13-14 აპრილს, ბათუმის სკოლა „ევრო 2000“-ში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ეს იყო საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე „საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი“.
კონფერენციის მონაწილე პედაგოგებმა, რომლებიც წლებია „არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა მხარდაჭრის პროგრამით“ სახელმწიფო ენას ასწავლიან ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ სკოლებში, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, მოუსმინეს მოსწავლეებსაც.
„ახალ განათლებაში“ დაიბეჭდა კიდეც, პროგრამის ყოფილი მონაწილისა და ღონისძიების ორგანიზატორის, ინგა ბაგრატიონის, ვრცელი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ. ამჯერად, ამავე პროგრამის მონაწილის, სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძველი ქვეშის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ჭაუჭიძის გამოსვლას გთავაზობთ.
სანამ უშუალოდ სახელმძღვანელოების შესახებ დავიწყებთ საუბარს, მანამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ადრეული გამოცდილება.
საბჭოთა ეპოქაში, ერთი მხრივ, მცირე დრო და ყურადღება ეთმობოდა ქართულის შესწავლას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მეორე მხრივ, ადეკვატური სახელმძღვანელოებიც არ არსებობდა. ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ერთი აღვნიშნოთ, რომ მაშინ მთლიანად ენის სწავლების მეთოდოლოგიაც არ იყო ეფექტიანი. მას შემდეგ ბევრად წინ წავიდა ეს პედაგოგიკა.
შედარებით ახალი სიტყვა იყო 2006 წლიდან ახალი ტიპის სახელმძღვანელოების შემუშავება (სამდონიანი „თავთავი“), სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა. 2011 წლიდან სკოლებში დაინერგა თორმეტდონიანი სახელმძღვანელოები. 2018 წლიდან კვლავ დაიწყო სახელმძღვანელოების განახლების პროცესი, რაც ამჟამადაც მიმდინარეობს (განახლებულია 1, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 კლასების სახელმძღვანელოები. მიმდინარე სასწავლო წელს სრულად უნდა მომხდარიყო განახლება, მაგრამ პროცესი შეჩერდა). დღეს სკოლებში მოქმედებს ორი საავტორო ჯგუფის სახელმძღვანელოები: გამომცემლობა „ინტელექტის“ – ეთერ მესტვირიშვილისა და მაია ოღრაპიშვილის ავტორობით და „სულაკაურის გამომცემლობის“, ანუ ჩვენი საავტორო ჯგუფისა.
სახელმძღვანელოებზე მუშაობა 2020 წლიდან დავიწყეთ, როდესაც ჩვენმა კოლეგამ, ნინო ჭანკვეტაძემ შემოგვთავაზა და შეიკრა საავტორო ჯგუფი მისივე ლიდერობით. ჩემ გარდა ამ ჯგუფში გახლდათ ნონა არევაძე-კოტორაშვილი, ზეინაბ ბერაძე, ნათია მანია, ნონა მიქელაძე, ია რობაქიძე. სახელმძღვანელოებზე საუბრისას, პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ იგი მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას, რაც შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით. ამასთან, საგნობრივი შინაარსი შევსებულია თვითონ მოსწავლეთა კულტურული და ყოფითი რეალიებით.
სახელმძღვანელოების კომპლექტი შედგება მოსწავლის წიგნისგან, სავარჯიშოების რვეულისგან, მასწავლებლის წიგნისგან და მოსასმენი მასალისგან. ყველა ეს კომპონენტი ემსახურება მოსწავლეებში ოთხივე ენობრივი მიმართულებით (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მოსწავლეების მდიდარი ლექსიკური მარაგით აღჭურვასა და საჭირო გრამატიკული კომპეტენციით შეიარაღებას. ამ ამოცანების გადასაჭრელად სახელმძღვანელოებში გადანაწილებულია შესაბამისი დავალებები (მოსწავლის წიგნში) და სავარჯიშოები (მოსწავლის რვეულში). ამასთან, ეს დავალებები და სავარჯიშოები ერთმანეთის მიმდევრობითაა დანომრილი და მასწავლებელს სულ ადვილად შეუძლია სასწავლო პროცესის მეთოდიკურად გამართულად წაყვანა. შესაბამისად, მას აღარ სჭირდება მასწავლებლის წიგნის გზამკვლევების ხშირი გამოყენება იმისთვის, რათა მოსწავლეებისთვის თანმიმდევრული აქტივობების შეთავაზება მოახერხოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელმა არ შეცვალოს ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობების როგორც მიმდევრობა, ასევე თავად აქტივობაც. მეტიც, თავადაც ჩაამატოს და დამატებითი სავარჯიშო/დავალება შესთავაზოს მოსწავლეებს მათი საჭიროებიდან გამომდინარე. ასეთი რეკომენდაცია ჩაწერილია კიდეც მასწავლებლის წიგნებშიც.
მოკლედ მიმოვიხილოთ სახელმძღვანელოების თითოეული კომპონენტი ენობრივი მიმართულებების მიხედვით.
მოსმენა (რეცეფცია/მიღება)
მოსასმენად შერჩეულია, როგორც ავთენტიკური ვიდეო-აუდიო მასალა, ასევე სპეციალურად სახელმძღვანელოსთვის დაწერილი და ჩაწერილი აუდიომასალა. ისინი დამუშავებულია სათანადო მეთოდოლოგიით და მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია საჭირო დავალებები (მოსწავლის წიგნში) და სავარჯიშოები (სავარჯიშოების რვეულში). ეს აქტივობები გადანაწილებულია იმისდა მიხედვით, თუ რა უნდა შესრულდეს მოსმენამდე, რა უნდა შესრულდეს უშუალოდ მოსმენის პროცესში და რა — მოსმენის შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსმენის კომპონენტი ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად თანამედროვე ქართულ რეალობაში, რაც დაკავშირებულია ტექნიკური გაუმართაობის ხშირ შემთხვევებთანაც.
არადა, მოსმენის კომპონენტი უმნიშვნელოვანესია პირველივე კლასიდან — სწორედ მოსმენაში სწორად დამუშავებულ შინაარსს უნდა დაეყრდნოს კითხვაც, ლაპარაკიც და წერაც კი. აღარაფერს ვამბობთ ქართული ენის სპეციფიკური ბგერების სწორად წარმოთქმაზე, რადგან ეს სირთულეც არასწორ აღქმას, გაგონებას უკავშირდება.
კითხვა (რეცეფცია/მიღება)
საკითხავი მასალაც მრავალფეროვანია და წარმოდგენილია ავთენტიკური ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებით, ასევე ჩვენ მიერ შექმნილი სპეციალური ტექსტებით, როგორც საინფორმაციო, ასევე მხატვრული ჟანრებიდან.
საკითხავი მასალაც სამფაზიანი მოდელებითაა დამუშავებული და აქტივობები (მოსწავლის წიგნის დავალებები და სავარჯიშოების რვეულის სავარჯიშოები) ითვალისწინებს წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ შესასრულებელ მასალას. აქტივობები აქაც, ისევე, როგორც მოსმენის შემთხვევაში, ითვალისწინებს გაგების სხვადასხვა დონის (გლობალური, სელექციური და დეტალური) ამოცანების გადაჭრას.
საკითხავი ტექსტების დამუშავების დროს უნდა აღინიშნოს ერთი პრობლემაც, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები აწყდებიან სწავლების პროცესში მოსწავლეთა ენობრივად დაბალი დონის გამო. ზოგიერთი ტექსტის სირთულე აღემატება მათ ენობრივ კომპეტენციას, ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეთა არცთუ მცირე ნაწილი ჩამორჩება სტანდარტის იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ამა თუ იმ კლასის მიხედვითაა განსაზღვრული. ამ დროს მასწავლებელმა უნდა მიმართოს რამდენიმე სტრატეგიას:
♦ ტექსტის ადაპტირება;
♦ დავალებების ადაპტირება;
♦ ტექსტიდან შესაძლებელი ინფრომაციის ამოკრეფა და არა მისი დეტალიზებული დამუშავება.
ტექსტები, როგორც აღვნიშნეთ, გამოირჩევა ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით და სათანადო აქცენტია დასმული პრაგმატული ხასიათის ტექსტების წაკითხვაზე, რადგანაც სამიზნე კომპეტენცია სწორედაც რომ პრაგმატული ხასიათის პროდუცირებაა. მაგალითად, როდესაც სამიზნე კომპეტენციად შეთავაზებული გვაქვს ავტობიოგრაფიის დაწერა, მოსწავლეები მანამდე რომელიმე ავტობიოგრაფიას კითხულობენ და სათანადოდ ამუშავებენ.
ლაპარაკი (პროდუცირება/შექმნა)
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ენის მასწავლებლების მთავარი სამიზნე მოსწავლეებში ლაპარაკის უნარის ჩამოყალიბებაა, გამართვაა. არაფერი ისე თვალსაჩინოდ და ხელშესახებად არ წარმოაჩენს ენის ცოდნას, როგორც ლაპარაკი. ამასთან ეს პროდუცირებადია და გარკვეულ ბარიერებთანაც არის დაკავშირებული, სხვათა შორის, უფრო მგრძნობიარე ბარიერებთან, ვიდრე მეორე პროდუცირებადი უნარი – წერა.
ჩვენი სახელმძღვანელოები გაჯერებულია ლაპარაკის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული დავალებებით. ამასთან, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, ფაქტობრივად, ყველა აქტივობა უნდა წარიმართოს ქართულად ლაპარაკის კონტექსტში, რადგან ხშირად ეს ქართული ინტერაქცია უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე კონკრეტული დავალება.
რასაკვირველია, სახელმძღვანელოებში გვხვდება სპეციფიკურად ლაპარაკზე ორიენტირებული დავალებები (ისაუბრე, გაითამაშე, აღწერე…). აგრეთვე ლაპარაკს მოითხოვს სხვა ტიპის დავალებებიც, როდესაც, მაგალითად, მოსწავლემ უნდა ისაუბროს საკუთარ ნამუშევარზე და წარადგინოს იგი საკლასო ოთახში.
აღსანიშნავია ერთიც: რაც არ უნდა ორიგინალურად, ორგანულად და დახუნძლულად იყოს დატვირთული ენის სახელმძღვანელო, მთავარი აქტორი ამ კომპონენტის ეფექტოვნად (ეფეტიანადაც და ეფექტურადაც) წარმართვაში არის მასწავლებელი და მასზეა ბევრი და მთავარი რამ დამოკიდებული.
წერა (პროდუცირება/შექმნა)
„მაჩვენე შენი ნაწერი და გეტყვი, როგორ იცი ენა…“ – ხშირად ამბობენ ხოლმე ასე გამოცდილი ენის მასწავლებლები. ეს მართლაც ასეა: წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს. ამ მიმართულებით აქცენტის გაკეთება, სათანადო დოზით, აუცილებელია პირველივე კლასიდან. ამასთან, წერითი აქტივობები უნდა მიმდინარეობდეს კონტექსტურად (და არა განყენებულად), შინაარსობრივად (და არა ხელოვნურად), ავთენტიკურად (და არა არაბუნებრივად), ხალისით (და არა ძალდატანებით).
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი აქტივობები გულისხმობს და ენის შემსწავლელი მოსწავლეებისგან მოითხოვს როგორც წერილობითი ნამუშევრის (მაგალითად, წერილის, ავტობიოგრაფიის, სხვადასხვა თემაზე ჩათის მიმოწერის, ამბის, ესეს და სხვა პროდუქტის) შექმნას, ასევე წერა აქტიურად გამოიყენება სხვა კომპეტენციების (კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, ლექსიკა, გრამატიკა) განვითარებისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახელმძღვანელოებით სულ კალამ და ფანქარმომარჯვებულებმა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა.
ლექსიკა და გრამატიკა
ოთხივე ენობრივი მიმართულება სათანადოდ გამჭოლადაა მხარდაჭერილი იმ ლექსიკური და გრამატიკული სავარჯიშოებით, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ თემის ფარგლებში სასწავლო მიზნების მისაღწევად.
ყოველივე ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ქვემოთ შემოგთავაზებთ ერთი კონკრეტული თემატური ერთეულის ფრაგმენტებს, რომელშიც წარმოდგენილია მიზანმიმართული სვლა კონკრეტული კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე.
სახელმძღვანელოს ყველა ზემოდასახელებული მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია დავალებათა და სავარჯიშოთა ადაპტირების, ჩანაცვლების შესაძლებლობა ისე, რომ საშუალებას იძლეოდეს დიფერენცირებული და განმავითარებელი შეფასებით მხარდაჭერილი სასწავლო პროცესის წარსამართად. მასწავლებლის წიგნში უხვადაა შეთავაზებული შეფასების რუბრიკები, რომელთა გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებისთვის. ამასთან ერთად, სახელმძღვანელო მხარდაჭერილია სათანადო ილუსტრაციებითა და შესაბამისი რუბრიკებით, რაც მის გამოყენებას აიოლებს, საინტერესოსა და სახალისოს ხდის.