ნანა არაბული
სსიპ-მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კირიხლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ზმნას, ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციისთვის, აქვს სპეციფიკური და ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ამიტომ ენის შესწავლის პროცესში ზმნის და მასთან დაკავშირებული გრამატიკული კონსტრუქციების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართული ენის შესწავლის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს სწორედ ქართული ზმნისა და მასთან დაკავშირებული გრამატიკული კონსტრუქციების სწავლა-სწავლება წარმოადგენს, რაც განპირობებულია იმით, რომ ერთ ზმნას, ერთდროულად, რამდენიმე კატეგორია ეწარმოება და ხშირად აბსოლუტურად განსხვავებულ ფორმებს გვთავაზობს, გრამატიკული კონსტრუქციების აგებაც არაერთგვაროვნად ხდება.
საქმეს ართულებს ის, რომ არ არსებობს ერთიანი მოდელი, რომელშიც მოექცევა ზმნათა უმრავლესობა, ფორმათწარმოების თვალსაზრისით.
თუ სწავლების პირველ საფეხურზე შემსწავლელი ახერხებს ზმნების გარკვეული რაოდენობის ფორმათა და გრამატიკულ კონსტრუქციათა მექანიკურ დამახსოვრებას, ენის ფლობის ზედა საფეხურებზე ეს შეუძლებელი ხდება, ფორმათა სიმრავლისა და განსხვავებულობის გამო.
ზმნის სწავლა-სწავლებაში აღმოჩენილმა ზემოაღნიშნულმა პრობლემამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ენის ფლობის ა2 საფეხურიდან, ეტაპობრივად, მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა გარკვეული მოდელები, რომლებიც მათ ზმნის ფორმათა წარმოებასა და გრამატიკული კონსტრუქციების აგებაში დაეხმარებოდა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ზმნის სწავლების ორ მოდელს და ერთ ხერხს, კერძოდ, მოდელები ეხება -ობ თემისნიშნიანი ზმნების მყოფადის და წყვეტილის მწკრივების წარმოებას; აქვე განვიხილავთ ზმნასთან დაკავშირებული ერგატიული კონსტრუქციის სწორად გამოყენების მარტივ ხერხს.
ცოტა რამ ზმნის თემის შესახებ: თემა არის ზმნის ის ნაწილი, რომელიც საერთოა პირველი ან მეორე სერიის ყველა მწკრივისთვის.
გამოყოფენ ერთთემიან და ორთემიან ზმნებს.
ორთემიან ზმნებს აქვთ პირველ სერიაში თემის ნიშნები: -ავ, -ამ, -ევ, -ებ, -ობ, -ოფ, -ი.
⇒ შენიშვნა: ზმნის თემას წარმოადგენს მეორე პირის ფორმები, ამიტომ სტატიაში განხილულ მაგალითებს, ძირითადად, მეორე პირის ფორმით შემოგთავაზებთ.
• ნაშრომში წარმოდგენილი ზმნები აღებულია ა1, ა2, ბ1 და ბ2 დონის წიგნებიდან: „აღმართი“.
⇒ ობ თემისნიშნიან ზმნებში უნდა გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი:
• თანხმოვანზე ფუძედაწყებულები (თამაშობ, ცხოვრობ, ვარჯიშობ);
• ხმოვანზე ფუძედაწყებულები (ასპარეზობ, ეჭვობ, ოცნებობ);
• თანხმოვანზე ფუძედაწყებულები და – ულობ-ზე დასრულებული გარდამავალი ზმნები (კითხულობ; ყიდულობ; ნახულობ…);
• ქცევის ნიშანდართულები (ათბობს, აშრობს, ამკობს…).
⇒ ობ თემისნიშნიანი ზმნების 1-ელი მოდელი:
ობ თემისნიშნიანი ზმნები მყოფადის მწკრივში დაირთავენ ი- თავსართს და, -ობ დაბოლოების ნაცვლად, გვიჩვენებენ -ებ დაბოლოებას, ამავე პრინციპით აწარმოებენ ხოლმეობითსა და მყოფადის კავშირებითსაც.
წყვეტილის მწკრივის საწარმოებლად, პირველი და მეორე პირის ფორმებთან, მყოფადის ფორმას ჩამოშორდება -ბ თანხმოვანი, მესამე პირის ფორმებთან კი -ებ ბოლოსართი და, მის ნაცვლად, ჩნდება მესამე სუბიექტური პირის ნიშანი -ა.
(რას შვრები?) ოცნებ-ობ
(რას იზამ?) ი-ოცნებ-ებ
(რა ქენი?) ი-ოცნებ-ე (რა ქნა?) ი-ოცნებ-ა მან
⇒ პირობითად, პირველი მოდელი ერგება:
• ზმნებს, რომლებიც იწყება თანხმოვანზე და მთავრდება -ობ დაბოლოებაზე;
• ზმნებს, რომლებიც იწყება ხმოვანზე და მთავრდება -ობ დაბოლოებაზე.
იხილეთ ნიმუშები: ა)
იხილეთ ნიმუშები: ბ)
აქვე გთავაზობთ იმ ზმნებს, რომლებიც გვიჩვენებს განსხვავებულ წარმოებას და გამოვყოფთ გამონაკლისებსაც:
ზემოთ ნაჩვენებ მოდელს ნაწილობრივ მიჰყვებიან -ულობ დაბოლოებიანი გარდამავალი ზმნები, ანუ ორპირიანები და სამპირიანები: კითხულობ, ყიდულობ, სწავლობ, შოულობ. ჩამოთვლილი ზმნები მყოფადში დაირთავენ ი – პრეფიქსს, მაგრამ გვთავაზობენ განსხვავებულ დაბოლოებებს და ზოგჯერ ფუძესაც იცვლიან (იხილეთ ცხრილი).
შეთავაზებული მოდელი ვერ ერგება ზმნას „ამბობს“, ის მწკრივში მონაცვლე ზმნაა, ასევე გამონაკლისებია: პატრონობს, ხელმძღვანელობს, მდებარეობს, საყვედურობს, სთავაზობს.
იხილეთ ნიმუშები:
-ობ თემისნიშნიან ზმნათა უღლების მეორე მოდელს მიჰყვებიან ის -ობ თემისნიშნიანი ზმნები, რომელთაც ეწარმოებათ ქცევის კატეგორია (ათბობ, აშრობ, ალბობ, აწყობ, აქრობ, აცხობ, ანდობ, ათბობ, ატყობ, ართობ), მყოფადის მწკრივის საწარმოებლად დაირთავენ ზმნისწინს, წყვეტილის მწკრივში კარგავენ თემის ნიშანს და დაირთავენ მწკრივის ან მე-3 სუბიექტური პირის ნიშანს -ო სუფიქსს.
იხილეთ ნიმუშები:
-ობ თემისნიშნიან ზმნათა კონსტრუქციების აგებისთვის უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: -ობ თემისნიშნიანი ზმნები არის მოქმედებითი (ორპირიანი ან სამპირიანი) ან საშუალმოქმედებითი გვარისა, ამიტომ წყვეტილის მწკრივში მესამე სუბიექტური პირი მოითხოვს ერგატიულ კონსტრუქციას, ხოლო პირდაპირი ობიექტი – სახელობით ბრუნვას.
მაგ., ყიდულობს ის მას – იყიდის ის მას – იყიდა მან ის.
მოდელებით სწავლება
⇒ ეხმარება მოსწავლეებს, სწორად ააგონ და გამოიყენონ ზმნები და ზმნური კონსტრუქციები;
⇒ ამცირებს ზეპირად დასასწავლი კონსტრუქციების რაოდენობას;
⇒ ხელს უწყობს მოსწავლეეებში ანალიზურ-სინთეზური უნარების გაუმჯობესებას.
შენიშვნა: ცხადია, სტატიაში განხილული საკითხი უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია და ამ ნაშრომს სრულყოფილებაზე პრეტენზია არ აქვს, ასევე, ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითების გარდა, იარსებებს სხვა გამონაკლისებიც, თუმცა აქ მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკაში დანერგილ ხერხს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააიოლა რთული საკითხის შესწავლა და მისი გამოყენება წერით თუ ზეპირ კომუნიკაციაში.
აქვე მოგახსენებთ, რომ ზმნების მწკრივთა წარმოების საკითხზე დაკვირვებას ვაგრძელებ და დაინტერესებულ მკითხველს შემიძლია გავუზიარო სხვა მოდელებიც.