ზურაბ ვახანია
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე; ახალი სკოლის მოდელის ექსპერტ-კონსულტანტი; 4 მონოგრაფიის, 38 სახელმძღვანელოსა და 90 სამეცნიერო სტატიის ავტორი; USAID-ის საგანმანათლებლო პროექტ GPried-ის ყოფილი ექსპერტი; სკოლის დირექტორად და მასწავლებლად მუშაობის 22-წლიანი გამოცდილებით; მაღალი (80%-ზე მეტი) შედეგებით ჩაბარებული აქვს 10 სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა: ქართული ენა-ლიტერატურა, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, რუსული ენა, ინგლისური ენა, დაწყებითი განათლება, მასწავლებლის პროფესიულ უნართა ტესტი, სკოლის დირექტორების ტესტი, კომპიუტერის ტესტი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი.
ამჟამად საგანმანათლებლო სტანდარტების განახლება მიმდინარეობს. ექსპერტებს შორისაც და ფართო საზოგადოებაშიც ცხარე კამათია ატეხილი ქართული ლიტერატურის სწავლების შესახებ.
სასკოლო განათლების პირველ და მთავარ პრინციპად ოფიციალურადაა დაკანონებული მოსწავლეზე ორიენტირება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მისი ნამდვილი განხორციელებისგან ძალიან შორს ვართ. უფროსები ბავშვის თვალით უნდა აფასებდნენ საკითხებს – და არა საკუთარი დარგის ვიწრო ეგოცენტრული ხედვით. საზოგადოდ, მოსწავლეზე ორიენტირების საფუძველი ფსიქოლოგიზმია, პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კარგი სპეციალისტის გარეშე ის ვერ განხორციელდება. საზოგადოებას კი ძალიან ეუცხოება ამგვარი მიდგომა.
ლიტერატურის სწავლების უზენაესი მიზანი ისაა, რომ მოსწავლეს მხატვრული ლიტერატურა, ზოგადად წიგნის კითხვა შევაყვაროთ; მოსწავლე ესთეტიკური სიამოვნების მიღებას მიეჩვიოს [ზ. ვახანია 2003:121-122]. საამისოდ აუცილებელია, რომ მისთვის ტექსტის წაკითხვა სიამოვნებასთან იყოს შეკავშირებული. ხოლო თუკი ტექსტების წაკითხვა მოსწავლისთვის უსიამოვნოა, მაშინ ლიტერატურა, მწერლობა და თვით მწერლებიც კი შესჯავრდება.
ეს განსაკუთრებით მძაფრად საჭირბოროტო ამჟამადაა – როდესაც წიგნს, ტექსტს მძლავრი დაუძინებელი მტერი გამოუჩნდა – ყველგანმყოფი ეკრანი [ზ. ვახანია 2002:41-45].
ყოველივე აქედან გამომდინარე, სასწავლო პროგრამის ნაწარმოებთა შერჩევისას მთავარია ნაწარმოების შესაფერისობა კონკრეტული ასაკის ბავშვისთვის. უფრო მეტიც, მაღალი დონის თანამედროვე მეთოდიკა მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც კი ითვალისწინებს – მოსწავლის მზაობის დონეს, აგრეთვე ინტერესებსა და სასწავლო პროფილს (დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკა, რომლის კონკრეტული განხორციელების ნიმუში ქართული ლიტერატურისთვის ჩვენ შედგენილი გვაქვს პროექტ „ჯიპრაიდის“ ფარგლებში). საქართველოსთვის ეს მაღალი დონე ჯერ ნაადრევია. ამჟამად ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ნაწარმოები ასაკობრივად მაინც იყოს შესაფერისი სათანადო კლასის ტიპური წარმომადგენლისთვის.
ასაკობრივი შესაფერისობა მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
I. ტექსტის ენა (ლექსიკა და გრამატიკული ფორმები) მისაწვდომია ზომიერი შემზადების შემდეგ;
II. ტექსტის ისტორიული, ეთნოგრაფიული, ბუნებისმცოდნეობითი შინაარსი მისაწვდომია ზომიერი შემზადების შემდეგ;
III. ნაწარმოების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებანი მასწავლებლის მიერ „გამოკირკიტებისა და გადაღეჭვის“ გარეშე აღძრავს შესაბამის გრძნობებს ბავშვის გულში;
IV. ნაწარმოების შინაარსი საინტერესოა, ეხმიანება ბავშვის შინაგან სამყაროს; ტექსტის წაკითხვის პროცესში აქტიურია ბავშვის წარმოსახვა;
V. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ბავშვს სასიამოვნო განცდა რჩება;
VI. ნაწარმოები ხელს უწყობს ბავშვის ესთეტიკურ განვითარებას.
I-V კრიტერიუმების უგულებელყოფა პირდაპირ იწვევს მოსწავლეზე ორიენტირებულობის სავალდებულო პრინციპის დარღვევას. ამის უფლება კი არავის არ აქვს. ლიტერატურა უნდა იყოს ბავშვისთვის და არა ბავშვი – ლიტერატურისთვის.
ამ თვალსაზრისით ჩვენს სკოლებში სავალალო მდგომარეობაა. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც უყვართ მხატვრული ლიტერატურის კითხვა (შინაგანი მიდრეკილებისა თუ ოჯახის წყალობით), ქართული ლიტერატურა არ უყვართ, ხშირად კი, სამწუხაროდ, ეჯავრებათ. ამას ჩვენ მიერ ჩატარებული რამდენიმე საგანგებო გამოკითხვა ადასტურებს. ეს ზოგადი კანონზომიერებაა: მოსწავლეზე ორიენტირებულობის პრინციპის უგულებელყოფის გამო ბავშვებს ეჯავრებათ გრამატიკა, მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია თუ ისტორია [ზ. ვახანია 2012:§5].
ტრადიციულ სასწავლო პროგრამებში ნაწარმოებთა უდიდესი უმრავლესობა არღვევს I-III კრიტერიუმებს. უმცირესობა ამ I-III კრიტერიუმებს არ არღვევს, მაგრამ მათი უდიდესი უმრავლესობა IV და V კრიტერიუმებს არღვევს. ნაწარმოებს მოზარდის ცნობიერების თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. ნაწარმოების ტექსტი რომც სრულიად მისაწვდომი იყოს, მოზარდს არ აინტერესებს ის შინაარსი, რომელშიც მოწიფული ასაკის ზრდასრულთა პრობლემებია მთავარი. 40 წლის ადამიანი მოზარდისთვის უკვე „ბებერია“. მოზარდის აზრთა მსვლელობა დაახლოებით ასეთია: „გეთანხმებით – როცა მეც დავბერდები, შეიძლება ეს პრობლემები მეც გამიჩნდეს; მაგრამ ეს პრობლემები მერეც მეყოფა. ახლა კი ბებრების პრობლემები არ მაღელვებს და არ მაინტერესებს; ვერ გამიგია, თავს რატომ მახვევთ თქვენს პრობლემებს…“
მოზარდების დიდ უმრავლესობას ჰყოფნის ზრდილობა, ხათრი და თანაგრძნობა, რათა ამგვარი აზრები უფროსთა გასაგონად არ გამოხატოს; მრავალი მათგანი ამგვარ აზრებს თავის თავსაც კი უმალავს და ქვეცნობიერში განდევნის (ცნობიერების ცენზურის მოქმედებაა). მაგრამ ლიტერატურის შეჯავრება (თუ სულაც შეძულება) მაინც გარდაუვალია.
მხატვრული ლიტერატურა, სხვა საგნებთან შედარებით, მეტ, უფრო ფართო ზეგავლენას ახდენს მოსწავლეზე, უშუალოდ ეხება რა მის პიროვნულობას. ამის გამო, ერთი მხრივ, ლიტერატურას უდიდესი აღმზრდელობითი ძალა აქვს. ის არამარტო ესთეტიკურ განვითარებასა და წიგნიერების უნარჩვევათა განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, არამედ აგრეთვე პიროვნების ჩამოყალიბებას, მის ზნეობრივ, პატრიოტულ, ეკოლოგიურ აღზრდას და შემოქმედებითობის განვითარებას. შესაბამისად, თუკი მოსწავლეს უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება ლიტერატურის მიმართ, ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მხოლოდ ლიტერატურით არ იფარგლება – ის იმ მაღალ ფასეულობებზეც ვრცელდება, რომლებიც ნასწავლ ნაწარმოებებშია.
ეს ყოველივე ყველაზე მწვავედ VII-IX კლასებში იჩენს თავს. ესაა გარდატეხის ასაკის ყველაზე მწვავე და რთული ხანა, როდესაც მოზარდს ყველაზე მეტად ეზარება სწავლა; როდესაც უაზროდ ჭირვეულობს და ჯიუტობს; მისი სული მაჭარივით დუღს და გონებაში ფიქრების, ოცნებების, შიშებისა და ეჭვების კორიანტელი უტრიალებს; მისი მთავარი ღირებულებებია: თვითდამკვიდრება, ამბოხი, მეგობრობა, სიყვარული, სექსი, საინტერესო თავგადასავალი, გამბედაობა, ცხოვრებაში წარმატება და ავტორიტეტი, სიცოცხლის სიხარული… (ჯანსაღ შემთხვევაში!) [ზ. ვახანია 2012:§11].
ამ მხრივ ქართულ ლიტერატურაში უმძიმესი ვითარებაა. რომც მოხერხდეს ასაკობრივად მისაწვდომი ტექსტების შერჩევა, საქართველოს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ნაწარმოებთა უდიდესი უმრავლესობა მოზარდისთვის შავბნელია: ტანჯვა, ვაება, სევდა, მარტვილობა, ტრაგედია, სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი, სიკვდილი… მაგრამ ისტორიული ბედუკუღმართობის სიმძიმე და სიმწარე ბავშვს რატომ უნდა ვაზღვევინოთ?!
შედეგები სავალალოა: მოსწავლეებს უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდებათ სწორედ იმ ფასეულობათა მიმართ, რომელთა პატივისცემასაც უნდა წესით ემსახურებოდეს ქართული ლიტერატურა: ზნეობრიობა, უანგარობა, პატრიოტიზმი, საზოგადოდ მაღალი იდეალების ერთგულება…
მართლაც, რა შეგნებას ვუნერგავთ მოზარდს? მას ღრმად გაუჯდება მახინჯური ასოციაციური წრე: „ქართული ლიტერატურა – ტრაგედია – უბედურება – ზნეობრიობა – ტანჯვა – მარტვილობა – პატრიოტიზმი – სევდა – სულის გამარჯვება – სიკვდილი – ქართული ლიტერატურა“. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ: „მაღალი იდეალების ერთგული ადამიანი, თუმცა გაიტანჯება და დაიღუპება, მაგრამ სულით მაინც გაიმარჯვებს, რადგან … …“. მაგრამ მოზარდი, მათ შორის ყველაზე გონიერი მოზარდიც კი, ფიქრობს: „რას მთავაზობთ? ცხოვრებაში მარტვილობის გზის არჩევას? არა, ბატონო, მარტვილობა, ზნეობა, პატრიოტიზმი და მაღალი იდეალები თქვენთვის დაიტოვეთ, მე კი სახარულით აღსავსე ცხოვრება მირჩევნია…“
ის ხომ ჯერ ბავშვია და კიდევ 5 წლის განმავლობაში იქნება ბავშვი. ტანით დიდიც რომ იყოს და ზრდასრულივით რომ იქცეოდეს და საუბრობდეს, 18 წლამდე ის მაინც ბავშვია. საქართველოს დიდი უბედურება ორი უკიდურესობის აბსურდული რკალია: ერთი მხრივ, ავიწყდებათ, რომ 15-17 წლის მოზარდი სინამდვილეში ჯერ კიდევ ბავშვია; მეორე მხრივ კი 25-30 წლის ახალგაზრდას „ბავშვად“ მოიხსენიებენ და ბავშვივით ეპყრობიან („გამოცდები კარგად ჩავაბარეთ“, „მკურნალობას ვიწყებთ“…). მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მამაკაცების უნდილობა (ინფანტილიზმი) საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი უბედურებაა. ამაში მთავარი დამნაშავე ოჯახია, სკოლა კი ცეცხლზე ნავთს ასხამს. გადატვირთული და გადართულებული სასწავლო პროგრამებით თრგუნავს ბავშვს, მას არასრულფასოვნების ღრმა გრძნობას უმკვიდრებს (ფსიქოლოგიაში ამას „დასწავლილი უმწეობა“ ეწოდება); წინააღმდეგობის გაბედული და მედგარი გადალახვის ნაცვლად გაყალბებასა და, არსებითად, კორუფციას აჩვევს (ვითომ ნიშნებს რომ იღებს და ვითომ გამოცდებს რომ აბარებს); ნამდვილი საქმის კეთების ნაცვლად პასუხისმგებლობისგან გაძრომის ხრიკებში წაფავს; პირადი ღირსების, სამოქალაქო და პატრიოტული შეგნების ჩამოყალიბების ნაცვლად ადვილი ცუღლუტური გზებით გაიძვერობას აჩვევს [ზ. ვახანია 2012:§12].
სასწავლო პროგრამაში დაუშვებელია ისეთი ნაწარმოები, რომელიც I-III კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. კლასიკურ თუ ახალ ქართულ ლიტერატურაში არცთუ ისე მრავლად გვაქვს მოზარდისთვის ასაკობრივად შესაფერისი ნაწარმოებები, ამიტომ შიგადაშიგ შეიძლება ვასწავლოთ ისეთი ნაწარმოები, რომელიც IV-V კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს – მეტი გზა არაა. მაგრამ ასეთ ნაწარმოებთა წილი შეიძლება იყოს არაუმეტეს 25-30%-ისა. თანაც ისინი ერთმანეთის მიყოლებით არ უნდა ვასწავლოთ.
დაბოლოს, ფსიქოლოგიისგან დამოუკიდებლადაც, თვით ჩვენი სასახელო წინაპრებისთვის რომ გვეკითხა, 12-15 წლის ბავშვებისთვის თუ წერდნენ ისინი თავიანთ შედევრებს, რას გვიპასუხებდნენ?
დასკვნა
სკოლაში ქართული ლიტერატურის სწავლება არ ითვალისწინებს მოზარდის თვალსაზრისს. ქართული ლიტერატურა მოზარდისთვის ტრაგედიასა და სიკვდილთანაა ასოცირებული. ამიტომ მოსწავლეებს უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდებათ არამარტო ქართული ლიტერატურის მიმართ, არამედ აგრეთვე იმ მაღალ ფასეულობათა მიმართ, რომლებიც ლიტერატურის ნაწარმოებებშია. ამის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ პროგრამულ ნაწარმოებთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმად დადგინდეს: მოზარდს ზომიერი დაძაბვით, გააზრებითა და სიამოვნებით შეეძლოს ამ ნაწარმოებთა უმრავლესობის წაკითხვა.
დამოწმებული ლიტერატურის სია
- ზ. ვახანია 2009 – ზ. ვახანია, კ. გაბუნია, თ. მახარაძე, ქართული ფილოლოგია, ტ. 1., თბ., 2009.
- ზ. ვახანია 2003 – ზ. ვახანია, ქართული ენის შემოქმედებითი სწავლება, თბ., 2003.
- ზ. ვახანია 2012 – ზ. ვახანია, განათლების ფსიქოლოგია, თბ., 2012.
- ზ. ვახანია 2002 – Ваханиа З. Современное образование: Книга и Экран. – “Журнал Евроазиатских исследований”, Москва-2002, №3.