ოლღა გურამიშვილი
ოლღა გურამიშვილი – ამ სახელისა და გვარის წარმოთქმისას ან წაკითხვისას პირველი, რაც მაშინვე გაგიელვებს თავში – ილიაა, ილია ჭავჭავაძე, და ეს ბუნებრივია. ბუნებრივია იმიტომ, რომ ამ გამორჩეულმა წყვილმა მთელი მე-19 საუკუნის საქართველოს ჭირ-ვარამით იცხოვრა, იღვაწა და შეეწირა კიდეც. მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფი გრ. ყიფშიძე დაწერს: „მეუღლე ილიასი იყო ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მოქმედი, ყოვლის კეთილის თანამგრძნობი, დიდად მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრისა და მაღმერთებელი მისი ნიჭისა“.
გურამიშვილების ფეოდალური საგვარეულო კახეთში ჩამოყალიბდა და ისტორიულ დოკუმენტურ წყაროებში XVI საუკუნიდან მოიხსენიება. მათი მამულები უმთავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში მდებარეობდა. ოლღა გურამიშვილიც ავჭალაში, 1842 წელს, დაბადებულა თავად თადეოზ გურამიშვილის ოჯახში და განათლებაც აქვე მიუღია. ილიასთან დაქორწინების შემდეგ ოლღა მალევე ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში, გონიერი და განათლებული ახალგაზრდა ქალი ადვილად პოულობდა საერთოს ქმრის გარშემო შემოკრებილ მაშინდელ საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან თუ საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ აკადემიურ წრეებთან. საგურამოს ილიასეულ სახლს ნამდვილი სადარბაზო მნიშვნელობა ჰქონდა – სტუმრების მიღება-გასტუმრებას კი ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე უძღვებოდა. ამიტომაც წერდა ილია ოლღას, შენი „ხაზეიკობის“ იმედი მაქვსო, მეურნეობასაც კი ოლღა უძღვებოდა; არცთუ იშვიათად, ილიას მაგივრადაც უხდებოდა მიწერ-მოწერა მწერლებთან თუ მოღვაწეებთან. მაგალითად, 1894 წელს მან იაკობ გოგებაშვილს მისწერა:
„გერმანიიდან ჩამოვიდა ერთი ყმაწვილი მწერალი, სახელად ლეისტი და სურს გაიცნოს ქართველი საზოგადოება, ქართული მწერლობა, რის შემდეგ უნდა შეეცადოს თარგმნოს ქართული ლიტერატურის საუნჯე „ვეფხისტყაოსანი“. ამისთვის ილიას სურს გააცნოს ყმაწვილი ქართველ მწერლებს. თქვენ გთხოვთ 3 საათზე გვეწვიოთ, რასაც ჩემ მხრივაც ვუმატებ ჩემს გულით თხოვნასაც.
ღრმად პატივმცემელი ოლღა გურამიშვილი“.
ოლღა რომ აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა საზოგადო საქმეში, ამაზე ეკატერინე გაბაშვილის ერთი წერილიც მიუთითებს: „ძვირფასო ქალბატონო ოლღა! დღეს საღამოს მატარებლით თბილისში ჩამოდის ინგლისელი ქ-ნი მარჯორი უორდროპი, რომელსაც სურს თარგმნოს ინგლისურად „ვეფხისტყაოსანი“ და ზოგიერთი ქართული პოეზიის ნიმუში. გთხოვთ, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ მცხეთის სადგურზე, უორდროპის შესახვედრად; თუ ინებებთ წამოსვლას, საღამოს რვის ნახევარზე მობრძანდით ჩვენთან და იქიდან ერთად გავემგზავრებით მცხეთას“.
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, როგორ გაგრძელდა არტურ ლაისტისა და უორდროპების ურთიერთობა საქართველოსთან – იმდროინდელი საქართველოს შესახებ ლაისტის ყოვლისმომცველი, სითბოთი და სიყვარულით გამთბარი წიგნი „საქართველოს გული“ ერთგვარ დოკუმენტურ მატიანედაც შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება მარჯორი უორდროპს, იგი თვეობით ცხოვრობდა საგურამოში სწორედ ოლღას მასპინძლობის წყალობით, რომელმაც კარგად იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას. იგი ცდილობდა, ყოველმხრივ შესაფერისი სამუშაო პირობები შეექმნა მარჯორი უორდროპისთვის. თორმეტი წლის განმავლობაში მას სისტემატური მიმოწერა ჰქონდა ოლღასთან და ილიასთან. ამ წერილების მთავარი თემა მუდამ საქართველო და მისი მომავალი იყო. მოგვიანებით, როცა ოლღას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, უორდროპმა თბილი, გულისხმიერებით სავსე წერილი მისწერა მას: „გულით ვწუხვარ, რომ ავადმყოფობთ… თქვენ სწერთ იმდენად მშვენივრად, ძნელია დავიჯერო, რომ კარგად ვერ ხედავთ. უძვირფასესო ოლგა, ნეტავი ჩვენს ძალაში იყოს თქვენი დახმარება“.
აქვე გეტყვით, რომ საგურამოს სახლმა და მისმა დიასახლისმა სხვა არაერთ უცხოელ ცნობილ მეცნიერს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ: ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მორფილი, პარიზელი პროფესორი ბერტილონი, რომის უნივერსიტეტის პროფესორი ბისკო, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი შუხარდტი, ბერლინის უნივერსიტეტის წინა აზიის ხალხთა ისტორიის პროფესორი კარლ ლემან ჰაუპტი…
ოლღა გურამიშვილი დიდ დახმარებას უწევდა თავის თანამედროვე მწერალ ქალებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ილიას ოჯახის კარი მუდამ ღია იყო დომინიკა ერისთავის (განდეგილი), ნინო ტყეშელაშვილისა და სხვა ქართველი პოეტი ქალებისთვის; ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მწერალთან, ეკატერინე გაბაშვილთან. ხელს უწყობდა და ეხმარებოდა მას პროფესიული სკოლის მუშაობაში. ისინი ერთად მართავდნენ საღამო-წარმოდგენებს, „ალეგრა-ლატარიებს“ და შემოსული თანხით ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდნენ. ცნობილია, როგორი მატერიალური დახმარება გაუწიეს ნიჭიერ ბელეტრისტს, შიო არაგვისპირელს. „მე ძალიან მორცხვი, მორიდებული ვიყავი. ოლღა ხშირად მეპატიჟებოდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ამირჩიეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მმართველობაში. მე და ოლღას ერთად გვიხდებოდა მუშაობა, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა. როცა ჩვენს სახლში, ჩემის ზედამხედველობით დაწესდა ქალთა პროფესიონალური სკოლა „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების“ სახელწოდებით, თავმჯდომარედ არჩეული იყო ოლღა ჭავჭავაძე“, – იხსენებს ეკ. გაბაშვილი. მისივე მოგონებიდან ჩანს, რაოდენ დიდ ანგარიშს უწევდა მეუღლის აზრს ილია: „ჩვენ ოლღას მივმართავდით, როცა ილიასი გვერიდებოდა და მეორე დღეს ყველაფერი მზად იყო“, – წერს ეკ. გაბაშვილი. ამ საქმიანმა ურთიერთობამ, საერთო ინტერესებისათვის ღვაწლმა და მეგობრობამ ათეული წლებით დააკავშირა ეს ორი ქალბატონი ერთმანეთს, განსაკუთრებით ინტენსიური და ნაყოფიერი იყო მათი ერთობლივი საქმიანობა „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1894 წელს ოლღა გურამიშვილი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების აქტიური წევრი იყო, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.
თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა გურამიშვილმა ილიას სიკვდილის შემდეგ და 85 წლის ასაკში, 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა. 29 აპრილს, ქართველმა ერმა მთაწმინდაზე, დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა განსასვენებელი.
მანამდე კი ქვეყნისთვის სასარგებლო კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო ოლღა გურამიშვილმა – ილიას სიკვდილის შემდეგ, თბილისის ილიასეული სახლი და საგურამოს მამული „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ უსასყიდლოდ გადასცა. ამ უკანასკნელში კი მალევე, 1908 წელს, დაწყებითი სკოლა გაიხსნა.
ოლღა გურამიშვილის შესახებ საუბარი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ გავიხსენებთ მისი დიდბუნებოვანი ხასიათის ერთ, ყველაზე გამორჩეულ და გასაოცარ, შტრიხს, როცა მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით მიმართა ილიას მკვლელების შეწყალების თაობაზე იმიტომ, რომ ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისაო. ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, იოსებ იმედაშვილმა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის დაკრძალვეზე თქვა: „ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლისა და საიმედო პატრონის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს, ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა“.
ბოლოს მინდა, ილიასა და ოლღას შეუღლების წინა პერიოდს დავუბრუნდე, როცა შეყვარებულმა ილიამ თადეოზ გურამიშვილისგან თანხმობა ვერ მიიღო, რის გამოც ოლღა ძალიან შეწუხებულა, ილია კი არწმუნებდა, რომ არავითარ ძალას არ შეეძლო მათი დაშორება. იგი წერს: „ბედნიერება იცი, როდის არის, ძვირფასო? როცა მას ბრძოლით მოიპოვებ, ტანჯვით იყიდი, როგორც პოეტები ამბობდნენ ხოლმე. ჩვენ ხომ გვიხდება პატარ-პატარა წინააღდმეგობების დაძლევა, დავძლიოთ კიდეც. ჩემო მეგობარო! ღმერთმა იმიტომ მოგვცა გრძნობები, რომ ჩვენი სიცოცხლე გავათბოთ, რომ მისთვის ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ეს ბრძლა როგორც უნდა დასრულდეს, მაინც ადამიანისთვის ღირსების მომნიჭებელია და თვით დამარცხების დროსაც სასახელოა“.
მასალა მომზადებულია
ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედვით – განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.