შორენა შველიძე
შალვა ბედოიძის სახ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.“ – ასე ახასიათებს ქართულ ენას ენათმეცნიერი ნიკო მარი. ერის წარყვნა კი, როგორც მოგეხსენებათ, ენის წახდომით იწყება. ყველაზე თავგამოდებით ადამიანი ენის შენარჩუნებას ცდილობს, არ ეთმობა, ვერ ივიწყებს. ქართველისთვის ენის დაცვა ყოველთვის ეროვნულობის სადარაჯოზე დგომას ნიშნავდა. ილიას საფიცარ სამეულშიც სწორედ ამიტომაა მოხვედრილი და მამულს ფეხდაფეხ მოჰყვება. არც იუნესკოს დაფასება დაჰკლებია ქართულს და ანბანის სამი სახეობა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.
ქართული ენის უნიკალურობასა და სიძველეზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ჩემი მიზანია, ხაზგასმით დაგანახოთ ის საფრთხეები, რომელიც შესაძლებელია დაემუქროს ენის არსებობას 21-ე საუკუნის რეალობაში.
ქართული ენის შესაძლებლობები ციფრულ სივრცეში
21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა სწორედ ციფრული სამყარო გახლავთ, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მაგრამ თუ მედალს სასიამოვნო მხრიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ განვითარებისთვის თანამედროვეობასთან ფეხის აწყობა სჯობს.
დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია არსებობა ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ რა ადგილი უკავია ქართულს ციფრულ სივრცეში და რეალურია თუ არა საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს ენას დაემუქროს?
ქართული ენა, სამწუხაროდ, მწირერესურსიან ენათა შორის შედის და სრულიად რეალურია საფრთხე, რომელიც შესაძლებელია მრავალათასწლეულიან ენას დაემუქროს ათწლეულების შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტში ქართული რესურსების სიმწირეა, ხშირად საჭირო ხდება ინგლისური ენის დახმარება სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეები აღარ საუბრობენ მშობლიურ ენაზე. მართალია, სასიამოვნოა, როდესაც ნაწარმოების ორიგინალში წაკითხვა შეგიძლია, მაგრამ საგანგაშოა, როცა ფიქრს იწყებ ამ ენაზე და ივიწყებ მშობლიურს. აღსანიშნავია ქართული ლექსიკის სრული სიმწირე სამეგობრო წრეში, სასაუბრო ქართულისთვისაც კი. გაფიქრებაც კი მიჭირს, რომ რამდენიმე ათეული წლის მერე, ქართული შესაძლოა მოხვდეს მომაკვდავ ენათა შორის და მისი ისტორია იქცეს მხოლოდ წარსულად.
მე მაინც მჯერა, რომ ქართული მომავლის ენაა და რომ ამ ენაზე ჯერ კიდევ შესაქმნელია გენიალური ნაწარმოებები.
„Enagram“ (https://enagram.ai/tools/spellchecker) გახლავთ შესაძლებლობა, ციფრულ სამყაროში მეტად დავამკვიდროთ ქართული ენა. მისი დამფუძნებლები (რატი სხირტლაძე, ლევან ლაშაური), თავიანთ გუნდთან ერთად, ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს ემსახურებიან. გამოსავალი ერთია, დღესდღეობით ვერავის აუკრძალავ ტექნოლოგიების გამოყენებას, ამიტომ სასურველია, ქართული შეიტანო ციფრულ სამყაროში მეტი ოდენობით, რაზეც სწორედ ეს გუნდი ზრუნავს.
ENAGRAM-ის გამოყენება
ენაგრამზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ Google და Facebook ექაუნთების დახმარებით.
ენაგრამი საშუალებას გვაძლევს დავაკორექტიროთ ტექსტი. შევდივართ მართლმწერში და მითითებულ ველში ვწერთ სასურველ ტექსტს. მართლმწერს შეუძლია აღმოაჩინოს და მიგითითოს ორთოგრაფიულ შეცდომებზე. მარჯვენა მხარეს გამოჩნდება შეცდომით დაწერილი სიტყვები, ხოლო მათზე კურსორის დაწკაპუნებით, ის სწორ ვარიანტს გვთავაზობს.
ხმოვანი ჩანაწერი გადავაქციოთ ტექსტად: შეგვიძლია თავად გავახმოვანოთ, ან ავტვირთოთ mp3 ფაილი, ან ჩავსვათ Youtube-ის ლინკი.
ტექსტი გადავაქციოთ ხმოვანად: ვწერთ სასურველ ტექსტს და ვაწვებით ღილაკს: გაშვება, აქვე შეგვიძლია მოვისმინოთ სასურველი ტექსტი.
შეგიძლიათ ფაილის კონვერტაცია:
ENAGRAM საგაკვეთილო პროცესში
Enagram-ის გამოყენება გაკვეთილზე სახალისოსა და საინტერესოს ხდის მას. მოსწავლეებს დავავალე მცირე ტექსტების გასწორება, მათი გახმოვანება ან ხმოვანის ტექსტად გადაქცევა.
ტექსტების გასწორებისას, ერთმანეთს შეეჯიბრნენ მოსწავლეები და ხელოვნური ინტელექტი, რომელი უფრო სწრაფად იპოვიდა შეცდომებს. ხელოვნურმა ინტელექტმა სისწრაფეში გაიმარჯვა, მაგრამ მოსწავლეებმა ტექსტის ხარისხიანად შესწორებაში არ დაუდეს ტოლი, რადგან მართლმწერს შეუძლია მხოლოდ ორთოგრაფიული შეცდომების აღმოჩენა და ჩასწორება. თუმცა თავად აღნიშნეს, რომ საუკეთესოა მისი გამოყენება მექანიკური შეცდომების გასასწორებლად, ბეჭდვის დროს.
განსაკუთრებით მოიხიბლნენ ტექსტის გახმოვანებით ის ბავშვები, რომლებსაც სმენითი მეხსიერება უკეთ აქვთ განვითარებული.
შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მოსწავლეების აზროვნების გაზარმაცება? ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობები მაინც რჩება ადამიანის დამხმარედ, ზოგავს დროს და ახალისებს საგაკვეთილო პროცესს. ჩვენ კი, მასწავლებლებმა, უნდა შევძლოთ სწორად, სასურველ დროს და სათანადო დროით მივაწოდოთ ტექნიკური ინოვაციები მოსწავლეებს, თანამედროვე მასწავლებლის მოვალეობაც ხომ ესაა.