალია! რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მთელი ეკოსისტემა ასეა მოწყობილი: მებაღეობაში ყველა მონაწილეა, ყველა და ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას და რა იქნება შედეგი, არ ვიცით. შეიძლება, ნაყოფი გახმეს, მე დავსევდიანდები, მაგრამ მაინც ვაგრძელებ გზას. ადამიანის აღზრდისას კი, ჩვენ ხშირად დურგლად აღვიქვამთ თავს. ადამიანები მრავალშრიანები ვართ და როცა ისე აღარ გამოდის, როგორც მაშინ, როცა პატარა იყო (სადაც დასვი, იქ დაჯდა; იქ წაიყვანე, სადაც გინდოდა), ვერ ეგუები. როცა ვხვდებით, რომ გვეწინააღმდეგება, მერე ჩვენში იჭრება შიში, დანაშაულის განცდა, იწყება მართვა და კონტროლი, და ეს ფიზიკურად გამომფიტავია.
დურგლობა ცუდი არ არის, ისიც ძალიან კარგია; კარგია, როცა ახალ უნარს ასწავლი, იქვე დგახარ, ხელს აკიდებინებ, მაგრამ იმის გააზრება, როგორ ვუყურებ ჩემს, როგორც მშობლის, როგორც მასწავლებლის, როლს, მომეხმარება, რომ არ გამოვიფიტო. მე თუ არ გამოვიფიტები, ბევრად უფრო შემოქმედებითი, ლაღი ვიქნები, და ყველა პრობლემის დროს მეტ-ნაკლებად საუკეთესო ნაბიჯს გადავდგამ, გააზრებულს, ყველასთვის სასარგებლოს. მთელი ჩვენი მიკრო- და მაკროსისტემისთვის შენი კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნის საწინდარია, და პირიქით. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა იწვევს კარგად ყოფნას. დასჯა რომ არ იწვევს, ეს უნდა გავიაზროთ. თუ ქმედება შიშზეა დაფუძნებული, შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ სინამდვილეში მას ვერ გაითავისებს, ვერ გაიშინაგანებს; კარგს იმიტომ გააკეთებს, რომ თავიდან აირიდოს დასჯა. ჩვენ ეს პერსპექტივა უნდა შევცვალოთ. დავანახოთ, რომ კარგს როცა ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ ძალიან კარგი განცდაა, იმიტომ, რომ მავსებს.
♦ რომელია ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ერთი ამბავი, ფრაზა ან თეორია, რომელსაც ხშირად იხსენებთ?
◊ საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, რომ ყველა ადამიანს (ბავშვსაც და მასზე მზრუნველ ადამიანსაც მოვიაზრებ აქ) აქვს თავისი პერსპექტივა, თავისი სიბრძნე და ექსპერტიზა; ჩემი განზრახვაა, დავინახო ეს სილამაზე; განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს ასე მარტივად არ ჩანს. ძალიან მომწონს ამერიკელი პოეტის, მერი ოლივერის ეს ლექსიც: „მიაქციე ყურადღება. აღფრთოვანდი. მოჰყევი ამის შესახებ“.
ესაუბრა მელანო კობახიძე