გია ხატისაშვილი, ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი:
წელს ტესტი კვლავ 63-ქულიანი იქნება, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გადასალახად 16 ქულის მიღება იქნება საკმარისი. ტესტის შესასრულებლად მოგეცემათ 3 საათი.
საშუალო სკოლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, ქიმია გავლილი ექნებათ იმ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა.
ქიმიის საგამოცდო პროგრამა ამ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაშია მოყვანილი, ამიტომაც პროგრამას დაემატა რამდენიმე საკითხი, როგორიცაა წყალბადური მაჩვენებელი, ანუ ph, მარილების ჰიდროლიზი, წყლის სიხისტე, კეტონები და სხვ.
დეტალურად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საგამოცდო კრებულში, რომელიც გამოცდების ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. ამავე კრებულში მოცემულია საგამოცდო ტესტის ნიმუშიც. ტესტი შედგება 30 არჩევითპასუხიანი და 10 ღია დავალებისაგან. არჩევითპასუხებიანი დავალებები სტანდარტულია და მოიცავს ამოცანის პირობას 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგანაც მხოლოდ ერთია სწორი.
ღია დავალებებში მოითხოვება ქიმიური ნივთიერებების ფორმულებიდან სახელწოდებების შედგენა და პირიქით, სახელწოდებიდან ფორმულის შედგენა. ასეთი დავალებები ეხება როგორც ორგანულ, ასევე არაორგანულ ნივთიერებებს.
ტესტში იქნება დავალებები, სადაც, სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით უნდა შეადგინოთ ქიმიური რეაქციების ტოლობები. აქაც საჭირო იქნება როგორც არაორგანული, ისე ორგანული ნივთიერებების მონაწილეობით მიმდინარე რეაქციების ტოლობების შედგენა.
დაბოლოს, ტრადიციულად, იქნება დავალებები, სადაც საჭიროა რაოდენობრივი გამოთვლების შესრულება და შეგახსენებთ, რომ ასეთი დავალებების გაფორმებისას, აუცილებლად, ნაჩვენები უნდა იყოს ამოხსნის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალება შესრულებულად არ ჩაითვლება.
ამავე კრებულში შეგიძლიათ იხილოთ ღია ტიპის დავალებების შეფასების სქემებიც, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ ხდება ღია ტიპის დავალებების შეფასება.
გამოცდაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ დამხმარე მასალით, რომელიც გამოცდის დაწყებისას დაგირიგდებათ. ეს დამხმარე მასალა მოიცავს ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს, როგორც მოკლე, ასევე გრძელი ვარიანტები იქნება მოცემული, ასევე ხსნადობის ცხრილს და მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივს.