ირაკლი თავაძე
ოლიმპიური ჩემპიონობა სპორტში მწვერვალია, უმაღლესი მიღწევა, რადგან ამაზე უფრო მეტი ტიტული არ არსებობს, და თითქოს მეტი გამორჩეულობა რაღა გინდათ, მაგრამ მათ შორისაც არიან გამორჩეულები: ვინ ორი, სამი ან სულაც მრავალგზის ჩემპიონია, ვინ – ამა თუ იმ სახეობაშია პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ვინ – თავისი ქვეყნიდანაა ამ ტიტულის მომპოვებელი პირველი ათლეტი… მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე კი იმითაა გამორჩეული, რომ ევროპიდან დღემდე ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია ქალთა შორის. მართალია, სპორტის ამ უძველეს და ერთგვარად რომანტიკულ სახეობაში, უძველეს დროში კაცობრიობა შიმშილისგან რომ იხსნა და მის პროგრესში დიდი წვლილი დაიდო, ტონს აზიელები იძლევიან, უპირველესად – სამხრეთ კორეელები, შემდეგ – ჩინელები, თუმცა მშვილდოსნობა უძველეს ევროპელებშიც (ასევე – ამერიკელებშიც) უძველესი სამონადირეო-საყოფაცხოვრებო იარაღი იყო (იქაურებიც ზუსტად დანარჩენებივით იხსნა შიმშილისგან) და სპორტულ მშვილდოსნობაში მათაც უდიდესი სკოლა შექმნეს, მაგრამ ქალთაგან, ლოსაბერიძის გარდა, ვერავინ დალაშქრა ოლიმპიური მწვერვალი. არადა, ვაჟებში ეს ამბავი ევროპისთვის სულაც არაა „უცხო ხილი“. ვერ გეტყვით, რატომ ხდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა: ლოსაბერიძე 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გმირი გახდა. დიახ – გმირი, არაფერს ვაჭარბებ, რასაც ისიც ადასტურებს, რომ იმავე 1980 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. მაშინ მომდევნო ადგილებზე იმავე ლიმპიადის ჩემპიონები – ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძე და ძიუდოისტი შოთა ხაბარელი გავიდნენ, მაგრამ ჩვენში ძიუდოს ან ჭიდაობისგან წარმატება ვის უკვირს, მშვილდოსნის ეგზომ მიღწევამ კი არათუ საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირი და მთელი ევროპა გაახარა.


დღეს ძნელი სათქმელია, თავიდან სად, დედამიწის რომელ კუთხეში, რომელმა ტომმა თუ ადამის მოდგმამ გამოიგონა მშვილდ-ისარი – ვის მოუვიდა თავში აზრად, მოეღუნა ხის ტოტი, ზედ დღევანდელი ლარის წინაპარი რაღაც თოკისმაგვარი გაება, მერე წამახვილებული ისარიც გაეკეთებინა და იმით ენადირა, ანუ დაზუსტებით არავინ იცის მისი წარმოშობის ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში მრისხანე საბრძოლო იარაღადაც იქცა. სამაგიეროდ, დაზუსტებითაა ცნობილი, რომ სპორტის სახეობად XV საუკუნეში ჩამოყალიბდა შვეიცარიაში. ბუნებრივია, ეს მისმა როლმა განაპირობა, რაც სავსებით რეალურია – კაცობრიობა ხომ მას ხარკს უძველესი დროიდან უხდიდა, მოგვიანებით კი ოდებსაც უძღვნიდა. მაგალითად, მშვილდოსნობის სცენები მოხსენიებულია გენიალური ჰომეროსის გენიალურ პოემებში – „ილიადა“ და ოდისეა“.
მშვილდოსნობამ ოლიმპიადების ისტორიაშიც უძველესი თამაშებიდანვე დაიმკვიდრა ადგილი – ის შედიოდა ზაფხულის II, 1900 წელს პარიზში ჩატარებულ თამაშებში (ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალ სამიზნეებს – ფრინველებს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით ამ სახეობის ოლიმპიადიდან ამოღების ძირითადი მიზეზი გახდა) და მომდევნო ორშიც, ანუ III-IV თამაშებში (ამერიკულ სენტ ლუისში გამართულ III ოლიმპიადაზე ქალებიც დაუშვეს). შემდეგ მცირე პაუზა ჰქონდა – მომდევნო 3-ში არ იყო და ისევ გამოჩნდა 1924 წელს, კვლავაც პარიზში გამართულ VIII თამაშებში. ამას ყველაზე ხანგრძლივი უარყოფა მოჰყვა – ისევ ამოიღეს ოლიმპიადიდან და მხოლოდ 1972 წელს, მიუნხენში დააბრუნეს, მას შემდეგ კი ოლიმპიური ოჯახის იმდენად ღირსეული წევრია, მისი ამოგდება არავის უფიქრია. ამ პერიოდში ტარდებოდა მხოლოდ პირადი პირველობა, 1988 წლიდან კი გუნდურიც დაემატა. მშვილდოსნობას ქალებში ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონები ამერიკიდან, ხოლო აზიელებმა რეკორდები დაამყარეს, რაც ძირითადად კორეელებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მათ 1984 წლის ლოს ანჟელესის თამაშებიდან მოყოლებული, ქალებში ზედიზედ 7 ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, ამ პერიოდში ორჯერ კი სამივე მედალი მოიპოვეს. ეს – პირადში და ისტორიაში 9-ჯერ მოიგეს გუნდური პირველობა! აი, ასეთ გიგანტებთან ჭიდილში ევროპას ნამუსი ქართველმა მშვილდოსანმა ქეთევან ლოსაბერიძემ მოწმინდა. ერთი ციდა საქართველოს ისეთი მიღწევით შეუძლია იამაყოს, რაც გაცილებით დიდ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს არ ძალუძთ.

თუმცა იმ დროში და იმ ქვეყანაში ქართველები (ზოგადად – არარუსები) იოლად ვერაფერს აღწევდნენ და ლოსაბერიძესაც ცოტა დააკლდა, კინაღამ მოსკოვის ოლიმპიადის მიღმა დარჩა – იქ წასასვლელად საკონტროლო შეხვედრა დაუნიშნეს უზბეკ ოლგა როგოვასთან! თან, მაშინდელი წესებით, ტურნირი 4 დღეს გრძელდებოდა, ანუ ასეთი მარათონი მოუწყვეს! არადა, ქალმა ამ თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში, გახდა ყოფილი სსრკ-ს ჩემპიონი, თასის მფლობელი და ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი, გაიმარჯვა მილანისა და კიოლნის საერთაშორისო ტურნირებში… თუმცა მაშინ ყველაფერი ხომ მარიფათსა და იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ უფრო „დიდ პატრონს“ გამოძებნიდა კრემლში. ჰოდა, უზბეკებმაც გამოძებნეს ასეთი პატრონი და საკონტროლო შეხვედრაც დაანიშნინეს. ისე, ეს კია, რომ იმავე წელს როგოვამ პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა და თანაც ერთ დისციპლინაში – 30 მეტრზე სროლაში მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა. ბუნებრივია, ეს ახლოსაც ვერ მივა ლოსაბერიძის შედეგებთან, მაგრამ ის ქვეყანა ისეთი იყო და „ქართველი ამორძალიც“ ჩაება ამ 4-დღიან მარათონში. თუმცა ვინ მიიყვანა მეოთხე დღემდე: ტურნირში, რომელშიც საკავშირო ნაკრების სხვა წევრებიც გამოდიოდნენ, ოღონდ – უკონკურსოდ, ერთგვარ ბუტაფორიად, იმ ორი კანდიდატისთვის საშეჯიბრო ატმოსფერო რომ შეექმნათ, ლოსაბერიძე ისარს ისარში „აჯენდა“ (აქ ბრჭყალებს კი ვიყენებ, მაგრამ მშვილდოსნობაში, შედარებით იშვიათად, მართლაც ხდება მსგავსი რამ და ლოსაბერიძის კარიერაშიც იყო ასეთი მაგალითები), შედეგად კი, უკვე მესამე დღეს, როგოვამ ისარი დაუშვა და ქართველ მეტოქე-მეგობარს მიმართა, შევწყვიტოთ ბრძოლა, ჩემზე ძლიერი ხარ და გუნდშიც შენ უნდა იყოო. ჩანს, როგოვა მართლაც წესიერი ადამიანი იყო და როგორც მოგვიანებით ლოსაბერიძე იხსენებდა, მომდევნო დღეებში ისიც უთქვამს ჩვენებურისთვის, დამავალეს, თორემ არაფერში მჭირდებოდა ეს საკონტროლოო.
თუმცა ბრძოლის აზარტში შესულმა ქეთევანმა იქით სთხოვა როგოვას, გავაგრძელოთო, ოღონდ ეს გააკეთა საკუთარი თავის გამოცდის სურვილით და არა – მეტოქის ბოლომდე „ჩაწიხვლის“ წადილით. გააგრძელეს და ლოსაბერიძემ მართლაც კარგი შედეგი – 2569 ქულა დააგროვა. მართალია, ოლიმპიადაზე ამდენი ვერ გააკეთა, მაგრამ ოქროს კი გაარტყა.
ამ საკონტროლო შეხვედრის ეპიზოდში კარგად ჩანს თავად ოლიმპიური ჩემპიონის ხასიათი. ლოსაბერიძეს, როგორც მოგვიანებით ისენებდა, თავიდან ეწყინა ეს გამოწვევა, რატომ არ მენდობიანო, მაგრამ ბოლოს გული მოულბა – როცა შენი სიძლიერის დამტკიცებას გთხოვენ, ადექი და დაუმტკიცეო. ისიც ადგა და დაუმტკიცა. თან, ამ ერთგვარმა „საქმის გარჩევამ“ მასზე დოპინგივით იმოქმედა და მოსკოვში ისე კარგად ისროლა, ვაჟთა ტურნირის გამარჯვებულ ფინელ ტომი ჰაიკოლაინენზე უფრო მეტი ქულაც კი დააგროვა.
თუმცა გამარჯვება იოლად არც ოლიმპიადაზე მოსულა, რადგან „უზბეკური აჩრდილი“ იქაც დევდა: მიუხედავად იმ ოლიმპიურ ციკლში ზემოჩამოთვლილი წარმატებებისა, რასაც მანამდე, ანუ წინა ოლიმპიურ ციკლში მოპოვებული ევროპისა და მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონობა და კიდევ უამრავი წარმატება ემატებოდა, მოსკოვში ფავორიტად მაინც მეორე უზბეკი – ნატალია ბუტუზოვა მიიჩნეოდა… ამას წინა თამაშების – 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის – მწარე გამოცდილებაც ემატებოდა, როცა საწყისი 3 დღე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ მეოთხე დღეს 22 წლის გოგო გამოუცდელობამ დააღალატა, თავი ვერ მოთოკა, ნერვები ვერ გააკონტროლა და მეოთხე ადგილზე დარჩა – მხოლოდ 1 ქულა წააგო მესამეზე გასულ თანაგუნდელ ემა გაპჩენკოსთან. მაშინ ლამის ისტერიკა დაემართა – დაახლოებით ისეთი ემოციები ჰქონდა, როგორიც შარშან, პარიზის ოლიმპიადის ძიუდოისტ ქალთა ტურნირში – იაპონელ უტა აბეს.
თუმცა მიუნხენში ლოსაბერიძე 22 წლის გამოუცდელი გოგო იყო, მოსკოვში კი ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებდა. მართალია, გამოცდილება არც ბუტუზოვას აკლდა, მაგრამ აქ უკვე თავისი სიტყვა კლასმა თქვა, რაშიც ქართველმა ულაპარაკოდ აჯობა უზბეკს. ლოსაბერიძეს პირველი ფარი შეხვდა, ბუტუზოვას – მეორე და თურმე ქართველმა, რომელიც სულაც არ იყო ცრუმორწმუნე, ერთი კი გაიფიქრა – რაკი პირველი ფარი მხვდა, პირველიც მე უნდა ვიყოო. პირველი 3 დღის შემდეგ ლოსაბერიძე მართლაც დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა ბედი აქაც უწყობდა გამოცდას: მეოთხე დღეს მოსკოვში კოკისპირულად გაწვიმდა, ძლიერი ქარიც ამოვარდა და „კრილატსკოეში“, მშვილდოსანთა ტურნირის მასპინძელ არენაზე, მშვილდოსნობა კი არა, ლამის ჯოჯოხეთი დატრიალდა – ძლიერი ქარი და წვიმა სახეში სცემდა ერთიანად გალუმპულ სპორტსმენებს, ისრებს კი სერიოზულად უცვლიდა მიმართულებას. ბევრმა ლიდერმა ვერ გაუძლო ასეთ პირობებს, თუმცა ქართველი ჩუბინი სხვა იყო – ბავშვობიდანვე გაჭირვებას და სიძნელეებთან ბრძოლას შეჩვეული. ამიტომ, როგორც მშვილდოსნები იტყვიან, ქარიც მოარჯულა და ისევ ათიანებში არტყამდა ისრებს – 30-დან 29 ქულა დააგროვა, თან, 30-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა და ჩემპიონი გახდა, ბუტუზოვა კი მეორეზე გავიდა. სხვათა შორის, მოგვიანებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მთელი გულით ქომაგობდა ბუტუზოვას – ოლიმპიადაზე ვერ გაიმარჯვა, მაგრამ აქ მაინც მოიგოსო და მერე უზბეკს პირველმა მიულოცა ოქროს მედალი. ზოგადად, ქალთა სპორტში ხშირია კვანტის დადებები და კონფლიქტები, მაგრამ ლოსაბერიძეს ყველასთან – მეტოქესთან, კონკურენტთან, თანაგუნდელთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ყოფილი სსრკ-ს ნაკრების წევრებთან სპორტმენობისასაც მეგობრობდა და – იმის მერეც.
მოგვიანებით სამსახურში მისი უფროსი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის კურსს კითხულობდა), მათემატიკის კათედრის გამგე პოლიკარპე ზერაკია ხუმრობდა, ქეთევანს გლდანიდან ვაკეში უნდოდა გადმოსვლა, იქ ბინას უმიზნებდა და როგორ ააცილებდაო.
ამ ბინაზე ლეგენდარული ვიქტორ სანეევიც ეხუმრებოდა, მე თბილისში დიღმის მასივიდან შემოვიპარე, შენ კი – გლდანიდანო. ტყიბულელი სპორტსმენი, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, გლდანში ცხოვრობდა, ის ბინა კი ვაკეში ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ მისცეს, თუმცა მანამდე – 1978 წელს, სპორტში დაბრუნების სანაცვლოდ შეპირდნენ. საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით პერტენავა, სპარტაკიადაზე გამოსვლის სანაცვლოდ, ოროთახიან ბინას დაჰპირდა, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ კი, ლოსაბერიძის ნახევრად ხუმრობის სანაცვლოდ, ერთი ოთახიც დაუმატეს. ოლიმპიური ჩემპიონი სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა – ვაკის საცურაო აუზის გვერდით, ეგრეთ წოდებულ სპორტსმენთა სახლში, სადაც ბევრი ტიტულოვანი ათლეტი დაბინავდა. უკანასკნელ გზაზეც იქედან გააცილეს – 2022 წელს, როცა კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.
ამ ბინამ ერთგვარად განაპირობა მოსკოვური წარმატებაც. საქმე ისაა, რომ 1973 წელს გათხოვდა, 2 წელიწადში კი, ფორმის პიკში მყოფმა საკავშირო სპორტკომიტეტს ნაკრებიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, მიზეზად კი ოჯახური პირობები დაასახელა… თურმე სპორტკომიტეტში მშვილდოსნობის კურატორი, ვინმე გორდიენკო, გაოცებული ამბობდა, ხალხი ნაკრებში მოსახვედრად თავს იკლავს, ლოსაბერიძემ კი რა განცხადება დაწერა, მსგავსი არც კი მსმენიაო… თურმე ის განცხადება კედელზეც კი გააკრა ყველას საჩვენებლად.
მისი ეს მკვეთრი ნაბიჯი ძირითადად ორმა მიზეზმა განაპირობა: მეუღლე, ფილოსოფოსი ნოდარ გვეტაძე დიდად ვერ ურიგდებოდა მის ხშირ მოგზაურობას და თავად ქეთევანსაც ძალიან უნდოდა შვილი. მეუღლე დიდად არ იყო სტერეოტიპების მიმდევარი და არც – საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგი, თუმცა ცოლის ხშირ მოგზაურობას ვერ ეგუებოდა. თან, ვერცხლ-ბრინჯაოსაც ყოველთვის უწუნებდა, ამისთვის დადიხარ შეჯიბრებებზეო. ის თურმე მხოლოდ ერთხელ დახვდა ცოლს ყვავილების თაიგულით, ერთხელ კი, სპორტში დაბრუნების შემდეგ სპარტაკიადაზე გაჰყოლია და როცა იქ მშვილდოსანთა ჯაფა უნახავს, მობოდიშებასავით გამოსვლია ცოლის წინაშე – აწი აღარ გაგკილავ სხვა სინჯის მედლებისთვისო. დედობა კი ის ფენომენია, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს და გამონაკლისი არც ლოსაბერიძე იყო. ოცნებობდა, როგორ წავიდოდა შვილთან ერთად შეჯიბრებებზე – სწორედ ისე, როგორც მის კოლეგებს დაჰყავდათ შვილები ტურნირებზე; როგორ უყიდდა მათსავით თავის შვილსაც საბავშვო მშვილდს, მაგრამ მის ოცნებებს ასრულება არ ეწერა – დედობის ოცნება კი აუსრულდა, მაგრამ ერთადერთი ქალიშვილი მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ შეეძინა, მალე კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და აქ რა ჯოჯოხეთიც დატრიალდა, ყველამ კარგად ვიცით – მშვილდოსნობა და სპორტი კი არა, თავი გვქონდა გადასარჩენი.

თუმცა ლოსაბერიძე დიდი ძალა იყო და 1978 წლის სპარტაკიადისთვის მისი დაბრუნება განიზრახეს. ოღონდ ცოტა შორიდან მოუარეს – მის ქმარს შეუჩნდნენ, როგორმე ცოლი სპორტში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა და სანაცვლოდ, იმ ზემოხსენებულ 2-ოთახიან ბინასაც მაშინ შეჰპირდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ლოსაბერიძე მხოლოდ საბინაო პრობლემის გამო დაბრუნდა — სპორტული ჟინი გაცილებით მეტი ჰქონდა, რადგან ოლიმპიურ მედალზე ოცნებობდა და მისი დაყოლიება არ გასჭირვებიათ. მით უფრო, მანამდე ქმარიც დაითანხმეს.
მოსკოვის ოლიმპიადაზე საუბრისას ვთქვით, რომ ლოსაბერიძე გაჭირვებას ბავშვობიდან იყო მიჩვეული – 5 წლისას დედა გარდაეცვალა. მოგვიანებით ის სინანულით ამბობდა, ქალაქში რომ ვყოფილიყავით, სასწრაფოს მანქანა მოუსწრებდა და გადაარჩენდაო, მაგრამ სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე მოჯაყჯაყე მანქანამ სიკვდილს ვერ გაასწრო… სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ექიმი გამხდარიყო, თუმცა საბოლოოდ, ძმების ზეგავლენით, განათლების გზაზე სხვაგან გადაუხვია… ოჯახი იმხანად ტყიბულის რაიონის სოფელ ლეყერეთში ცხოვრობდა და 9 შვილს ზრდიდა, ქეთევანი კი ბოლოსწინა, მერვე შვილი იყო. მამა რაიონში ცნობილი კაცი იყო, ტყიბულელი კაცი კი რა პროფესიის იქნებოდა, აბა, რა დაფიქრება უნდა – მოწინავე მეშახტე იყო, ლენინის ორდენოსანი, რაც იმ ქვეყანაში უმაღლესი ჯილდო გახლდათ. დესპოტი მამა არ ყოფილა, მაგრამ ცოტა სტერეოტიპული კი იყო, „ქალი ვიცი კუხნაში“ ყაიდისა, მაგრამ შვილის სპორტსმენობისთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით – მოგვიანებით მის ყოველ წარმატებას სოფელში საყოველთაო ნადიმით აღნიშნავდა, ეს ნადიმი კი ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ რა მასშტაბს მიაღწევდა, იოლად წარმოიდგენთ. მშობლები გამრჯე ხალხი კი იყვნენ და არც ღარიბად ცხოვრობდნენ, თუმცა დიდ ოჯახს ბევრიც სჭირდებოდა და ქეთევანიც ბავშვობიდანვე მიეჩვია შრომას. შვილების უკეთესი მომავლისთვის ოჯახი ქუთაისში გადასახლდა, მამამ კი რამდენიმე წელიწადში მეორე ცოლი მოიყვანა. საბედნიეროდ, დედინაცვალი კარგი ქალი გამოდგა – ზღაპრული დედინაცვლებისგან რადიკალურად განსხვავებული და იმდენად კარგი, ერთხელ ქეთევანის შვილმა, პატარაობისას, თურმე ისიც კი უთხრა, მეც მინდა შენნაირი დედინაცვალი მყავდესო.
ბავშვობაში მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ექიმობაზე ოცნებობდა, მათემატიკაში საოცარ ნიჭს ავლენდა, მოსწავლეობისას კი ჩოგბურთელობაზე ოცნებობდა, რადგან მისი კლასელი დადიოდა ამ სახეობაზე, ხოლო მშვილდოსნობა მის ფიქრშიც არ იყო. იმდენად არ იყო, როცა სტუდენტობისას აუდიტორიაში შესული თავისი მომავალი მწვრთნელი შალვა ჯაშიაშვილი დაინახა მშვილდ-ისრით ხელში, ეს იარაღი მოღუნული ჯოხი და წკეპლა ეგონა. მას და მის თანაკლასელებს სასაცილოდ არ ეყოთ, როცა ამ სამხედროფორმიანმა კაცმა ხელში ისარი მისცა და მასზე თვალის გაყოლება სთხოვა – ამით მათ მზერასაც ამოწმებდა და ცდილობდა, დაედგინა, რომელი იყო „სამუშაო თვალი“. ჯაშიაშვილმა, საბოლოოდ, 10 მოსწავლე შეარჩია, მათ შორის – ლოსაბერიძეც და სკოლის ლამის მიტოვებულ სარდაფში უკრა თავი, რომლის არსებობაც ბავშვთა უმეტესობამ მხოლოდ მაშინ გაიგო. სწორედ იმ ნახევრად დანგრეული სარდაფიდან დაიწყო გზა ლეგენდობისკენ, თუმცა იოლი არც ეს ყოფილა – მშვილდოსნობის ინვენტარი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა იმ დროს სად ჰქონდათ ინვენტარი – სპორტის ამ სახეობაში სულ რამდენიმე ენთუზიასტი ვარჯიშობდა, ჯაშიაშვილი კი ინდაურის ფრთებს იყენებდა. მათ მოსაპოვებლად თურმე ქუთაისის ბაზარში დადიოდა, ხშირად – მოსწავლეებთან ერთად და სადაც მოახერხებდნენ, ინდაურებს ფრთებს აჭრიდნენ. ესეც განსაკუთრებული ბუმბული უნდა ყოფილიყო, ყველა არ გამოდგებოდაო, ლოსაბერიძის ინტერვიუდან ვიცი. გამყიდველმა ქალებმა ეს რომ გაგვიგეს, მერე ინდაურებს ხან დახლის და ხან კაბის ქვეშ გვიმალავდნენო, ესეც ოლიმპიური ჩემპიონის სიტყვებია, ჯაშიაშვილი კი ასე დახვდა ბედისწერას საჭირო დროს საჭირო ადგილზე – აბა, მთელ ქუთაისში რაღა მაინცდამაინც იმ სკოლაში მივიდა და იმდენ ბავშვში რაღა მაინცდამაინც ლოსაბერიძე ამოარჩია.
არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, მწვრთნელი და მოსწავლე ერთმანეთს ცხოვრების გზაზე აცდენოდნენ. ეს მაშინ, ლოსაბერიძე თბილისში თუ ჩააბარებდა სამედიცინო ინსტიტუტში, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ძმებმა დაუშალეს, თბილისში ვერ მოგხედავთო. მათივე რჩევით, ქუთაისის ინსტიტუტში ჩააბარა, პროფესიაზე კი დიდხანს არც უფიქრია – მათემატიკა ხომ ბავშვობიდან უხმობდა თავისკენ.
ამხელა წარმატების მიუხედავად, ქეთევან ლოსაბერიძე მაინც დაუფასებელი ოლიმპიური ჩემპიონი მგონია. ის სხვებზე ნაკლებად ჩნდებოდა პრესაში და განსაკუთრებით – ტელევიზიაში. მოსკოვის ოლიმპიადა ბავშვობაში უფრო დედაჩემისგან ვიცოდი – იმ დროს სკოლაშიც არ ვიყავი შესული. ვერ ვიტყვი, რომ დედა სპორტის თავგადაკლული ქომაგი იყო, მაგრამ საზოგადოებრივ ამბებს აქტიურად ადევნებდა თვალს და სწორედ ის მიამბობდა ლოსაბერიძის, ბლაგიძის, ხაბარელის თუ სხვათა შესახებ. ბავშვობაში სულ მიკვირდა, რომ ლოსაბერიძე არ ჩანდა ტელეეკრანებზე, როცა სხვებს ხშირად ვხედავდი. ესეც მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა – კეთილი ქალი, შეხვედრისას აუცილებლად ღიმილს რომ შემოგაგებებდა, კარგი მეგობარი და კოლეგა; მისი ყოფილი სტუდენტები ძალიან ემადლიერებოდნენ როგორც კარგ ლექტორს, თავისი საქმის უბრალოდ მცოდნე მათემატიკოსს და შესანიშნავ პიროვნებას, მაგრამ – ძალიან მოკრძალებული, ნაკლებად ამბიციური იყო. პირველად, მასთან ინტერვიუზე გაზეთ „სარბიელიდან“ თსუ-ს მეორე კორპუსში მათემატიკის კათედრაზე რომ მივედი, გამიკვირდა, იმდენად უბრალო აუდიტორიაში დამხვდა. არადა, მეგონა, ამხელა ლეგენდა სათანადო კაბინეტში იქნებოდა… სწორედ მაშინ ჩამოვუგდე სიტყვა, იშვიათად ჩანხართ საზოგადოებაში-მეთქი… ცოტა შეყოყმანდა და მერე მითხრა, წლების წინ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ქართული სპორტის ერთ მაღალჩინოსანს რაღაც უმნიშვნელო საკითხზე დახმარება ვთხოვე და ყურადღება რომ არ გამოიჩინა, ცოტა გავბრაზდი და იმის მერე არსად ვჩნდებოდიო. სამაგიეროდ, აქტიურად გამოჩნდა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ამუშავების შემდეგ, სადაც აქტიურად საქმიანობდა, 2002-2005 წლებში კი მისი პრეზიდენტიც იყო… იქაც ბევრჯერ ატკინეს გული, თუმცა მთავარი უცნაურობა: როცა გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეებში ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატს ატარებდა ბათუმში, მაგრამ არც გადადეს, თუნდაც ერთი დღით და მის დაკრძალვას მშვილდოსნებიდან სულ რამდენიმე კაცი ესწრებოდა. არადა, მთელი ის სამყარო ჭირისუფლად უნდა დადგომოდა ლეგენდას, რომელიც ვინ იცის, როდის განმეორდება ან განმეორდება კი საერთოდ? არც სპორტის მმართველ სტრუქტურებს მოუწყვიათ დაკრძალვის გამორჩეული ცერემონიალი, თუმცა ამას კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც უშლიდა ხელს. ერთი კია, თბილისში მისი სახელი რომელიღაც ქუჩას მიეკუთვნა, რაშიც დიდი როლი ჩვენს კოლეგა ელენე ბილიხოძეს მიუძღვის.
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი კი მშობლიური ტყიბულის მიწაში განისვენებს. ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნობაში საქართველოდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და ევროპიდან!









