ნანა ლოლაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი:
როგორ მოვემზადოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის
ჩვენი ჯგუფი თქვენთვის ორ გამოცდას ამზადებს, ეს გახლავთ სავალდებულო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მეორე – ლიტერატურის არჩევითი გამოცდა.
როგორ მოვემზადოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში –
სავალდებულო გამოცდა
საგამოცდო ტესტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, პირველი გახლავთ ტექსტის რედაქტირება. მოცემული იქნება ერთი, საშუალო მოცულობის ტექსტი, რომელშიც დაშვებულია გრამატიკული, პუნქტუაციური შეცდომები, ტექსტი არის სტილისტიკური ხარვეზებით. თქვენ უნდა გაასწოროთ ეს შეცდომები და ხარვეზები და ისე გადაიტანოთ ტექსტი პასუხების ფურცელზე, რომ მასში აღარ იყოს შეცდომები.
მეორე ნაწილი ორი ტიპის დავალებებისაგან შედგება – ეს არის წაკითხულის გააზრების უნარის შესამოწმებელი კითხვები და წერითი დავალება. ამ ნაწილში შემოთავაზებული იქნება ორი ტექსტი, რომელთაგანაც თქვენ ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ. ეს ტექსტები განსხვავდება ერთმანეთისგან ჟანრობრივად, შეიძლება იყოს პროზაული ტექსტი ან პოეტური, მთლიანი ნაწარმოები ან ნაწყვეტები ნაწარმოებიდან. ამავდროულად, ერთ-ერთი ტექსტი იქნება საპროგრამო ან ნაწყვეტი საპროგრამო ნაწარმოებიდან, ხოლო მეორე – არასაპროგრამო ნაწარმოები.
თქვენ მიერ არჩეული მხატვრული ტექსტის მიხედვით, უნდა შეასრულოთ როგორც წაკითხულის გააზრების უნარის შესამოწმებელი დავალებები, ასევე უნდა დაწეროთ თხზულება, ანუ წერითი ნამუშევარი. პასუხებიც და თხზულებაც, აუცილებლად, უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე იმიტომ, რომ გამსწორებელთან, შეგახსენებთ, მიდის მხოლოდ და მხოლოდ ის ნამუშევარი, რომელიც გადატანილია პასუხების ფურცელზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოცდაზე დრო ისე გაანაწილოთ, რომ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილად გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე, რათა შესაბამისი შეფასება დაიმსახუროთ.
როგორ მოვემზადოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში –
ლიტერატურა (არჩევითი საგანი)
რაც შეეხება ლიტერატურის არჩევით გამოცდას, რომელსაც შედარებით ნაკლები აბიტურიენტი ირჩევს ხოლმე, უნდა გითხრათ, რომ ეს გამოცდა არ არის იოლი და არ შეგექმნათ ილუზია, რომ თუ სავალდებულო გამოცდისთვის ხართ მზად, საკმარისია, რომ არჩევით საგნად აირჩიოთ ლიტერატურა. იმიტომ რომ, განსხვავებით სავალდებულო გამოცდისგან, აქ ჩვენ ვითხოვთ საპროგრამო ნაწარმოებების ღრმა ცოდნას. საპროგრამო ნაწარმოებების ცოდნის გარეშე, ვერც სავალდებულო გამოცდას ვერ შეასრულებთ, მაგრამ ლიტერატურის გამოცდაში არის ერთი ბლოკი კითხვების, სადაც პერსონაჟები, მათი მოტივაცია კარგად უნდა იცოდეთ, თორემ გაგიჭირდებათ არჩევითი გამოცდის ჩაბარება.
მეორე ნაწილი გახლავთ წერითი დავალება, სადაც ორი ტექსტია მოცემული და ამ ტექსტების ანალიზი, ერთმანეთთან შედარება უნდა შეძლოთ. ეს ტექსტები არის ხოლმე საპროგრამოც, არასაპროგრამოც, ხშირად არის ერთი ქართული ლიტერატურიდან მოცემული, ნაწყვეტი ან ნაწარმოები, მეორე – თარგმნილი უცხოური ლიტერატურიდან. ასე რომ, ძალიან საინტერესო დავალებებია.
როგორ მოვემზადოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში
რჩევები
რაც შეეხება პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე. ჯერ უნდა გაეცნოთ ტექსტს, უნდა გაიაზროთ არა მხოლოდ თემატიკა, არამედ რა სტილის ტექსტია. ჩვენ საინფორმაციო ტექსტებს გთავაზობთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამ ტექსტებშიც შეიძლება იყოს მცირეოდენი სტილისტიკური განსხვავება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ, სანამ შეცდომების და ხარვეზების გასწორებას დაიწყებთ. არ დაიწყოთ პირდაპირ შეცდომების ძებნა იმიტომ, რომ, განსაკუთრებით სტილისტიკური და სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში, კონტექსტის მიხედვით თუ არ იქნა გააზრებული, შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რადგან ერთი და იმავე სიტყვა, სხვადასხვა კონტექსტში, შეიძლება იყოს ან არ იყოს შეცდომა. ეს მნიშვნელოვანია და ამის გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ, რომ მაღალი შეფასება მიიღოთ.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ყურადღებით გაეცანით ორივე ტექსტს და არჩევანი ორი რამის გათვალისწინებით გააკეთეთ: ერთი გახლავთ ის, რომ ტექსტი თქვენთვის უნდა იყოს ნაცნობიც და სასურველია, ემოციურად ახლობელი და საინტერესო, რადგან მასზე მსჯელობა უფრო ლაღი იყოს; მეორე – აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო ის პირობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ამ ტექსტის მიხედვით რომ იმსჯელოთ.
თუ ეს იქნება გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ, თქვენი ნამუშევარი იქნება საინტერესო და მაღალ შეფასებას დაიმსახურებთ.
რაც უფრო სიღრმისეულად გაივლით საპროგრამო ნაწარმოებებს, მით უკეთ შეძლებთ უცნობი ტექსტის და არასაპროგრამო ტექსტის ანალიზსაც. ამიტომ, გირჩევთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს თქვენი ცოდნა სისტემაში მოიყვანოთ და გამოცდისთვის მოხვიდეთ მომზადებული. ჩვენ კი ვეცდებით, ადეკვატურად, კეთილგანწყობილად გავასწოროთ თქვენი ნაშრომები.
გისურვებთ წარმატებას!
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს