გთავაზობთ ქიმიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის
⇒ ქიმიაში რეაქციების ტოლობის შედგენისას ყურადღება მიაქციეთ ნივთიერებათა ფორმულების სწორად წერას და რეაქციის ტოლობის გათანაბრებას. გაითვალისწინეთ, რა შემთხვევაში წარიმართება რეაქცია და რა შემთხვევაში – არა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იონური მიმოცვლის რეაქციათა ტოლობების შედგენისას.
⇒ გაითვალისწინეთ ასევე, რომ არითმეტიკული შეცდომების შემთხვევაში ქულა დაგაკლდებათ. ამიტომ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ გამოთვლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ამოცანის ამოხსნის გზა სწორია და არითმეტიკული გამოთვლისას დაშვებულია ერთი შეცდომა, რომელმაც არასწორი პასუხების მიღება გამოიწვია, მხოლოდ ერთი ქულა დაგაკლდებათ.
მეცადინეობისას:
⇒ გახსოვდეთ, რომ საერთო ქულების დაახლოებით ერთი მესამედი მოდის ორგანული ქიმიის საკითხებზე, დანარჩენი ქულები კი გადანაწილებულია ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე;
⇒ მინერალების სახელწოდებების დაზეპირება პროგრამით არ მოგეთხოვებათ.
⇒ ტესტში შეტანილი საკითხები არ გასცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს, თუმცა, რასაკვირველია, მეცადინეობისას შეგიძლიათ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებაც;
⇒ ბევრი ივარჯიშეთ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენასა და მათ გათანაბრებაზე;
⇒ ივარჯიშეთ გამოთვლითი ამოცანების ამოხსნაში, ამ დროს ყურადღება მიაქციეთ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს.
ქიმიის ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
⇒ 30 დახურული (არჩევითპასუხებიანი) დავალება; 10 ღია დავალება, რომლებშიც გამოსაცდელს მოეთხოვება:
⇒ ქიმიური ნაერთების დასახელება ფორმულების მიხედვით და, პირიქით, სახელწოდების მიხედვით ნივთიერების ფორმულის შედგენა;
⇒ სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით, ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება
⇒ ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულება და ა. შ.
გამოცდაზე აბიტურიენტები შეძლებენ ისარგებლონ დამხმარე მასალებით – ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემით, მარილების, მჟავებისა და ფუძეების ხსნადობის ცხრილითა და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაურიგდებათ.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.