მაკა ქენქაძე
სსიპ ქ. გორის №2 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური განათლების პედაგოგი
ახლოვდება პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი. ყველა მშობელი გულის ფანცქალით ელოდება შვილის სკოლაში მისვლას, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. განსაკუთრებით ღელავენ და ბევრი შეკითხვა აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებს, აინტერესებთ, როგორ შეეგუება შვილი ახალ გარემოს, ვინ იქნება მასწავლებელი და როგორ მიიღებს მის შვილს, რა დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ თანატოლებს მის მიმართ, რაში დაეხმარება სპეციალური მასწავლებელი, პერსონალური ასისტენტი და ა.შ.
2015 წლიდან ვმუშაობ სპეციალურ პედაგოგად. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და დაგანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლისა და სასკოლო საზოგადოების როლი მოსწავლის ტრანზიციის პროცესში.
იმისათვის, რომ შევამციროთ სტრესი და უარყოფითი განცდები, უპირველესად, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლისა და მასწავლებლის ეფექტიან კომუნიკაციას!
ბავშვი-მშობელი-სკოლა-სპეცმასწავლებელი-დამრიგებელი (საგნის მასწავლებელი) – ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლა-სწავლების, არამედ მოსწავლის სკოლასთან ადაპტირების პროცესშიც.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ტრანზიციის პროცესი, საბავშვო ბაღიდან სკოლაში, ზოგჯერ, ემოციურად რთულია მოსწავლისა და მისი ოჯახის წევრებისთვის.
იმისათვის, რომ მოსწავლეებს სკოლაში დახვდეთ ადაპტირებული გარემო და მათ საჭიროებებზე მორგებული რესურსები, აუცილებელია უნივერსალური დიზაინის პრინციპზე აგებული პროცესის შეთავაზება, რაც არ იქნება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე. აქ იგულისხმება ფიზიკური გარემო, ინფრასტრუქტურა, სასწავლო მასალები, შესაბამისი ადამიანური რესურსი (დამხმარე სპეციალისტები) და ა.შ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვან და ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს მშობლისა და მასწავლებლის ეფექტიანი კომუნიკაცია, რაც ხელს უწყობს მოსწავლის საჭიროებების, მათი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სწორად შედგენას, დაგეგმვასა და განხორციელებას.
ძირითად საკითხად მიმაჩნია სტიგმატიზაციის პრევენცია. სპეციალურმა პედაგოგმა სასკოლო საზოგადოებაში უნდა აამაღლოს ცნობიერება ინკლუზიური განათლების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს შეხვედრები პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან. აქტიურად ითანამშრომლოს ადრეული განათლების აღმზრდელ-პედაგოგებთან, მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტებთან. თუ მოსწავლეს განსაკუთრებული სამედიცინო ან საგანმანათლებლო საჭიროება აქვს, ესეც უნდა გააცნოს კოლეგებს და მიაწოდოს ყველა ის საჭირო თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რაც მასწავლებლებს დაეხმარება, ადვილად დაამყარონ კომუნიკაცია და შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიონ მოსწავლეს სოციალურ-ემოციურ თუ აკადემიურ სფეროში.
სკოლის გარემოსთან შეგუების მიზნით, უკეთესია, მოსწავლეები სწავლის დაწყებამდე ესტუმრონ სკოლას. აჩვენონ მათ სკოლის ეზო, შენობა, კლასი, გააცნონ მასწავლებელი. სასურველია, სკოლამ მშობლებისთვის შეიმუშაოს კითხვარი ტრანზიციასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს მეტი ინფორმაციის მიღებას, მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროების შესახებ.
დამრიგებლის ორგანიზებითა და სპეციალური პედაგოგის ჩართულობით, ზოგჯერ, მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებამდე ჩაინიშნოს შეხვედრა/შეხვედრები თანაკლასელების მშობლებთან, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის გამოწვევები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს კლასში სსსმ მოსწავლის გამოჩენას. შეიძლება ზოგიერთ მშობელს ჰქონდეს კითხვები კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს საზოგადეობაში კვლავაც ბევრი სტიგმა და სტერეოტიპია სსსმ მოსწავლეებთან მიმართებაში. მაგალითად, აუტიზმის სპექტრის ან/და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებთან დაკავშირებით.
აუცილებლად საყურადღებო და გასათვალისწინებელია საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის მოლოდინები საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლის, დამხმარე სპეციალისტების და მთლიანად სკოლის მიმართ. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ ეფექტიანი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა მშობლის ნდობის მოპოვებაა. რთულია და თითქმის შეუძლებელია მათთან თანამშრომლობა, თუ ჩვენი სახით მხარდამჭერი და კვალიფიციური სპეცილისტი არ ეყოლებათ მათ შვილებს.
აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დირექციას, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის მხარდამჭერია. სწორედ დირექციის ხედვა განაპირობებს თანამშრომელთა ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას. დირექტორი უნდა განსაზღვრავდეს არა მხოლოდ ადამიანური რესურსის საჭიროებას, არამედ მათთვის შესაბამისი, მუშაობისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია! მათ მასწავლებლის სახით ყველაზე მეტად სჭირდებათ სანდო პირი, მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტი, რომელსაც სჯერა მათი შესაძლებლობების!