ანა აბესაძე, ტალინის უნივერსიტეტის სტუდენტი.
– ანა, საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. ვიცი, რომ სკოლაში საკმაოდ აქტიური და წარჩინებული მოსწავლე იყავი. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
– ტყიბულის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, დატვირთული ბევრი ჩემთვის ძვირფასი მოგონებით. სკოლამ, არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივის დახმარებით, წარმატებით მოახერხა გამოემუშავებინა ჩემში ის უნარ-ჩვევები, რამაც განაპირობა ჩემი წარმატებულ სტუდენტად ჩამოყალიბება. ყოველთვის ფრიადოსანი ვიყავი, რის გამოც პრეზიდენტისგან კომპიუტერიც მივიღე საჩუქრად. თუმცა, არ მოგატყუებთ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დავალებას ყოველთვის ვასრულებდი, მაგრამ მე და მათემატიკა ვერასდროს ვუგებდით ერთმანეთს.
ბავშვობიდან მიყვარდა ამერიკა და ოცნებად მქონდა იქ სასწავლებლად წასვლა, რამაც ჩემი ინგლისური ენისადმი ინტერესი და სიყვარული განაპირობა. ჩართული ვიყავი მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ამერიკულ ბანაკებში. სახლში დაბრუნებისას, მეგობრებთან ერთად, სკოლაში ჯერ გლოუ (გოგონები – ჩვენი მსოფლიოს ლიდერები) კლუბი დავაარსე, შემდგომ – ეკოლოგიური კლუბი, ქალაქის მასშტაბით კი – კლუბი „გამოცდილება – გახდე პროფესიონალი“. ვიყავი სესიების ტრენერი და კლუბის პრეზიდენტი. ჩემი აქტიურობა ადგილობრივმა ორგანიზაციამ, „ტყიბულის განვითარების ფონდმა“, შეამჩნია და კლუბისთვის გრანტი, ხოლო ორგანიზაციისთვის ინგლისურის კურსების ხელმძღვანელობა შემომთავაზა.
– სკოლის დამთავრების შემდეგ, მომავალ ლიდერთა პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში, სწავლობდი დასავლეთ მაგნოლიის სკოლაში, ტეხასში. მიამბე ამ პერიოდის შესახებ
– ეს იყო ჩემი ახდენილი ოცნება, რომელიც ლამაზი ზღაპარივით მახსენდება. როგორც FLEX-ის პროგრამის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ერთი წელი გავატარე ამერიკაში, მასპინძელ ოჯახში. ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი ოჯახი შემხვდა, ისინი არაერთხელ იყვნენ საქართველოში და წელს ისევ მიმიწვიეს ამერიკაში.
ამერიკაში ვსწავლობდი მე-12 კლასში, პარალელურად სხვადასხვა კლუბების აქტიური წევრი ვიყავი. პირველ სემესტრში – ჯერ სკოლის გაზეთის რედაქტორის ასისტენტი, შემდგომ კი – რედაქტორი. ყველაზე კარგად სკოლის ფეხბურთის გუნდში თამაში და სეზონის პირველი გოლი მაგონდება, რომელიც სულ შემთხვევით გავიტანე. თუმცა, მოტივაცია ამერიკელი მწვრთნელის დაპირებაც გახდა, თუ სეზონის პირველ გოლს გავიტანდი, სტადიონზე საქართველოს ჰიმნი ჩაირთვებოდა. პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მქონდა, სხვადასხვა ადგილებში მოხალისედ მემუშავა. რადგან მოთხოვნილ ლიმიტზე ოთხჯერ მეტი სამოხალისეო საათი მქონდა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯილდო დავიმსახურე სამოქალაქო ჩართულობისათვის. თუმცა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, უფრო მეტ დროს იმ ადამიანებს დავუთმობდი, რომელთაგანაც ძალიან ვარ დავალებული.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებ ესტონეთში, კერძოდ, ტალინის უნივერსიტეტში. რა პროგრამით გაემგზავრე და რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
– თავდაპირველად, ამერიკაში ვაპირებდი დაბრუნებას მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად. ჩემი სააპლიკაციო პროცედურებიც ჰიუსტონში არსებულ, ტოპ ოცეულში მყოფ, რაისის უნივერსიტეტისთვის (Rice University) იყო გამიზნული. თებერვალში ტეხასში გავიარე გასაუბრება. უნივერსიტეტმა, რომელსაც სამხრეთის ჰარვარდს უწოდებენ, მსოფლიოს ოც სტუდენტთან ერთად, მიმიღო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იმის გამო, რომ უნივერსიტეტი გრანტს არ გასცემს და გარე გრანტებისთვის საკმაოდ დამიგვიანდა, არჩევანი შევიცვალე – ერასმუს მუნდუსის (ჰერმეს) პროგრამიდან მომივიდა პასუხი, რომ მიმიღეს ტალინის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ორწლიან მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით და საკმაოდ დიდი სტიპენდიით. ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს, მით უმეტეს, რომ რისკის მეშინია. ახლა ვფიქრობ, ეს უკეთესი ვარიანტი იყო ჩემთვის.
– რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები და ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს თუ არა სტიპენდია სტუდენტის მოთხოვნებს?
– ტალინის უნივერსიტეტი დამოუკიდებლადაც იღებს (ყოველგვარი გარე პროგრამის გარეშე) წარჩინებულ სტუდენტებს და ყოველთვიურ სტიპენდიებს გამოუყოფს, რომელიც აქ ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისია. დაფინანსება შესაძლებელია მოიპოვო ესტონეთის მთავრობისგან, რომელიც მოწინავე უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფს გრანტებს. ასევე, ტალინის უნივერსიტეტი, ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს პირველი სემესტრი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გაიარონ.
– როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით. რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ–მასწავლებლების შესახებ, რა მსგავსება და განსხვავებაა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის?
– ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდება, რადგან სამართლიანი არ იქნება კონკრეტული მაგალითების გავრცობა ყველა უნივერსიტეტზე. თუმცა, ტალინის უნივერსიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ, პირველ რიგში, ეს არის სტუდენტზე მორგებული მოხერხებული გარემო – ე.წ. „სასწავლო ოთახები“ 11 საათამდე მუშაობს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ გაქვს სამეცადინო გარემო ან ინტერნეტი, ეს სულაც არ გიშლის ხელს სწავლაში. სასწავლო ოთახი შაბათ-კვირასაც მუშაობს. უნივერსიტეტში არაჩვეულებრივი ბუფეტია, სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი ფასებით. მეორე, რაც ასევე მომეწონა, მოხერხებული გრაფიკია,რომელიც სწავლის პარალელურად, მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. არის პროგრამები, რომლებიც, მაგალითად, საერთაშორისო ურთერთობების სტუდენტს ნატოს და ევროკავშირის ოფისებში სასწავლო ვიზიტების საშუალებას აძლევს. ასევე, არ მინდა გამომრჩეს სასწავლო კოორდინატორები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ დროს, ინდივიდუალური დახმარება გაუწიონ სტუდენტს.
რაც შეეხება აქაურ პროფესორებს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართველი პროფესორები რამით ჩამოუვარდებიან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. ყველა ჩვენი პროფესორი ნამდვილი პროფესიონალი იყო, ცოდნითა თუ მიდგომებით.
– რა როლი უჭირავს ესტონეთში (ტალინში) საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?
– ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. ორი რამ განსაკუთრებით მომეწონა: პირველი – სასწავლო წიგნების გამოტანა ტალინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან შესაძლებელია სრულიად უფასოდ, მთელი სემესტრის განმავლობაში; მეორე – ბიბლიოთეკას აქვს ინტერნეტწყაროები, აკადემიური ლიტერატურა, რომელთან წვდომაც, სტუდენტის სტატუსის ფარგლებში, უფასოა, ანუ სამაგისტრო ნაშრომის წერისას, ჩემთვის უფასო იქნება დიპლომატიური სტატიები და წიგნები, რომელთა ფასი, ზოგ შემთხვევაში, 100 დოლარს უდრის.
– ანა, სხვადასხვა დროს, მუშაობდი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საერთაშორისო ბანაკში… მიამბე შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. სწავლის პარალელურად, ამჟამად რა საქმიანობას ეწევი?
– ჩემი ხუთწლიანი შრომითი გამოცდილება არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, საერთაშორისო ბანკს მოიცავს. ვმუშაობდი შემდეგ ადგილებსა და პოზიციებზე: ტყიბულის განვითარების ფონდი (ინგლისური ენის კურსების ხელმძღვანელი), ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის (ქალაქის წარმომადგენელი, ფლექს პროგრამის კურსდამთავრებულთა კოორდინატორის ასისტენტი, ქალაქის წარმომადგენელთა პროგრამის ასისტენტი, გამგზავრების წინა ორიენტაციის მასწავლებლის ასისტენტი, რეგიონული ფორუმის სპეციალური ასისტენტი), საერთაშორისო სპარკ პროგრამა (პროგრამის დირექტორის თანაშემწე), ფინკა ბანკი (ადამიანური რესურსების კლერკი), პარლამენტში (პრაქტიკანტი) ევროკავშირის პროგრამით, ასევე, ვმუშაობდი თურქეთისა და ბულგარეთის ორგანიზაციებში.
ძალიან მიყვარს ჩემი ბოლო სამსახური, ამიტომ მასზე ცოტა უფრო მეტს გეტყვით. 2014-2015 წლებში ვმუშაობდი გლოუ საქართველოში, გლოუს ელჩების პროგრამის კოორდინატორად. ეს არაჩვეულებრივი პროგრამაა სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ ცვლილების აგენტები თავიანთი თემებისთვის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზებით. მინდა ჩემ ელჩ გოგონებს ვუთხრა, ძალიან ვამაყობ მათი საქმიანობით. ისინი ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მათთვის მაგალითი ვიყავი, თუმცა, მე პირიქით ვფიქრობ – ისინი უფრო შთამაგონებდნენ.
ამჯერად შეტანილი მაქვს აპლიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებაზე. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვიმუშავებ გამოცდილ დიპლომატებთან ერთად, ესტონეთში საქართველოს საელჩოში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, პროფესიონალიზმთან ერთად, არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს ჩემი პირველი დიპლომატიური გამოცდილება იქნება.
– საკმაოდ კარგი მიღწევები გაქვს. იყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი საბაკალავრო პროგრამის დროს, ფლობ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯილდოს – „მედალს აქტიური სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობისათვის“, ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მადლობის წერილს EducationUSA-ისთვის გაწეული სამსახურისათვის. თავად რას მიიჩნევ ყველაზე დიდ წარმატებად?
– რა თქმა უნდა, თითოეული ჯილდო ჩემთვის ღირებულია, რადგან მათ უკან დიდი შრომა და მონდომება დგას. თუმცა, მთავარი ის ადამიანები არიან, რომლებიც წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს ჩემ გვერდით დგანან, მათ გულშემატკივრობას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ, განსაკუთრებით – მშობლები, რომელთა დამსახურებაცაა ყველა ჩემი მიღწევა და ჩემი და, რომელსაც პატარა ბავშვივით უხარია ჩემი წარმატებები. ამ მიღწევების უკან ბევრი წარუმატებლობა, უშედეგო მცდელობა იყო, თუმცა ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ და ჩემთან იყვნენ.
– ანა, დამეთანხმები ალბათ, რომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს თავის პერსონალურ რეზიუმეში „ოქროს ასოებით“ შეავსოს განათლების გრაფა, არჩევანს უცხოეთზე აკეთებს. თუმცა, საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად შესაძლოა ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ…
– შეიძლება ძალიან არაადეკვატურია ჩემგან ამაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, კარგი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა სულაც არ არის ერთადერთი ალტერნატივა. საზღვარგარეთ სწავლა რაშიც გეხმარება, ეს არის ცხოვრებისეული უნარების შეძენა, ენის ცოდნის მეცნიერულ დონეზე გაუმჯობესება, საერთაშორისო გამოცდილება და კონტაქტები, რაც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარება.
უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარება არც ისე ადვილია. ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას მივცემ საზღვარგარეთ ცოდნის მიღების მსურველ ქართველ სტუდენტებს: 1. „ცდა ბედის მონახევრეა“ (მე ოცნებებშიც ვერ ვიფიქრებდი რაისის უნივერსიტეტში მიღებაზე) და არასდროს თქვათ უარი დიდ უნივერსიტეტებზე, თუ ეს ნამდვილად გინდათ. თუმცა, იყავით რეალისტები და ეცადეთ სხვადასხვა დონის, ბევრ უნივერსიტეტში გააგზავნოთ მიღების განაცხადები; 2. მოიძიეთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე პირადი კონტაქტებიდან, ინტერნეტიდან, უნივერსიტეტიდან, ორგანიზაციებიდან, ყველა შესაძლო რესურსიდან; 3. აუცილებლად შეამოწმეთ ერასმუს მუნდუსის პროგრამების კალენდარი ინტერნეტში, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს. როგორც ვიცი, საქართველოშიც არსებობს პრემიერ-მინისტრის ფონდი, რომელიც გრანტებს გამოყოფს წარჩინებული ქართველი სტუდენტებისთვის.
– სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? მიამბე, როგორ ცხოვრობენ ესტონელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია ესტონური სტუდენტური ცხოვრება?
– კონკრეტულად ესტონელ სტუდენტებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან კურსელების უმეტესობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაა. თუმცა, რაც შევამჩნიე, საკმაოდ მეგობრულები არიან და იციან დროის განაწილება სწავლასა და გართობას შორის, რაც მე ძალიან მიჭირს. თავისუფალი დროის გასატარებლად თავად უნივერსიტეტი დიდ არჩევანს გვთავაზობს, დაწყებული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებით, დამთავრებული სპორტით. ჩემი თავისუფალი დროის უმეტესობას (რომელიც ჯერ ძალიან ცოტა მაქვს) ვუთმობ იოგას და მოგზაურობას როგორც ესტონეთის შიგნით, ისე ევროპის ქვეყნებში.
– როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს საქართველოში დასაქმებაში?
– სამუშაო გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ამას სკოლის პერიოდშიც ვაცნობიერებდი და სწორედ ამიტომ დავაარსე კლუბი „გამოცდილება – გახდე პროფესიონალი“, რომლის მთავარი აზრი იყო პროფესიის სწორად შერჩევა, შესაძლებლობების და სურვილის გათვალისწინებით. ჩემი თავი ან საელჩოში (ძალიან მაინტერესებს საკონსულო საქმე), ან საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომიდგენია, საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად.
ამერიკაშიც ვამბობდი და აზრი არ შემიცვლია, ცხოვრებას ნამდვილად საქართველოში ვაპირებ. როგორც ვიცი, საზღვარგარეთ განათლებას ქართული სამუშაო ბაზარი აფასებს. ალბათ მეც გამიმართლებს, თუმცა, ისეთი სტუდენტებიც მინახავს, რომლებმაც განათლება პრაქტიკულად ვერ გამოიყენეს. კარგი განათლება მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია, გარდა ამისა, სხვა უნარ-ჩვევებიცაა საჭირო, როგორიცაა, მაგალითად, ენების ცოდნა და სხვ.
– დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს როგორებიც ვართ, თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ესტონეთში გატარებულმა პერიოდმა მოგცა?
– საქართველოზე ფიქრები განსაკუთრებით გაძლიერებული მქონდა ამერიკაში, რადგან ძალიან შორს ვიყავი და ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. აქ ეს შედარებით ნაკლებად მაწუხებს ან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა. ძალიან ძნელია ამაზე წინასწარ საუბარი, მაგრამ რასაც ამერიკაში და აქ ყოფნის დროსაც მივხვდი, ქვეყნის წარმატების ამოსავალი პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებია, მაშინაც კი, როცა სისტემა მისი თავიდან არიდების თავისუფლებას მოგცემს. ვფიქრობ, ეს დიდი ნაბიჯი იქნება ევროპისაკენ მიმავალ გზაზე.
ესაუბრა მაკა ყიფიანი