1944 წლის 2 ნოემბერს, თბილისის ძირძველ უბანში, სოლოლაკში, დაიბადა სპორტსმენი, რომელმაც მთლიანად შეცვალა საქართველოში ჩოგბურთის განვითარების ისტორია – ეს პიროვნება ალექსანდრე მეტრეველი გახლავთ. 8 წლის ალექსანდრე უფროსმა ძმამ, პეტრემ, დინამოს კორტებზე მიიყვანა ცნობილ მწვრთნელთან, არამ ხანგულიანთან, რომლის შემდეგ ორი ათეული წელი ის აქაურობის მასპინძელი და ლიდერი იყო. აღიარებული ოსტატი ეპითეტებს არ იშურებდა თავის მწვრთნელზე: „სპორტის გარდა, ფასდაუდებელი რჩევები მომცა, რამაც განსაზღვრა ჩემი წარმატებული კარიერა და მრავალწლიანი დაგროვილი გამოცდილება“.
ალექსანდრე მეტრეველი ადრეულ ასაკში იყო გამორჩეული თანატოლებში, პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო. ასე ჩამოყალიბდა იგი ამომავალ ვარსკვლავად, მის გვერდით ხვეწდნენ ოსტატობას თანატოლები: გივი ჩახუნაშვილი, გურამ კაპანაძე, ვახტანგ გოგლიძე, პეტრე მეტრეველი, რენე აბჟანდაძე და სხვები. მასთან მეგობრობა ყველას საამაყოდ მიაჩნდა, მის საპატივცემულოდ თბილისს ხშირად სტუმრობდნენ იმ პერიოდის საუკეთესო ჩოგბურთელები, „დინამოს“ ჩოგბურთის კორტები ყოველთვის სავსე იყო მაყურებლებით.
„ჩოგბურთელი ღვთისაგან“ – ეს სიტყვები ცნობილ რუს კომენტატორს, თავის დროზე წარმატებულ ჩოგბურთელს, 24-გზის ჩემპიონს, ნიკოლაი ოზეროვს ეკუთვნის. მან კარგად იცოდა ჩვენი თანამემამულის შესაძლებლობები. როცა ალექსანდრე მეტრეველის შესაძლებლობებზე ლაპარაკობ, უპირველესად, მის სპორტულ ბიოგრაფიას უნდა გადაავლო თვალი, ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია: უიმბლდონის ტურნირის სამგზის ფინალისტი, საბჭოთა კავშირის 29-გზის ჩემპიონი (ერთეულთა და წყვილებს შორის), 1 ჩოგბურთელი (1972-1974 წლებში) მოყვარულთა შორის, მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის მეცხრე ნომერი (1974წ), დევისის თასის გათამაშებაში 105 ჩატარებული შეხვედრიდან 78 მოგებული.
მიუხედავად სრული ფანტასტიკური შედეგებისა, საბჭოთა სისტემა არ აძლევდა მას პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის საშუალებას, მთავარი დაბრკოლება ფინანსები იყო. ალექსანდრე მეტრეველს არ ჰქონდა ფული, მაგრამ ჰქონდა უსაზღვრო ფანატიზმი და სიყვარული ჩოგბურთის სამყაროსადმი. მისდამი სიყვარული და დაფასება არავის გაკვირვებია, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული „HTB+“-ის სპორტულ რედაქციაში მიიწვია ყოფილმა ჩოგბურთელმა და დირექტორმა, ანა დიმიტრიევამ. აქ, მის გვერდით, საყოველთაოდ ცნობილი კომენტატორები: მასლაჩენკო, მაიოროვი და უტკინი საქმიანობდნენ. სხვადასხვა დროს, იყო სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი „დევისის თასის“ სპეციალური მედლით დააჯილდოვა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა.
დიდი ოჯახის მთავარი წევრი და „მარადიული მგზავრი“ ალექსანდრე მეტრეველი, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს მეუღლესთან – ნანა ვარდოსანიძესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად – დაკავებულია სპორტული ჟურნალისტიკით.
2024 წლის 2 ნოემბერს, ჩვენ სახელოვან ჩოგბურთის ლეგენდას, ალექსანდრე მეტრეველს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ და ვულოცავ სახელოვან იუბილეს!
ბეჟან ჩხეიძე