10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ქართული სკოლების მმართველობაში ინკლუზიასთან დაკავშირებული საჭიროებების გამოვლენა

spot_imgspot_img

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში „ლიდერობა ინკლუზიური განათლებისთვის საქართველოში“ (https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000392899_geo).

ქვეყნის ანგარიში წარმოადგენს იუნესკოს 2025 წლის განათლების გლობალური მონიტორინგის (GEM) რეგიონული ანგარიშის „ლიდერობა ინკლუზიური განათლებისთვის – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცანტრალური აზია“ შემადგენელ ნაწილს (https://www.unesco.org/gem-report/en/2025ceecca). რეგიონული ანგარიში ეფუძნება 2024-25 წლების გლობალური მონიტორინგის ანგარიშის (https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000391406) მიდგომებს და წარმოაჩენს შედარებით ანალიზს ინკლუზიური განათლების ლიდერობის პრაქტიკის შესახებ, რვა ქვეყნის განათლების სისტემებში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. განათლების გლობალური მონიტორინგის (GEM) ანგარიში პერიოდულად გამოიცემა იუნესკოს მიერ, რომელმაც 2015 წელს მსოფლიო განათლების ფორუმისგან მიიღო მანდატი, გაეწია მონიტორინგი და წარმოედგინა ანგარიში განათლებაში მდგრადი განვითარების მიზნების (SGDs) პროგრესის შესახებ, SDG4 (ხარისხიანი განათლება) მონიტორინგის ჩარჩოს გათვალისწინებით.

ქვეყნის მაგალითის სიღრმისეული კვლევა (case study) საქართველოში განხორციელდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (www.eppm.org.ge) მკვლევარების მიერ და მიზნად ისახავდა ქართული სკოლების მმართველობაში ინკლუზიასთან დაკავშირებული საჭიროებების გამოვლენას. კვლევა ორინეტირებული იყო სკოლის მართვასა და ინკლუზიაზე, განსაკუთრებით კი სკოლის ლიდერობის ინკლუზიურ პრაქტიკებზე. იგი ეცადა დაედგინა უჭერს თუ არა სკოლის მმართველობა მხარს ინკლუზიას და როგორ. კვლევამ შეისწავლა ლიდერობის როლები და სტანდარტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლის დირექტორების შერჩევის, მომზადების და განვითარების პოლიტიკა და ინკლუზიური მმართველობის პრაქტიკები. პირველადი მონაცემები შეგროვდა დისტანციური გამოკითხვის, სკოლის დირექტორებთან ინტერვიუების და პოლიტიკის შემქმნელებსა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

კვლევის შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა საქართველოს განათლების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა ხელს უწყობს სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას. საგანმანათლებლო კანონდმებლობის და პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე თანასწორობისა და ინკლუზიის უზრუნველყოფაში სკოლის დირექტორების როლი აღიარებულია როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი. ამასთან, კვლევამ გამოავლინა არაერთი გამოწვევა სკოლის მართვის იმ პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ინკლუზიას. სისტემაში ინკლუზიური განათლების და ინკლუზიური ლიდერობის პრინციპების დანერგვა ხორციელდება მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და შეფერხებებით. სისტემას გააჩნია ინკლუზიური განათლების განვითარების დამტკიცებული სტრატეგია, თუმცა სარეფორმო პოლიტიკა ატარებს არასისტემურ, ეპიზოდურ, არათანმიმდევრულ და კამპანიურ ხასიათს, ხოლო ამ პოლიტიკის შედეგები გამოირჩევა მდგრადობისა და ეფექტიანობის დაბალი დონით. პოლიტიკის ხშირი ცვლილება ემყარება არა მონიტორინგის შედეგების ანალიზსა და გაუმჯობესების მცდელობებს, არამედ გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირების ინდივიდუალურ და სუბიექტურ დამოკიდებულებებს, რომლებიც მეტწილად ვიწროპარტიული პოლიტიკური კონიუნქტურით და გემოვნებით განისაზღვრება.

სკოლებში ინკლუზიური გარემოს და მართვის ინკლუზიური პრინციპების დანერგვის ხარვეზებს ასევე მიეკუთვნება სკოლის ხელმძღვანელების არასაკმარისი კომპეტენციები და უნარები ინკლუზიური ლიდერობის უზრუნველსაყოფად. დამხმარე მექანიზმები და პრაქტიკები, რომლებიც აუცილებელია სკოლის დირექტორების ინსტრუქციულ ლიდერებად გარდაქმნისთვის, ჯერ კიდევ განუვითარებელია. სუსტია მხარდაჭერის პოლიტიკაც, რამაც უნდა უზრუნველყოს სკოლის მართვის ტრანსფორმირება ადმინისტრაციულიდან ინკლუზიურ ლიდერობაზე. სისტემურ დონეზე არ ხორციელდება სკოლის ხელმძღვანელებისთვის ლიდერობის ფუნდამენტური კომპეტენციების და უნარების განვითარება პროფესიაში შესვლამდე, ხოლო საქმიანობის განხორციელებისას მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები საგრძნობლად ლიმიტირებულია.

სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს და სხვა პერსონალს შეზღუდული წვდომა აქვთ ინკლუზიის ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან, რაც ამ შესაძლებლობების სიმცირითა და სიმწირით აიხსნება. სკოლის ბიუჯეტის ნაკლებობა და პერსონალის დაბალი ხელფასები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. არასაკმარისი ბიუჯეტი და დაბალი ხელფასები იწვევს კომპეტენციების, ვალდებულებების და მოტივაციის ნაკლებობას სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შორის. ეს მათთვის ქმნის დაბრკოლებას დაუთმონ დრო, ენერგია და რესურსები ინკლუზიას და მოსწავლეებთან ინდივიდუალურად იმუშაონ.

კვლევის ყველა საინტერესო მიგნებასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ კვლევის ანგარიშში:

https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000392899_geo

დასკვნები და რეკომენდაციები⇓⇓⇓

კვლევამ გამოავლინა არაერთი გამოწვევა სკოლის მართვის იმ პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ინკლუზიას. გთავაზობთ მკვლევართა მიერ წარმოდგენილ რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას სავარაუდო ინტერვენციებისთვის:

 

სკოლის დირექტორებისთვის სათანადო პირობების შექმნა განათლების ხარისხის ასამაღლებლად

დამხმარე მექანიზმები და პრაქტიკები, რომლებიც აუცილებელია სკოლის დირექტორების ინსტრუქციულ ლიდერებად გარდაქმნისთვის, ჯერ კიდევ განუვითარებელია. სისტემამ უნდა გააუმჯობესოს და განავითაროს განათლების პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ლიდერობას. ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის მიდგომა რათა მიაღწიოს მდგრად, მიზანზე ორიენტირებული რეფორმის შედეგებს.

სკოლის ბიუჯეტის ნაკლებობა და პერსონალის დაბალი ხელფასები მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს სკოლებისთვის. არასაკმარისი ბიუჯეტი და დაბალი ხელფასები იწვევს კომპეტენციების, ვალდებულებებისა და მოტივაციის ნაკლებობას სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შორის. ეს მათთვის ქმნის დაბრკოლებას, რათა დაუთმონ დრო, ენერგია და რესურსები ინკლუზიას და მოსწავლეებთან ინდივიდუალურად იმუშაონ. დირექტორებს აქვთ მანდატი და პასუხისმგებლობა, გადაჭრან ეს პრობლემები, თუმცა ისინი შეზღუდულნი არიან არასათანადო დაფინანსებით, მშობლებისგან შეზღუდული თანამშრომლობით, არასაკმარისი პროფესიული განვითარებითა და დაბალი ხელფასებით. სკოლის დაფინანსების გაზრდა და ინკლუზიური განათლებისთვის ბიუჯეტის გამოყოფა მნიშვნელოვანია ინკლუზიური ლიდერობის ხელშესაწყობად და ინკლუზიური სასკოლო გარემოს შესაქმნელად. ვალდებულება ინკლუზიური ლიდერობის მიმართ სისტემამ უნდა ასახოს ბიუჯეტის გადანაწილებაში.

სკოლის დირექტორების პროფესიონალიზმის გაზრდა

სკოლის დირექტორები აცნობიერებენ ქართულ სკოლებში ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობას, ამასთანავე დამოკიდებულებები ინკლუზიისა და ინკლუზიური მართვის მიმართ ძირითადად დადებითია. თუმცა დირექტორების უმეტესობა ხელმძღვანელობს ინკლუზიის, ინკლუზიური განათლებისა და მართვის პერიფერიული გაგებით. დირექტორების, მასწავლებლებისა და მშობლების გაძლიერება, რათა მათ ითანამშრომლონ ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკას. საგანმანათლებლო სისტემამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სკოლის დირექტორებისა და მთლიანი სასკოლო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებას, რათა უზრუნველყოს ყველას ჩართულობა სკოლის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.

სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს შეზღუდული წვდომა აქვთ ინკლუზიის ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან. საქართველოში დირექტორების უმეტესობას, პროფესიაში შესვლამდე, არ აქვს განვითარებული სკოლის მართვისთვის საჭირო კომპეტენციები. დირექტორობის კანდიდატების უმრავლესობას არ აქვს კონკრეტული ცოდნა ინკლუზიურ განათლებასა და მართვაზე. საგანმანათლებო პოლიტიკამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს შერჩეული კანდიდატებისთვის შესაბამისი სატრენინგო მოდულების ან პროფესიული განვითარების პროგრამების ჩამოყალიბებას, რათა უკეთ აღჭურვონ ისინი სკოლის ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის საჭირო უნარებით. საჭიროა უფრო ინტენსიური, მიზანზე ორიენტირებული და ეფექტური პროფესიული განვითარება, რათა სკოლის დირექტორებმა შეიძინონ ინკლუზიური საგანმანათლებლო ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას არ გააჩნია სათანადო მეთოდები სკოლის დირექტორების მუშაობის შესაფასებლად და თანასწორობისა და ინკლუზიის ხელშეწყობის წასახალისებლად. შესაბამისად, მოტივირებული დირექტორები არ იღებენ სამუშაოს შესრულებაზე დაფუძნებულ წახალისებას, ხოლო ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მათი ეფექტურობა სკოლის ინკლუზიური ხარისხის ამაღლებაში. სისტემამ უნდა უზრუნველყოს სკოლის ხელმძღვანელებში ძლიერი ლიდერობის სტიმულირება და აღიარება.

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება