საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით.
ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება 2017 წლიდან ხორციელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკა ხუციშვილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, მოადგილე გურამ ჭარელიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროექტის შესახებ
სამიზნე აუდიტორია
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები 5-დან 18 წლამდე
პროექტის მიზანი
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია
- საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა
ქართული ენის დისტანციური სწავლების დეტალები
- გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები.
- სინქრონულად (პირდაპირ რეჟიმში, ჯგუფთან შეთანხმებულ დროს) ბავშვები მშობლის/გზამკვლევის დახმარებით ერთვებიან ვირტუალურ სასწავლო სივრცეში (საჭიროა, მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა)
- ვირტუალურ საკლასო ოთახს უზრუნველყოფს კომპანია Microsoft (Microsoft Teams-ის პლატფორმაზე)
- შეთავაზებული ონლაინ გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს
- პროცესში გამოიყენება თამაშით სწავლების მეთოდი.
- ილუსტრირებული და ვიზუალიზებული სავარჯიშოები.
დისტანციური კურსის მონაცემები
- გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთი
- მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში 5-7 მოსწავლე
- მოსწავლეთა ასაკი 5-18 წელი
- ქართული ენის ფლობის დონე ნულოვანი, მინიმალური, საშუალო
- ჯგუფები კომპლექტდება თანატოლი და თანაბარი ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებით.
პროექტის მოკლე ისტორია
ქართული ენის გაკვეთილები ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ტარდება 2016 წლიდან. მოსწავლეები ესწრებიან გაკვეთილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს პროექტში ჩართვის მოთხოვნა მზარდია. 2016 წლიდან 2022 წლამდე პროექტში ჩაერთო 1000-ზე მეტი მოსწავლე.
პროექტში ჩართული მხარეები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განმახორციელებელი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- ტექნიკური მხარდამჭერი: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პროექტის ტექნიკური მხარდამჭერი: Microsoft საქართველო
- პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით





