დღევანდელი რუბრიკის სტუმრები მხოლოდ პროფესიული სტუდენტები არ იქნებიან, მოკლედ, კოლეჯის შესახებაც მოგიყვებით. ეს გადაწყვეტილება, სტუდენტებთან შეხვედრის მოლოდინში მყოფმა, „სპექტრის“ დირექტორთან, მათე ტაკიძესთან გასაუბრების შემდეგ, მივიღე. ის იმ სიახლეებს გვაცნობს, რაც მისი დირექტორობის 7-წლიან პერიოდში განხორციელდა.
იწყებს იმით, რომ კოლეჯი ადრე მრავალპროფილური იყო და ბევრ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებდა. „სჯობს განავითარო სისტემა ერთი მიმართულებით და კარგად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ვიდრე მრავალი მიმართულებით სუსტად და უხარისხოდ“. ამ მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, სწორი ლოგიკით იხელმძღვანელეს კოლეჯის მესვეურებმა, როცა განვითარება ინჟინერიის მიმართულებით გადაწყვიტეს.
მეორე და წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დირექტორი ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას მიიჩნევს. ამბობს, რომ ყველა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, შესაბამის კომპანიებთან ერთად მუშავდება, საინჟინრო მიმართულების სპეციალისტებისა და ექსპერტების თანამშრომლობით და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ავტორიზაციას. „ჩვენი კოლეჯი, როგორც სხვა კოლეჯები, გრძელვადიან პროგრამებთან ერთად, მოკლევადიან საკვალიფიკაციო მომზადება-გადამზადების პროგრამებსაც ახორციელებს. ახლა ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჰოლდინგთან, „პირსონთან“, იმისთვის, რომ ჩვენმა მოკლევადიანმა პროგრამებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა შევძლოთ ისე, როგორც გრძელვადიანი პროგრამების შემთხვევაში. ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, კომპანია „ევრომასტერთან“ გრძელვადიანი თანამშრომლობაა, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ შენობის სრულ აღჭურვას, ცვეთისა და კომუნალური გადასახადების სრულად დაფარვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტების (ყველა მიმართულებით) სწავლების დუალურ სისტემაში ჩართვას, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი, კურსდამთავრებულთა 50%-იან დასაქმებას. როგორც გითხარით, ვალდებულების აღსრულება მომავალი წლიდან დაიწყება და წყალმომარაგების, წყალარინების და სანტექნიკოსის პროფესიულ პროგრამებზე განხორციელდება; ანალოგიური მოლაპარაკებები გვაქვს კიდევ ერთ კომპანიასთან, რომელიც, იმავე პირობებით, ხის დამუშავების მიმართულებებს მოიცავს. იმის თქმა მინდა, რომ კოლეჯის განვითარება წარმოუდგენელია ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, მხოლოდ მათი საჭიროების გათვალისწინებითაა შესაძლებელი, ჩვენ მიერ მომზადებული კადრები სრულად აკმაყოფილებდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დღეის მდგომარეობით კი, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, სამწუხაროდ, დისბალანსია, კვალიფიციური კადრებით ვერ უზრუნველვყოფთ შრომის ბაზარს. ერთადერთი გზა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად ბიზნესის ფართოდ ჩართულობაა პროფესიულ განათლებაში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების, ინვესტორების დაინტერესების ყველაზე მოკლე და წარმატებული გზა სწორედ ყოველმხრივ გამართული პროფესიულ-საგანმანათლებლო სისტემაა“.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასწავლებელმა, როცა აქცენტი არა საზოგადოებაში მოთხოვნად, ე.წ. „მოდურ“ პროფესიებზე, არამედ კვლევებით დადასტურებულ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად მიმართულებებზე შეაჩერა — ინჟინერია, შრომის უსაფრთხოება, სამშენებლო სფერო, აიტი ტექნოლოგიები, საექთნო საქმე, ფარმაცია, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. აი, ამ მიმართულებებზე კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად უკვე დაწყებულია გადაიარაღება, მოქმედებს სხვადასხვა ტიპის უნიკალური ლაბორატორია. „აღჭურვის კუთხით, იმავე დონეზე ვართ, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კოლეჯს კარგი გამოცდილება აქვს შშმ პირთა სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვისა და სწავლის დასრულების შემდეგ, ბიზნესის მხარდაჭერით, მათი დასაქმების. ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე სასწავლო წელია, ამ სტატუსის მქონე სტუდენტებიც გვყავს,“ — ამბობს ბატონი მათე და სისტემის ნომერ პირველ პრობლემად კვალიფიციური პროფესიული პედაგოგის საკითხს ასახელებს. ამბობს, რომ ამ მიმართულებითაც ყველაზე საიმედო სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული გამოცდილი სპეციალისტები არიან. თუ სასწავლებლები მაღალკვალიფიციური პროფესიული პედაგოგებით არ დაკომპლექტდა, ბუნებრივია, ვერც სათანადო ხარისხს მივიღებთ, ამიტომ კვალიფიციური პროფესიული პედაგოგი სისტემისთვის სერიოზული გამოწვევაა.
♦♦♦
წელს ინტეგრირებული სწავლება სამ პროფესიაში განხორციელდა: სახვითი ხელოვნება, ენერგეტიკა და კონდიცირების სისტემები. კონკურსი სამივე მიმართულებაზე იყო და, საერთო ჯამში, „სპექტრმა“ 45 ცხრაკლასდამთავრებული მიიღო, სულ 300-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა გრძელვადიან პროგრამებზე.
➡️ ნიკოლოზ ბერია 82-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, როცა სასწავლებლის შესახებ გაიგო, დაინტერესდა და კოლეჯის საიტი ყურადღებით დაათვალიერა. „როცა გავიგე, რომ მქონდა უნიკალური შანსი, სრული ზოგადი განათლების ატესტატი ამეღო და თან პროფესია შემესწავლა, გადაწყვეტილება მაშინვე კოლეჯის სასარგებლოდ მივიღე, გამოცდები ჩავაბარე და ზუსტად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ. ძალიან საინტერესო პროფესია ავირჩიე — ჰაერის კონდიცირება, ამას ლაბორატორიაში ჩასვლისთანავე მივხვდი, სადაც ამდენი ხელსაწყო და თვალსაჩინოებაა. ჯერჯერობით, ძირითადად, თეორიული მეცადინეობები გვაქვს. როცა ყველა მოდულს კარგად ჩავაბარებ, რაც გავიარეთ და მასწავლებელი დარწმუნდება, რომ უკვე სათანადო ცოდნა მაქვს, მერე დაიწყება ყველაზე საინტერესო პერიოდი, პრაქტიკული მეცადინეობები. გარდა ამისა, ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც ვსწავლობთ და რაც განსაკუთრებით მომწონს და ვიცი, რომ გამომადგება ცხოვრებაში, მეწარმეობაშიც გვიტარდება ლექციები, გვასწავლიან როგორ დაიწყო საკუთარი საქმე და როგორ მართო ბიზნესი“.
ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც ნიკა პროფესიული სტუდენტია და მისი შეგრძნებები მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას ემყარება, შთაბეჭდილებას, რომელმაც არჩეული პროფესიის დაუფლების სურვილი კიდევ უფრო გაუღვივა და, რაც მთავარია, მომავლის გეგმებზე დააფიქრა. ამბობს, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავს, იმედი აქვს ზედმიწევნით კარგად შეისწავლის საქმეს და მხოლოდ კონდიციონერების შეკეთებითა თუ დაყენებით არ დაკმაყოფილდება, საკუთარი ბიზნესის დაწყებაზეც იფიქრებს.
ნიკასგან განსხვავებით, ➡️ ხატია ცხვედაძეს თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული და საბავშვო ბაღში პროფესიით სპეცპედაგოგად მუშაობს. როცა „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, რამდენიმე მათგანი იმდენად საინტერესოდ მოეჩვენა, რომ გადაწყვიტა, რომელიმე აერჩია და, მუშაობის პარალელურად, კიდევ ერთ პროფესიას დაუფლებოდა. ჩემი აზრით, ხატიამ საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, როცა შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვის ტექნოლოგიები აირჩია. ერთი შეხედვით, სპეცპედაგოგობასთან სრულიად შეუსაბამო სფერო. თუმცა, თვითონ მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე, თორემ სინამდვილეში შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას უკლებლივ ყველა პროფესიის ადამიანისთვის, მით უფრო, ბავშვებისთვის აქვს მნიშვნელობა. „გარემოს დაცვა, ბოლო წლებია, განსაკუთრებულად აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში და ამასთანავე, პრობლემურიც, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ინსპექტორს, ასევე საჭირო პროფესიაა, რომელიც კანონმდებლობით ყველა საწარმოს ევალება, რომ ჰყავდეს. სწორედ ეს ორი პირობა იყო ჩემთვის ამ პროფესიის არჩევის მოტივაცია. მიხარია, რომ არ შევცდი, ძალიან ბევრ ახალ, ჩემთვის უცნობ ინფორმაციას ვიღებ ორივე მიმართულებით, რაც სხვებსაც შემიძლია გავუზიარო, რჩევა მივცე, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენო. თეორიული ნაწილი ონლაინ გავიარეთ. როგორც კი საშუალება მოგვეცა, ღია სივრცეში გავედით და კოლეჯში არსებული ხელსაწყოებით ჰაერის, ტემპერატურის, წყლის დაბინძურების გაზომვა ვისწავლეთ; ნარჩენების მართვის ქარხანაშიც ვიყავით, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, წარმოდგენაც არ მქონდა აქ მიმდინარე პროცესზე და ძალიან მომეწონა. შრომის უსაფრთხოების კუთხით აწი გვექნება პრაქტიკული მეცადინეობები, პროგრამა 18-თვიანია და წინ კიდევ 7 თვე გვაქვს იმისთვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით შევივსოთ; კურსის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი მექნება გასავლელი სერტიფიკატის ასაღებად (კოლეჯდამთავრებულისთვის უფასოა) და როგორც სრულფასოვან სპეციალისტს, ნებისმიერ საწარმოში შემეძლება მუშაობის დაწყება, კვალიფიციურ კადრზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. ჯერჯერობით, ეს იქნება ჩემი მეორე პროფესია; ვნახოთ, მომავალში იქნებ სამკერვალო წარმოების სტუდენტიც გავხდე, „სპექტრში“ არის ამის საშუალება“.
➡️ საბა ცერცვაძე 145-ე სკოლის დამთავრების შემდეგ მოვიდა „სპექტრში“. არჩევანის გაკეთებაში დედა დაეხმარა, ერთად მოვიდნენ კოლეჯში, სპეციალურად გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს — საბამ მომავალ პროფესიად ხის მხატვრული კვეთა აირჩია. ეს მისთვის სრულიად უცხო სფერო იყო, მაგრამ გამოცდილი პედაგოგის და გულისხმიერი ადამიანის, ვალერიან გაგნიაშვილის ძალისხმევით, დღეს მთელი გულისყური მხოლოდ სწავლისკენ, პროფესიის ზედმიწევნით შესწავლისკენ აქვს, არც აგვიანებს და არც აცდენს ლექციებს, სახელოსნოში ყოფნით არასდროს იღლება, რამდენიმე ოპერაცია უკვე შეისწავლა და სრულფასოვანი ნამუშევრებიც შექმნა, სახლშიც ვმუშაობო გვითხრა, ჩუქურთმებსაც ვაკეთებ, გეომეტრიულ ვარსკვლავს და ბორჯღალოსაცო, ჯვარიც გაუკეთებია. ვალერიან მასწავლებელი რომ არა, არაფერიც არ გამომივიდოდაო, მასწავლებელი კი ბრწყინვალე მოსწავლედ მოიხსენიებს საბას. საუბარში გამოტყდა, რომ სამშენებლო მიმართულებიდან თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟის პროფესიის ათვისებასაც ფიქრობს, თუმცა, მისი უახლესი გეგმები, როგორც ჩანს, პირველად პროფესიას უფრო უკავშირდება. „მალე დიპლომს ავიღებ, სახლში რემონტი მინდა გავაკეთო და ჩემი სამუშაო სივრცეც მოვიწყო. როცა გულით აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს და არ ზარმაცობ, ყველაფერი გამოგივა, საიტს შევქმნი და ჩემს ნამუშევრებს შევთავაზებ ხალხს, იმედია, მოეწონებათ და შეიძენენ“.
რა თქმა უნდა, ასეც იქნება. საბას მონდომებას, გახდეს კარგი სპეციალისტი და ჰქონდეს საკუთარი საქმე, რომელსაც სიყვარულით გააკეთებს, ერთობლივი მხარდაჭერა აქვს ოჯახისა და კოლეჯისაგან.
წარმატებას ვუსურვებთ მას.
ანა ფირცხალაიშვილი