წინასაგამოცდო პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ყოველწლიურად, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში, Microsoft Teams-ის პროგრამის გამოყენებით – ბმული საჯაროა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. ონლაინ ღია კარის დღესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ცენტრი ვებგვერდზე: www.naec.ge აქვეყნებს.
ამჯერად, ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან ქალაქ გორში გაიმართა. ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა და ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ანა მაისურაძემ გამოსაცდელებს, 2025 წლის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებთან ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საგამოცდო პროცესის დროს.
პირისპირ შეხვედრებსა და ონლაინ ღია კარის დღეებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წლევანდელი საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში, 25 მარტს, ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის ახალციხესა და ახალქალაქშიც გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრაზე ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდების გარდა, საუბარი შეეხო საგამოცდო პროცედურებს, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც გამოცდებამდე, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას. აბიტურიენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებითაც.
!! შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ გრძელდება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.